ურწმუნო ადამიანის ცოდვა ურწმუნოებაა, განსაცდელი კი ის არის, რომ თავის მიერ აღსრულებული "სათნოება" სათნოება ჰგონია
 ურწმუნო ადამიანის ცოდვა ურწმუნოებაა, განსაცდელი კი ის არის, რომ თავის მიერ აღსრულებული "სათნოება"  სათნოება ჰგონია
გვესაუბრება დიდი სამების ლავრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ილია (თოლორაია):
- მართლმადიდებელი სარწმუნოების სიმბოლო არის "მრწამსი", რომელშიც მოცემულია სწავლება ერთი ღმერთის - სამების შესახებ, სამყაროს შექმნის შესახებ, ღმერთის განკაცების, ადამიანის გამოხსნის, მეორედ მოსვლის შესახებ. "მრწამსში" გადმოცემული სწავლება შეეხება ისეთ საკითხებს, რომლებიც ჩვენ არ გვინახავს საკუთარი თვალით, მაგრამ გვჯერა, ვღებულობთ რწმენით და ამიტომაც "მრწამსი" იწყება სიტყვით - "მრწამს".
იოანეს სახარებაში წერია: "ვისაც სწამს ჩემი, როგორც თქვა წერილმა: მისი მუცლიდან მოედინებიან მდინარეები ცოცხალი წყლისა" (ინ.7,38). მაცხოვარი ამ სიტყვებით გვასწავლის, რომ რწმენა მოვიპოვოთ წიგნის მეშვეობით, რომელიც არის ბიბლია, წმინდა წერილი. ბიბლია არის წიგნი, რომელშიც განცხადებულია ღვთისგან მოცემული რჯული, ზნეობრივი ცხოვრების წესები, დოგმატები და ამასთანავე აღწერილია იმ ადამიანთა ცხოვრება, რომელმაც ირწმუნეს ღვთისა და ღვთით განდიდდნენ; ასევე აღწერილია მათი ცხოვრებაც, რომლებიც ღვთის ურჩნი იყვნენ და თავიანთი ურჩობით დაისაჯნენ.
რწმენით მიიღო ნოემ წარღვნის შესახებ სიტყვა ღვთისგან და დაიჯერა. რწმენით დაიჯერა აბრაამმა, უკვე სიბერის ასაკს მიღწეულმა, რომ ეყოლებოდა ძე, რომლისგანაც გამრავლებოდა მისი შთამომავლობა. რწმენით დაიჯერა მოსემ, რომ ებრაელებს, რომლებიც ეგვიპტის მონობაში იყვნენ ოთხასოცდაათი წლის განმავლობაში, ღმერთი გაათავისუფლებდა მონობისგან. ეს ყოველივე აღსრულდა. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ რწმენა არის იმის დაჯერება, რაც არ გიხილავს, მაგრამ იცი, რომ ყოვლისმპყრობელი ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი.
რწმენა არის სათნოება, რომელიც ყველა სათნოებაში თანამონაწილეობს. ცხრა ნეტარებაში ცალკე არ არის საუბარი რწმენაზე, მაგრამ, თუ დავაკვირდებით, არც ერთი ნეტარება არ არის რწმენის გარეშე. სულით გლახაკნი სასუფეველს მოიპოვებენ, გულით წმინდანი ღმერთს იხილავენ... როგორც ვხედავთ, რწმენა არის საჭირო იმისთვის, რომ დავიჯეროთ, თუ რა მოჰყვება სულის სიგლახაკეს, გულის განწმენდას, რომ ყოველივე ამას ღვთის ხილვა მოჰყვება.
ადამიანები შეიძლება სამ კატეგორიად დავყოთ: მორწმუნე, ურწმუნო და არასწორად მორწმუნე ადამიანები. ეშმაკი სამივე კატეგორიის ადამიანს ებრძვის, სამივეს თავისი განსაცდელი აქვს, მაგრამ არის მათ შორის განსხვავებაც.
სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ სხვა არის გწამდეს ქრისტე და სხვა არის გწამდეს ქრისტესი. ქრისტეს რწმენა ნიშნავს იმას, რომ გჯერა მისი არსებობა. ხოლო გწამდეს ქრისტესი ნიშნავს იმას, რომ გწამს მისი სიტყვის და აღასრულებ საქმით. და მხოლოდ ასეთი მორწმუნეა გადარჩენილი - სიცოცხლეს ზიარებული. როგორც მხოლოდ ექიმის არსებობის რწმენა ვერ გადაარჩენს ავადმყოფს, არამედ განკურნებისთვის საჭიროა დაიჯეროს, ირწმუნოს ექიმის რჩევა და შეასრულოს ის, ასევეა საჭირო, რომ სულიერი გადარჩენისთვის ადამიანმა ირწმუნოს ქრისტესი.
მორწმუნე ადამიანი ის არის, ვინც ქრისტესთან მიდის და მას მიემსგავსება. ამის მაგალითია პეტრე მოციქული.  ქრისტე, როდესაც ზღვაზე ფეხით მიმავალი, უახლოვდება მოციქულებს, რომლებიც ნავში სხედან, პეტრე ეუბნება ქრისტეს: "მიბრძანე მე მისვლად შენდა". უფალი ეუბნება: "მოვედ!" პეტრე გადმოდის ნავიდან, მიდის უფალთან და უფლის მსგავსად ისიც დგას ზღვაზე. აქ ჩანს, რომ პეტრე, რომელსაც სწამს უფლის სიტყვის - "მოვედ!", მიდის უფალთან და ზღვაზე სვლითაც მიემსგავსება უფალს, მაგრამ მორწმუნე პეტრეს განსაცდელი მაშინ დაიწყო, როდესაც ქარის შეეშინდა და იწყო ჩაძირვა. თუმცა აქაც უფალს მინდობილმა ითხოვა: "უფალო, მიხსენ მე!" და უფალმაც იხსნა. ეს არის მორწმუნე ადამიანის განსაცდელი: ღვთისკენ მიმავალი მორწმუნე, როგორც კი გონებას მოაშორებს ღმერთს, მაშინვე იწყებს ამა სოფლის ზღვაში ჩაძირვას, მაგრამ მორწმუნე ხსნას ისევ ქრისტეში ხედავს. მორწმუნე ადამიანს, სანამ ის ხორცშია, მრავალი განსაცდელი მოელის, მაგრამ მან ხსნის გზაც იცის.
ურწმუნო ადამიანის ცოდვა არ ჰგავს მორწმუნე ადამიანის ცოდვას. უწმუნო თავიდანვე მოშორდა უფალს და ცოდვაში მყოფი ხსნის გზას ვერ ხედავს, რადგან არ სასოებს უფალს. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "არავინ არ გკარგავს, უფალო, გარდა იმისა, ვინც გტოვებს". ურწმუნო ადამიანის ცოდვა ურწმუნოებაა, განსაცდელი კი ის არის, რომ თავის მიერ აღსრულებული "სათნოება"  სათნოება ჰგონია, რადგან არ გააჩნია სათნოების საზომი. როგორც უფალი ამბობს: "ვინც არ შეკრებს ჩემთან, განაბნევს" (ლკ.11,23), რაც იმას ნიშნავს, რომ უფლის გარეშე ჩადენილი სიკეთე არ არის სიკეთე. მორწმუნე ადამიანი ურწმუნოსგან განსხვავებით თავის მიერ აღსრულებულ სათნოებას სათნოებად არ თვლის, რადგან მისი სათნოების საზომი ქრისტეა. როგორც ანთებული სანთლის შუქი ძალას კარგავს მზის სინათლეზე და მიუხედავად იმისა, რომ სანთელი იწვის, მზის ნათელი აფერმკრთალებს მას, ასევე ქრისტესთან, სულიერ მზესთან შედარება და საკუთარი სათნოებების ქრისტეთი გაზომვა ამდაბლებს მორწმუნე ადამიანს. ურწმუნოს კი, პირიქით, აამპარტავნებს თავის მიერ აღსრულებული სათნოება.
ურწმუნო ადამიანის ტრაგედია იმაშიც  არის, რომ ვერ ხედავს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს, მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრებისთვის ცხოვრობს, აგროვებს იმას, რაც წარმავალია, და, როდესაც სიკვდილის დროს წაერთმევა ის, რაც ახარებდა, იმქვეყნად ღმერთის წინაშე სასოწარკვეთილი აღმოჩნდება, რადგან ის დაკარგა, რასაც იცნობდა და ახარებდა, და აღმოჩნდა მისთვის უცნობი ღმერთის წინაშე. მისთვის ღმერთი არ იქნება კეთილი მამა, არამედ დამსჯელი. ამაზე ამბობს იაკობ მოციქული: "ვისაც სწადია, მეგობარი იყოს ამ სოფლისა, ღვთის მტერი ხდება" (იაკ.4,4).
მესამე კატეგორიის ადამიანები, ანუ არასწორად მორწმუნეები, ორი სახის არიან: ერთნი, რომელთაც სწამთ სხვა რელიგიის და არ დგანან მართალი ღმერთის მსახურებაში; ამიტომაც მათი რწმენა უნაყოფოა, რადგან სწამთ იმის, რაც სინამდვილეში არ არის ჭეშმარიტება, ჭეშმარიტება კი მხოლოდ მართლმადიდებლობაშია, რადგან, რაც ქრისტემ თქვა, უცვლელად არის დაცული მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში. მეორენი კი ისინი არიან, რომლებიც მართლმადიდებლურ წიაღში არამართლმადიდებლურად ცხოვრობენ; იცავენ გარეგნულ წესებს, მაგრამ იმისთვის, რომ კაცთაგან ქება დაიმსახურონ ან სხვა რამ მიწიერი სარგებელი მიიღონ. წმინდა მამები ამბობენ, რომ ის, რაც გარეგნულად კეთილი ჩანს, შეიძლება ბოროტი იყოს ღვთის წინაშე. დავით მეფსალმუნე ამბობს: "ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხენ მას" (ფსალმ.109,7). სახარებაში წერია: "ნათელი, რომელიც შენშია, ბნელია" (მთ.6,23). ეფრემ ასური განმარტავს, რომ მოწყალება, რომელიც სათნოება და ნათელია, ბნელი იქნება მათთვის, ვინც მოწყალებას გასცემს იმისთვის, რომ შეაქონ. მლოცველს ლოცვა ცოდვად მაშინ შეერაცხება, როცა ის არასწორად ლოცულობს, ითხოვს ღვთისგან იმას, რაც მისი სულისთვის არ არის სასარგებლო, მლოცველის მანტიით შემოსილი სხვებს ეჩვენება, როგორც მლოცველი; იმისათვის, რომ რაღაც მიწიერი სარგებელი მიიღოს, გარეგნულად მორწმუნის სახე მიიღო, შინაგანად კი სხვა არის. იუდას გარეგნულად ქრისტეს მოწაფის სახე ჰქონდა, შინაგანად კი ვერცხლისმოყვარეობით იყო შეპყრობილი, ამიტომაც ნათქვამია მასზე, რად შეუდექი, ვერცხლისმოყვარევ, უპოვარსო.
ურწმუნოზე საშიში არასწორად მორწმუნეა, რადგან არასწორად მორწმუნემ შეიძლება სხვა აცდუნოს მაშინ, როდესაც ასწავლის ქრისტიანობას. ქრისტე გვასწავლის, თუ ვინ არის კეთილი მწყემსი: "მწყემსი კეთილი თავის სულს დებს ცხვრებისთვის" (ინ.10,11). პავლე მოციქული ამბობს: "თქვენსას კი არ ვეძიებ, არამედ თქვენ" (2 კორ.12,14). ჭეშმარიტი მასწავლებელი ის არის, ვინც თვითონ შეიმეცნა ქრისტე, ვინც არის ღვთის ხმა და არა კაცისა, ვინც ჰგავს იოანე ნათლისმცემელს, რომელმაც თქვა: "მე ვარ ხმა მღაღადებელისა უდაბნოში" (ინ.1,23). იოანე ნათლისმცემელი არ იყო არც ეშმაკის, არც თავისი პირადი სურვილების, არც სხვა კაცთაგან დავალებულის ხმა, ის იყო ღვთის ხმა და ღვთისას ამბობდა, ამიტომაც თავის მოწაფეებს უჩვენა კაცობრიობის მხსნელი - ქრისტე და მაგალითად იქცა კაცობრიობისთვის, თუ როგორი უნდა იყოს სწორად მორწმუნე და ჭეშმარიტი მასწავლებელი.

ბეჭდვა
1კ1