ადამიანმა უნდა იცხოვროს უწმინდესის, მოძღვრისა და მშობლების ლოცვა-კურთხევით
ადამიანმა უნდა იცხოვროს უწმინდესის, მოძღვრისა და მშობლების ლოცვა-კურთხევით
მადლმოსილი მორჩილი ბერის ეფრემ კატუნაკელის წიგნში ვკითხულობთ: - ბერის კურთხევის გარეშე ნაბიჯიც არ გადადგათ, მისგან დაულოცავად ნურსად წახვალთ, რათა ღმერთი თქვენთან იყოს. კურთხევის აღების შემდეგ კი ნურაფრის შეგეშინდებათ. მეტანია გაუკეთეთ, ემთხვიეთ ხელზე და თუ გინდათ, კოსმონავტივით მთვარეზე გაფრინდით, რადგან ლოცვა დაგიფარავთ, მორჩილება გიფარავთ. მამებო, ჩემი მორჩილების ორმოცი წლის განმავლობაში ვხედავდი საფარველს, რომელსაც, რაც ბერი გავხდი, ვეღარ ვხედავ. ყველგან მშვიდად მივდიოდი, რადგან მორჩილებაში ვიყავი.

წმინდა გიორგის მონასტრის იღუმენს, მამა გიორგის ჰყავდა ბერი, დიონისე. ერთხელ, ეს ბერი ესწრებოდა კრებას კარეაში (წმინდა მთის ადმინისტრაციული დედაქალაქი, რომელიც ათონის შუაგულში მდებარეობს), რომელიც წელიწადში ორჯერ იმართებოდა. მან, როგორც უნივერსიტეტის პედაგოგმა, სიტყვა წარმოთქვა, შემდეგ კი მოლიბდოკლისიაში გამგზავრება მოისურვა და კურთხევა აიღო თავისი ბერისგან, რომელსაც ტელეფონით ესაუბრა:

- მამაო, მაკურთხებთ მოლიბდოკლისიაში გასამგზავრებლად?

- დიახ, შვილო ჩემო, გაემგზავრე.

ეს თავად მამა დიონისემ მიამბო, როდესაც დაფნედან კარულიაში "მოტორით" მივდიოდით.

აბა, მითხარით, თქვენც ასე იქცევით, თუ კურთხევის გარეშე მიდიხართ, სადაც მოისურვებთ?

- მამაო, მე კარიესში წავალ. მაკურთხებთ, რომ შევიარო ამა და ამ სახლში? - თქვენ იღებთ ასეთ ნებართვას? - დაუფიქრდით საკუთარ თავს. ამას ჰქვია ზედმიწევნითი მონაზვნური სიზუსტე".

ბერ იოსებ ათონელის "მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა" გვასწავლის, კურთხევის გარეშე არ აიღო რაიმე ნივთი, თუნდაც მას ხსნა მოჰქონდეს, რადგან თუ ნებართვას არ ითხოვ, ეს ღვთის წინაშე მრუშობად შეგერაცხება. სიზუსტე დაიცავი მცირესა თუ დიდში - შენი მოძღვრის კურთხევის გარეშე არ ილოცო, არ გასცე მოწყალება და არც სხვა რამ კეთილი საქმე აკეთო.

***
გვესაუბრება თხინვალას წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი მიქაელი (ოთარაშვილი):

- როცა ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, ღვთის მადლში ექცევა. მოძღვარი არის ღვთის მადლის მატარებელი და მისი შემსრულებელი. მოძღვარში ჩვენ ღვთის ნებას ვხედავთ. თუ მოძღვარი არ ჩრდილავს უფალს თავისი პიროვნებით და უფალს თავის თავზე წინ აყენებს, ასეთ შემთხვევაში მყარდება პირდაპირი კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის. თუკი უფლის მცნებების, წმინდა მამათა სწავლების, სახარების მიხედვით იცხოვრებს კაცი, ის უფლის ნების აღმსრულებელი იქნება. ლოცვა ღვთის მადლის მოცემას ნიშნავს, კურთხევა კი გამრავლებას. გაგიმრავლდება ღვთის ძალა და მადლი. მოძღვარს სთხოვ, რომ აკურთხოს ღვთის მადლი და გამრავლდეს შენში ღვთის ძალა. ნათესს თუ არ მორწყავ, არ ამოვა. ასევეა ღვთის მადლი. მოძღვრის ლოცვა-კურთევის გარეშე ვერაფრის შედეგს, ნაყოფს ვერ მივიღებთ. უფალი სახარებაში ბრძანებს, "უჩემოდ ქვას ქვაზე ვერ დადებთ". ასევე ბრძანებს, "სიკეთის ქმნა არ შეგიძლიათ არცა ერთი". ღვთის მადლის გარეშე ხე ნაყოფს ვერ მოისხამს, არაფერი გამოგვივა. თუ გამოგვივა, დროებით. თუკი ადამიანი საკუთარ ნებას ღვთის ნებას დაუმორჩილებს, მუდამ სწორი გზით ივლის.

ურჩობის ცოდვა ადამ და ევადან მოგვყვება. ცოდვაში ვიბადებით და ცოდვაში გარდავიცვლებით, მაგრამ ღვთის მადლი გადაგვარჩენს, ჭეშმარიტ აზროვნებას მოგვცემს, თეთრის და შავის გარჩევის უნარს მოგვცემს. როცა ღვთის მადლით კეთდება რაიმე საქმე, ის უკვე უფალთან შეთანხმებით სრულდება, უფალი ადამიანის ხელით აკეთებს სიკეთეს. არსაიდან აკეთებს უფალი ყველაფერს, როგორც არაფრისგან შექმნა ყველაფერი.

უწმინდესი ბრძანებს, თითოეულმა ადამიანმა მშობლისგან უნდა აიღოს ლოცვა-კურთხევაო. კაენი და აბელის მაგალითი ავიღოთ, მათ ბევრი შვილი ჰყავდათ. ერთი ძმა კურთხევით მრავლდება, მეორე კიდევ დაწყევლილია და ისევ ბნელშია, არც ნაყოფი აქვს და არც შედეგი აქვს მის ცხოვრებას. ყოველი საქმის მარტო გაკეთებას უნდა მოერიდო. მარტოკაცი ბოროტ ძალებს ვერ მოერევა, ვერაფერს გახდება. ადამის დაცემის შემდეგ ჩვენი ნება, ქმედება ცუდისკენ არის მიმართული. ამიტომ ვეუბნებით უფალს, იყავნ ნება შენი. დღევანდელ დღეზე იფიქრე და ხვალინდელზე უფალი იზრუნებს. თუ უფალს ვანდობთ ამას, ის მერე მართავს ჩვენს სულს. თუ ჩვენით ვიმოქმედებთ, არ ჩაერევა. ძალადობა არ არის ღმერთში, ის თავისუფალი ნეტარი არსება-სულია, სადაც ძალადობის არავითარი ნიშანი არ არის. როცა უფალს შესთხოვ, მოდიო, გეუბნება, - შენ მოდი, მე გულთან ვდგავარ, მაშინ შემოვალ, როცა გამიღებ კარებსო. გულის კარები უფალს შენ უნდა გაუღო და დაუძახო, - მოდი. როცა ღმერთთან ერთად აკეთებ რაიმეს, უკვე ღმერთთან ხარ და ღვთის საქმეს აკეთებ. ადამიანი ყოველი საქმის დაწყების წინ სთხოვს ღმერთს დალოცვას, ხელის შეწყობას. გააკეთე შენ და მე მოგყვებიო, - ამბობს უფალი. თუ წრფელი გულით შესთხოვ უფალს, შეუძლებელია, არ შეგისმინოს და ხელი არ მოგიმართოს. ზოგს ჰგონია, ყველაფერზე უნდა აიღო ლოცვა-კურთხევა, სამსახურში წასვლაზე, დაძინებაზე და ასე შემდეგ. ღმერთმა გაკურთხა - ოფლით ჭამე, სვი, იმუშავე, იშრომე. როცა ლოცვა-კურთხევის ქვეშ ხარ, დაზღვეული ხარ, რომ შენით არაფერს გააკეთებ ისეთს, რაც ახალია უფლისთვის. მოძღვარი მაშინვე მიგანიშნებს და გეტყვის იმას, რაც არ იქნება ღვთისთვის სათნო და მისაღები. თუ ლოცვა-კურთხევით ივლის ადამიანი, აუცილებლად იქნება ღვთისგან დაცული და დალოცვილი.

მახარებს ის, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით აღდგა მშობლებისგან ლოცვა-კურთხევის აღება. ვინც ამას აკეთებს, წინსვლა აქვს. ადამიანის და უფლის ნება უნდა დაემთხვეს ერთმანეთს, რათა სინერგია მოხდეს..

მოძღვრის ლოცვა-კურთხევას ერიც და ბერიც - ყველა ერთნაირად უნდა ემორჩილებოდეს. უფალი ირჩევს ადამიანს, ვინ სად უნდა გააგრძელოს მოღვაწეობა. თუ რა სურს ღმერთს, ამას მოძღვრის პირით გავიგებთ. ადვილი არ არის ადამიანისთვის, ღმერთი იპოვოს. ამას ჭეშმარიტი მოძღვარი აგებინებს თავის სულიერ შვილებს, მისგან გაიგებს, რა სურს უფალს.

ადამიანმა უნდა იცხოვროს უწმინდესის, მოძღვრისა და მშობლების ლოცვა-კურთხევით. დაგლოცოთ უფალმა.
ბეჭდვა
1კ1