ამ სოფლის სიყვარული ღვთის სიყვარულს განგვაშორებს
ამ სოფლის სიყვარული ღვთის სიყვარულს განგვაშორებს
"ეს სოფელი ახალგაზრდობას მაგნიტივით იზიდავს. ახლადმოქცეულ სულზე, რომელმაც ცხოვრების მიზანი და მოვალეობა ახლახან დაინახა, ყოველივე ამქვეყნიურს დიდი ძალა აქვს, - ვკითხულობთ არქიმანდრიტ ეფრემ ფილოთეველის წიგნში "სულიერ შვილებს - მონაზვობის შესახებ", - "სიყვარული სოფლისაი ამის მტერობა არს ღმერთისა. აწ უკუე რომელსა უწოდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების". ღმერთს განცხრომა მარადიული ცხოვრებისათვის აქვს შემონახული, რადგან ჩვენი სული, როგორც ღმერთი, მარადიულია. ამქვეყნიური სიხარულის შედარება ღვთის წმინდა სიხარულთან შეუძლებელია.

ამქვეყნიური სიამოვნება დიდი შრომითა და გარჯით მიიღწევა, წამიერ ტკბობას მრავალგვარი უარყოფითი შედეგი მოსდევს, ამიტომ მას სიამოვნებას ვერ უწოდებ. ღვთაებრივ შვებას ასეთი შედეგი არ მოჰყვება, რადგან სულიერი ტკბობა დედამიწაზე მრავალ განცხრომათა და სიამეთა საწყისია ცათა სასუფეველში. საპირისპიროდ, გარყვნილი ადამიანი ამსოფლიური ტკბობის სანაცვლოდ იძულებულია საუკუნო სასჯელი ეშმაკთან - ბიწიერების მთავარ მოთავესთან ერთად გაიზიაროს.

შვილო, სიცოცხლის დრო ფულივით მოგვეცა, რომ თითოეულმა ჩვენი ცხოვრება ვიყიდოთ და ამ ვაჭრობით ან გავმდიდრდეთ, ან გავკოტრდეთ. თუ დროის ფულს სულიერი სიმდიდრის მოსახვეჭად მოვიხმართ, მართლაც გამოცდილი ვაჭრები ვიქნებით და ნეტარ ხმას გავიგონებთ: "კეთილმონაო სახიერო და სარწმუნოო, მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა".

ჩვენი ცხოვრების ბოლოს თითოეულ ჩვენგანს ზუსტი ანგარიში მოეთხოვება - როგორ და სად დახარჯა დროის ფული. და ვაი ჩვენ, თუ იგი კინოთეატრებში, გართობაში, გარყვნილობაში, ამაო ოცნებასა და ხორციელ სიამოვნებაში გავფლანგეთ. მაშინ რას იტყვის შებორკილი ენა, ან როგორ გავუსწორებთ თვალს ქრისტეს, როცა უსაზღვრო სიყვარულით ჩვენთვის მონიჭებულ აურაცხელ სიკეთეს ჩამოთვლის?

სოფელს მომხიბლავი იერი აქვს, ოღონდ მის გასამასხარავებლად საჭიროა სულელნი გავხდეთ, რათა ღვთის მიერ განვიბრძნოთ. მოციქულის სიტყვით, სოფლის სიყვარული ღვთის მტრობაა და სოფლის მოყვარე ღვთის სიყვარულისგან გაშიშვლებულია.

ჩვენ ზეცის დასაპყრობად ვართ მოწოდებულნი. საქმე საუკუნო მემკვიდრეობას - ღვთის მემკვიდრეობას ეხება. "რამეთუ ყოველივე მოგვეც ჩვენ". ჰოი, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და მეცნიერების სიღრმევ! განა რა მივეცით ღმერთს, რომ მის სანაცვლოდ თავისი უკიდეგანო სასუფეველი მოგვმადლოს? ჩვენი ბოროტება? ჩვენი უღმერთობა და საერთოდ, განუზომლად დიდი და დანაშაულებრივი დაცემანი? "აღვიარებთ მადლსა, არა დავჰფარავთ წყალობასა".

დაე, ვიბრძოლოთ. მებრძოლებს საუკუნო ჯილდო ელით. დაიცავი ცხოვრების სიწმინდე. შეეცადე, გონებიდან სოფელი განდევნო და გული ზეშთა სოფელს მიუახლოვო, სადაც საუკუნო სიხარული, მშვიდობა და ნეტარება სუფევს".

გვესაუბრება ლისის წმინდა ევსტათი პლაკიდას სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ევსტათი (უსუფაშვილი):

- "რომელსა უნებნ შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და მომდევდით მე" (ლკ. 9,23). წმინდა იოანე კიბისაღმწერელი და ბერმონაზონთა დიდი მასწავლებელი ბრძანებს: "რომელ ერისკაცთაგანს აღუსრულებია ოდესმე სასწაული? ვინ აღადგინა მკვდარნი? ვინ განდევნა ეშმაკნი? არავინ.Eეს ყოველივე გამარჯვებულ მოსაგრეთა პატივია და მათ სამყარო ვერ იტევს და თუ შეძლებდა, მაშინ რა საჭირო იქნებოდა სოფლისაგან განდგომა?"

მართლაც რომ ტკბილია ქრისტეს უღელი და ტვირთი მისი - მსუბუქი. მათშია დაფარული ნეტარება მარადის თავისუფალი სიყვარულისა, მაგრამ ადამიანის ცოდვით დაცემის გამო ღვთის სასუფევლისკენ ძნელსა და ვიწრო გზას მივყავართ, საჭიროა უარის თქმა ამ სოფელზე ამაო გართობასა და საზრუნავზე.

"ყოველმანვე თქუენგანმან რომელმან არა იჯმნეს ყოვლისაგან მონაგებისა თვისისა, ვერ ხელეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა" (ლუკ. 14,33).

საკუთარი თავის სრული უარყოფა იქიდან გამომდინარეობს, რომ ცოდვა, რომელმაც ღმერთს განგვაშორა, საკუთარ თავში ჩაკეტვა და ეგოიზმია. ღვთის ხელახლა მისაღებად გულის კარები ბოლომდე უნდა გავაღოთ.Qქრისტე სიცოცხლის მომნიჭებელია, ადამიანის ბიოლოგიურ არსებობას სახეს უცვლის, განწმენდს და ცვლის საზოგადოებებს. იქ, სადაც მართლმადიდებლობას სწორად ემსახურებიან, გაიაზრებენ და სულიწმინდის მადლით ემსახურებიან, სუფევს ღმერთისა და ადამიანის, ზეციურთა და მიწიერთა, ცოცხალთა და შესვენებულთა შორის კავშირი. ამ კავშირითა და ურთიერთობით წყდება სწორედ ჩვენს ცხოვრებაში გაჩენილი ყველა პრობლემა. სულიერი ცხოვრება მოძრავი (დინამიკური) სვლაა. ეს სვლა იწყება ნათლობით, რითაც განიწმინდება ღვთის ხატება ადამიანში და გრძელდება ასკეტური ცხოვრებით, რომლითაც ადამიანი ღმერთის მსგავსებას აღწევს, უერთდება მას.

ამ სოფლის სიყვარული ღვთის სიყვარულს განგვაშორებს. "ნუ გიყვარნ სოფელი ესე, ნუცაღა რა არს სოფლისა ამის" (1 იოანე 5,4). ამ სოფლისგან განშორება იმას კი არ ნიშნავს, რომ ოჯახს ან საზოგადოებას გაექცე, არამედ დატოვო ის წეს-ჩვეულებები, მოთხოვნილებები, რომლებიც სრულიად ეწინაღმდეგება ჩვენ მიერ მიღებულ და მოწონებულ ქრისტეს სჯულს, ეს ყველაფერი ერის ცხოვრებაში ცოტა რთულია, ორთა ბატონთა მონობა შეუძლებელია. როგორც ამბობს წმინდა ისააკ ასური: "ვერავინ მიუახლოვდება ღმერთს, თუ ამ სოფელს არ განეშორა".

***
მონაზონი, როგორც თავად სიტყვა გვიჩვენებს, განმარტოებაა. იგი ბერძნული სიტყვაა და მარტოდმყოფს ნიშნავს. მონაზონი არის ის, ვინც ხორციელ სხეულში მყოფი უხორცოთა მდგომარეობას ბაძავს (წმინდა იოანე კიბისაღმწერელი). მხოლოდ იმ სულს გაეხსნება სასუფევლის კარი, ვინც რწმენის გზას ადგას, მხოლოდ რწმენით გაიხსნება საიდუმლოებანი ამ სამეფოსი და ეს შინაგანი გზა მიუწვდომელია მათთვის, ვინც ხორციელი გზით ცხოვრობს. ხორციელი ტკბობის მოყვარულთათვის რწმენა მიუწვდომელია, მხოლოდ ისინი შეიძენენ ღვთის ამ საიდუმლოებებს, ვინც დათმო გარეგანი და წავიდა შინაგანი გზით - უფლისკენ რწმენით.

მონაზვნობა ასევე მატარებელია ცოცხალი რწმენისა ცოცხალ ღმერთზე. მას ამ რწმენის მეშვეობით შეაქვს ქრისტიანული ცხოვრება წარმართ ხალხებში და ქრისტეს რწმენითა და შუქით აცისკროვნებს მათ. ქრისტეს ნათელი სუფევს მონაზვნობაში და თავად უფალი ქრისტე ჭეშმარიტად არის მათთან, ამიტომაც მიიწევს უბრალო მორწმუნე ხალხის სული მოსალოცად მონასტრებსა თუ უდაბნოებში, სადაც სული გულის მიხვედრილობით გრძნობს იქ უფლის არსებობას.

ქრისტიანული გარესამყარო კი ვერ იტევს ამ საიდუმლოებებს, გამოცდილებით არ ცნობს მას. იგი გარეგნულად მოწიწებულია მის წინაშე, ხოლო შინაგანად დარჩა მისთვის უხილავი, რამეთუ გარე სამყარო მთლიანად დატვირთულია თავისი გონებით, ნივთიერი გრძნობით, მიწიერი, ამაო საზრუნავებით, წარმავალი გაუნათლებელი, წარმართული ყოფით, ამიტომაც მისთვის მიუწვდომელი დარჩა შინაგანი საიდუმლოებანი ქრისტიანობისა, საიდუმლოებანი ღვთის სამეფოსი. ქრისტიანული გარე სამყარო თავისი შინაგანი წყობით ეკუთვნის ამ ქვეყანას, სადაც ოჯახდებიან, შრომობენ, რათა გააგრძელონ ხრწნადი, მოკვდავი ყოფა. მისთვის უხილავია სხვაგვარი ყოფა - მარადიული, უკვდავი, ანგელოზებრივი. უხილავია მისთვის ასევე აღდგომაც, რომელიც აქვე შეიძლება არსებობდეს საყოველთაო აღდგომამდე. როგორც ამბობს სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი: - გარე სამყარო ქრისტიანთა ვერ გახდა ღირსი, რამეთუ არ შეიწუხა თავი, გაეთავისუფლებინა შინაგანი საიდუმლოებანი ქრისტიანობისა, არ გაისარჯა, რათა მიეღწია სხვაგვარი დროისა და მკვდრეთით აღდგომისათვის, "რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არადა განჰქორწინებდენ, არამედ ვითარცა ანგელოსნი ღმრთისანი, იყვნენ ცათა შინა" (მათ. 22, 30).

***
მოუკლებელი ლოცვა არის სწორედ წმინდა მამების ის საიდუმლო გონიერი საქმე, რითაც მათ თავი გადაირჩინეს, გადავრჩებით ჩვენც, თუკი შევუდგებით გზას ამ ჭეშმარიტი სინანულისა.

სინანულის საწყისი კი ის მომენტია, როცა სული ღრმად შეიგრძნობს თავის დაღუპვას. აქედან ჩნდება ქვითინი ყოვლადძლიერისადმი გადასარჩენად. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!

წმინდა გრიგოლ სინელი ამბობს: - როცა ეშმაკი ხედავს ვინმე მოტირალს, მას არ ძალუძს, მიუახლოვდეს მას. თავმდაბლობას, რომელსაც შობს ტირილი, აქცევს ზურგს. ამიტომაც ამბობდნენ წმინდა მამები, - მოიხვეჭე გლოვა სულისა და ის დაგიცავს შენ ყოველგან და ყოველთვის, გიბოძებს ზეციურ ნუგეშს, მოგიტანს გულის ლოცვას, რომელიც გაგიყვანს სამოთხის იქით, თავად სამოთხის მეუფესთან, მართლმსაჯულთან, რომელიც დაიცავს შენს მგლოვიარე ობოლ სულს მტრებისაგან, რამეთუ ტირილს გააჩნია ორმაგი ძალა: სპობს ცოდვას და ბადებს სათნოებას. ასეთია ანგელოზებრივი ცხოვრება, რომელსაც აქ, მიწაზევე იწყებენ მონაზვნები, შემოსილნი ანგელოზური სქემით (კაცი იქნება თუ ქალი). ეს ანგელოზური სქემა აქცევს ორ სქესს ორ ანგელოზურ ფრთად და უბიწო სიყვარულის მეშვეობით აჰყავს სულები ძალიან მაღლა და უკვე არღარა არსებობს ხორციელი განსხვავება, "არღარა არს ჩვევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა".
ბეჭდვა
1კ1