როგორ შეიძლება განვაწყოთ თავი სიკეთის გასაკეთებლად?
როგორ შეიძლება განვაწყოთ თავი სიკეთის გასაკეთებლად?
გვესაუბრება მცხეთის წმინდა იოანე-თორნიკეს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ეფემია (ჩირგაძე):
-საიმისოდ, რომ ხელი ადვილად გავუწოდოთ სხვას დასახმარებლად უნდა გვახსოვდეს სახარებისეული სიტყვები: "ვითარცა იგი თქვენ გნებავთ, რაითა გიყონ კაცთა, თქვენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ" (ლუკა: 3;31).

მოწყალების საქმე უმეტესად გაცემისთვის არის საჭირო. წმინდა იოანე ოქროპირი მიიჩნევს, რომ ეს მცნება უპირატესად ქველმოქმედთათვის დაიდო, რადგან მოწყალე ადამიანი მისით სულიერ სარგებელს იხვეჭს. ღვთის წინაშე წარსდგება, როგორც მცნების შემსრულებელი და ამავე დროს ცოდვათა შენდობასაც ირებს. გლახაკები კი მოწყალების შედეგად მხოლოდ ნივთიერ სარგებელს იღებენ და არა ცოდვათა მიტევებასო. წმინდა პეტრე დამასკელიც იგივეს ამბობს: "ღარიბებს შეუძლიათ იცხოვრონ იმ მოწყალების გარეშე, რომელსაც ჩვენ გავცემთ მათთვის, მაგრამ ჩვენ თუ შესაძლებლობების ფარგლებში არ ვიქნებით მოწყალენი, ვერ დავიმკვიდრებთ საუკუნო სიცოცხლეს". წმინდა ისააკ ასური კი მეტად ავითარებს ამ აზრს: "გულმოწყალე კაცი მკურნალია თავის სულისა, ვინაიდან, თითქოს ძლიერი ქარით, თავისი სულის შინაგანიდან იგი ბნელ ვნებებს აძევებს. განა ამას არ ამბობს სიტყვა სახარებისა, რომ მოწყალება იმ სიკეთის ვალია, რომელსაც ღმერთს ვაძლევთ სესხად" და რომელსაც ღმერთი აუცილებლად დაგვიბრუნებს, როგორც თავად გვპირდება: "მოგეგოს შენ აღდგომასა მას მართალთასაო" (ლუკ. 14;14).

წმინდა წერილში მოწყალებაზე უარის თქმა განიხილება, როგორც ცოდვა: "ღარიბის წინაშე გულს ნუ გაიქვავებ და ხელმოჭერილი ნუ იქნები მის მიმართ, თორემ უფალთან გიჩივლებს და ცოდვა დაგედება" (მეორ. სჯ. 15:7-9).

ბეჭდვა
1კ1