დედამიწა დამძიმდა ცოდვებით და პირუთვნელები არც ჩვენ ვართ
დედამიწა დამძიმდა ცოდვებით და პირუთვნელები არც ჩვენ ვართ
"ქმნა მართლისა სიმართლისა" - კი ბრძანა ჩვენმა დიდმა წინაპარმა, მაგრამ ვის ხელეწიფება უშიშრად თქვას სიმართლე საკუთარი თუ სხვათა შებღალული სინდისის სამხილებლად? "მრავალ არიან წვეულნი, მაგრამ ცოტანი რჩეულნი", ჰოდა, ალბათ რჩეულთა ხვედრია უდრტვინველად გააჩინოს მართალი სამართალი.

ნატო (53 წლის): სიმართლის სიყვარული ერთ-ერთი საფუძველია ქრისტეს სიყვარულისა. "ნეტარ იყვნენ მართალნიო", - ბრძანებს უფალი. ჩვენ კი ხშირად მოიარებით ლაპარაკს ვარჩევთ, ნახევარსიმართლე კი უარესია, რადგან ამით ადამიანს, ვინც უნდა იყოს ის, ხელისუფალი თუ რიგითი მოქალაქე, საკუთარი თავისა და ქმედების გამართლების საშუალებას აძლევ. რაც მთავარია, არავის გვსიამოვნებს, როცა პირში გვახლიან ჩვენს უბადრუკობას და უსასოოდ ვფართხალებთ და ვწიკვინებთ. ისე, ვინც სიმართლის მთქმელობაზე თავს დებს, იმან ჯერ საკუთარი სული უნდა განჩხრიკოს და რაც ხინჯი აქვს, ამოძირკვოს, აი, მაშინ მოჰყვება მადლი მის სიტყვას. ამასთან დაკავშირებით მუშნი ზარანდიასადმი მამამისის მხილება მახსენდება: "საიდან გამოგყვა, მუშნი, ასეთი შეფარულ-შეფარული ლაპარაკი?"

ერთი დობილი მყავდა, ერთად გავიზარდეთ, თითქოს აღზრდის პირობებიც ერთი გვქონდა, მაგრამ ის "სხვანაირი" იყო - უკმეხი და პირშიმთქმელი. ოთარაანთ ქვრივს ვეძახდით. რა ლამაზი კაბა გაცვიაო, რომ ვეტყოდით, კი არ შეიფერებდა, ჩვენსავით, კაბას რა ჭკუა აქვსო - იტყოდა. ხომ ასეთი "უკუღმართი" იყო, სხვისი გულისთვის წყალში ჩადგებოდა. ჩვენ რომ ლენჩებს ვეძახდით, იმ მოსწავლეებს შინ წაიყვანდა, ან სკოლაში დარჩებოდა და საათობით ამეცადინებდა ისე, რომ ხმას არ აუწევდა. არ ვიცი, ახლა სად არის და რას აკეთებს, მაგრამ მე, ქვეშეცნეულად, ყოველთვის მის სიტყვებსა და საქციელს ვიშველიებ, ამა თუ იმ სიტუაციაში ჩემთვის გავიფიქრებ ხოლმე, ამ დროს ის ასე იტყოდა-მეთქი.

მიხეილი (37 წლის): მე წინა თაობაში როგორ იყო, გადმოცემთ დედ-მამისგან ვიცი, მაგრამ ახლა სიმართლის თქმა რომ საფრთხილო საქმეა, ჩემს თავზე გამოვცადე. სპორტსმენი ვარ და მუშტი-კრივი მეხერხება, მაგრამ იქ, სადაც სიტყვამ უნდა გაჭრას, ცემა-ტყეპა რა საჭიროა და ისიც ჩემგან? საქმე ის გახვალთ, რომ ერთ-ერთი სკოლის დირექტორის მოადგილე ვარ. სიტყვა "პრესტიჟული" არ მინდა ვიხმარო, მაგრამ ჩემს სკოლაში ნამდვილად სწავლობენ შეძლებული ოჯახის შვილები. "შეძლებული ოჯახი" დღეს რატომღაც მაღალზნეობასთან ასოცირდება; ეს მეტად სადავო საკითხია და ახლა ამაზე არ არის ლაპარაკი. ერთი სიტყვით, ჩემი აღსაზრდელები ჩვეულებრივი ბავშვები არიან იმ გაგებით, რომ ისევე, როგორც დღევანდელი თაობის უმეტესობა, ჩარჩოებს არ ცნობენ.

ჩარჩოში იგულისხმება ის, რაც ჩვენი და იმის წინა თაობისთვის სისხლხორცეული იყო - უფროსის შემოსვლაზე ფეხზე წამოდგომა, მზესუმზირას გარკვეულ ადგილებში ჭამა და ნაჭუჭების ურნაში ჩაყრა, მასწავლებლის რიდი და კრძალვა, შენიშვნაზე რეაგირება იმდენად, რამდენადაც ის უნდა მიიღოს და არა ენა შემოგიბრუნოს და გაგლანძღოს. ერთხელ ძალიან გამაღიზიანა მათმა საქციელმა. საკლასო ოთახში შევიყვანე ყველანი და ზნეობასა და ქრისტიანისთვის მისაღებ საქციელზე ველაპარაკე. ყველას ის ვუთხარი, რას ვამჩნევდი მათში, ზოგს ჩაცმაზეც მივუთითე. დღეს ეს საკითხი რატომღაც მოიხსნა დღის წესრიგიდან, მაგრამ მერვე-მეცხრეკლასელი გოგონა რომ ინდოელივით დახატული და ჭიპმოშიშვლებული მოგივა სკოლაში, მასწავლებელმა არ უნდა ამოიღო ხმა? ამ საკითხს თუმცა ძალზე დელკატურად შევეხე, აუდიტორიას სიცილი აუტყდა. მივხვდი, ჩემი ხმა იყო ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, მაგრამ არ გავჩერდი და არ დავიბენი. რომ მეგონა, სახუმაროდ გავიხადე საქმე, მეორე დღეს ჩემი საქციელი ლამის სანანებელი გამიხდა - 4-5 მშობელი მომიცვივდა და სულ გოიმი და უტაქტო მეძახა. საღამოს კი ის ჩემი აღსაზრდელი ბიჭები დამხვდნენ და გალახვა დამიპირეს. ამიტომ ვთქვი, მუშტი-კრივი არ მეშლება-მეთქი, მაგრამ ძალას ხომ არ გამოვიყენებდი?

დოდო (60 წლის): დღეს სიმართლეზე არაადეკვატური რეაქციაა ყველგან, ალბათ იმიტომაც, რომ დედამიწა დამძიმდა ცოდვებით და პირუთვნელები არც ჩვენ ვართ და არც წინა თაობები ყოფილან. მართლის მთქმელს ყველგან სასტიკად დევნიდნენ, ამის მაგალითად გურამიშვილის ნათქვამიც კმარა - მე თუ გინდა თავიც მომჭრანო. სიმართლის თქმა გმირობაა და გმირობას ყველას ვერ მოვთხოვთ. მაინც ასე მგონია, სჯობს საკუთარ თავს ვუთხრათ სიმართლე და ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორდება.
ბეჭდვა
1კ1