ოღონდ ღმერთს ნუ დაივიწყებთ
ოღონდ ღმერთს ნუ დაივიწყებთ
წმინდა ბარსანოფი ოპტელის საუბრები სულიერ შვილებთან
ქრისტეს ძიებაში მრავალი მხრიდან მოხვედით აქ, ჩემო შვილებო. დაე, ამის გამო უფალმა გული აგივსოთ სულიწმინდისმიერი სიმშვიდით და სიხარულით. ნეტარნი ხართ თქვენ, რამეთუ შეიყვარეთ უფალი და ქრიტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს მონასტერში ხვდებით. სოფელი დღეს ცოდვებსა და უსჯულოებაშია ჩაფლული და მრავალნი ვლენან დაღუპვის გზაზე უკან მოუხედავად. თქვენ კი უსაფრთხოდ ხართ ამ წმინდა ნავსაყუდელში და გმასპინძლობთ თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. მისი დედობრივი ლოცვითა და შუამდგომლობით მოხვდით აქ. მადლობდეთ ღმერთს, რომ იგი გიცავთ განსაცდელებისა და უბედურებისაგან. შესაძლოა, რომელიმე თქვენგანი ანგელოზებრივი ხარისხის ღირსიც შეიქმნეს. მე არ მოგიწოდებთ მონასტრისკენ, რადგან ერშიც შეიძლება ცხონდეს კაცი, ოღონდ ღმერთს ნუ დაივიწყებთ. მონასტერში კი უმაღლესი სრულყოფილების მისაღწევად მიდიან. თუმცა აქ მეტი განსაცდელია, მაგრამ ღვთისგან უფრო მეტი შეწევნაცაა.

ერთ წმინდა მამას სურდა შეეტყო, თუ როგორ შეეწევა უფალი ბერებს. და მან იხილა ანგელოზთა დასით გარშემორტყმული ბერი. ანგელოზებს ხელთ ანთებული ჩირაღდნები ეპყრათ.

ამბობენ, ერში განსაცდელი ნაკლებიაო. დავუშვათ, კაცი გარბის და უკან ბოროტმოქმედი მისდევს. როგორც იქნა, ხელიდან გაუსხლტა მდევარს. ის კი, გაწბილებული, მუშტებმოღერებული შორიდან ემუქრება: - დაიცადე, ჩამივარდები ხელშიო. ანდა კაცს ავაზაკთა ბანდა დაესხა თავს. საბრალოს გასაქცევი არსაით აქვს. ამ დროს მის საშველად ჯარისკაცები გამოჩნდნენ და ავაზაკები დააფრთხეს. განა მეორე კაცი უფრო უსაფრთხოდ არ გრძნობს თავს, ვიდრე პირველი? ასეა მონასტერშიც: თუმცა მტერი ძლიერ გვიტევს, მაგრამ ახლოსვეა ღვთის მადლმოსილი ძალა. მონასტერში დიდი ღვაწლია, მაგრამ არის დიდი ნუგეშისცემა, რომელზეც ერში მცირეოდენი წარმოდგენაც არა აქვთ. ძნელია კეთილი საფუძვლის ჩაყრა, მაგრამ თუ ჩადებ მას, მაშინ ადვილი და სასიამოვნო ხდება ღვთისთვის ღვაწლი, რადგან ამ დროს აღგაფრთოვანებს იმედი ხსნისა.

თვითონ სახე კაცისა, რომელიც ღვთისთვის შრომობს, გამოხატავს მის სულიერ წარმატებას. ერთხელ ტაძარში ერთი ეპისკოპოსის სახემ მიიპყრო ჩემი ყურადღება. მის დანახვაზე მომაგონდა სიტყვები სახარებიდან: "რამეთუ პირი მისი იყო მისლვად იერუსალემდ" (ლუკა, 9,53). მართლაც, ეს ეპისკოპოსი თავის მოსაგრე ცხოვრებით მტკიცედ მიდიოდა ზეციური იერუსალიმისკენ. წამხდარი კაცის სახე ასახავს მის სულიერ განწყობას. და რაოდენ სამწუხაროა, რომ ზოგჯერ კარგი სულის ადამიანები დაუდევრად ეპყრობიან თავიანთ სიცოცხლეს, ისე განვლიან დღეებს, რომ ჩადენილ საქციელზე პასუხს არ სთხოვენ საკუთარ თავს და ბოლოს იღუპებიან.

შორეული წარსულიდან მახსენდება ჩემი ერთი კარგი ნაცნობის კომპოზიტორ პასხალოვის სახე. ამ ნიჭიერი მუსიკოსის კონცერტებს ათასობით კაცი ესწრებოდა. ერისკაცობაში მუსიკის დიდი მოყვარული გახლდით და ფისჰარმონიაზეც ვუკრავდი. უკეთესად რომ მესწავლა დაკვრა, დავიწყე პასხალოვის გაკვეთილებზე სიარული. თავიდან გაკვეთილების საფასურად დიდი თანხა მომთხოვა. ფული მქონდა და დავთანხმდი. შემდგომში კი მან შემიყვარა მე უღირსი და შემომთავაზა უფასოდ სწავლება, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. ჩვენი მეცადინეობა წარმატებით მიდიოდა, მაგრამ ძალიან მაწუხებდა ის, რომ პასხალოვი თითქმის განშორებული იყო ეკლესიისგან. ეკლესიის გარეშე ცხონება შეუძლებელია. თქვენ ხომ გწამთ ღმერთი, მაშ, რატომ უარყოფთ სულის ხსნის საშუალებას-მეთქი? - ვეუბნებოდი. ის კი მპასუხობდა: "ისეთს რას ვაკეთებ? ვცხოვრობ ისე, როგორც ყველა, უმეტესობა, რა საჭიროა ამ წეს-ჩვეულებათა აღსრულება? განა ეკლესიაში სიარულის გარეშე ვერ გადავრჩებიო?" თავი რომ იხსნა, შვიდი კარი უნდა გაიარო. თქვენ თუმცა პირველში შეხვედით, მაგრამ სხვებიც გასავლელი გაქვთ-მეთქი. რომელი შვიდი კარი, ამაზე არაფერი მსმენიაო, - უკვირდა. "შვიდი კარი - ეს შვიდი საიდუმლოა. თქვენზე წმინდა ნათლისღების საიდუმლოა აღსრულებული, ესე იგი, აქედან ერთი კარი გაგივლიათ, ახლა კი სინანულის კარში უნდა შეხვიდეთ, რათა შეუერთდეთ ქრისტეს წმინდა ზიარებით". "რას მეუბნებით, პაველ ივანოვიჩ, ყოველი კაცი ღმერთს ისე მსახურებს, როგორც შეუძლია და როგორც საჭიროდ მიიჩნევს. თქვენ ტაძარში დადიხართ, მარხვებს იცავთ... მე კი ღმერთს ჩემი მუსიკით ვემსახურები - განა ეს ერთი არაა?" - მითხრა პასხალოვმა და პასუხს არც დაელოდა, დაიწყო დაკვრა ფისჰარმონიაზე. არასოდეს მსმენია ასეთი მუსიკა, შეუდარებლად უკრავდა იმ საღამოს. მე სასტუმროში ვცხოვრობდი. მუსიკის ხმაზე ყველა ოთახის კარი გაიღო და ხალხი დერეფანში გამოეფინა. ყველას სურდა მოესმინა გენიალური კომპოზიტორისთვის. ბოლოს დაასრულა დაკვრა. ვუთხარი: - კარგი იყო, მაგრამ მუსიკა მუსიკაა და ეკლესიის შეცვლა არ შეუძლია, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს-მეთქი. შუაღამემდე გაგრძელდა ჩვენი საუბარი. წავიდა ჩემგან პასხალოვი, დამშვიდებული და მხიარული. მეორე დღეს ისევ მოვიდა და მითხრა: - მთელი ღამე ვფიქრობდი, თუ რაოდენ ცოდვილი ვარ, რამდენი ხანია არ ვზიარებულვარ. მალე დიდი მარხვა დადგება, აუცილებლად მოვემზადები და ვეზიარებიო. რატომ დავუცადოთ მარხვას, ახლავე ეზიარეთ-მეთქი. კარგ გზას კი დაადგა პასხალოვი, მაგრამ დაავიწყდა მტრის არსებობა, რომელსაც არ მოეწონა მისი სულიერი ფერისცვალება, დაავიწყდა ისიც, რომ საჭირო იყო საბრძოლველად მომზადება. ერთხელ, შუაღამისას, შინ დაბრუნებულმა ლაქიას უთხრა, მეეტლისთვის ფული მიეცა. ლაქიამ კოფოზე მეეტლის მაგივრად ურჩხული იხილა და გონება დაკარგა. სად დაატარებდა მტერი პასხალოვს, უცნობი დარჩა. კომპოზიტორი მეორე დღეს უეცრად გარდაიცვალა და მისი სულიც საბოლოოდ დაიღუპა. მთელი გულით ვწუხვარ მასზე.

მტერი ყველგან მახეს უგებს ადამიანს და ისიც, თავისი უყურადღებობით, შიგ ებმება და იღუპება. როცა ერში ვიყავი და თანდათანობით დავუტევებდი ამ სოფელს, სტუმრად ორ-სამ ოჯახშიღა დავდიოდი. ერთხელ ვეწვიე ოჯახს, სადაც ცხოვრობდნენ მოხუცი დედა, მისი ქვრივი ქალიშვილი და შვილიშვილები. ჩაის სმის დროს ქვრივმა ქალმა ასეთი რამ მომითხრო: - რამდენიმე წლის წინ ქმარი გარდამეცვალა და უსაზღვროდ ვმწუხარებდი. სიცოცხლემ ჩემთვის ყველანაირი მიმზიდველობა დაკარგა. თვითმკვლელობაზეც ხშირად ვფიქრობდი. არასოდეს დამავიწყდება იმ წლის აღდგომის წინა დღე. დედაჩემის წყალობით ყველაფერი მზად გვქონდა დღესასწაულისთვის, სახლიც საზეიმოდ იყო მოწყობილი, ჩემს გულში კი სიბნელე და სასოწარკვეთა გამეფებულიყო.

დედამ იცოდა ჩემი მძიმე მდგომარეობა და ამიტომაც მარტოს თითქმის არასოდეს მტოვებდა. გადავწყვიტე, აღდგომის დღესასწაულით მესარგებლა, ღამით მარტო დავრჩენილიყავი და თავი მომეკლა. სააღდგომო ცისკრის ლოცვაზე დედა ყოველთვის დადიოდა, შინ ჩემი პატარა გოგონას გარდა არავინ იქნებოდა და ხელსაც ვერავინ შემიშლიდა. დედას ვუთხარი, თავი მტკივა და ლოცვაზე ვერ წამოვალ-მეთქი. კარგი, წამოწექი, დაისვენე. უკეთ გახედები და მერე ერთად წავიდეთ ტაძარშიო. წამოვწექი და მიმეძინა. უეცრად ვხედავ საშინელ სიზმარს. ვდგავარ სადღაც მიწისქვეშეთში, შორს ცეცხლის ალი მოჩანს, იქიდან მორბის კისერზე თოკმობმული, ნახევრად დამწვარი, შესახედად საშინელი ჩემი მეგობარი ოლია. რა გჭირს-მეთქი, - დავუძახე შეშფოთებულმა. დამიყვირა, - უბედურო, შენც აქ გინდა მოსვლაო? უეცრად ცხადლივ და ხმამაღლა ჩამესმა დიდი ზარის რეკა. შეძრწუნებულმა გავახილე თვალი. შვებით ამოვისუნთქე, რომ ისევ ჩემს ოთახში ვიყავი. ამ დროს დედაჩემიც შემოვიდა. გაიღვიძე, ჩემო ძვირფასო? თავი ხომ აღარ გტკივაო? - შემეკითხა. ტკივილმა გამიარა და ტაძარში წავიდეთ-მეთქი, - ვუთხარი. დიდება შენდა ღმერთოო, - აღაპყრო ხელი გახარებულმა. აღდგომის ღვთისმსახურების შემდგომ მე და დედამ ერთმანეთს მივულოცეთ დღესასწაული და ვისაუბრეთ. მე მას ყველაფერი მოვუყევი. მოვძებნეთ ოლიას ბიძის მისამართი, მივწერეთ წერილი, ვეკითხებოდით ოლიას ამბავს. მან სამწუხარო ამბავი გვაუწყა, - ორი წლის წინ ოლიამ თავი მოიკლაო. მაშინ კი მივხვდით სიზმრის მნიშვნელობასო, - დაასრულა ქვრივმა.

ღმერთმა თავისი მონა გონზე სიზმრით მოიყვანა. საერთოდ, მე მნიშვნელობას არ ვანიჭებ სიზმრებს, მაგრამ ზოგჯერ განსაკუთრებული რამ გესიზმრება. ვიცნობდი კაცს, რომელსაც ეზმანა, ვითომ ერთი მონასტრის იღუმენიასთან მივიდა. ამ დროს სავანის დედებმა ერთი ხელებშეკრული მონაზონი მოიყვანეს. ორმოს ახადეს სახურავი და მონაზონი შიგ ჩაუშვეს. "უფალო, რას შვრებიან, სად უშვებენ?" - გაიფიქრა კაცმა. იღუმენია კი უბრძანებდა დედებს, უფრო ქვემოთ ჩაეშვათ, თოკის ბოლო კი თვითონ ეპყრა ხელთ. დილით გზად კაცს იმ მონასტრის მოხუცი მონაზონი შეხვდა და მანაც თავისი სიზმარი უამბო.

- მონაზონი როგორი იყო შესახედავად? - ჰკითხა მოხუცმა.

- ქერათმიანი, მაღალი, სახეჭორფლიანი.

- მართალია შენი სიზმარი. ეს მონაზონი მართლაც ცოდვაში ჩავარდა და დედა-იღუმენიამ მონასტრიდან შორს, სავანის კუთვნილ აგარაკზე გაგზავნა.

როცა მამა ამბროსის (ოპტელს) ჰკითხეს ამ დაცემულ მონაზონზე, მოძღვარმა უპასუხა: ის არ დაიღუპება, დედა-იღუმენიას ხომ ხელთ ეპყრა თოკი, ესე იგი, გადარჩებაო.

და მე გეტყვით თქვენ, იხსენით თავი, ჩემო შვილებო. დაე, ღირს გყოთ უფალმა, რომ მისი სამეფოს მორჩილნი გახდეთ. დაე, სიკვდილის შემდგომაც ჩვენი სულები შეაერთოს უფალმა და კვლავ შეკრებილებმა გავიხსენოთ ეს ჩვენი ქოხი და საუბრები.

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი და ღირს გვყავი შენი მეუფების, დაუღამებელი დღეების ხილვისა, ამინ.

***
უფალი უცქერის კაცთა გულებს. თუ ხედავს მათ ძლიერ სურვილს, აღასრულონ ღვთის წმინდა ნება, ასეთ ადამიანებს ეხმარება. მაგალითად, თუ კაცს სურს, მონასტერში ემსახუროს უფალს, ხოლო ამ სურვილს საიმედოდ მალავს, ღმერთი ხედავს ამ მისწრაფებას და ეხმარება მას.

ოპტის უდაბნოს არსებობის შესახებ სრულიად შემთხვევით შევიტყვე და იქითკენ გავწიე. მამა ამბროსი ამ დროს შამორდინოში (თავის მიერ დაარსებულ დედათა მონასტერში, ოპტის უდაბნოსთან ახლოს, - კ.კ) იმყოფებოდა და მეც მასთან წავედი. მან პირდაპირ სკიტში ცხოვრებაზე მაკურთხა. მახსოვს, როცა მამა ამბროსი დავინახე, თითქოს რაღაც ხმამ მითხრა: - დაგიტოვებსო.

მონასტერში წასვლამდე წმინდა სერგის ლავრა მოვილოცე. მაშინ ჩერნიგოვის სკიტში მამა ბარნაბა მოღვაწეობდა. კურთხევისთვის ვეახელი. მამა ბარნაბამ მაკურთხა და მითხრა: - გაცივდი, საჭიროა დაქორწინდეო. ამ სიტყვებმა შემაშფოთა. ჩემი თანამგზავრები, ვისაც მამა ბარნაბა არ უყვარდა, ამბობდნენ: - ნახეთ, რანაირ რჩევებს აძლევს? დიდმა მოძღვარმა, მამა ამბროსიმ მონასტერში წასვლაზე აკურთხა, ეს კი ქორწინებას სთავაზობსო. მამა ბარნაბას სიტყვები გულში ჩამრჩა და ძალზე მაღელვებდა. შემდგომში, როცა ბერი გავხდი, ეს ამბავი მამა ამბროსის მოვუყევი. მან კი ამგვარად განმიმარტა მამა ბარნაბას ნათქვამი: ყოველი ქრისტიანის სული სასძლოა ქრისტესი და, შესაბამისად, უნდა დაქორწინდეს მასზე, შეუერთდეს ქრისტეს. "გაცივდიო" - ეს სიტყვა ნიშნავს იმ სულიერ ავადმყოფობას, რომლითაც იტანჯება კაცი ქრისტეში გარდასახვამდე.

ეს იყო ჩემს ერობაში. ერთხელ თეატრში "ჰუგენოტების" პრემიერაზე წავედი. გვერდით ჩემი უფროსები ისხდნენ. სცენაზე მღეროდნენ სასიყვარულო სიმღერებს, მე კი ამ დროს ვფიქრობდი: - ახლა რომ მოვკვდე, სად წავა ჩემი სული? რა თქმა უნდა, არა სამოთხეში. მაშ, სად-მეთქი? ცუდად შევიქენი, სცენის შეხედვაც აღარ მინდოდა. შინაგანი ხმა მეუბნებოდა: - წადი აქედანო. მაგრამ უფროსებთან უხერხული იყო. შინაგანი ხმა კი არ მასვენებდა - წადი, წადიო.

ჩუმად ავდექი, მივაღწიე კარებამდე და დარბაზიდან გამოვედი. ჯერ ნელი ნაბიჯით, მერე სწაფად გამოვვარდი გარეთ, მოვიხმე ეტლი და შინ წავედი. მას შემდეგ გავურბოდი თეატრში სიარულს.

რამდენიმე წლის შემდეგ დამაინტერესა, ვინ დამეხმარა "ჰუგენოტებიდან" წამოსვლაში. აღმოჩნდა, რომ "ჰუგენოტების" პრემიერა 4 ოქტომბერს ყოფილა, როცა იდღესასწაულება ხსენება მღვდელმთავარ ბარსანოფისა. მივხვდი, რომ ამ წმინდანმა დამარწმუნა მაშინ, წამოვსულიყავი თეატრიდან.

მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ. მე უკვე მონასტერში ვიყავი და ბერობისთვის ვემზადებოდი. უეცრად მძიმედ ავად გავხდი. არავის სჯეროდა ჩემი გამოჯანმრთელებისა და სასწრაფოდ გადაწყვიტეს ჩემი ბერად აღკვეცა. მახსოვს, დაიხარა მოძღვარი და მეკითხება: "რომელი სახელის დარქმევა გსურს?" ძლივს ვუპასუხე: - სულ ერთია-მეთქი. ბარსანოფი მიწოდეს. მაშასადამე, წმინდა მღვდელმთავარმა აქაც არ დამიტევა და ჩემი მფარველობა ინება...
ბეჭდვა
1კ1