მადლითა ხართ გამოხსნილნი - საქმეთაგან არავინ იქადოს
მადლითა ხართ გამოხსნილნი - საქმეთაგან არავინ იქადოს
მადლის მოსახვეჭად ისევ მადლი უნდა ვითხოვოთ უფლისგან
"შემწნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე", - წერს დავით მეფსალმუნე. ღმერთი თავის ქმნილებებს იმდენ წყალობას მიმადლებს, რამდენის მიმღებიცაა თითოეული მათგანი საკუთარი ბუნებისა და მდგომარეობის მიხედვით და რამდენიც საჭიროა სამყაროს საერთო ჰარმონიისთვის. გამორჩეულ წყალობას ანიჭებს უფალი ადამიანს. მას უფრო მეტად ვუყვარვართ, ვიდრე ჩვენ გვიყვარს საკუთარი თავი.

სულიწმინდა არის ყოველგვარი სიკეთის წყარო. მისი მადლი უფალმა წყალს შეადარა, რადგანაც: "წყალი არის სიცოცხლის ძირითადი ელემენტი, ციდან მოდის წვიმის სახით, აქვს მარტივი ფორმა, მაგრამ მისი მოქმედება არის მრავალფეროვანი. აწვიმს მთელ ბუნებას, მაგრამ ეს წვიმა აძლევს თეთრ ფერს შროშანს, წითელს - ვარდს, მეწამულს - იებსა და სუმბულს. ფინიკის ხეს აძლევს სხვა ნაყოფს და ვენახს - სხვას. ხდება "ყოველივეში ყველაფერი" და ამ დროს არის უბრალო წვიმა" (წმინდა კირილე იერუსალიმელი). სულიწმინდით გვეძლევა სხვადასხვა ნიჭი: ზოგს - კეთილგონიერება, ზოგს - ქალწულება, ზოგს - მოწყალება, ზოგს - ლოცვა და ა. შ. "როგორც მზე თავისი სხივებით ყოველივეს ნათელს ჰფენს, ასევე სულიწმინდა აცისკროვნებს მათ, ვისაც აქვს სულიერი თვალები. ისინი კი, რომლებიც ვერ ხედავენ ამ ნიჭებს, სულიწმინდას კი ნუ დაადანაშაულებენ, არამედ საკუთარ ურწმუნოებას დააბრალონ", - გვმოძღვრავს წმინდა კირილე იერუსალიმელი.

როგორ უნდა ამოიცნოს ადამიანმა თავის თავში ღვთისგან ბოძებული მადლი, ტალანტი... შემდეგ როგორ განავითაროს, საით მიმართოს... ამ და სხვა საკითხებზე გვასაუბრება ბავშვთა მე-2 საავადმყოფოსთან არსებული ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი შალვა როსტიაშვილი.
- რა არის, ზოგადად, ღვთის მადლი და ნიჭი, რისთვის გვეძლევა იგი და რატომ არ გვეძლევა ყველას ერთნაირად?

- ვიცით, რომ არსებობს "შვიდი ნიჭი სულისა წმიდისა". ეს გახლავთ: შიში ღვთისა, ღვთისმსახურება, ძლიერება, ზრახვა, მეცნიერება, გულისხმისყოფა, სიბრძნე. უფალმა ადამიანი თავისუფალ არსებად შექმნა და მასში ჩადო განსაკუთრებული რამ. ეს არის - სიყვარული. ნიჭი უფლის წყალობით ეგზავნება ადამიანს გადარჩენისათვის, უფალთან დაახლოებისათვის. სხვადასხვა სახის ნიჭი არსებობს და უფალი მათ სხვადასხვანაირი რაოდენობით, დოზით ანაწილებს. მაგალითად, ყველას არ ეძლევა წინასწარმეტყველების ნიჭი, ანდა ქადაგებისა. ამის შესახებ პავლე მოციქულიც ბრძანებს: ნუ ყველა წინასწარმეტყველებთ და ნუ ყველა ქადაგებთო. მთავარია ადამიანმა სწორად მიაგნოს, აღმოაჩინოს თავის თავში, თუ რისი ნიჭი მიეცა მას და, შესაბამისად, კეთილად წარმართოს იგი. ყველა ადამიანს თავისებური ნიჭი აქვს. როგორც მიტროპოლიტი ფილარეტი ამბობს: ეს განსხვავებული ტალანტები მოგვენიჭება თითოეულს "მსგავსად ძალისა თვისისა," მოციქულებმა მათზე სულიწმინდის გადმოსვლის დღეს მიიღეს განსაკუთრებული მადლიანი ნიჭი, რაც მათ სჭირდებოდათ თავიანთი დიდი მსახურების შესასრულებლად.

- რამდენად მოწყალეა უფალი?

- რა ენა აღწერს იმას, თუ როგორი მოწყალეა უფალი, რასაც ჩვენი დაბნელებული გონებით ბოლომდე ვერც ვხვდებით. უფალი რომ მოწყალეა, ეს იქიდანაც ჩანს, რომ მან არარაობიდან ყოფნაში მოგვიყვანა, არაფრისგან შეგვქმნა და ვართ მყოფადობაში. ღმერთს არ სჭირდებოდა ადამიანის შექმნა - უმისოდაც ღმერთი იყო. უფალი იმდენად კაცთმოყვარე, მოწყალე და ქველმოქმედია, რომ თავისი სიყვარულით, ქველმოქმედებით და მოწყალებით შექმნა ადამიანი. შექმნა არა უბრალოდ, არამედ თავის "ხატად და მსგავსად" და გვირგვინად ყოველივე ქმნილებისა. ხედავთ, როგორი მოწყალეა უფალი!

უფალმა უბრალოდ კი არ მოგვავლინა ამ ქვეყანას, არამედ დაგვადგინა სამოთხეში, სადაც ადამიანი იყო სრულ ნეტარებაში და ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან. სამწუხაროდ, ადამიანმა ეს მოწყალება ვერ შეიშნოვა და ცოდვით დაეცა. უფლის განუზომელ მოწყალებაზე ისიც მეტყველებს, რომ როდესაც ადამი დაეცა, ღმერთმა ის მაშინვე კი არ გამოაგდო სამოთხიდან, არამედ მისცა საშუალება, შეენანებინა, ეღიარებინა შეცოდება. თუმცა მან ეს არ გააკეთა. ღვთის მოწყალებით გაჩენილმა ადამიანმა ამპარტავნება გამოავლინა და სინანულის მაგიერ უფალს დასდო ბრალი: "შენ რომ ცოლი მომიყვანე, იმან მაცდუნაო". შეიძლება ითქვას, რომ ადამმა და ევამ შეუნანებლობითა და უმადურობით უფლის მოწყალების მიმართ თვითონვე გამოიგდეს თავები სამოთხიდან.

უფალმა თავისი მოწყალება სამოთხიდან გამოდევნის შემდეგაც კი არ მოაკლო ადამსა და მის შთამომავლებს. სამოთხეშივე აღუთქვა ადამს, რომ მოვიდოდა ძე კაცისა და გამოიხსნიდა...

ასეთი მოწყალება და მადლი უფლისა დღემდე მოდის ჩვენზე, მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობა თანდათან უფრო შორდება ღმერთს. ფსალმუნში ვკითხულობთ: "უფალო, შენ მხადი და მე გელტვი", რაც ნიშნავს იმას: ღმერთო, შენ მომიწოდებ, მე კი შენგან გავრბივარო... მართლაც, უფალი ყოველდღე გვწყალობს, გვანუგეშებს, გვაპურებს... ყოველდღე შინ მშვიდობით რომ ვბრუნდებით, ანდა დილას სარეცლიდან რომ ვდგებით, კიდევ ერთი დღე რომ გვითენდება, ეს უფლის დიდი წყალობაა, რომელიც გვიცავს და გვიფარავს.

წმინდა ევქარისტიაც ხომ განუზომელი მადლი და წყალობაა ღვთისა - გვაზიარებს თავის სისხლსა და ხორცს.

სახარებაში ვკითხულობთ: ვინ უნდა იყოს ისეთი მამა, რომ შვილმა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს, ანდა პური სთხოვოს და ქვა მისცესო. თუკი მიწიერი მამა ამდენად მოწყალეა შვილისადმი, რამდენად უფრო მოწყალეა მამა თქვენი ზეციური, რომელიც ყველაფერს გაძლევთო.

- უფალი განკაცდა და ჩვენი ხსნისთვის ჯვარს ეცვა. ეს ალბათ ყველაზე დიდი მადლი იყო ღვთისა კაცობრიობისთვის...

- მართლაც, განა შეიძლება იმაზე დიდი წყალობა, რომ უფალმა თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა ადამიანებს ჯვარზე გასაკრავად და მისი სისხლი დაღვარა?! ხანდახან რომ ვამბობთ, უღირსნი ვართო, ეს მართალია. თუმცა ეს არ ნიშნავს, თითქოს ადამიანს არავითარი ღირსება არ გააჩნდეს.Aასე რომ იყოს, ღმერთი თავისი ძის სისხლს არ დაღვრიდა კაცობრიობისთვის. ეს ღირსებაა ღვთის ხატება და მსგავსება ადამიანში. ადამიანი ხომ ჭურჭელია სულიწმინდისა. ამ ჭურჭლისთვის უფალმა თავისი სისხლი დაღვარა, სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა და სამოთხის კარი გაგვიღო. განა კიდევ არსებობს ამაზე დიდი მადლი და მოწყალება?!

- როგორ უნდა მოვიხვეჭოთ უფლის მადლი?

- უფალს უნდა ჩვენთვის მადლი და სიკეთე, მაგრამ ეს ჩვენც უნდა გვინდოდეს, რომ მივიღოთ და დავიტიოთ იგი. ამისთვის მოგვცა მან თავისუფალი ნება. მაშინ იღებს ადამიანი ღვთის მადლსა და წყალობას, როდესაც მისი ნება და უფლის ნება ემთხვევა ერთმანეთს. ამას ეწოდება სინერგია. მართლაც, თუ ორივე მხარე არ თანხვდება, როგორ მოხდება გადაცემა ან მიღება?!

უფლის მადლი და წყალობა უნდა მოვიხვეჭოთ მისივე მორჩილებით, სიყვარულით, თავმდაბლობით... სამწუხაროდ, არც მორჩილება გვაქვს ისეთი, როგორიც საჭიროა, არც სიყვარული, არც თავმდაბლობა და არც სულიერი ლოცვა. ამიტომ მადლის მოსახვეჭად ისევ მადლი უნდა ვითხოვოთ უფლისგან. აი, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ: არ გაქვს ცრემლიანი ლოცვა?Gგული გაქვავებულია? ვერ აკეთებ ვერაფერს სასიყვარულოს? არ გიყვარს ადამიანი და მოყვასი?Uუნდა ევედრო ღმერთს, მოგცეს ყოველივე ეს. უფალი გვაძლევს იმას, რაც მასვე უნდა შევწიროთ.

- თითქმის ყველა ლოცვაში, იქნება ეს პირადი თუ საღვთისმსახურო, მართლმადიდებელი ქრისტიანი გამუდმებით ითხოვს უფლის მადლსა და წყალობას... რატომ საჭიროებს ადამიანი მუდმივად ამას?

- იმიტომ, რომ ღვთის გარეშე ის არაფერია.Aადამიანს არც ფიზიკურად და არც სულიერად უფლის მადლის გარეშე არაფერი შეუძლია. მამამთავარი აბრაამი ამბობს, უფალო, მე მტვერი და ნაცარი ვარ შენიო. დავით მეფსალმუნე კი - "მე მატლ ვარ და არა კაცო..." მაშ, ჩვენ, უბრალო ადამიანები, ვინღა ვყოფილვართ?! უფლის ყოველდღიური მოწყალების გარეშე ადამიანი არაფერი არაა. ჩვენი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაც კი სულიწმინდის მადლით ხდება.

KARIBCHEრა თქმა უნდა, ბედნიერებაა, თუ ადამიანი ყოველ წუთში სთხოვს უფალს შეწყალებას. არსებობს განუწყვეტელი ლოცვითი მდგომარეობა, რომელიც დიდ მამებს ეძლეოდათ. ჩვენც, ერში მცხოვრებმა ადამიანებმა, რაც შეიძლება ხშირად უნდა ვითხოვოთ უფლის წყალობა. სლავური გამოთქმაა: "წმინდა ადგილი ცარიელი არ არისო..." ის ადგილი, სადაც ღმერთს არ ევედრება ადამიანი, ცარიელია. ცარიელ ადგილას კი ავტომატურად ბოროტი შემოდის. პირველი, რითაც ბოროტი ებრძვის ადამიანს, ესაა - დაანებებინოს თავი ლოცვას, შემდეგ პირჯვრისწერას... ასე უკვე იარაღაყრილია ადამიანის სული. ამიტომაა, რომ გამუდმებით უნდა ვილოცოთ და ვითხოვოთ უფლის წყალობა. დღის განმავლობაში რამდენჯერმე მაინც უნდა ავიხედოთ ზემოთ და ვთქვათ: უფალო, შენ შემიწყალე, შენ შემეწიე...

- ეკლესიის მოძღვრები ხელდასხმის საიდუმლოთი იღებენ ასევე ღვთიური მადლის საბოძვარს - "უძლურთა მკურნალსა და ნაკლულევანთა აღმავსებელს"... ამ მადლის მოქმედება როგორ ვლინდება?

- ყოველი ქრისტიანი ეკლესიის საიდუმლოებებით ღებულობს უფლის მადლის წყალობას, რომელიც განამტკიცებს მას სულიერ ცხოვრებაში, მკურნალობს მის სულიერ და ხორციელ უძლურებას, ანათლებს მის ოჯახურ ცხოვრებას, აკურთხებს ყოველ მის კეთილ წამოწყებას. ამ მადლიანი საბოძვარის გარდა თითოეული ადამიანი ღვთისაგან ღებულობს ბუნებით წყალობას: სხვადასხვა საშუალებასა და ხერხს ღვთისა და მოყვასის სამსახურებლად: ზოგი - ნიჭიერებითა და ბუნებით მიმადლებული გონიერებით, მეცნიერებით, ხელოვნებით, ცხოვრებისეული და სულიერი გამოცდილებით, ზოგიც ფულადი სახსრებით და ა. შ. ყველა ეს ნიჭი იწოდება ტალანტებად. ღმერთმა იცის, ვის რამდენი სჭირდება, ვინ რამდენის გამოყენებას შეძლებს სასიკეთოდ და ამის შესაბამისად ანაწილებს მადლსა და ნიჭს: ვის ხუთ ტალანტს აძლევს, ვის - ორს, ვიღაცას კი - მხოლოდ ერთს. ღვთის მადლი არ ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას, არ აიძულებს და ამძიმებს მის ბუნებას, არ აყენებს ყველას ერთ დონეზე. ღმერთი, როგორც ყველას მოყვარული მამა, არიგებს თავის წყალობას ადამიანისდა მიხედვით. ვისაც არ ემარჯვება საზოგადოების მსახურება, იგი შეიძლება გამოსადეგი იყოს ახლობელთათვის ყველაზე უდაბლეს საფეხურზეც. როგორც მთელი სხეული არ არის თვალი, არც ყური, ასევე ეკლესიაში არაა ყველა მმართველი და მასწავლებელი. ასე რომ, საერთოდ უნიჭო და უგუნური ადამიანები არ არსებობენ. ღმერთს: "ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა" (1 ტიმ. 2,4). უფალი არავის ტოვებს უნიჭოდ. ყველას ურიგებს სიკეთის შეძლებას. მართალია, ზოგს - ბევრს, ზოგს - ცოტას, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება, ცოტას კი ცოტა.

- ე. ი. უფლის მადლი და ნიჭი არის საშუალება ცხონებისა. რამდენად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ვინც მეტი მიიღო ღვთისგან, მას მეტიც მოეთხოვება?

- მაგრამ იმანაც, რომელმაც მიიღო ნაკლები, უნდა მისცეს ანგარიში. რა თქმა უნდა, მარტო მიღება არ არის, არამედ საქმის კეთება და შემატება ახარებს უფალს. წმინდა მამები იგავს ტალანტებზე ასე განმარტავენ: "ღვთისგან ბოძებული მადლი შეიძლება იქცეს ჩვენს განსასჯელად, რადგან მადლის მიმცემი არის ყოვლის მხედველი და უკიდურესი მოწყალების შემდგომ სრულიად სამართლიანი მსაჯული. იგი არ უშვებს, რომ მისი მადლი უნაყოფოდ იქნეს გაბნეული, ართმევს გამოუსადეგარ მონას მოუფრთხილებელ და უსარგებლო წყალობას და ტოვებს წყვდიადსა და სატანჯველში. აქვე საგულისხმოა ისიც, რომ ერთგულ და სარწმუნო მონებს კარგად აქვთ შეგნებული, რომ ეს ნიჭი ანუ ტალანტი მათი არ არის, რომ მათ იგი მიეცათ არა დამსახურებისამებრ, არამედ ბატონის, ამ შემთხვევაში, უფლის მოწყალებით. ეს კაპიტალი - ტალანტი ბატონმა მათ ანდო და მათაც, ბატონისადმი მადლიერების გრძნობით აღვსილებმა, თავიანთი საქმე შეასრულეს ისე, როგორც შეეძლოთ. წარმატებასაც ისინი თავიანთ თავს კი არა, ბატონს მიაწერენ. შენ მომეცი და მეც შევძინე მას, - ეუბნებიან ბატონს. მე კი არა, არამედ ღვთის მადლმა გააკეთა ეს საქმე, - ამბობს პავლე მოციქული. ჩვენ ვართ არაფრად ღირებული მონები... ასე უყურებენ მართალი ადამიანები თავიანთ საქმეებს.

რა თქმა უნდა უფლის მადლი და ნიჭი - ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. საერთოდ, ადამიანი რომ არსებობს ამქვეყნად, ეს უკვე თავისთავად მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, რადგან ადამიანი შეიქმნა ხატად და მსგავსად ღვთისა. ღვთის ხატება მას მიეცა, როგორც უფლის საბოძვარი. ხოლო მსგავსებას კი ადამიანმა თვითონ უნდა მიაღწიოს თავისი შრომით, რუდუნებით, მეცადინეობით, ღვთის მცნებების აღსრულებით, მაცხოვნებელი ჯვრის ტვირთვით. ღმერთის ნიჭის კეთილად გამოყენების მოვალეობა განიზომება ყოველი კაცის შესაძლებლობით და მისი ერთგულად აღსრულება არის უფლის მოწყალების პირობა. მაღალი მოვალეობა ის კი არ არის, ბევრი თუ ცოტა მოგეცა ტალანტი, არამედ ის, თუ რამდენად ერთგულად შეასრულე შენი ვალი. წმინდა ილია მართალი ამბობს: "უფალმა იმისათვის კი არ დაგვირიგა ნიჭი (გონება, გული, სიმდიდრე), რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, - იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: "რასაცა გასცემ - შენია, რაც არა - დაკარგულია". ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველადვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ". ის ზარმაცი მონა ყველაზე მეტად იმიტომ ისჯება, რომ ტალანტის მიმცემს ადანაშაულებს თავის დაღუპვაში. თითქოს ამ ტალანტის მიცემით ბატონმა მას თავსატეხი გაუჩინა, ტვირთი აჰკიდა. თავსაც კი იწონებს იმით, რომ ტალანტს მთლიანად უბრუნებს ბატონს. სინამდვილეში ღვთისთვის ამ ტალანტთა დაბრუნება შეუძლებელია: ისინი შეიძლება ან გამრავლდეს, ანდა საერთოდ დაიკარგოს... "რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს, და რომელსა არა აქუნდეს და რომელ-ღა იგი აქუნდეს, მოვეეღოს მისგან". ამიტომ ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი: "ვინც მიიღო ნიჭი სიყვარულისა და სწავლებისა სხვათა სიკეთისათვის და არ ასარგებლებს მათ, იგი თავად ღუპავს ნიჭიერებას... ასე რომ, უნდა ვიზრუნოთ ტალანტის შესაძენად, რადგან თუ აქ ვიქნებით ზარმაცნი და ვიცხოვრებთ უზრუნველად, იქ, მომავალში არავინ გაგვიწევს ჩვენ თანაგრძნობას, ცრემლის მდინარენიც რომ ვღვაროთ, მაშინაც კი. ღმერთმა იმისთვის მოგვცა ნიჭი სიტყვისა, ხელი, ფეხი, სიძლიერე სხეულისა და გონება, რომ ყოველივე ეს გამოვიყენოთ საკუთარი ხსნისათვის და მოყვასის სასიკეთოდ. თუ ვსარგებლობთ ამ სიკეთეებით, მაშინ მივემსგავსებით უფალს, ხოლო თუ პირიქით, - მაშინ მივემსგავსებით ეშმაკს."

- ნათლობის საიდუმლოს აღსრულების დროს მირონცხებით მორწმუნეს სულიწმინდის სახელით ეძლევა სულიწმინდის ნიჭები. როგორ ვლინდება ამ ნიჭების მოქმედება სულიერ ცხოვრებაში?

- სულიწმინდის ნიჭების მოქმედება მრავალნაირად ვლინდება. უპირველეს ყოვლისა ეს არის - სიყვარული, რომელიც არის ფესვი ყველა კეთილი საქმისა. იმ ადამიანისათვის, რომელსაც ასულდგმულებს ჭეშმარიტი სიყვარული, არაფერია საშიში და შეუძლებელი. მისთვის არანაირი კანონები და მცნებები არ არის ძნელი და ძნელად შესასრულებელი. იგი სიხარულსა და ნუგეშს ანიჭებს ადამიანს. სულიწმინდა ადამიანს აძლევს სიბრძნეს. ეს კარგად ჩანს წმინდა მოციქულების მაგალითზეც. ისინი სულიწმინდის მიღებამდე იყვნენ ყველაზე უბრალო და უსწავლელი ადამიანები, შემდეგ კი ვიცით, უფლის მადლმა რამდენი რამ ასწავლა მათ და განაბრძნო. სულთმოფენობის დღეს მოციქულებზე გარდამოვიდა სულიწმინდა. მოციქულებმა მიიღეს არა რაღაც ნაწილი მადლისა, არამედ - სრული ძალა. თითოეულ მათგანს ცეცხლოვანი ენები დაეფინა და ისინი მოინათლნენ, განიბანნენ სულიწმინდის ნათელში. ეზიარნენ ცეცხლს, რომელიც კი არ წვავს და ფერფლად აქცევს, არამედ აღადგენს, ანადგურებს ცოდვებს და განაბრწყინებს სულს. მათ დაიწყეს უცხო ენებზე საუბარი. ამის შესახებ წმინდა კირილე იერუსალიმელი წერს: "ვინ არის ასეთი დიდი მასწავლებელი, რომელიც უცბად გვასწავლის იმას, რაც არ ვიცით? თუნდ მხოლოდ ბერძნული ენის სწავლას რამდენი წლის მეცადინეობა და გარჯა სჭირდება. სულიწმინდა კი ყველაფერს უცბად ასწავლის. ეს ნამდვილად დიდი სიბრძნე და საღვთო ძალაა". სულიწმინდის მადლით განათლებულმა პეტრე მოციქულმა თავისი მჭერმეტყველური ქადაგებით სამი ათასი სული მოაქცია. სიბრძნესთან ერთად სულიწმინდა ადამიანს ანიჭებს ჭეშმარიტ სიხარულს, მხნეობას, სიმშვიდეს, თავმდაბლობას, მორჩილებას... სულიწმინდის დახმარების გარეშე შეუძლებელია საკუთარი თავის შეცნობა, საკუთარი სულის მდგომარეობის დანახვა-განჭვრეტა; სულიწმინდა ასწავლის ადამიანს ჭეშმარიტ ლოცვას, რადგან ესეც ნიჭია - იცოდე, რა და როგორ ითხოვო უფლისაგან. სულიწმინდის განსაკუთრებული ნიჭებით იყვნენ აღვსილნი და განბრძნობილნი მართალი და წმინდა ადამიანები, წინასწარმეტყველები, მოწამეები... პეტრე მოციქულის ჩრდილიც კი კურნავდა ათასობით სნეულ ადამიანს. პავლე მოციქული სულიწმინდის ნიჭმა "რჩეულ ჭურჭლად" სცნო. სულიწმინდის სასწაულებრივი ქმედებანი უხვად გამოვლინდა მის ცხოვრებაში.
- ხანდახან ადამიანი ვერ ხედავს ღვთის მადლსა და წყალობას და უმადურობას ავლენს...

- უმეტეს შემთხვევაში მართლაც ვერ ვხდებით ღვთის წყალობას.Uუწმინდესი ხშირად ბრძანებს, როდესაც ადამიანს დილა გაუთენდება, მუხლი უნდა მოიყაროს და მადლობდეს უფალს, რომ კიდევ ერთი დღე გაუთენდაო... მართლაც, განა ეს არაა წყალობა? ხომ შეიძლებოდა არ გაეღვიძა? წყალობა არ არის, როცა უფალს საღამოს შინ მიჰყავხარ და ისევ მშვიდად გძინავს?! როდესაც ადამიანი ავარიაში ხვდება და გადარჩება სიკვდილს... ან სხვა რამ შეემთხვევა და უვნებელია. ეს ჩვენი დამსახურება გვგონია, სინამდვილეში კი ღვთის დიდი მადლი და წყალობაა... არც ვფიქრობთ, რომ უფლის ანგელოზმა გადაგვარჩინა.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩვენს გადასარჩენად მოვიდა და ჯვარს ვაცვით. ამაზე დიდი უმადურობა შეიძლება რამე იყოს?!

- ზოგიერთს ხშირად ეჩვენება, რომ უფალი მათ სათანადოდ არ სწყალობს, სხვებს კი "ანებივრებს..."

- წმინდა გაბრიელ ქიქოძე ამბობს: "ზოგს ჰგონია, უბედურება და ბედნიერება თვალახვეული დადიან ქუჩაში და თუ ვინმე პირველს გადაეყარა, უბედურია, ხოლო თუ მეორეს - ბედნიერი". ეს აბსურდია, შემთხვევითობა გამორიცხულია. უფალი ანიჭებს ყველას ყველაფერს მისი ზომისდა შესაბამისად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს უფლის ნება და უფლის დაშვება.Aამიტომ ადამიანმა არასოდეს არ უნდა თქვას, ავად ვარ და უბედური ვარო, ან ღარიბი ვარ და უბედურიო... რამდენსაც აქ ილხენ და იჭრიჭინობელებ, იმქვეყნად უკვე აღარ იქნება ასე. აქ სასჯელიც კი დიდი წყალობაა უფლისა. ღმერთი ადამიანს ორჯერ არ სჯის: ან ისჯება აქ, ან იქ. ამიტომ აქ თუ გსჯის ღმერთი, უნდა მადლობდე ამისთვის. შეუცნობელია გზანი უფლისანი, ამიტომ ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ მას.

- მამაო, რამდენად მართებულია მხოლოდ ღვთის მადლზე დანდობა?

- ღირსი სერაფიმე საროველი წყალმანკით დაავადდა, მაგრამ ექიმი არ გაიკარა. ამბობდა, ჩემი მკურნალი დედა ღვთისმშობელია, ის უნდა მოვიდეს და მიმკურნალოსო. ასეთი მინდობა უფლისადმი სხვა მდგომარეობაა სულისა. მართლაც, მივიდა მასთან ღვთისმშობელი, შეახო კვერთხი და განკურნა... დღეს ვინმემ ერში რომ თქვას, უნდა მივენდო უფალს, ის მომიტანს საჭმელსო, ეს ცოდვაა, ცრუ მინდობაა უფალზე. თუ ადამიანმა არაფერი აკეთა, ღმერთი როგორ შეეწევა?! უფალმა მოგვცა კურთხევა: "შენი პირის ოფლით მოიპოვე პური შენიო". უფლის კურთხევას თუ ასრულებ, მაშინ ხარ მასზე ჭეშმარიტად მინდობილი.

- ხშირად უფალი თავის საქმეებს ადამიანის ხელით აკეთებს, ამიტომ კაცის ხელით ქმნილი მადლი უფლის მადლად და წყალობად უნდა მივიღოთ?

- რა თქმა უნდა. რა შეუძლია ადამიანს უფლის გარეშე?! უფალი გვაძლევს მოწყალების საშუალებას, როგორც საჩუქარს. ანუ ის მისია, მაგრამ შენად გითვლის. მის მიერ მოცემულს გასცემ, უფალი კი გითვლის, რომ შენ გაეცი. უფალი არავის არაფერს აიძულებს, ეს მასაც უნდოდა. შემოქმედი ჩვენი ხელით აკეთებს თავის საქმეებს, მაგრამ ჩვენივე ნებით.

- დაბოლოს, რამდენად უნდა შეუწყოს ხელი ადამიანმა თავის თავში ღვთისგან ბოძებული მადლის განვითარებას? რა მართებს ადამიანს, რომ ღირსი გახდეს ამ მადლისა და ნიჭისა?

- უპირველეს ყოვლისა მართებს ლოცვა. ადამიანი თვითონ უძლურია, რომ თავის თავს რამე სიკეთე მიანიჭოს. ამიტომ "ითხოვდეთ და მოგეცეთო", - ნათქვამია სახარებაში. ოღონდ რაც მთავარია, გულწრფელად უნდა ვითხოვდეთ, რათა ღმერთმა მოგვცეს სიკეთის კეთების ნიჭი. უფალი იძლევა იმდენს, რამდენის მიღებაც შეგვიძლია. მისი წყალობა ყოველთვის უხვია მათთვის, ვისაც წმინდა გული აქვს. ერთ-ერთი საიმედო საშუალებათაგანი სულიწმინდის ნიჭისა და მადლის მიღებისა არის სწორედ ლოცვა და მორჩილება. როდესაც ადამიანი მორჩილებით ასრულებს ღვთის მცნებებს, გულმოდგინედ შრომობს, ზრუნავს და ყოველივე ამის მიუხედავად, არ ამპარტავნებს, არ ენდობა საკუთარ თავს და არ მიაწერს მას თავის კეთილ საქმეებს, ეს ყველაფერი დაუფასდება მას უფლისგან და უფრო მეტი წყალობის ღირსიც გახდება. უპირველეს ყოვლისა, ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ თუკი რამ სიკეთე გააჩნია, ამით თავი არ უნდა მოიწონოს. ღვთის მადლის გარეშე ადამიანი მხოლოდ ცოდვილი მიწაა. ადამიანმა თვითონ არ უნდა დაადოს თავის ნიჭსა და ღირებულებას ფასი. კაცი მხოლოდ იარაღია უფლისა, რომლის საშუალებითაც ის მოქმედებს. ქრისტიანმა უპირველესად უნდა მოიხვეჭოს სიმდაბლე. ჩვენ ვიცით, რომ ამპარტავნებამ აქცია მთავარანგელოზი სატანად ანუ ღვთის მოწინააღმდეგედ. ამპარტავნება არის ცრუ შეგრძნება საკუთარი თავის უპირატესობისა. ამის შესახებ არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი წერს: "წმინდა მამებს სხვადასხვაგვარი ნიჭი ჰქონდათ მიმადლებული და ამით ისინი არ კადნიერდებოდნენ. ისინი ღვთის წყალობად თვლიდნენ ნიჭიერებას და არა საკუთარ დამსახურებად. რაც მეტი ეძლეოდათ მათ ღვთისაგან, მით უფრო თავმდაბალნი ხდებოდნენ და ამბობდნენ: "ჩვენ უღირსნი ვართ ღვთის ასეთი წყალობისა". ისინი თავს სხვისი განძის საჭურჭლედ მიიჩნევდნენ. ჩვენ კი მცირედ სიკეთესაც კი მხოლოდ საკუთარ თავს მივაწერთ. ამიტომაც აღარ ხდება ჩვენს ეკლესიაში სასწაულები და კურნებები, განსხვავებით პირველი საუკუნეებისგან. რატომ? ისევ ჩვენი ხსნისათვის, იმიტომ რომ ჩვენ ამას ღმერთს კი არა, საკუთარ თავს ჩავუთვლით და აუცილებლად ამპარტავნებასა და მზვაობრობას მოვყვებით." ამიტომაც იმ ადამიანებს, რომლებიც უფალს შესჩივიან: - უფალო, არა შენი სახელით ვკურნებდით? მაცხოვარი პასუხობს: არ გიცნობთ! წმინდა იოანე სინელი ამბობს: "მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში".
ბეჭდვა
1კ1