ცილისწამება და ბეზღობა
ცილისწამება და ბეზღობა
ღირსეული ადამიანი საკუთარი თავიდან იწყებს განსჯას და განკითხვასაც
უფლის მეცხრე მცნება შეგვაგონებს: "არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა". მამა იოანეს (კრესტიანკინი) სიტყვებით: "ჩვენ ისე მძლავრად ვართ დაავადებული ამ მცნების საწინააღმდეგო ცოდვებით, რომ დღე კი არა, საათიც კი არ გაივლის ისე, რომ ამ თვალსაზრისით არ შევცოდოთ. ეს არის ცოდვა ჩვენი მანკიერი სულისა, განმტკიცებული ბოროტი გულისთქმით, რომელიც ბილწი ენით აღსრულდება". ქრისტიანს ეკრძალება სიცრუე ყველა მისი გამოვლინებით. სიცრუის მამა ეშმაკია და ამიტომ არასოდეს გამართლდება სიცრუე. არადა ადამიანს ადვილად შეუძლია ტყუილის შეთხზვაც და მისი დაჯერებაც. ჩვენ ხშირად ვცოდავთ ადამიანთა შეფასებისას, მათ შესახებ საკუთარი დამოკიდებულების გამოთქმისას და ამით ვაზიანებთ მათაც და საკუთარ სულსაც... საიდან იღებს ცილისწამების ცოდვა დასაბამს, საკუთრივ რომელი ცოდვებისაგან წარმოიშობა იგი, რა გვიბიძგებს მისკენ, რა სახით ვლინდება იგი, რას გულისხმობს დაბეზღების ცოდვა - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება რესპუბლიკურ სავადმყოფოსთან არსებული წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (შენგელია):

- ცილისწამების ცოდვად ითვლება ვინმესთვის რაიმე დანაშაულის გადაბრალება, როცა მას ეს არ ჩაუდენია, ან დანამდვილებით არ ვიცით, ჩაიდინა თუ არა. ამ ცოდვის ნაირსახეობრივი გამოვლინებაა განკითხვა და ჭორაობაც. ენის მიტან-მოტანა, მიყურადება, თვალთვალი, სხვისი წერილების კითხვა, სხვისი ცოდვისა და სისუსტის გათქმა, სახელის გატეხა, ჭორების გავრცელება, სხვის მიერ ნათქვამი ბოროტი ბრალდებების დაჯერებაც და ა.შ.

ჩემი შეხედულებით, ადამიანი იმიტომ სწამებს სხვას ცილს, რომ დამალოს საკუთარი ცოდვა; საკუთარი უსუსურება და არარაობა, ასე ვთქვათ, შენიღბოს სხვისი ცილისწამებით. საზოგადოების თვალში გამოჩნდეს უკეთესად და ამ მიზნით სხვა დააკნინოს და დაამციროს. ეს არის ღვთისგან შორს მყოფი სულიერი მდგომარეობა. მორწმუნე არასოდეს სხვას ცილს არ დასწამებს, პირიქით, ეცდება, რომ აღიაროს თავისი შეგნებული თუ შეუგნებელი შეცდომა. ცილისმწამებელი თავის შემეცნებაში აქვავებს კეთილსინდისიერების გრძნობას და აქეთ უტევს ბრმად თავის მოყვასს.

- რამდენად შეიცავს ადამიანის მიმართ ჩვენი კრიტიკა ცილისწამების საფრთხეს?

- რასაც ჩვენ ვხედავთ სხვა ადამიანში, ეს მისი ცხოვრება კი არა, ჩვენი ცხოვრების ნაწილი უფროა. ჯერ ერთი, ჩვენ ვხედავთ, დავუშვათ, ადამიანის მიერ ჩადენილ ცოდვას, მაგრამ ვერ ვხედავთ მის სინანულს. ამასთან დაკავშირებით ერთი მშვენიერი მქადაგებელი ბერსიე ამბობდა: "ერთ-ერთი ჩვენი მოყვასი დაეცა. ნება მომეცით, გამოვხატო შთაბეჭდილება, რომელიც თქვენს სულზე მოახდინა ამ ფაქტმა. ის დაეცა, მაგრამ თქვენ, განმკიცხველნი, ნუთუ არასოდეს სცოდავთ? განა სასიამოვნო იქნებოდა თქვენთვის, ვინმეს რომ ეცადა თქვენი წარსულის გარჩევა? განა არ დაგამშვიდებდათ ის აზრი, რომ ყოველივე სამუდამოდ დამარხულია? იქნებ თქვათ, რომ თქვენი ცხოვრება თავისუფალი იყო დიდი ცოდვებისაგან, მაგრამ განა თქვენი დამსახურებაა ეს? თუ თქვენ შემთხვევა არ მოგეცათ დაცემისა, ნუთუ გულში მაინც არ გაგივლიათ სურვილი? თუ ამას გაბედავთ, გამოამზეურეთ თქვენი სულიერი ცხოვრების ისტორია, გვიამბეთ იმ ფარული აზრების შესახებ, რომლებიც ეჭვადაც კი არავინ იცის, იმ სამარცხვინო სურვილების, ყრუ ვნებების ზეიმის შესახებ, რომელსაც თქვენ განახორციელებთ გეგმის მიხედვით სხვების საზიანოდ. ყოველივე ეს ადამიანის თვალს არ უხილავს. თურმე ცოდვის რამხელა უფსკრული ბუდობდა თქვენს გონებასა და სულში! გარეგნულად კი თქვენი ცხოვრება კეთილმოწყობილი იყო. დავუშვათ, რომ ვნებას აენთო თქვენი გული და ეცდუნებინეთ, მაშინ რა დაგემართებოდათ, სად გაქრებოდა თქვენი "უმწიკვლო ცხოვრებითა" და "გაუკიცხავი წარსულით" სიამაყე? დავუშვათ, რომ თქვენ პირველ დაცემას ყურადღება მიაქცია ადამიანმა, რომელსაც აკლია მოთმინება და გაგკიცხათ, გამხილათ ისევე, როგორც თქვენ განიკითხავთ თქვენს მოყვასს. მაშინ რა დაგემართებოდათ? ღმერთმა თავისი გულმოწყალების გამო დაგინდოთ დაცემისაგან და ამიტომაც ხართ დაცული, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, უეჭველად დაიღუპებოდით, თუ საკუთარი ინსტინქტების ამარა დარჩებოდით. გახსოვდეთ, რომ დაცემისაგან ხსნა თქვენი დამსახურება არაა!

თქვენი მოყვასი დაეცა, მაგრამ განა იცით მთელი მისი ამბავი? იცით განა, რა ცდუნებები ეხვია მას გარს და უბნელებდა ნათელს, უხერგავდა გზას? იცით განა, რომ დაცემის საბედისწერო ჟამს მას აკლდა ერთგული ხელი, რომელიც დაიცავდა და გადაარჩენდა, ხოლო ეს ხელი შეიძლებოდა თქვენი ყოფილიყო? თქვენი მოყვასი დაეცა, მაგრამ განა იცოდა მან იმდენი, რამდენიც თქვენ იცით? განა მისი წარსული აღსავსე იყო სიწმინდითა და ლოცვა-კურთხევით, რომელიც მას დაიცავდა? განა თქვენსავით აკვნიდან ეზიარებოდა ლოცვას, ცრემლსა და ქრისტიანი დედის დარიგებას? განა იცნობდა წმინდა წერილს, განა ჯვარი უნათებდა მას გზას და აძლევდა გადარჩენის იმედს?"

ამრიგად, უფლის თვალში, რომელიც ყველაფერს სიმართლის სასწორზე წონის, ვინ უფრო დამნაშავეა, ვის მისცა უფრო მეტი ტალანტი და ვის მიმართ იქნება უფრო მომთხოვნი? აი, ასეთი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს ჩვენზე მოყვასის დაცემამ. იგი მწუხარებით უნდა გვავსებდეს და მოგვიწოდებდეს უფლის წინაშე გულწრფელი მორჩილებისაკენ, ხოლო ამ ზრახვამ უნდა დაბადოს მეორე, ნამდვილი ღრმა თანაგრძნობა იმის მიმართ, ვისაც ეს უბედურება შეემთხვა.

- ცილისწამების, ანუ საკუთარი ცოდვის სხვაზე გადაბრალების მაგალითები ბიბლიაშიც გვხვდება...

- დიახ. მაგალითად, ბიბლია მოგვითხრობს, რომ ეგვიპტის ფარაონის ციხის უფროსის, პეტეფრეს მეუღლემ იოსების შეცდენა მოინდომა, მაგრამ იოსებმა თავის პატრონს ერთგულება შეუნახა. უარით გამწარებულმა ქალმა იოსებს ქმართან ცილი დასწამა, - გაუპატიურება მომინდომაო. იოსები დილეგში ჩააგდეს. წმინდანთა ცხოვრებიდან გვახსოვს ღირსი მამის, დავით გარეჯელის მიერ ცილისწამების ღირსეულად დათმენის მაგალითი. ვიცით, რომ ფეხმძიმე ქალმა მას დააბრალა მუცლად მყოფი ჩვილის მამობა. ღმერთმა ღირს მამას მიანიჭა მადლი და წყალობა, რომ თავისი სიმართლე და უბრალოება სასწაულით (ბუნებრივი კანონების დარღვევით) დაემტკიცებინა. მართლაც, ჩვილმა მუცლიდან ამოიძახა და თავისი ნამდვილი მამის ვინაობა დაასახელა. ცილისმწამებელი ქალი დაისაჯა იმით, რომ ქვა შვა. ღმერთმა კი ღირსი მამა დააჯილდოვა და ღირსეულად დათმენილი უსამართლობის სანაცვლოდ მიანიჭა მადლი, გამხდარიყო მეუდაბნოე მამა და მთელ საქართველოში გაევრცელებინა ქრისტიანული სარწმუნოება.

სახარებიდან ვიცით, რომ მაცხოვარსაც სწამებდნენ ცილს მწიგნობრები და ფარისევლები. მაგალითად, ქრისტე არ ასწავლიდა, რომ კეისრისთვის ხარკი არ ეძლია ხალხს. ფარისევლები კი, იმ მიზნით, რომ ხალხის თვალში როგორღაც დაეკნინებინათ მაცხოვრის ღვაწლი, მიმართავდნენ მტკნარ ცილისწამებას; მოსახლეობაში დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, თითქოს ადამიანი, რომელიც თავის თავს ღვთის მიერ წარმოგზავნილად აცხადებდა, არ ასწავლიდა ებრაულ საზოგადოებას ხელისუფლებისადმი მორჩილებას, პატივისცემას და ხარკის გადახდას კეისრისათვის, რომელიც ითვლებოდა ქვეყნის მმართველად. ანუ ნერგავდნენ შეხედულებას, თითქოსდა მაცხოვარი ამხედრებდა ხალხს კეისრის წინააღმდეგ.Eეს იყო აშკარა ცილისწამების გამოვლინება. ამით ფარისევლები ცდილობდნენ დაებრალებინათ მაცხოვრისთვის ზუტად ის, რის წინააღმდეგაც ის გამოდიოდა, რადგანაც ასწავლიდა: "მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმერთისაო". ფარისევლებმა იცოდნენ, რომ ამ ბრალდებით კეისრის ხელქვეითებს განარისხებდნენ, რაც დაგვირგვინდებოდა საზოგადოებისა და კეისრის შეჯახებით. ეს იყო სიცრუის მანქანა, ეშმაკის მახე, რომელიც დააპირისპირებდა საზოგადოებას და ხელისუფლებას, ანუ ერთგვარი პოლიტიკური ხრიკი.

- ამგვარი ხრიკები აპრობირებულია პოლიტიკის სფეროში. პოლიტიკა პოლიტიკანების ხელში გადაიქცა სიცრუის მანქანად, ძალაუფლების მავნედ გამოყენების ასპარეზად. ჩვეულ ამბად იქცა პოლიტიკოსების მიერ ერთმანეთის მისამართით ხელაღებით წამოსროლილი ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი განცხადებები... რა ზიანს აყენებს ეს ყველაფერი საზოგადოებას?

- პოლიტიკა იმდენად საფრთხილო სფეროა, რომ თუკი ადამიანს არ ჰყოფნის სათანადო სიბრძნე და ცხოვრებისული გამოცდილება, არც უნდა გაეკაროს მას. ხშირად დაპირისპირებული მხარეები ცდილობენ წინ წამოსწიონ არა მსგავსება ერთმანეთს შორის, არამედ განსხვავება.Aამ დროს სწორედ ის "განმასხვავებელი" ღირებულებები იქცევა ხოლმე იმ ფასეულობებად, რისთვისაც ორივე მხარე თავს გაწირავდა. უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკას ოდითგანვე ბრძენი ხალხი აწარმოებდა. ისეთი მადლმოსილი პირები, როგორებიც გახლდნენ წმინდა კეთილმსახური მეფეები: დავით აღმაშენებელი, ვახტანგ გორგასალი, თამარ მეფე და ბევრი სხვა ისეთი გამოჩენილი ადამიანი, რომლებიც გონივრულად მართავდნენ სახელმწიფოს როგორც შინა, ასევე საგარეო საქმეებსაც.Aამ დროს საამაყო გახლდათ სიტყვა: პოლიტიკა. მაგრამ, დღესდღეობით, სამწუხაროდ, არც ცოდნა შესწევს ბევრს და არც გამჭრიახობა საიმისოდ, რომ სწორი მიმართულებით წაიყვანოს საკუთარი თავიცა და ქვეყანაც.Pპოლიტიკა კეთდება სუფთა აზროვნებითა და სუფთა ხელებით. ადამიანი თუ დიდი და საშვილიშვილო საქმეების კეთებაზე დებს თავს, პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა მოიწესრიგოს გარეგნულადაც და შინაგანადაც, მართოს და გამოასწოროს თავისი ცხოვრება და სისუსტეები და მხოლოდ ამის მერე უნდა მისცეს თავს უფლება, საზოგადოებას მიუთითოს. ქვეყნის მართვის მოსურნემ ჯერ საკუთარ თავს უნდა შეხედოს გვერდიდან და ჩაეკითხოს თავს, თვითონ კი მიდის სწორი მიმართულებით? და, სინდისის კარნახით, შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად აქვს უფლება, საზოგადოებას ჭკუა ასწავლოს.

- კრიმინალისტიკაში მიღებულია და აუცილებელია დანაშაულის მოწმის დაკითხვა. ტყუილი, ცილისწამება, საკუთარი შეცდომების სხვისთვის დაბრალება უმეტესად სასამართლო პროცესზე ხდება ხოლმე. თუკი დანაშაულის მოწმე გავხდით და განვაცხადეთ სიმართლე, ნიშნავს თუ არა ეს დაბეზღებასა და დასმენას?

- კრიმინალისტიკაში დანაშაულის მოწმის დაკითხვა გულისხმობს ქრისტიანულად სიმართლის აღიარებას. ანუ თვითმხილველის მიერ მომხდარი დანაშაულის დადასტურებას. თუ ამ მოვლენას სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შევხედავთ, შეიძლება წავაწყდეთ ამ კითხვას: კრიმინალის მოწმე ვალდებულია თუ არა ამხილოს დამნაშავე და მიაწოდოს ცნობა მომხდარი დანაშაულის შესახებ სათანადო კრიმინალურ სამსახურს? - ცხადია, უნდა განვაცხადოთ, რომ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული ამა თუ იმ სახით. მაგრამ ქრისტიანული მორალი და ღირსების ცნობიერება გულისხმობს იმას, რომ აქაც დანაშაულის მოწმე უნდა ეცადოს, ამხილოს და დაასახელოს დამნაშავე, ოღონდ არა ზიზღით, შურით, ბოროტი სიხარულითა და სხვა ქვენა მოტივებით, არამედ თანაგრძნობით; ქრისტიანული მრწამსიდან გამომდინარე შეგნებით, რომ ცოდოა არა მარტო ის ადამიანი, რომელიც დაზარალდა, არამედ არანაკლებ და უფრო მეტადაც კი ის ადამიანი, რომელიც ცოდვით დაეცა და დანაშაული ჩაიდინა. ეს ბრალდება არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი და ადამიანის სულის მომკვლელი. ნიშნის მოგების მიზანს არ უნდა ემსახურებოდეს. უნდა ვეცადოთ, გამოვნახოთ ჩვენსავე თავში რესურსი ქრისტიანული მსოფლმხედველობისა და საზოგადოებაში დავნერგოთ შეხედულება, რომელიც ცოდვის ჩამდენ ადამიანს გაუღვიძებს სინანულს, სინდისის ქენჯნას და აღუძრავს გამოსწორების სურვილს. პირველ რიგში საზოგადოება უნდა იყოს აღზრდილი ჯანსაღ, ქრისტიანულ საწყისებზე, თავიდანვე უნდა იყოს ჩაწვეთებული ადამიანის გულსა და გონებაში უსამართლობის სიძულვილთან ერთად ქრისტიანული ლმობიერება და თანაგრძნობა მძიმე ცოდვაში ჩავარდნილი მოყვასის მიმართ. ღირსეული ადამიანი არასდროს იკადრებს და აკადრებს უღირსობას არავის და საკუთარი თავიდან იწყებს ჯერ განსჯას და განკიცხვასაც.

- განსაკუთრებით 70-იან წლებში ჩვენში ყვაოდა კრიმინალური მენტალიტეტი, რამაც თაობები დაღუპა. იმდროინდელ ფილმებშიც კი აშკარად რომანტიზებული და ჰეროიზებული იყო ეს მენტალიტეტი; პენიტენციარული სისტემა კი - გაკრიტიკებული და გაშარჟებული. მაშინ ვაჟკაცობად აღიქმებოდა სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, რაც გამოიხატებოდა სხვისი დანაშაულის დამალვით (არდაბეზღებით) და ხშირად, მის საკუთარ თავზე აღებით...

- დიახ. როდესაც ჩემი თაობის ბიჭებს იჭერდნენ, მათი მხრიდან ვაჟკაცობად ის ითვლებოდა, რომ არ გათქვამდა, არ დააბეზღებდა მეგობარს, ვისთან ერთადაც დანაშაული ჩაიდინა. სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის საკუთარ თავზე აღება მისაბაძი ხდებოდა მაშინდელი თაობისთვის. ეს გახლდათ ვაჟკაცობის და ღირსების კლასიკური ფენომენის ტრანსფორმაცია იმდროინდელი საზოგადოების არაჯანსაღი ნაწილის ცნობიერებაში.

რაც შეეხება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას, თუ ამის მტვირთველს ნამდვილი, ჭეშმარიტი დახმარების სურვილი ამოძრავებს, მაშინ იგი გამართლებულია. მაგალითად, ადრეულ საუკუნეებში იყო შემთხვევები, როდესაც მონასტრებში მოღვაწე მამებს გულმოწყალება გამოუჩენიათ და შეუფარებიათ მკვლელი ან ქურდი, რომლებსაც დევნიდნენ სათანადო ინსტანციები. ბერებს არ გაუმხელიათ მდევრებისთვის დამნაშავის ადგილსამყოფელი და ამით გარკვეულწილად, სულიერი გაგებით, თავიანთ თავზე აუღიათ დამნაშავის ცოდვის სიმძიმე. მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი დათვურ სამსახურს კი არ უწვედნენ დამნაშავეს, არამედ მათ ამოძრავებდათ ადამიანის გადარჩენის კეთილშობილური მოტივი. მათ სჯეროდათ, რომ მონასტერში ცხოვრების შედეგად, დამნაშავე დაინახავდა და გაისიგრძეგანებდა საკუთარი ცოდვების სიმძიმეს, შეინანებდა და გამოსწორებული და ცოდვამონანიებული დაუბრუნდებოდა საზოგადოებას.

სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას უცილობლად უნდა მოჰყვეს ისეთი მხილება, რომელსაც მაცხოვარი გვასწავლის: "უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაი იგი შენი. ხოლო უკეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენთანა ერთი ანუ ორი სხვაი, რათა პირითა ორისა და სამისა მოწამისათა დაემტკიცოს ყოველი სიტყვა. ხოლო უკეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკეთუ კრებულისაცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზვერე და წარმართი" (მათე 18, 15-17).Aასე რომ, დიდი ვაჟკაცობა ისაა, დანაშაულის ჩამდენისთვის სიმართლის თქმა შეგეძლოს. პირველ რიგში, ამას დიდი სიყვარული სჭირდება საიმისოდ, რომ მეგობრის სასიკეთოდ იმოქმედო. მითითება, მხილება, განსჯა, შეგონება სიყვარულით უნდა მოხდეს და არა შეურაცხყოფის, დამცირებისა და დაჩაგვრის მიზნით. შენიშვნა კონკრეტული მანკიერების აღმოსაფხვრელად და გამოსასწორებლად უნდა ითქვას. ამათ გაუთვალისწინებლად დანაშაულის დაფარვა იგივეა, რაც თანამონაწილეობა, ადამიანის დამნაშავედ ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა. ხშირ შემთხვევაში, ის, ვინც ავტორიტეტად აყალიბებს თავის თავს, საკუთარი ბნელი მიზნებისთვის იყენებს ადამიანებს, რომელთაც შიშის ფონზე ატვირთვინებს პასუხისმგებლობას ჩაუდენელ დანაშაულზე. იქ, სადაც შიში და ძალადობაა, სიყვარულს აღარ რჩება ადგილი. ასეთი მოქმედება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება მისაბაძი იყოს!

- აქვს თუ არა მღვდელს უფლება, სასამართლო პროცესზე გათქვას ბრალდებულის აღსარების საიდუმლო?

- ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი ცოდვა, რომელშიც შეიძლება მღვდელი ჩავარდეს, არის აღსარების გათქმა. სასულიერო პირი, როგორც მღვდელი, ზეციურ მოსამართლეს ემორჩილება; მიწიერი სასამართლო მის მღვდლობაზე, მღვდელმოქმედებაზე არ არის უფლებამოსილი. მღვდელი ქრისტეს წინაშე ვალდებულია, საკუთარი სისხლიც რომ დაღვაროს, არ გასცეს მონანულის აღსარება, ვინც არ უნდა იყოს ეს უკანასკნელი.

- დავით წინასწარმეტყველიც კი ასე ლოცულობს: "მიხსენ მე ცილისწამებისაგან კაცთასა და დავიცვნე მე მცნებანი შენნი" (ფს. 118,134). ცილისწამება აღმაშფოთებელი ცოდვაა და ძალიან ძნელად მოსათმენია. მით უფრო, თანამედროვე ადამიანისათვის. და მაინც, როგორ მოვითმინოთ უსამართლო ცილისწამებები და ბრალდებები?

- კონსტანტინე გამსახურიდა წერდა: "თუ კაცის გადარევა გინდა, ისეთი რამე უნდა დააბრალო, რის წინააღმდეგაც მთელი ცხოვრება იბრძოდაო". ყველაფრის მოთმინებით დათმენა შეიძლება ვერ შევძლოთ, მაგრამ ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ შურისძიების სურვილით არ აღვივსოთYან ღვთის გმობაში არ ჩავცვივდეთ. ერთი რამ ცხადია: ადამიანი დამოუკიდებლად ნამდვილად ვერ შეძლებს განსაცდელთა დათმენას, ამაში მას უფალი უნდა დაეხმაროს. ღმერთს უნდა დავანახოთ ჩვენი სურვილი და მონდომება, დანარჩენი კი მას მივანდოთ. ღმერთი გვიგზავნის განსაცდელს, მაგრამ თვითონვე გვაძლევს მისი დათმენის ძალას. და ამის საუკეთესო მაგალითი თავად მაცხოვარია. პეტრე მოციქული ამბობს, მადლია, როცა ღვთის გულისთვის ადამიანი უსამართლოდ იტანს განსაცდელს. ეს იგივე ცილისწამების დათმენაა. მოციქული იქვე დასძენს: რა საქებარია, თუ დანაშაულისთვის დაგსჯიან და ამას მორჩილებით მიიღებ; განა ავაზაკებსაც ასე არ ექცევიან?! ხოლო თუ უსამართლოდ ისჯები, ეს მადლია უფლის წინაშე. ამგვარად, ჩვენ მაცხოვარს ვემსახურებით, რომელმაც ჩვენი გამოხსნისთვის უამრავი ცილისწამება, გვემა, შეურაცხყოფა აიტანა, ხმა არ ამოიღო და ყველაფერი ზეციურ მამას მიანდო. ამით მან უდიდესი მაგალითი გვიჩვენა. ყოველი ქრისტიანი მოვალეა, მიემსგავსოს უფალს, მიბაძოს მას, რადგან ადამიანი სწორედ ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი. "იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს", - გვასწავლის მაცხოვარი.

- მამა იოანე კრესტიანკინის სიტყვებით: "არა ვართ გულწრფელები, უბრალოები და სიტყვაძვირები, ამიტომაც მუდამჟამს შეურაცხვყოფთ მოყვასს და უფალს მეცხრე მცნების კანონის დარღვევით". როგორ ვებრძოლოთ ცილისწამებასა და დაბეზღებას?

- პირველი და აუცილებელი ის არის, რომ მუდამ გვახსოვდეს ჩვენი ცოდვები. როცა ადამიანი ფიქრით საკუთარ ცოდვებს მოსწყდება, უკვე შორს აღარ არის განკითხვისა და ცილისწამებისაგან. გავიხსენოთ, რომ უფლის სიტყვა ამბობს: "ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი", ჩვენ კი, იმის ნაცვლად, რომ ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, წავკიდებთ ხოლმე ადამიანებს ენის მიტან-მოტანით. ასევე ხშირად უნდა გავიხსენოთ უფლის სხვა სიტყვებიც: არავის დავწამოთ ცილი, არავინ განვიკითხოთ, რადგან რომელი საწყაულითაც მივუწყავთ, იმავე საწყაულით მოგვეწყვება ჩვენც. ხშირად ყოველგვარი საჭიროების გარეშე მივახლით ხოლმე პირში ერთმანეთს სიმართლეს, რასაც მხოლოდ წყენა, შეურაცხყოფა და ზიანი მოაქვს.

უფალმა მოგვიტევოს ჩვენ, უგუნურ "სიმართლისმოყვარულთ"!

თუკი რომელიმე ჩვენგანს გაუთქვამს სხვისი ცოდვა, სისუსტე, გაუტეხია ვინმესთვის სახელი, უნდა შევინანოთ უფლის წინაშე. ეს არის ქამისმიერი ცოდვა, რომელმაც არ დაფარა სიშიშვლე საკუთარი მამისა.

ეს ცოდვები უნდა ვაღიაროთ ღვთის წინაშე აღსარებაში და ვთხოვოთ უფალს, გვაპატიოს, დაგვეხმაროს მათ აღმოფხვრაში. შემდეგ კი, თუ ამის საშუალება არის, თავად იმ ადამიანსაც მოვუბოდიშოთ, ვისაც ცილი დავწამეთ. და რაღა თქმა უნდა, ვეცადოთ, მეტად აღარ შევცოდოთ.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
ბეჭდვა
1კ1