სიყვარული ქედმაღალი არ არის
სიყვარული ქედმაღალი არ არის
თითოეული ადამიანის ბუნება ცოდვისკენ რომ არის მიდრეკილი თითქოს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ გვავიწყდება, როგორ შეიძლება გამოვასწოროთ ჩვენი ცოდვიანი ბუნება. უფლის მიერ ბოძებული სათნოებებით ცხოვრება რომ შევძლოთ, თავად უფალს უნდა ვუგდოთ ყური. მოთმინება, სიყვარული, თავმდაბლობა, ურთიერთმიტევება და კიდევ სხვა სათნოებების გამომჟღავნება, მათი ცხოვრებაში განხორციელება თითქოს განელდა. რატომ? იქნებ უფალი დავივიწყეთ და მხოლოდ მიწიერზე ვფიქრობთ?

როცა საბერძნეთში სიწმინდეები მოვილოცე, შემთხვევით გავიგე წმინდა იპომონის (მოთმინება) შესახებ. წმინდა იპომონის ფრესკა ლუტრაკშია. ის იყო ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორის დედა, მონაზვნად აღკეცილა და გარდაცვალებამდე ღვთის სათნოდ ცხოვრობდა. დედებმა წმინდა იპომონის ხატი მაჩუქეს, მისი მფარველობა და მოთმინება მისურვეს. მართლაცდა, მოთმინება ყოველთვის და ყველაფერში სასარგებლოა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენს გულს მრისხანება მოეძალება ხოლმე. ვიდრე მრისხანებას შემოვუშვებთ ჩვენში, კარგი იქნება, თუ წმინდა იპომონის გავიხსენებთ და მოთმინებით შევხვდებით მოწეულ განსაცდელებს.

წმინდა თეოფანე დაყუდებული მრისხანებას ასე განმარტავს: "თქვენ ავად ხართ; მე კი თქვენი მდგომარეობა სხვაგვარად მესმოდა. ვაპირებდი, მკაცრად მესაყვედურა. ვხედავ, რომ ეს ყველაფერი ავადმყოფობის შედეგად გაღიზიანებული ნერვების ბრალია. დაე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა განგამტკიცოთ! ამგვარი აფეთქებები არასათნოა. ეს არის ჭეშმარიტად ნათლის ანგელოზად გარდაქმნილი სატანა. გარეგნულად სამართლიანობის გრძნობის მეტი არაფერი ჩანს. გული ისე დუღს, თითქოს მზად არის, სიმართლისათვის დანაზე წამოეგოს, ენა კი სხვის მიერ დარღვეულ და დავიწყებულ სიმართლეს ღაღადებს. ეს სხვა კი, რომელმაც გაბედა მისი დარღვევა, არარაობად და ბოროტგანმზრახველადაც კი გვეჩვენება. ჩვენ მიერ გამართული სასამართლო ჩვენს თვალში იმდენად სამართლიანი ჩანს, მთელი სამყარო გაგვამართლებდა. ხედავთ, როგორი ნათელი და კანონიერია ყველაფერი! მაგრამ მართლაც ასეა? საქმის არსს თუ ჩავწვდებით, მუდამ აღმოჩნდება, რომ დარღვეული სიმართლის შეგრძნებას ყოველთვის საფუძვლად უდევს შეურაცხყოფილი თავმოყვარეობა, ჩვენი ღირსების დამცირება, ანდა მისთვის შესაფერისი პატივის, შესატყვისი ფასის მიუგებლობა. სიმართლისადმი მოშურნეობის ცეცხლი სრულიადაც არ ანთია იმის გამო, რომ ძვირფასია სიმართლე, არამედ იმიტომ, რომ ვიღაცამ გაბედა დაერღვია იგი ჩვენთან. ეს რომ სხვას შემთხვეოდა, კიდევ ასატანი იქნებოდა, იქნებ მოგებოდიშებინათ, - ცუდად გამომივიდაო. შეიგნეთ, რომ ყვირილი სიმართლისათვის მხოლოდ გარეგნულია, შიგნით კი - ომი მიმდინარეობს "მე"-ს დამკვიდრებისათვის! აი, მაშინ დაინახავთ, ვინ არის ანგელოზის სამოსში გახვეული! თქვენი სული საკმაოდ ბრძენია. კარგად არის თუ ცუდად, მისი სიმშვიდით ან ფორიაქით მჟღავნდება. თუ აფორიაქებულია, არ დაუჯეროთ - ცრუობს. სატანა აწვდის იმ დროს აზრებს, რა თქმა უნდა, არამაცხოვნებელს; სული კი მთელ ძალებს ფიტავს. "გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის" (იაკ. 1,20). ღვთიური კი ყველაფერი წყნარი, მშვიდობიანი და ტკბილია, სულშიც ამ სიტკბოს ტოვებს, გარშემოც უხვად აფრქვევს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ თითქოს გლანძღავს კიდეც. ამ შემთხვევაშიც სითბოა, უფრო მეტიც, მხურვალებაა, ჩუმი, მოალერსე".

მოთმინების შესახებაც საგულისხმოდ გვესაუბრება წმინდა თეოფანე დაყუდებული: "ძნელია ყველაფრის ატანა, რისი დათმენაც გვიხდება, მაგრამ სიმძიმე გვაწევს მხოლოდ განსაცდელის ჟამს. შემდეგ კი თანდათან ყველაფერი შენელდება და გაქარწყლდება. გაქარწყლდება ისიც, რასაც ახლა იტანთ. გამხნევდით, ყველაფერი გაივლის.

ამ დროს მეტად მოუხმეთ რწმენას. გახსოვდეთ! ყველაფერი ღვთისგანაა: არა მხოლოდ დიდი განსაცდელი, არამედ სულ მცირე შემთხვევაც კი. მას ხომ ერთადერთი განზრახვა აქვს - ჩვენი გადარჩენა. ჰოდა, მიიღეთ მისგან ყველა განსაცდელი, როგორც მაცოცხლებელი წამალი, მწარე, მაგრამ სასარგებლო.

როცა უფალი გვიგზავნის განსაცდელს, ნუთუ არ გვმართებს გახსენება, რომ ჩვენ მას უამრავი საბაბი მივეცით ამისათვის და სამართლიანადაც ვისჯებით? ასე რომ, ჩაუკვირდით თქვენს თავს, მოძებნეთ დასჯის მიზეზი და ამოძირკვეთ იგი. გამოსაცდელად განსაცდელი ეგზავნებათ წმინდანებს, ჩვენ კი იგი გვეგზავნება უფრო, როგორც სასჯელი და მოწოდება მონანიებისა. უფალი მკურნალია, რომელიც ტყუილად არ ხარჯავს წამალს. როდესაც იგი განაშორებს სნეულებას არა მხოლოდ ჩვენი საქმეებიდან, არამედ გრძნობებიდან და გონებიდან, მაშინვე შეწყდება ჩვენს თავს მოვლენილი განსაცდელი.

ხოლო ღვთისადმი სიყვარულის მოპოვების შესახებ ბრძანებს: "თუ ჩაუკვირდებით, რას ეუბნება წმინდა პავლე კორინთელებს: "რომელსა არა უყუარდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, იყავნ შეჩუენებული". აზრობრივად ვჩერდები ამ მრისხანე განაჩენზე და, უპირველეს ყოვლისა, მოგიწოდებთ სიხარულით აღსავსე მადლობა შევწიროთ უფალს, რომ ეს განაჩენი ჩვენ, ქრისტიანებს, არ გვეხება. ჩვენ ქრისტიანები, ანუ ქრისტესნი ვართ; ხოლო თუ ქრისტესნი ვართ, მაშინ გვიყვარს კიდეც იგი, როგორც მას ვუყვარვართ. არც მოციქული გულისხმობს ღვთისადმი სიყვარულის ნაკლებობას ქრისტიანებში, და საშინელი განაჩენით აშინებს მხოლოდ იმათ, ვინც ქრისტესთან თანაზიარობის გარეშეა დარჩენილი. ამიტომ, დაე, ეშინოდეთ ამ განაჩენის წარმართებსა და ურწმუნოებს, რომელნიც უცხონი რჩებიან ქრისტესადმი და თავს ყველანაირ სიკეთეს ართმევენ, რასაც კი გვჩუქნის უფალი, და არა ჩვენ, რომელნიც მოწოდებულნი ვართ ვმონაწილეობდეთ ქრისტეს მიერ ღვთიურ ბუნებაში, - ვფიქრობდი მე. მაგრამ შემდეგ მომეძალა ფიქრები, რომლებიც მაშფოთებდნენ არა მარტო ჩემს, არამედ სხვების გამოც: - ჩვენ შორისაც რომ არ არის სიყვარული?! არადა, თუ იგი არ იქნება, მაშინ მოციქულის განაჩენი ჩვენზეც იმოქმედებს.

ჩავუკვირდეთ საკუთარ თავს და გავარკვიოთ, არის თუ არა ჩვენში სიყვარული. თუ აღმოვაჩენთ, რომ იგი არ არის ან სუსტია, შევეცადოთ, გავაძლიეროთ, რათა არ დავისაჯოთ ღვთის მოძულეებთან ერთად.

გული გვეტყვის, გვიყვარს თუ არა ღმერთი. როგორც ადამიანთაგან ვინმე თუ გვიყვარს, მისადმი თბილი გრძნობა გვანიშნებს სიყვარულზე, ასევე ღვთისადმი სიყვარულს გვაგრძნობინებს ჩვენი გულისა და აზრების უფლისაკენ სწრაფვა და მისდამი თბილი ყურადღება. ვისაც ვინ უყვარს, იმაზე ფიქრობს განუწყვეტლივ. ვისაც ვინ უყვარს, ცდილობს, ასიამოვნოს მას, გამოიცნოს მისი სურვილები და შეასრულოს ისინი. ვისაც ვინ უყვარს, ყველაფერში ეყრდნობა მას და დარწმუნებულია, რომ არ მიატოვებს. ვისაც ვინ უყვარს, თავის თავს მას აკუთვნებს, ხოლო მის თავს თავად ისაკუთრებს. ვისაც ვინ უყვარს, დგება კიდეც მის მხარეზე და არავის აძლევს ნებას, არათუ გაუკეთოს, არამედ რაიმე თქვას მისი საწინააღმდეგო. ვისაც ვინ უყვარს, იმის საქმეებზე ზრუნავს და ცდილობს, ზიანი ააცილოს მას. ვისაც ვინ უყვარს, მას ადიდებს და ხარობს, როდესაც მისი საყვარელი არსების სახელი იდიდება ყველგან. ჩვენში ჩვეულებრივის სიყვარულის ამგვარი ქმედებებით იმსჯელეთ ღვთისადმი სიყვარულზეც...

უფლისადმი სიყვარული მოიცავს ყველა ჩვენს მისდამი ურთიერთობას. აი, რა უნდა გაგვაჩნდეს ღმერთთან მიმართებით: რწმენა, რომ ის არის ჩვენი უფალი და ჩვენ ვართ მისი, რომ იგი არ დაგვტოვებს ჩვენ არც ამ და არც იმ ქვეყნად, და ვიაროთ მასზე მიჯაჭვული გულით. აქ არის სწორედ წმინდა და ღვთივსათნო ცხოვრების ძირი და ფესვი. ამაში გამოიხატება სიყვარული, და როგორი ხარისხისაცაა ჩვენი მიმართება ღვთისადმი, ისეთია სიყვარულიც. თუ გაათბობ და აამაღლებ, გათბება და ამაღლდება შენი სიყვარულიც.

კიდევ ერთი: შობილს, ბუნებრივია, უყვარს მშობელი. ჩვენ ყველანი ვიშვით ქრისტე იესოში ახალი ცხოვრებისათვის, ამიტომ უნდა გვიყვარდეს იგი. თუ ჩვენ თვითონ ვერ ვხედავთ და ვერც სხვები ხედავენ ამ სიყვარულს ჩვენში, იმიტომ, რომ არ ვიყენებთ ქრისტიანულ ძალებს. თუ მათ ავამოქმედებთ, სიყვარულს გავაღვიძებთ ჩვენში, გაღვიძებული სიყვარული უფრო ქმედითად დაიწყებს ქრისტიანული ძალების გაღვიძებასა და ამოქმედებას, თავადაც გაიზრდება და განმტკიცდება. ქრისტიანული ძალებია: ღვთის შეცნობა და ღვთიურ საგანთა ჭვრეტა, მცნებების შესრულებისადმი მოშურნეობა და მოწიწებული ლოცვა შინ და ეკლესიაში. აამოქმედე ეს ძალები შენში და თითოეული მათგანი პირდაპირ ღვთის სიყვარულამდე მიგვიყანს. თუ როგორ, ამას საქმე გიჩვენებს; შენ მხოლოდ დაიწყე. გეტყვი მხოლოდ იმას, რომ სიყვარულის ეს გზა, რომელიც ეფუძნება მადლობით შობას, არის ყველაზე საიმედო, სწარფი და თვითშემამსუბუქებელი გზა.

გვესაუბრება მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი გიორგი მალხაზიშვილი:

- უპირველესი სიტყვა, რომელიც მაცხოვრის განკაცების შემდეგ ისმინეს ადამიანებმა ზეციდან ანგელოსთა მიერ, იყო "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".

ანგელოზნი ადიდებდნენ მხსნელს კაცობრიობისას, მომცემელს მშვიდობისა და სიყვარულისა, მომნიჭებელს სიმშვიდისა, მაგალითს მოთმინებისა და სიღრმეს თავმდაბლობისა. ჭეშმარიტად სადიდებელია უფალი, რადგან ის, როგორც შემოქმედი და დამბადებელი, დაუსრულებლად, განურჩევლად ზრუნავს ყოველ ადამიანზე. მისი ბრძანებით ამოდის მზე ცის კამარაზე ცოდვილთა და მართალთათვის, მშობლიური მზრუნველობით განუმზადებს ადამიანს მარადიულ ნეტარ ცხოვრებას, თუკი ეს უკანასკნელი ქმნილება, გვირგვინი სამყაროსი, ინებებს მის დამკვიდრებას. იგი თავად დაიკვლის, როგორც ზვარაკი ჩვენს გამოსახსნელად ცოდვისგან და გვასაზრდოებს საკუთარი სისხლით და ხორცით, გვიხსნის სასუფევლის კარს. ხოლო ჩვენ რა მოგვეთხოვება? მხოლოდ ურთიერთპატივისცემა, მიმტევებლობა, მოთმინება. ნუ განურისხდებით, - ბრძანებს უფალი წმინდა წერილში, - ერთ მცირეთაგანს, ვისაც შენ მიიჩნევ თუნდაც ყველაზე ცოდვილად და უღირს ადამიანად, რადგან მისი მფარველი ანგელოზი ყოველთვის მდგომარეა ღმერთის წინაშე და შეჰღაღადებს მის ხსნას. როდესაც შეგვიპყრობს რისხვა, გავიხსენოთ წმინდა წერილი, სადაც პეტრე მოციქული ეკითხება მაცხოვარს, - რამდენჯერ შეიძლება შეუნდოს ძმას, შვიდგზის? და მაცხოვარი პასუხობს, - არ გეტყვი, შვიდგზის, არამედ სამოცდაათჯერ შვიდგზის, რაც მარად დაუსრულებელი რაოდენობის გამომსახველია. როგორ შეიძლება ადამიანმა მოიპოვოს ასეთი მოთმინება? მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულია ძალის მომცემი. არა ადამიანური, მიწიერი ანგარებიანი სიყვარული, არამედ ზეციური, ქრისტესმიერი სიყვარული, რომლისკენაც მოგვიწოდებს მხსნელი: შეიყვარეთ უფალი ღმერთი ჩვენი ყოვლითა გულითა, ყოვლითა გონებითა და სულით, მთელი არსებით და მოყვასი თვისი, როგორც საკუთარი თავი. როგორც საკუთარ თავს დავფუფუნებთ და ვზრუნავთ მისი სიამოვნებისთვის, ვერ ვამჩნევთ საკუთარ ცოდვებს, ასეთივე სიყვარულით მოვექცეთ მოყვასს. სიყვარული ქედმაღალი არ არის მოყვასის მიმართ. თუკი ვამბობთ, რომ გვწამს ღმერთი, ხოლო მოყვასის მიმართ გულგრილნი ვართ, ვგულფიცხობთ კიდეც მასზე, გამოდის, რომ ვცრუობთ და არ ვიცნობთ უფალს, რადგან თუკი ჭეშმარიტი სიყვარულია ღმერთისა ჩვენს გულში, მაშინ მის ქმნილებასაც შევიყვარებდით, ხოლო ასეთი სიყვარული განაქარვებდა ჩვენს გულში რისხვას და უკმაყოფილებას, ან, უკიდურეს შემთხვევაში, როგორც წმინდა მამები გვირჩევენ, გამოვიჩინოთ მოთმინება ღვთის სადიდებლად. როგორც საკუთარ თავს ვანუგეშებთ, რომ ღმერთი მოწყალეა, უმეტესად სათნოეყოფოდა უფალს მოყვასის მიმართ მიმტევებლობა. თუკი დავუკვირდებით იმას, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ყოველივე ჩვენსავე სასიკეთოდ არის მიმართული, ჩვენც ალბათ ვაღიზიანებთ ვინმეს, მაგრამ ვერ ვამჩნევთ. ამისთვისაც ძველთაგანვე ჩვევად ჰქონდათ ქრისტიანებს, ერთმანეთისთვის შენდობა ეთხოვათ და ასეც ეწოდება დიდმარხვის დაწყების წინა კვირას - შენდობის კვირა, რადგან რა დიდ ღვაწლსაც არ უნდა შეუდგეს ადამიანი - მარხვას, ლოცვას, სინანულის ცრემლს, თუ გულში აქვს რისხვა ან ვინმე გაანაწყენა, ამაო იქნება ჩვენი შრომა. როგორც ბრძანებს პავლე მოციქული - სასწაულებსაც რომ ვახდენდეთ, სიყვარული თუ არ გვაქვს მოყვასისა, არაფერი არ ვართ. ხოლო ის, თუ რამდენად გვაქვს სიყვარული მოყვასისა, მტკიცდება იმით, რამდენად მიმტევებლები და ურისხველნი ვართ.

თავად უფალი იესო ქრისტე არის მაგალითი უსაზღვრო, უანგარო სიყვარულისა. თავად ღმერთია სიყვარული, როგორც ბრძანებს წმინდა წერილი. მან გვიჩვენა მწვერვალი სიყვარულისა თავისი თავდადებით, მოთმინებით. მბრძანებელმა და შემოქმედმა სამყაროსი, ყოველი ხილულისა და არახილულისა და მისმა ამაომზრახველმა, სიცოცხლის შთამბერმა დაიმდაბლა თავი კაცთა სიყვარულისათვის და იშვა უკანასკნელ სიღატაკეში. დაუტევნელმა ინება დატევნა დედის მუცელში, დაბადება გომურში და საქონლის ბაგაზე მიწვენა, თვისთა ქმნილებათა მიერ აუტანელი შეურაცხყოფა, საშინელი ტანჯვა-გვემა და საზარელი სიკვდილი იმისათვის, რომ ჩვენ გავემხნევებინეთ აღდგომის სიხარულით სიკვდილის მოკვლით. აღარ არსებობს სიკვდილი, არამედ რომელმან ისმინოს და რწმენეს, გარდაიცვალოს იგი სიკვდილისაგან ცხოვრებად. აღდგომის სიხარული რომ შევიგრძნოთ, საჭიროა, შევიქმნეთ ამ თავგანწირვის მიღების ღირსნი. ამისთვის უნდა ვიყოთ მიმბაძველნი მაცხოვრისა და ჯვარს ვაცვათ ჩვენი ვნებანი, ხორციელნი თუ სულიერნი, შევმუსროთ ისინი მისი ცხოველსმყოფელი ძალით. ეს არის ჩვენი პატივმოყვარეობა თუ ამპარტავნება, გულფიცხელობა თუ უშვერი სილაღე, მშობლების უპატივცემულობა თუ მეუღლის ღალატი, მრისხანება, უქმობა, კაცთა კვლა, დედის საშოში ნაყოფის მოწყვეტა და სხვანი მრავალი სისუსტენი ჩვენნი მოვიძაგოთ, ხოლო მოყვასი შევიყვაროთ უფლის სასოებით და რწმენით, რაც არის მომცემელი მომავალი საუკუნო ნეტარი ცხოვრებისაც და აქაც, ამ ცხოვრებაშივე შეგვქმნის სასუფევლის მოქალაქედ.

უფალი ბრძანებს, - სადაც ერთი და ორი ადამიანი ჩემი სახელით შეიკრიბებით, მე თქვენს შორის ვარ და რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, მოგეცემათო. ამიტომაც, ძმანო, განვეშოროთ უშვერ, ბილწ მრისხანებას და უფლის სახელით, უფლისმიერი სიყვარულით შევეკრათ ერთმანეთს, რათა ერთობით ვადიდებდეთ ჩვენს გამომხსნელს სიკვდილისგან, მამას, ძეს და სულიწმინდას. ამინ!
ბეჭდვა
1კ1