ვიჩქაროთ, მივუტევოთ, რათა ჩვენც მოგვეტევოს
ვიჩქაროთ, მივუტევოთ, რათა ჩვენც მოგვეტევოს
წმინდა მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული ბრძანებს: "გსურს ცხონება - მიუტევე ყველას ყველაფერი და გადარჩები, რადგან უფალი ბრძანებს: "უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან". ვისაც ცოდვები მიეტევება, მან მეტი რაღა უნდა ინატროს? წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაი, არცა არს პირსა მისსა ზაკუვაი". ნეტარია, ანუ ცხონებულია. ასეთებზე აღესრულება მოსე წინასწარმეტყველის სიტყვა: "ზღვის გაღმა ნუ გახვალ გადარჩენის საძებნელად. მახლობელ არს სიტყვა გულსა შენსა". დავძენ: მახლობელ არს სიტყვა, რითაც გული ღაღადყოფს ყოვლისმიმტევებლობას, როდესაც ვინმეს მიმართ აქვს საჩივარი.

ყოფითი შეხლა-შემოხლის, წყენისა და მოჩვენებითი ან ნამდვილი შეურაცხყოფებით გულის სიმშვიდის აფორიაქების შემთხვევები გაუთავებლად გვხვდება. და ის, რაც თითქმის გარდუვალია, რაც მაინც შეგვემთხვევა, უფალს სურს, ჩვენი შეწყალებისა და გადარჩენისაკენ წარმართოს. ყოველ წუთს შეურაცხგყოფენ, ყოველ წუთს მიუტევე და ყოველ წუთს სულ უფრო ღრმად შეაღწევ ყოვლისმიმტევებელი ღმერთის გულმოწყალების წიაღში. და ამ შეწყალებით, როგორც სამოსით, შეიმოსები, გარემოიზღუდები და დაცული იქნები ყოველივესგან, რაც შენს გადარჩენას ზიანს აყენებს.

უფლის წინაშე არაფერს ისეთი ძალა არ აქვს, როგორც წყენათა მიტევებას, რადგან იგი არის მიბაძვა საღვთო გულმოწყალების ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მახლობელი ქმედებისა. ისე ადვილად არაფერი გვაცდუნებს, როგორც გაბრაზება და სურვილი სამაგიეროს გადახდისა ჯავრიანი სიტყვით, არცთუ იშვიათად კი საქმით. მაშასადამე, ნაცვლად იმისა, რომ შევიძინოთ ის, რაც თავად გვეძლევა ხელთ, ყოველ წუთში ვკარგავთ. თუ მიუტევებ, შეიძენ შინაგან სიმშვიდესა და უფლისგან შეწყალებას, არ მიუტევებ და გაგიძლიერდება შინაგანი შფოთი, უფლისგან წყალობას კი ნუღარ ელი.

რატომ არ მივუტევებთ ყოველთვის, უფრო ხშირად ავყვებით მრისხანებას, ჯავრსა და აღშფოთებას? ვფიქრობ, ამის მიზეზია მიტევების ღირებულებისადმი უგულისყურო დამოკიდებულება. ყურადღების მიღმა გვრჩება ის, რაც მიტევებით გვეძლევა, წყენით მოყენებული დანაკლისი კი ასე თვალსაჩინოდ წარმოგვიდგება. თავისმოყვარე გული მსჯელობს: რატომ მივუტევო? და ჩვენც არ შევუნდობთ. წყენის წუთებში საკუთარ ფიქრებსა და გულში აღიდგინეთ უეჭველი აღთქმა, რომელიც მიმტევებელთ მიეცათ, აღთქმა, რომელიც შეუდარებლად უფრო ფასეულია, ვიდრე უდიდესი დანაკარგები, რაც კი ადამიანს ძალუძს წყენით მოგაყენოს. მაშინ რა წყენაც უნდა შეგვხვდეს, გულიდან ამოხეთქავს გამამხნევებელი ხმა: ღირს, ამისთვის მიუტევო და ჩვენც შევუნდობთ.

მივუტევოთ და მოგვეტევება; კვლავ მივუტევებთ და კვლავ მოგვეტევება, და ასე განუწყვეტლივ. თავად მიმტევებლებზე გავრცელდება საღვთო ყოვლისმიმტევებლობა, ეს ადამიანი საღვთო გულმოწყალებითა და სიყვარულით იქნება გარემოცული. არის კი, რაც გვინდა, რომ მოგვიტევონ? მერედა, რამდენი! ვიჩქაროთ, მივუტევოთ, რათა ჩვენც მოგვეტევოს. ამას მეტი მონდომებით გავაკეთებთ, როცა გვეცოდინება, რომ ის, რასაც ჩვენ მივუტევებთ, არაფერს ნიშნავს, ხოლო ის, რაც მოგვეტევება, შეუდარებლად უფრო ფასეულია.

ღვთისთვის თვალსაჩინოა, თუ რა ხდება შენს გულში. იგი აკვირდება მიტევებისკენ მის მიდრეკას; მისთვის სანუგეშო ხდება გულში აღსრულებული მიტევება და იგი ამ მსხვერპლს ადებს ისეთ ფასს, რასაც ვერც კი წარმოიდგენ.

გაიხსენეთ ამბავი ერთი მონაზვნისა, რომელიც მაინცდამაინც მკაცრ ცხოვრებას არ მისდევდა, მაგრამ ცუდის მოქმედს არავის განიკითხავდა და არ სწყინდა, როცა ვინმე დაჩაგრავდა. როდესაც კვდებოდა, დამწუხრებულმა ძმობამ თავი მოიყარა მის სარეცელთან - მონაზონს ნათელი გადასდიოდა სახეზე და გულით ხარობდა. კითხვას, თუ რას ნიშნავდა მისი ასეთი მდგომარეობა, მან უპასუხა: "შემინდეთ, მამანო და ძმანო! მე ცოდვილი და უდები მონაზონი ვარ, მაგრამ ცხოვრებაში არავინ განმიკითხავს და არავისზე გავნაწყენებულვარ. აი, ანგელოზი უფლისა მოვიდა ჩემთან და მითხრა: შენ არ განგიკითხავს - არც შენ განგიკითხავს უფალი; შენ მიუტევებდი - შენც მოგიტევებს უფალი. ამ სიტყვების გამო გული სიხარულით საგულედან ამოვარდნას ლამობს". ასე აღესრულა ის. ხედავთ, რა საზღაურისგებაა? როგორ შეგიძლია თქმა: რისთვის უნდა მივუტევო?

***
გარდა ხილული წესრიგისა, არსებობს უხილავი, გარდა ამ წუთისოფლისა - სამომავლო ცხოვრება. იქ რომ გადავსახლებულიყავით გონებითა და გულით, სხვაგვარი იქნებოდა ჩვენი აზრები, მეტყველება და საქმენი, იმდენად განსხვავებული, რომ ამა სოფლის მკვიდრნი, ჩვენი შემხედვარენი, შეშლილებად ჩაგვთვლიდნენ. ამა სოფლის სული მათ, ვინც ძვირუხსენებელია და ყოვლისმიმტევებელი, ღირსების არმქონე ადამიანებად აღიქვამს. სინამდვილეში მიტევება არის ღირსება. უფლის მცნებისამებრ და ქრისტიანული სასოებით მიმტევებელი კაცი სხვა, უკეთესი ქვეყნის მკვიდრია. იგი იქიდან იღებს შეგონებებს და იცავს იქაურ წესრიგს. ამქვეყნიურთ და მიწიერი თვალთახედვით მის მჭვრეტელთ ამ კაცის გაგება არ ძალუძთ. იგი საქმით აღასრულებს მოციქულის მითითებებს: "უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმენინ, რაითა იყოს იგი ბრძენ".

რა თქმა უნდა, უცებ ვერ მოიპოვებ ისეთ ღრმა და სრულ სიმშვიდეს, რომელიც შეურაცხყოფის ყოველ დარტყმას შთანთქავს, მაგრამ დაიწყე უდაბლესით და ახვალ უმაღლესამდეც. ძვირუხსენებლობის, უჯავრელობის, მაშასადამე, მიტევების პირველი ხარისხი არის ჩუმად ყოფნა. ამით დაიწყე. როცა გაწყენინებენ, თავს ძალა დაატანე და გაჩუმდი, მიჰბაძე დავით წინასწარმეტყველს, რომელიც თავის თავზე ამბობს: "შევძრწუნდი და არა ვიტყოდე" (ფსალმ. 76,4). გააკეთე ასე ერთხელ, მეორედ უფრო იოლად გაჩუმდები. რაც ხშირად შეინარჩუნებ მდუმარებას, მით ნაკლები აღშფოთებით შეხვდები წყენას. დამკვიდრებული უშფოთველობა განსვენებას მოგგვრის, რაც გადაიზრდება ყოველ გონებაზე აღმატებულ სიმშვიდეში. მაშინ წყენას ისე დაუდგები წინ, როგორც მკვიდრი კედელი ქარისგან მოყრილ ქვიშას. აი, სადამდე მიხვალ, როცა გაჩუმებით დაიწყებ საკუთარი თავის დაძლევას. არ დაიწყებ და სულ უფრო მეტად დაგრევს ხელს გულისწყრომა და იქამდეც მიხვალ, რომ ყოველი წვრილმანი დაგაკარგვინებს მოთმინებას.

***
როგორ უნდა იცხოვრო ყოფითი წესიერებით, ქრისტიანულ ცხოვრებაზე რომ აღარაფერი ვთქვა? უშრომლად ვერაფერს შეიძენ; გსურს ზნეობრივი სიკეთე - იშრომე საკუთარ გულზე. მოქმედებათა გამეორების შემთხვევაში იგი ნაკლებ შრომას დახარჯავს მათ აღსასრულებლად - ასეთი თვისება გულს უფალმა მიანიჭა. წყენის ხშირი მიტევება არა მხოლოდ აიოლებს მიტევებას და შეგვძენს ამ ჩვევას, არამედ აღვივებს უფლისთვის (ანუ უფლის მცნების გამო) შეურაცხყოფის მიღების წყურვილსაც კი, როდესაც ერთ ყვრიმალში დარტყმისას კაცი მეორეს მიუშვერს, ზედა სამოსის დამკარგავი იძლევა კვართს და ერთი მილიონის (115 ნაბიჯი) გასავლელად გადის ორს.

ეს სიმაღლე ჩვენ მიუწვდომლად გვეჩვენება, მაგრამ მასზე იოლად, ბუნებრივად, ძალდაუტანებლად ადის ის, ვინც სათანადოდ დაიწყებს მიტევებას.

მიტევება არის ყველაზე მიმზიდველი სათნოება, რაც უმალვე აჯილდოებს გულს.

ამ ფიქრებით ვაკურთხოთ უფალი, რომ ესოდენ ადვილი საშუალება გვიბოძა ასეთ სიმაღლეზე ასასვლელად და ვილოცოთ, რათა მოგვცეს ძალა და გონება მიტევებისა. დაე, მოგვეტევოს და ღირს-ვიქმნათ ნეტარი შეწყალებისა და შენდობისა".

***
დიდმარხვა ყველაზე მნიშვნელოვანი იმად არის, რომ ამით ჩვენ იესო ქრისტეს ჯვარცმასა და აღგომას ვიგონებთ. უფლის ჯვარცმა და აღდგომა კი ადამიანის გამოხსნის საიდუმლოა. თავისი დიდი სიბრძნით ასე ინება უფალმა ადამიანთა ცოდვებისაგან განწმენდა და მათი ხსნა საუკუნო დაღუპვისაგან. მაგრამ ეს ძალიან ძნელი იყო ადამიანად მოსული უფლისათვის, რადგან მის ადამიანურ სხეულს ისევე სტკიოდა, როგორც ყოველ ჩვენგანს ეტკინებოდა. ასე რომ, დიდმარხვა უფლის ვნებების ერთგვარი თანალმობაცაა, ღვთისადმი სიყვარულისა და ერთგულების გამოხატულებაა.

ყოველი დიდმარხვის წინ ქრისტიანები ერთმანეთს შენდობას სთხოვენ და თავადაც მიუტევებენ მოყვასს შეცდომებს. ამ დღეს შენდობის კვირა ეწოდება. მრევლი შენდობას იღებს სულიერი მოძღვრებისგანაც, ასევე შენდობას ითხოვენ მოძღვრებიც და ასე - ურთიერთმიტევებითა და სიყვარულით იწყებენ მარხვას.

თუ ადამიანი სწორად მარხულობს, მას აუცილებლად გაუჩნდება სინანული საკუთარ ცოდვათა გამო.

გვესაუბრება წყალსადენის დასახლებაში მდებარე ნათლისღების სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, მამა გაბრიელ ჭკადუა.

- მარხვა არის ადამიანის სულისა და ხორცის განწმენდა. ადამიანი უნდა მარხულობდეს არა მარტო საკვების შეზღუდვით, არამედ მთელი არსებით. გონებით, თვალით, ყურით, პირით, ცხვირით. საკვებით მარხვა ადამიანს უნელებს იმ ხორციელ ვნებებს და გონება იწმინდება უამრავი ბოროტი, ბილწი აზრისაგან. ადამიანი გონებით უნდა შეეცადოს, განდევნოს ბოროტი, ბილწი აზრები. თვალი უნდა მოვარიდოთ ასევე სხვადასხვა სანახაობას, რომელიც ცოდვას მოიცავს. არ უნდა მოვისმინოთ ბილწსიტყვაობა და არ ვუსმენდეთ უხამს სიმღერებს. ასევე არ უნდა ბილწსიტყვაობდეს ადამიანი, არ განიკითხავდეს სხვებს და არც შეურაცხყოფდეს ვინმეს. ცხვირით ანუ ყნოსვით ხშირია გადაჭარბებული მიდრეკილება სურნელებისკენ და ამით ტკბობა. ზომიერებაა საჭირო. ყველაფერ ამას არა მარტო მარხვაში, ყოველთვის უნდა ებრძოდეს ადამიანი. დიდი მარხვა, თავისი მნიშვნელობითა და სულიერი დატვირთვით, სიმკაცრით გამოირჩევა სხვა მარხვებისაგან. მას წინ უძღვის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც სამ კვირას მოიცავს, მათ თავისი სულიერი დატვირთვა გააჩნია: მეზვერისა და ფარისევლის კვირა; უძღები შვილის კვირა; ხორციელის კვირა; ყველიერის - მიტევების კვირა. შენდობის კვირას განსაკუთრებული ძალა და მადლი აქვს. მორწმუნეები ერთმანეთს შენდობას სთხოვენ. თუ ამას გულით ვაკეთებთ, დიდი სიხარული მოაქვს. ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს მიმტევებელი. სახარებაში ვკითხულობთ: "უკეთუ მიუტევეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენც მამამან ზეცათამან". თუ ადამიანები ვპატიობთ და ერთმანეთისგან ვითხოვთ შენდობას, უფალი აუცილებლად მოგვიტევებს. ამის უდიდესი მაგალითი ქრისტემ მოგვცა ჯვარცმისას. "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან". კაცი კაცის მტერი არაა, ეშმაკია ადამიანის მტერი, ვინც უფლის მცნებებით არ ცხოვრობს და უფალთან არაა, ის ადვილად ებმება ეშმაკის მახეში, სწორედ ის ხდება შემდეგ მოშუღლე სხვა ადამიანისა. თუ ადამიანმა განიზრახა სხვას ემტეროს, აქ ის პირველ რიგში თავის თავს უცხადებს მტრობას. ბოროტი ყოველთვის შუღლს აგდებს კაცთა შორის. როდესაც ადამიანი ყველაფერ ამას გაიაზრებს, არ გაუჭირდება შენდობა და შენდობის თხოვნა. ამპარტავნების შედეგად ადამიანებს უჭირთ ერთმანეთისთვის პატიების თხოვნა. თუ თავმდაბალი არ ვიქნებით, გაგვიჭირდება სხვისი პატიება, ასევე სხვისგან შენდობის თხოვნა. ყველამ ვიცით იესოს ლოცვა "უფალო, შეგვიწყალენ". როგორ გამოვა, თუ ადამიანი ითხოვს: "უფალო, შეგვიწყალენ", როცა თავად არ არის შემწყნარებელი? ადამიანს უჭირს შენდობა და პატიება მაშინაც, როდესაც მოყვასის სიყვარული არ გააჩნია. ყოველივე ის ჭრილობა, რომელსაც ბოროტის ძალით ადამიანი ადამიანს აყენებს, შეუძლია განკურნოს მხოლოდ უფლისა და მოყვასის სიყვარულმა. სიყვარულის გარეშე ყოველი საქმე ფუჭია. გავიხსენოთ სახარებისეული სწავლება, სადაც პეტრე მოციქული ეკითხება მაცხოვარს: "რაოდენგზის შემცოდოს ჩემმა ძმამ და მივუტევო მას? შვიდგზის?" უფალი პასუხობს: "არა გეუბნები შენ - შვიდგზის, არამედ სამოცდაათჯერ შვიდგზის". სიყვარულის და თავმდაბლობის გარეშე ამას ადამიანი ვერ შეძლებს. უფალი სახარებაში ასევე იგავით გვასწავლის, თუ როგორ აპატია ბატონმა ვალი მსახურს. ხოლო მსახურს მცირედი ვალი ემართა ასევე თანამსახურისა. ევედრებოდა თანამსახური მსახურს მსგავსად, როგორც ის ევედრებოდა მეფეს - სულგრძელი ყოფილიყო მის მიმართ და დაუბრუნებდა ყველაფერს. მსახურმა არ შეისმინა მისი მუდარა და დილეგში ჩააგდო თანამსახური, სანამ ვალს არ გადაუხდიდა. ბატონმა შეიტყო ეს და პასუხი მოითხოვა: თუ მე შეგიწყალე და გაპატიე ვალები, შენ რატომ არ მოიქეცი მსგავსადო და მისცა იგი მტანჯველებს, სანამ ვალს არ დაუბრუნებდა. უფალი დასძენს: "ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქვენ, უკეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თვისსა ყოვლითა გულითა თქვენითა ცთომანი მათნი". გული უნდა იყოს სიყვარულითა და თავმდაბლობით შემუსვრილი, რომ სახარებისეული სწავლება ადამიანმა აღასრულოს. ამის უდიდეს მაგალითს გვაძლევს უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, თუ როგორი გულით უნდა ითხოვოს შენდობა მორწმუნემ მოყვასის წინაშე. უწმინდესი სიყვარულითა და თავმდაბლობით მთელი ერის წინაშე ითხოვს შენდობას. სასულიერო დასიც ერთმანეთს სთხოვს შენდობას. შენდობას სთხოვენ მრევლს. შენდობა უნდა ითხოვოს თითოეულმა მორწმუნემ ღვთისა და მოყვასის წინაშე, ეს არ უნდა იყოს ფორმალურად და ზედაპირულად ნათქვამი, არამედ მთელი გულით, სიყვარულით, თავმდაბლობით.

ღმერთმა მოგვცეს უნარი მიტევებისა, უნარი შენდობის თხოვნისა, რომელიც სიყვარულითა და ღვაწლით, მარხვით, ლოცვით მოიპოვება. ყოველივე ეს კი ღვთისგან მოცემული წყალობაა, რაც ადამიანის ხსნას, ცხონებას ემსახურება.
ბეჭდვა
1კ1