დღეს რთული დროა, მაგრამ ქალაქებშიც კი არის დაფარული სიწმინდე
დღეს რთული დროა, მაგრამ ქალაქებშიც კი არის დაფარული სიწმინდე
2007 წლის აგვისტოში ერთ-ერთი რუსული რელიგიური ორგანიზაციის წევრებმა ათონი მოილოცეს. თანამედროვე ღირს მამათა შეხვედრისას ჯგუფის ხელმძღვანელმა მღვდელმონაზონმა კვიპრიანემ (იაშჩენკო) მათ ერისკაცთა შეკითხვები დაუსვა, პასუხები კი წიგნად აკინძა. ვფიქრობთ, ჩვენ მკითხველსაც დააინტერესებს ამ წიგნის გაცნობა. მაშ ასე, პირველად შეკითხვებს უპასუხა ყუთლუმუშის მონასტრის კუთვნილი წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სკიტის ბერმა, წმინდა იოანე ოქროპირის კალივის მოძღვარმა მამა მოსემ (აგიოტარისი):

- უბრალო ერისკაცებმა როგორ დავიცვათ თავი ანტიქრისტეს ბეჭდისაგან, თუნდაც ის ხელისუფლებამ მიიღოს? გვიღირს, ვიყიდოთ სახლი სადმე სოფელში, ვიაროთ ღვთისმსახურებაზე და გადავრჩებით?

- ქრისტიანმა უნდა შეიყვაროს უფალი. ქრისტეს სახარება იგივე რჩება, როგორიც იყო მისი წარმოთქმისას. ყველგან შეიძლება იცხოვრო ქრისტიანულად. თუ ვინმე უდაბნოში გავა და მარტო იცხოვრებს, ეს არ ნიშნავს, რომ განსაცდელს გაექცევა. უფალი ყველგან არის, იქვეა ეშმაკიც. ამიტომაც ძლიერ უნდა შეიყვარო ქრისტე და მოიძულო ბოროტება, შეიყვარო სათნოება და მოიძულო ვნებები.

ანტონი დიდმა სთხოვა ღმერთს, ეჩვენებინა მისთვის ყველაზე სრულყოფილი ადამიანი დედამიწაზე. უფალმა მას ალექსანდრიის ყველაზე უბრალო მეწაღე უჩვენა. რა თქმა უნდა, დღეს რთული დროა, მაგრამ ქალაქებშიც კი არის დაფარული სიწმინდე.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენ ძალზე უნდა შევიყვაროთ ქრისტე და მაშინ ვერაფერი გვაცდუნებს.

რაც შეეხება ესქატოლოგიურ განწყობილებებს - ისინი ჩვენს გულში ღრმად უნდა იყოს ჩაბეჭდილი, მაგრამ არ უნდა შეგვაშინოს. როცა პავლე მოციქული მივიდა თესალონიკში და დაინახა, რომ ქრისტიანები გულზე ხელებდაკრეფილნი ისხდნენ და არაფერს აკეთებდნენ, იკითხა, - აქ რას აკეთებთო. უპასუხეს, - ქვეყნის აღსასრულს მოველითო. "ცდებით, - უთხრა მოციქულმა პავლემ, - სხვის ხარჯზე არავინ არ უნდა იცხოვროს~. გულში უკანასკნელი მოვლენების მოლოდინი უნდა გვქონდეს, მაგრამ მან შიში არ უნდა ჩაგვინერგოს. გულხელის დაკრეფა შეცდომაა. შეცდომაა ამგვარი სახით წმინდა წერილის განმარტება. ასევე, არავინ არ უნდა დაასახელოს ქვეყნის აღსასრულის კონკრეტული თარიღი - ეს დღე როდის დადგება, ღმერთის გარდა, არავინ იცის.

იმის შეგრძნება, რომ ცხოვრება დროებითია, სწრაფწარმავალია, დაეხმარება კაცს, არ ჩაუღრმავდეს მატერიალურ საზრუნავს და იცხოვროს, ვითარცა უკვდავმა.

დაე, ამ ქალბატონს (შეკითხვის ავტორს, - კ.კ.) უყვარდეს თავისი შვილები, შესთხოვოს უფალს და ისიც დაინახავს მათ.

- უამრავი პრობლემა მაქვს. ვისურვებდი, რომ ეკლესიაში შევხვედროდი წინასწარმეტყველს. მაგრამ რადგანაც ასეთი წინასწარმეტყველნი ჩვენთან არ არიან, ჩვენ, ცოდვილნი, ზოგჯერ მივმართავთ ექსტრასენსებს, მკითხავებს და ასე შემდეგ. როგორ მოვიქცეთ?

- ძალზე მნიშვნელოვანია ღვთისადმი მინდობა. უფალმა უეჭველად წინასწარ არ იცის ჩვენი მომავალი, მაგრამ ის არ გვბოჭავს ჩვენ უცოდინარობით, ჩვენ არ ვართ რობოტები, რომლებიც თითქოსდა იმართებიან მისი ნებით. ადამიანი, რა თქმა უნდა, ადგენს გეგმებს, მაგრამ ეს მან ღვთის ნების განხილვის მერე უნდა გააკეთოს - მთელ თავის ცხოვრებას წარმართავს ღვთის ნებით.

რაც შეეხება ადამიანების ძებნას, რომლებსაც მომავლის წინასწარმეტყველება შეეძლება, მათ შეიძლება როგორც კარგი, ისე ცუდი შედეგები მოიტანონ.

მომხმარებელთა საზოგადოებიდან ზოგიერთ ადამიანს არ სურს შრომა და ლოცვა, არამედ უნდა, რომელიმე წმინდანმა მას მომავალი უწინასწარმეტყველოს.

მამები ასეთ შემთხვევაში არასოდეს იძლევიან პასუხს - არ კარნახობენ ლატარიის ბედნიერი ბილეთის ნომერს, სად არის დამარხული განძი. მამები ყოველთვის მიგვითითებენ ლოცვის აუცილებლობაზე ღვთის ნების მოძიებაში, ყველაფრის დათმენაზე, რაც კი სამწუხარო ხდება ამ ცხოვრებაში.

- როგორ გავშიფროთ სიზმრები, ისინი ხომ ხშირად წინასწარმეტყველურია. მაგრამ ჩვენ ამას ყოველთვის ადრევე ვერ ვხვდებით.

KARIBCHE


- ეკლესია ამბობს, რომ არ უნდა დავუჯეროთ სიზმრებს, ვინაიდან შესაძლოა განსაცდლში ჩავვარდეთ. რა თქმა უნდა, წმინდა წერილში არის შემთხვევები, როცა უფალი თავის ნებას სიზმრებში აცხადებდა. ასე, მაგალითად, იოსებ დამწინდველს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა, ქრისტე სხვა ქვეყანაში წაეყვანა.

როცა სიზმარი ღვთისგანაა, ადამიანი სიმშვიდეს გრძნობს, მის სულში არ არის შფოთი და მღელვარება და ეს სიზმარი აუცილებლად გამეორდება.

- როგორ დავიცვა ქალიშვილი სოფლის დამღუპველი გავლენისაგან?

- წმინდა იოანე ოქროპირი ამბობდა: არ არის საკმარისი, მშობლებმა შვილები რომ მოავლინეს ამ ქვეყანაზე, მათ ისინი სწორად უნდა აღზარდონ. მამა პორფირე ამბობდა: რაც უფრო მართალი (სიწმინდეში)Oიქნება მშობელი, მით უკეთესად აღზრდის თავის შვილებს.

სამყარო დაიღალა მრავალი ლამაზი სიტყვისგან - მაგალითია საჭირო. თუ მშობლები შვილებს მაგალითს უჩვენებენ თავიანთი ცხოვრებით, ისინი მათ კარგად აღზრდას შეძლებენ. თუ იჩხუბებენ, თუ მათ შორის მშვიდობა არ იქნება - ვერ შეძლებენ უთხრან შვილებს, - წესიერად მოიქცნენ და მორჩილები იყვნენ. ასე არაფერი გამოვა.

- ქალბატონს პრობლემები აქვს პირად ცხოვრებაში, კითხულობს, როგორ მოიქცეს ოჯახში, ზოგჯერ ძალზე უჭირს, არ იცის, როგორ ილოცოს, ლოცვაში სიმტკიცე როგორ გამოიჩინოს.

- სამწუხაროდ, ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია ერში მყოფ ადამიანებს შორის: ჯანმრთელები არიან, ფულიც აქვთ, მაგრამ შინაგან შფოთსა და დეპრესიას განიცდიან.

წმინდა მამები ამბობენ, რომ დეპრესია ჩნდება მაშინ, როცა კაცში არ არის ჭეშმარიტი, ღრმა სიმდაბლე, ეს კი მიზეზია მწუხარების, შინაგანი ტკივილის გამრავლებისა. სამწუხაროდ, ხშირად ასეთი სიმდაბლე არ ჰყოფნით ქრისტიანებს.

თუმცა ჩვენ დავდივართ ტაძარში, ვლოცულობთ და ვმარხულობთ, მაგრამ ჩვენში არსებულ ერთგვარ ფარისევლობას იქამდე მივყავართ, რომ არ გვაქვს ჭეშმარიტი სიხარული, არ გვაქვს სიმდაბლე, რომელიც ქრისტემ ჩვენი ცხონებისთვის მოიტანა დედამიწაზე.

ეს დედაკაცი და ჩვენ, ყველანი, უნდა მივენდოთ ღმერთს, გვიყვარდეს იგი, ვლოცულობდეთ მისდამი და გვახსოვდეს, რომ იგი არასოდეს იტყვის უარს ჩვენზე.

- თუ აქვს აზრი, პატარ-პატარა ნაბიჯებით ახალი ღვთივსათნო ჩვეულებები შევიძინო? მაგალითად, ვეუბნები ჩემს თავს: "ამ კვირაში თერთმეტი საათის მერე არ შევჭამ და არ დავლევ, შემდეგ კვირას კი ოთხშაბათ-პარასკევს ყავას არ დავლევ~ და ასე შემდეგ. თუმცა ეს ნაბიჯები ისეთი პატარა გეჩვენება, ზოგჯერ ფიქრობ, რომ ბოროტისგანაა, თავის გამოსწორება არ შემიძლია, მაგრამ ვცდილობ, ასე მაინც მოვიქცე.

- არსებობს სხვდასხვა საშუალება, წარემატო სულიერ ცხოვრებაში და მიუახლოვდე ღმერთს. ასეთი ხერხია - გადაჭრა გორდიასის კვანძი, ისე, როგორც თავის დროზე ალექსანდრე მაკედონელი მოიქცა. ასე მოიქცნენ ეკლესიის მამები, რომლებსაც დიდი სინანული ჰქონდათ - ერთ საათში მკვეთრ გადანაწილებას იღებდნენ - მთელ თავიანთ ცხოვრებას ცვლიდნენ, - ვინაიდან მოიძულეს ცოდვა და შეიყვარეს სათნოება.

რაზეც საუბრობს კითხვის ავტორი - კარგია, მაგრამ ეს არ არის საუკეთესო ხერხი. ეს ნების ვარჯიშია, თანდათანობითი თვითაღზრდა. მაგრამ აქ ეგოიზმიც იმალება, შეგრძნება იმისა, რომ "ყველაფერს მე თვითონ ვაკეთებ~.

ამიტომაც, სჯობია გამოცდილი მოძღვარი იპოვო, რომელმაც იცის ადამიანის ისტორია, მისი პრობლემები, მისი შესაძლებლობები და ასეთ მოძღვარს გამოუცხადოს თავისი ნაკლულოვანებები. ამგვარი სახით კი ადამიანი დიდი წარმატებით გამოჯანმრთელდება.

- უნდა ვისწრაფოდეთ ჩვენი ცხოვრების მატერიალური მდგომარეობის გამოსწორებისთვის? მაგალითად, მე მაქვს ტელევიზორი, მაგრამ გამიჩნდა შესაძლებლობა უფრო დიდის ყიდვისა.

- თავისთავად ამგვარი სწრაფვა ცოდვა არ გახლავთ, მთავარია, ამის ქმნისთვის რამ აღგძრათ. თუ ადამიანი ამას სხვა კაცისადმი შურის გამო აკეთებს, რომელსაც დიდი ტელევიზორი აქვს, ეს პრობლემაა.

ცხოვრებაში ქრისტიანული თავისუფლება უნდა გვქონდეს, ცოდვის ტოტალური შიში არ უნდა გვთრგუნავდეს, შიში იმისა, რომ სადღაც ცუდად არ დააბიჯო, რაიმე წვრილმანში არ შესცოდო. თავისი სულიერი წარმატების საზომისდა მიხედვით კაცი უკვე ხედავს, მისთვის სიკეთე რას მოაქვს და ხელს რა უშლის. და ეს ყველაფერი, რაც ხელს უშლის და განაშორებს ღმერთს, მან უნდა მოიკვეთოს.

ჩვენ ვხედავთ მაგალითებს, როცა ერთ მოძღვარს შეუძლია მთელი დღე ილაპარაკოს და ამასთან მდუმარებაში დარჩეს, ეს იმიტომ, რომ მისი გული ღმერთთანაა, მეორეს კი შეუძლია მთელი დღე ჩუმად იყოს, მაგრამ ამ დროს ის ყბედობდეს, რადგან მისი გონება და გული იმ წამს სადღაც სხვა ადგილასაა.

მეუდაბნოე შეიძლება დიდ ხიბლში იყოს, ამაყობდეს იმით, რომ უდაბნოში ცხოვრობს, ამ დროს კი ერში მყოფი ერისკაცი შესაძლოა უდიდეს სათნოებასა და სიმდაბლეს ფლობდეს. ცხონება დამოკიდებული არ არის გეოგრაფიულ ადგიოლმდებარეობაზე და გადარჩენაში ხელს უწყობს არა მხოლოდ რომელიმე მონასტრის მონაზვნებს, არამედ ყველა ადამიანს.

- რისთვის შექმნა ღმერთმა სამყარო და მეც, როგორც ამ სამყაროს ნაწილი?

- ღვთის მიერ სამყაროს შექმნაში საიდუმლოა დამარხული. წმინდა მამები ამბობენ, რომ ღმერთმა სამყარო სიყვარულით შექმნა, რომელიც გადმოიღვარა მისი გულიდან, კაცი კი, ვითარცა შესაქმის გვირგვინი, შეიქმნა იმისათვის, რათა ღმერთი განედიდებინა.

ჩვენი სულიერი მოძღვარი მამა მაქსიმილიანე ამბობდა: შენს წინ მთელი მთა დგას სათნოებათა, შენ კი ზიხარ მის ძირში და ყვავებს ითვლი.

უნდა დავფიქრდეთ, თუ რისთვის შეგვქმნა ღმერთმა და რისთვის მოგვიყვანა ამ სამყაროში. ჩვენი ცხოვრების მიზანი ერთადერთია - ღმერთთან მიახლოება.

ამ უდიდესი მიზნის მიღწევაში წარუმატებლობა ჩვენი ცხოვრებს ტრაგედიაა. ღვთისგან შორს მდგომი კაცი - თუნდაც უზურნველად ცხოვრობდეს და თავის ყველა საქმეში წარმატებული იყოს - ყველაზე უბედური ადამიანია.
ბეჭდვა
1კ1