მოწყალება
მოწყალება
უნდა გახსოვდეთ, რომ უფრო მეტი ნეტარებაა გაცემა, ვიდრე მიღება
"მიეცი, - ამბობს წმინდა ათანასე დიდი, - ღარიბსა და ღატაკს, რაც საჭიროა მისთვის, და ყოველივე ამას სრულად, შეუბღალებლად და უვნებლად ზეცაში იპოვი". "რისი გეშინია, - კითხულობს წმინდა იოანე ოქროპირი, - განა მოწყალებით დაილევა შენი სიმდიდრე? არა, მიეცი წყალობა, სწორედ ამით არ შემცირდება იგი, არამედ კიდევ უფრო შეემატება, რადგან მათ შეერთვება ზეციური სიკეთენიც". "ჭია და მატლი, - წერს საღვთო წერილის ერთი ძველი განმმარტებელი, - აღნიშნავენ ადამიანის სულში ჩასახულ ფუჭ დიდებისმოყვარებას, რომელიც ფარულად ჭამს ყოველ ჩვენს სულიერ სიკეთეს, ხოლო ქურდები, რომლებიც დასთხრიან და იტაცებენ, ერული ქება-დიდებანია, რომლებიც იტაცებენ ჩვენში დაფარულ სათნოებებს".

მოწყალებისა და ქველმოქმედების სათნოების შესახებ გვესაუბრება ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე.

- ნეტარების მეხუთე მცნება შეგვაგონებს: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ". გთხოვთ გაგვიანალიზოთ ეს მცნება...

- ეს მცნება გვიხსნის, რით შეგვიძლია სათნოვეყოთ უფალს, რათა შეგვიწყალოს ჩვენ, ცოდვილნი. გადავხედოთ ჩვენს ყოფას. განა ვცხოვრობთ ისე, რომ კადნიერად გვქონდეს იმედი უფლისგან შეწყალებისა? უფალმა თქვა: "ყოველი, რომელი გინდეს თქუენ, რაითა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყავით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს სჯული და წინაისწარმეტყუელნი" (მთ. 7,12). რომელ ჩვენგანს არ სჭირდება ტკბილი სიტყვა და თანაგრძნობა ცხოვრების მძიმე წუთებში? ხომ გვიხარია, თუ გვერდით ვხედავთ კეთილისმყოფელს? ყოველ ჩვენგანს ახარებს კარგი, კეთილი მეზობლის, კეთილსინდისიერი თანამშრომლის ყოლა. გულისხმიერი ადამიანი გულმოწყალეა. იგი ყველასათვის სასურველი, ახლობელი და საჭიროა. რომელ ჩვენგანს არ უნდა, რომ მწუხარების, სნეულების, გამოცდის ჟამს უფალი იყოს მის მიმართ გულმოწყალე, გაიზიაროს ჩვენი მწუხარება და დაგვიცვას, გადმოგვხედოს სიყვარულით აღსავსე მამობრივი მზერით?

აი, აქეთ მივყავართ გულმოწყალებას.

უფალი ამბობს: "ნეტარ არს, რომელმან გულისხმა-ჰყოს გლახაკისა და დავრდომილისაი, დღესა ბოროტსა იხსნას იგი უფალმან. უფალმან დაიცვას იგი და აცხოვნოს იგი და სანატრელ ჰყოს იგი ქუეყანასა ზედა, და არა მისცეს იგი ხელთა მტერთა მისთასა. უფალი შეეწიოს მას ცხედარსა ზედა სალმობისა მისისასა; ყოველი სარეცელი მისი გარე-მიაქციე არა-ძლებასა შინა მისსა. მე ვსთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა" (ფს. 40,1-4).

ვინც იცის საჭიროებათა შესახებ, ვინც საკუთარ თავზე გამოცდით იცის, თუ როგორ სჭირდება კაცს ღვთის წყალობა, იგი მზადაა დაეხმაროს სხვებს. ვისაც შია და სწყურია სიმართლე, იგი თავადვე შეეცდება მართლად იმოქმედოს თავისი შესაძლებლობების მიხედვით, შეეწიოს მოყვასს, რითაც კი შეძლებს. "სხვადასხგვაგვარია მოწყალებათა სახეები, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - და ფართოა ეს მცნება". არ არსებობს ადამიანი, რომ მას არ შეეძლოს მოწყალების გაღება მოყვასისათვის, ამიტომ არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც არ შეეძლოს ნეტარების მოპოვება, მოწყალე ღმერთის მიერ აღთქმული. ამიტომაც ამბობს უფალი: ნეტარ-იყვნენ მოწყალენი. ნეტარნი არიან ისინი, რომელნიც მოყვასს, ანუ ახლობელს უწევენ როგორც ხორციელ, ისე სულიერ დახმარებას. ნეტარნი იქნებიან, რომელნიც მშიერთ აპურებენ, მწყურვალთ ასმევენ, შიშველთ შემოსენ, უცხოებს ღებულობენ, სნეულებსა და საპატიმროში მყოფთ ნახულობენ და ნუგეშს სცემენ. ნეტარნი იქნებიან, რომლებიც ობლებს დააპურებენ, ქვრივებს დაეხმარებიან, მოხუცებსა და დავრდომილებს უპატრონებენ!Nნეტარნი არიან, რომლებიც გზააბნეულთ ჭეშმარიტ გზაზე აყენებენ, ურწმუნოებს რწმენაში მოაქცევენ, ჭეშმარიტების ვერმცნობელთ ასწავლიან სიკეთეს და განსაცდელებს არიდებენ, კეთილ რჩევებს აძლევენ, ბოროტებაზე ბოროტებით არ პასუხობენ და წყენას გულით პატიობენ! ნეტარნი არიან, რომლებიც ტირიან მტირალებთან, გულით თანაუგრძნობენ უბედურებაში მყოფთ, იმათ, ვინც ცოდვებით არის დამძიმებული! ნეტარნი არიან მოყვასისათვის მლოცველნი, განსაკუთრებით კი თვითონ მტრებისათვის მვედრებელნი! ნეტარნი არიან ისინი, რომლებიც უყურადღებოდ არ ტოვებენ მიცვალებულებსაც კი: ღატაკებს ქრისტიანულად კრძალავენ, მოწყალებას გასცემენ მიცვალებულთა სულებისათვის, ყველას იხსენებენ წირვა-ლოცვებში: ეს მოწყალება არის ყველაზე უანგარო, ყველაზე სუფთა და ყველაზე წმინდა!

- თქვენს პასუხში გამოიკვეთა, რომ არსებობს ორი სახის მოწყალება: ხორციელი და სულიერი. უპირველესად: რა არის ხორციელი მოწყალების სახეები?

- ხორციელი მოწყალების სახეებია: 1) მშიერთა დაპურება; 2) მწყურვალთა სმევა; 3) შიშველთა შემოსვა. განა ყოველთვის სიყვარულითა და მზადყოფნით ვასრულებთ ამ საქმეებს? არა! ჩვენ ანგარებიანნი და ძუნწები ვართ, ფული არასოდეს გვყოფნის და ჩვენი ქონება მუდამ გვეცოტავება, ხოლო როდესაც მცირეოდენს გავიმეტებთ მოწყალებისათვის, კმაყოფილნი ვართ საკუთარი თავით, რომ აღვასრულეთ ნეტარების ეს მცნება.

წამიერი აღფრთოვანებისა და გატაცების წუთებში მზად ვართ, გავცეთ შესაწირავი, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრების ყოფითი დაბრკოლებების პირობებში, როდესაც ჩვენს თავს უსამართლოდ დაჩაგრულად ვთვლით და ირგვლივ უსიტყვო, უსიამოვნო განწყობილებას ვგრძნობთ, მოწყალების საქმეთა აღსრულება ჩვენთვის შეუძლებელი ღვაწლი ხდება. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მხოლოდ ჩვენს თავს ველოლიავებით, არ გვინდა, რაიმეთი შევიზღუდოთ, ჩვენი კეთილმოწყობილი ცხოვრებიდან მცირე რამ მსხვერპლად შევწიროთ მოყვასის კეთილდღეობას. ამიტომაც ვართ დაავადებულნი უგულობისა და უმოწყალობის სენით.

- ხშირად სიძუნწეს სხვადასხვა გარემოებით ვამართლებთ - თავადაც გვიჭირსო და ა.შ.

- დიახ. არ ვეძებთ იმ გაჭირვებულებს, რომელთაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. რომც მიგვითითონ ხელმოკლეზე, უმალ მისი შემოსავლის თვლას დავიწყებთ, განვიკითხავთ მისი ცხოვრების წესს და შევეცდებით, გავამართლოთ ჩვენი სიძუნწე. ზოგჯერ გვეწვევა კეთილი აზრი - გავცეთ ზედმეტი. იმავდროულად, მაცდური აზრიც გვეწვევა - ეს სამოსელი შემდეგშიც გამოგვადგება, ხოლო ზოგიერთის გაყიდვაც კი შეიძლებაო... საბოლოოდ, გვრჩება გროვა უსარგებლო ძველმანებისა... იქნებ რომელიმე თქვენგანმა ფული ანდა ნივთები გადაინახა "შავი დღისათვის" და არ დაუხარჯავს თავისი ან მოყვასის საჭიროებისათვის, რათა გადადებულისათვის არ მოეკლო? უხაროდა, როცა ეს დანაზოგი მრავლდებოდა და წუხდა, როდესაც აკლდებოდა თუნდაც მცირედი. ამით იგი სცოდავდა, რადგან იმედს საკუთარ სიმდიდრეზე ამყარებდა და არა ღმერთზე. წმინდა მამა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი მკაცრად ამბობს: "ვისაც ფული აქვს გადანახული, მას არ შეუძლია რწმენა და სასოება უფლისა". "მაშ, ვინც ამ ვნებითა ხართ შეპყრობილნი, სასწრაფოდ გაითავისუფლეთ თქვენი სულები, დაურიგეთ გაჭირვებულებს გადანახული ფული, შესწირეთ ღარიბ ტაძარს, გაეცით თქვენი და თქვენი ახლობლების სულთა მოსახსენებლად. ჩვენ ისე გვიძნელდება საკუთარ ქონებასთან განშორება, რომ რაიმეს დაკარგვის შემთხვევაში თავს ვიკლავთ დარდით. უფალო, განაწყვე ჩვენი გულები თუნდაც იმის გასაცემად, ურომლისოდაც იოლად გავალთ", - გვმოძღვრავს მამა იოანე კრესტიანკინი.

- კიდევ რა სახეები არსებობს მოწყალებისა?

- მოწყალების საქმეებს განეკუთვნება პატიმართა მოკითხვა; სნეულთა მიხედვა, მათი მოვლა და შემწეობა განკურნების საქმეში, ანდა ქრისტიანული აღსასრულისათვის მზადებაში; უცხოთა შევრდომა.

პატრიარქმა გვაკურთხა, რომ ყოველ შაბათს სნეულნი მოვინახულოთ (კურთხევა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც მის შესრულებას უნდა ვცდილობდეთ). ჩვენ ისინი სიტყვით უნდა გავაძლიეროთ. მათ მოფერება, სიყვარული, სარწმუნოებაში განმტკიცება სჭირდებათ.

უამრავი მოწყალების მაგალითის მოყვანა შეიძლება პატერიკებიდან:

VIII საუკუნეში მცირე აზიაში ცხოვრობდა მღვდელი ფილარეტი. იგი მდიდარი იყო, უყვარდა გლახაკნი და უხვად სწყალობდა მათ. ერთხელაც მძარცველები დაესხნენ თავს, დაარბიეს და ამის შემდეგ მხოლოდ ორი ხარი, ფური, ცხენი და მიწის მცირე ნაკვეთიღა დარჩა, მაგრამ, მართალი იობის მსგავსად, არ დაუწყია დრტვინვა, მიენდო უფლის ნებას და განაგრძნო მოწყალების გაცემა: ერთ გლეხს, რომელსაც ხარები ხვნისას დაუვარდა, მისცა ჯერ ერთი ხარი, მერე მეორეც, სხვას - ხბო...

გლახაკთა მოწყალეს ღმერთი ასწილად მიუზღავს.

ერთ თავადს გულქვა მოურავი ჰყავდა, სახელად პეტრე. არავის ახსოვდა, რომ მას ოდესმე მოწყალება გაეღო. ერთხელ მოურავი პურს გზავნიდა სასახლეში. უეცრად მოწყალების სათხოვნელად მისული გლახაკი დაინახა. პეტრემ მრისხანედ შეუყვირა, მაგრამ ვერ მოიშორა. ქრისტეს გულისათვის შემეწიეო, ითხოვდა გლახა. პეტრე გაჯავრდა, მიიხედ-მოიხედა, ქვას ეძებდა, რომ აბეზარი მათხოვარი გაეგდო, მაგრამ ვერ იპოვა და გაბრაზებულმა პური ესროლა მთხოვნელს.

გავიდა ორიოდე დღე. პეტრე ძლიერ ავად გახდა. ჩვენება იხილა: რომელიღაც სასამართლოში იყო, წინ კი სასწორი ედგა, რომლის ერთ პინაზე ვიღაც შავ-შავი, საზარელი არსებანი მის ცოდვებს ალაგებდნენ, მეორესთან ანგელოზები იდგნენ დაღონებულნი და ერთმანეთს შესჩიოდნენ: "ჩვენ რა დავდოთ სასწორზე, არა გვაქვს რა იმ ერთი პურის გარდა, პეტრემ რომ ესროლა მათხოვარსო". ბოლოს, რაკიღა სხვა არაფერი გააჩნდათ, სასწორზე ეს პური დადეს. ცოდვებით დამძიმებული თეფში ოდნავ შეინძრა. მაშინ უთხრეს ანგელოზებმა პეტრეს: "წადი, უბადრუკო, და ამ პურს კიდევ მიუმატე რამდენიმე, რათა ჩვენმა მოქიშპეებმა არ მოგვტაცონ შენი თავი და საუკუნო ცეცხლსა და გეენიაში არ ჩაგაგდონო".

გონს მოსულმა პეტრემ სინანულითა და მოწყალებით გამოისყიდა თავისი ცოდვები და ისეთი მოწყალე შეიქმნა, წმინდათა შორისაც კი შეირაცხა.

ასე რომ, გონიერი კაცი თავის ნამუშაკევს გაცემით დაასრულებს, რაც დასაბამია ზეციური მოსავლისა. სულ მცირედის გაღებითაც კი შეიძლება კაცი დიდი ჯილდოს ღირსად იქცეს.

- მისაგებელი ახსენეთ... მოწყალების სანაცვლოდ რას ჰპირდება ღმერთი ადამიანს?

- ნებისმიერი მოწყალების სანაცვლოდ განკითხვისას კადნიერება მოგეცემა და მოისმენ სიტყვებს: "მშიოდა და მეცით მე ჭამადი" (მათე 25:35). განა მას, ვინც შენ ასე უხვად გიბოძა ყოველივე, თვითონ არ შეეძლო მშიერისა და გაჭირვებულის შველა?! მაგრამ უფალი ყოველივეს ისე განაგებს, როგორც ჩვენთვის არის უმჯობესი. ისე განაგე, რაც უფალმა მოგაბარა, რომ მშიერიც გააძღო და საკუთარ თავსაც მოუპოვო ღვთის წყალობა, რომ შენთვის მონდობილი საუნჯის კეთილად მოხმარებისთვის ქება დაიმსახურო, ყოველგვარ ქებაზე აღმატებული: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩვენისანო, და დაიმკვიდრეთ... სასუფეველი" (მათე 25:34).

ვისაც ღვთისაგან ბოძებული სიმდიდრე თავისი ჰგონია, ხარბია და მტაცებელი, რადგან ის, რაც გასაყოფად მიიღო, მხოლოდ თავისად გამოაცხადა. ოქრო, რომელიც დაფლული აქვს, გაჭირვებულისაა და არა მისი.

უმადურია იმგვარი კაცი, რომელიც ვერ აფასებს პატივს, რაიც წილად ერგო - პატივს, რომ თვითონ კი არ თხოულობს მოწყალებას, არამედ სხვა მიდის მასთან შემწეობის სათხოვნელად. საკუთარ სულზე ზრუნვა გაჭირვებულებზე ზრუნვაა.

მოწყალების გამღები ღმერთს სესხს აძლევსო, ამბობს საღვთო წერილი, თუმცა მოწყალება უცილობლად უანგარო უნდა იყოს, მხოლოდ მოყვასის სიყვარულითა და უფლის რწმენით გაძლიერებული.

ამიტომ გახსოვდეთ: "ნუ უგულებელყოფ კეთილისყოფად ნაკლულევანისა და წყალობაი და სარწმუნოებაი ნუმცა მოგაკლდებიან".

ასე რომ, ნეტარნი იქნებიან ყველა ასეთი მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ ღვთისაგან. ვინც გუშინ მოწყალებას გასცემდა, დღეს კი თვითონ ჩავარდა გასაჭირში, მას ხალხიც ხალისით ეხმარება; და ადამიანებსაც რომ დაევიწყებინათ ეს, უფალი მის სიკეთეს მაინც არ დაივიწყებს: ღვთისაგან შეწყალება და კაცთა მოწყალება, როგორც ამბობს წმინდა ოქროპირი, ისევე განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც სიკეთე და ბოროტება. თვით უფალი დაიცავს და შეიწყალებს ასეთებს ჭირსა და უბედურებაში: "დღესა ბოროტსა იხსნას იგი", არ მისცემს მას მტრებს ხელში, დაეხმარება "ცხედარსა ზედა სალმობისა მისისასა" (ფს. 40,2-4). იგი საშინელ სამსჯავროზე უდავოდ გამოაჩენს თავის მოწყალებას მოწყალეებზე: მოყვასისათვის გაწეულ ყოველგვარ სამოწყალო საქმეს იგი თავისად მიიღებს და ამიტომ იმათ, როგორც კურთხეულებს, ისე მოუწოდებს თავისი ზეციური მამის სამეფოში.

ღირსი მამა აღათონის სიტყვებია: "მე რომ შემხვედროდა კეთროვანი და შემძლებოდა მისთვის მიმეცა ჩემი სხეული, ხოლო მისი დამეტოვებინა ჩემთვის, ამას გავაკეთებდი სიყვარულით". ასე რომ, ცოდვილო კაცო, მშიერი და მწყურვალი შეწყალებულია ღვთისაგან! დამშვიდდი, აი შენი გზა შეწყალებისა: დაეშურე, მოყვასს გაუკეთო სიკეთე, თუნდაც მცირეოდენი, რაც შეგიძლია, და ღმერთი ამისთვის მოგაგებს დიდ წყალობას! "ღატაკი, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, - ეს არის შენი კარი, შენ თავად კი - ღვთის კარების წინ მდგარი ღატაკი, როგორც მოექცევი შენს მთხოვნელს, ისევე მოგექცევა შენც ღმერთი"...

- როგორ მოვიქცეთ, თუ ვიცით, რომ მთხოვნელი უზნეოა? ზოგი მიიჩნევს, რომ ასეთებს არ უნდა დავეხმაროთ, რათა ცოდვისკენ არ ვუბიძგოთ.

- თუ მას მართლა უჭირს, მცირედით მაინც უნდა შევეწიოთ.Mმოწყალება დიდი საქმეა. ყოველმა კაცმა უნდა შეიგრძნოს, რამხელა მადლს ანიჭებს უფალი გამცემს და ვეცადოთ, ჩვენც მოწყალენი ვიყოთ.

- ნიშნავს თუ არა მოწყალება მხოლოდ მატერიალურ დახმარებას და სულიერი მოწყალების სახეებს რა შეადგენს?

- არა, მოწყალება სხვაგვარიც არსებობს. მაგალითად, ქადაგებაც ერთგვარი მოწყალებაა, რადგან მოძღვრის საუბრით სასოებამიცემული და სარწმუნოებაში გაძლიერებული მრავალი პიროვნება მინახავს.

სულიერი მოწყალების სახეა, ასევე, გზასაცდენილთა მოქცევა, ცოდვილის მობრუნება. მაგალითად, მეძავის, ლოთის ცოდვის გზიდან გადმობირება. ასეთი საქციელი სულს მოჰფენს წყალობის მადლს. "უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იხსნეს სული თვისი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაი" (იაკ. 5,20). თქვენ გეჩვენებათ, რომ ამგვარ მოწყალებას ვერავინ გაიღებს, მაგრამ ეკლესიის ისტორიაში ბევრია ამის მაგალითი, როდესაც წმინდა მოღვაწენი მიდიოდნენ გარყვნილ ქალაქებში და თავიანთი სულიერი ძალით მოჰყავდათ იქიდან ცოდვილნი მოსანანიებლად, შემდგომში კი ეს უკანასკნელნი წმინდანები ხდებოდნენ. საერო ლიტერატურაშიც გვაქვს ამის მაგალითები: ვისაც ვიქტორ ჰიუგოს "განკიცხულნი" წაუკითხავს, იცის, როგორ ერთ წამში გარდაქმნა სოფლის მღვდლის უბრალოებამ, გულწრფელობამ და ნდობამ კატორღელის ქვადქცეული გული, როგორც მოაქცია იგი და ამ მადლმოსილი წუთის შემდეგ მხოლოდ კეთილ საქმეთა აღმსრულებლად გარდაქმნა.

ჩვენ, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანებს ვუწოდებთ, უფლება არა გვაქვს გულგრილად, გაღიზიანებით მოვექცეთ ცოდვაში ჩაფლულ უბედურებს. მანკიერება საყვედურებით კი არ აღმოიფხვრება, არამედ უდიდესი მოთმინებით, სიბრალულით, ანდა თუნდაც მდუმარე თანაგრძნობით. ამ უბედურთა მთავარი დახმარება არის მათთვის ლოცვა, იმის რწმენით, რომ რაც ჩვენთვის, კაცთათვის შეუძლებელია, შესაძლებელია უფლისთვის.

სიტყვა მოძღვრავს, მაგალითი კი იზიდავს! ბოროტება კი ბოროტებით არასოდეს აღმოფხვრილა! ზოგჯერ უფრო ადვილია ერთჯერადი დიდი დახმარება გასცე, ვიდრე მუდმივად მიაქციო ყურადღება, აიცილო შეჯახება, შეიკავო თავი მწარე შენიშვნისაგან ან შეურაცხმყოფელი სიტყვისაგან. აი, აქ არის გაშლილი სულიერ მოწყალებათა ვრცელი ასპარეზი:

1. მწუხარეთათვის ნუგეშისცემა;

2. განსაცდელში ან შეჭირვევაში მყოფი კაცისათვის კეთილი რჩევის მიცემა;

3. ბოროტისათვის ბოროტით არმიგება, სამაგიეროს არგადახდა, გულის არტკენა;

4. სავსე გულით წყენის მიტევება. ღმერთისათვის!

- რა მნიშვნელობა აქვს მოწყალებას მიცვალებულისთვის?

- უდიდესი. ჩვენ ვიცით, რომ სული გარდაცვალებიდან 40 დღის მანძილზე საზვერეებს გადის. ამ დროს მის სახელზე მოწყალების გაცემას, მშიერთა დაპურებას, გლახაკთა შემოსვას, ტაძრისთვის შესაწირავის გაღებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ თვითმკვლელთა ოჯახის წევრებს, რომელთაც მიცვალებულისთვის წირვის დაყენება ეკრძალებათ, პატრიარქი ხშირად აკურთხებს, რაც შეიძლება მეტი მოწყალება გასცენ, რადგან, ვიმეორებ, არავის და არასდროს ისე არ სჭირდება მოწყალება, როგორც ეს ესაჭიროება მიცვალებულთა სულებს.

- შეიძლება თუ არა, ქრისტიანი სხვა აღმსარებლობის ადამიანს შეეწიოს ან თვითონ მიიღოს მოწყალება არამართლმადიდებლისაგან?

- ასეთ დროს მნიშვნელოვანია, თუ რა მიზნით გავცემთ ან რაგვარი ფორმით ვიღებთ მოწყალებას. მთავარია, ეს არ ხდებოდეს სარწმუნოების დატევების ხარჯზე. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება.

- ყოველთვის შეიწირავს ჩვენს მოწყალებას უფალი?

- ჩვენს მოწყალებას მაშინ შეიწირავს უფალი, როცა იგი პატიოსანი შრომის ნაყოფიდან იქნება გაღებული და არა ნაძარცვ-ნაპარავიდან. მოწყალება რომ გაიღო, საკუთარ თავს უნდა მოაკლო, შეამცირო საკუთარი ხარჯი, უარი უნდა თქვა ფუფუნებაზე, არ შეიძინო მეტისმეტად ძვირფასი ნივთები, რომელთა გარეშეც იოლად გახვალ ამ ცხოვრებაში, რამეთუ ისინი ღარიბთა საკუთრებიდან არის მიტაცებული და ჩვენი ქონების ნამატიც მათ ეკუთვნით - აი, ასე ფიქრობენ წმინდა მამები.

ისეც მომხდარა, რომ ნაპარავით (თუნდაც ხილით) მოგვიკითხავს მეზობელი და ამით ისე გაგვიხარია, თითქოს კეთილი საქმე აღგვესრულებინოს. უფალი ასეთ მოწყალებას არ შეიწირავს. აი, ასე ამახინჯებს მზაკვარი ჩვენს წარმოდგენას სიკეთის შესახებ.

- მოწყალების გაცემისას, ალბათ, ასევე მნიშვნელოვანია შინაგანი მდგომარეობა. როგორი გულით უნდა გავცემდეთ მოწყალებას?

- იოანე ოქროპირი ამბობს: "მოწყალება ფულის გაცემა კი არ არის, არამედ მოწყალების ქრისტიანული გრძნობით გაღება". ეს ნიშნავს იმას, რომ მოწყალების გაღება საჭიროა უშურველად, კეთილი ნებით, ხალისით, პატივისცემით, ნამდვილი სიყვარულით და უდიდესი მადლიერების გრძნობით იმ ადამიანის მიმართ, ვინც მიიღო შენი შესაწირავი. უნდა გახსოვდეთ, რომ უფრო მეტი ნეტარებაა გაცემა, ვიდრე მიღება. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი შესაწირავით არ დავამციროთ, არ შეურაცხვყოთ ადამიანი. ისევ იოანე ოქროპირს დავესესხოთ, რომელიც ამბობს: "თუ ვინმე ასეთი განწყობილებით არ გასცემს, უმჯობესია, საერთოდ გაჩერდეს, ვინაიდან ეს მოწყალება კი არ იქნება, არამედ ფუჭი ხარჯი..."

ადამიანის სულის დიდი მცოდნე თეოფანე დაყუდებული ამბობდა (თითქოს საკუთარი თავის შესახებ, სინამდვილეში სხვათა სამხილებლად): "მე ძალიან ძუნწი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ რასაც გავცემ, ყველაფერი მენანება". ეს სიტყვები სამხილებელია ჩვენთვისაც, ჩვენც ასეთები ვართ - ან საერთოდ არ გავცემთ, ან გავცემთ დანანებით.

- ზემოთ უანგარობა ახსენეთ. რამდენად მნიშვნელოვანია მოწყალების უანგაროდ აღსრულება?

- ღვთისმშობლის ტაძრის მოწესე ბერი ლეონტი კილიკიელი, რომელმაც 40 წელი დაჰყო ტაძარში, ძალზე სათნო და გულმოწყალე იყო. მოწყალების სათხოვნელად მისულ გლახაკს, თუკი იგი უსინათლო იყო, ხელში უდებდა გასაკითხს, თვალხილულს კი ან სვეტის ძირას დაუდებდა, ან სკამზე, ან საკურთხევლის საფეხურზე. ასე რატომ იქცევიო, ჰკითხა ერთმა ბერმა. მამა ლეონტიმ მიუგო: ეს მოწყალება ღვთისმშობლისგანაა, მეც მისგან მაქვს და არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს გლახაკს მე ვაძლევდეო რამეს.

განკითხვის დღეს მოწყალეთა წინაშე განიღება სასუფევლის კარი, უფალი სიცოცხლეში სესხად გაცემულ მადლს ასმაგად მოგვიზღავს და გვეტყვის, ისე, როგორც წმინდა მარტირის უთხრა: "მარტირი, შენ არ უგულებელმყავი მე მიწაზე და არც მე უგულებელგყოფ შენ ზეცაში. შენ აქ შემიწყალე, მე კი საუკუნოდ შეგიწყალებ შენ".

სახარებისული შეგონებით, ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: "მოწყალების გაცემისას ეკრძალე ქმნას სხვათა დასანახად, იმ მიზნით, რომ ვინმემ შეგაქოს. ნუ ააყვირებ შენს წინაშეEბუკ-ნაღარას, რათა ხალხმა განგადიდოს. დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა, რათა შენი მოწყალება დაფარული დარჩეს და უფალმა, რომელიც ცხადად ხედავს დაფარულს, ასევე ცხადად მოგაგოს".

ასე რომ, მოწყალება უნდა გაიცეს დაფარულად! ადამიანს უნდა დაეხმარო არა საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, არა იმ სურვილით, რომ მადლობა და სამაგიერო მიიღო უფლისაგან, არამედ მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარულის გამო. თუ ბუკსა და ნაღარას დაჰკარი შენი კეთილი საქმეების გამოსავლენად, მაშინ პატივმოყვარეობას პირფერობასაც დავუმატებ და სხვის თვალში კეთილად წარმოჩენილი საქმე შენთვისაც აშკარა ბოროტებად გადაიქცევა. ამიტომაც გაფრთხილდით! გიჯობთ მადლი ისე აღასრულოთ, რომ მაშინვე დაივიწყოთ ამის შესახებ და შეუდგეთ სხვა კეთილი საქმის აღსრულებას. აი, მაშინ კი უფალი, რომელიც დაფარულსაც ხედავს, მოგაგებს შენ ხილულად.
ბეჭდვა
1კ1