მე მიძლევია სოფლისათვის
მე მიძლევია სოფლისათვის
საკუთარ თავში გამუდმებით ვებრძოლოთ იმას, რაც ხელს გვიშლის უფლისკენ სვლაში
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი წერს: "ქრისტიანული სრულყოფის მისაღწევად განუწყვეტელი და დაუნდობელი უხილავი ბრძოლა გვმართებს როგორც საკუთარ თავთან, ისე ბოროტთან. თუ ნამდვილად გვსურს, ამ უხილავ ბრძოლაში გავიმარჯვოთ და ჯეროვანი გვირგვინი მივიღოთ, გულში ოთხი ამგვარი განწყობა და სულიერი ქმედება უნდა აღვიბეჭდოთ: 1) არასოდეს გვქონდეს საკუთარი თავის იმედი, 2) გულში ყოველთვის გვქონდეს სრული სასოება უფლისა, 3) განუწყვეტლივ ვიღვაწოთ, 4) გამუდმებით ვილოცოთ".

გვესაუბრება ჯვარისმამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თავმას ჩოხელი.

- მამაო, ჩვენ, უპირველესად, უხილავ ბრძოლას ვეწევით უხილავ მტრებთან და აქ გვმართებს ძლევის მოპოვება. რა არის უხილავი ბრძოლა?

- არსებობს რეალობის ორი მხარე - ხილული და უხილავი. სინამდვილის უხილავი მხარე გულისხმობს იმას, რასაც ვერ ვხედავთ, და ზოგჯერ კარგია კიდეც, რომ ვერ ვხედავთ. საერთოდ, უამრავ რამეს ვერ ხედავს ადამიანი, რაც სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ეს უამრავი რამ არ არსებობს. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ზოგჯერ ის უფრო არსებულია, რასაც ვერ ვხედავთ, ვიდრე ის, რასაც აღვიქვამთ. უხილავი ბრძოლაც ხშირად უფრო მწვავე, დრამატული და ძლიერია, ვიდრე ხილული. ბრძოლის დროს ადამიანი ვიღაცას ებრძვის, ან პირიქით, ვიღაც ან რაღაც ებრძვის მას. ბრძოლა, ძირითადად, მიმდინარეობს ადამიანის გულში, სულში, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ სულიწმინდის ტაძარი იყოს.

ხანდახან ადამიანზე ფიზიკურად ხორციელდება უხილავი ბრძოლა - სხეულებრივი უძლურებანი, ავადმყოფობები, რომლებიც ხილული სახით წარმოგვიდგება, ხშირად უხილავი ბრძოლის შედეგია. სწორედ უხილავი ბრძოლის შედეგია ის განსაცდელები, რომლებსაც პერიოდულად ვაწყდებით არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდები, არამედ ერებიც. ეს ბრძოლა უხილავად სიმბოლურად იწოდება, რადგან თითქმის ყოველთვის ის ხილულზე უფრო ხილულია.

უხილავი ბრძოლა სულიერი დრამაა, დაპირისპირებაა, რომლის დროსაც ადამიანზე სულიერი, სამშვინველისეული, ხორციელი ზეწოლა ხდება.

- მამაო, როგორი სახე აქვს საკუთარ თავთან ბრძოლას და რამდენად მნიშვნელოვანია აქ გამარჯვება?

- ეს ბრძოლა ყველა დანარჩენ ბრძოლაზე რთულია, ვინაიდან საკუთარ თავთან ორთაბრძოლაში ჩაბმულნი მოწინააღმდეგესაც აქვე ვაწყდებით, ამიტომ ეს გამარჯვება გამორჩეულია.

ადამიანმა საკუთარი თავის გამოსასწორებლად ბრძოლა რომ დაიწყოს, უპირველესად, უნდა გააცნობიეროს, რომ სცოდავს, ცოდვილია; ხშირად სწორედ ეს გვიჭირს ხოლმე. ვერ ან არ ვაცნობიერებთ, რომ სულის გადასარჩენად განუწყვეტელი ბრძოლაა საჭირო, ვურიგდებით ჩვენს ცოდვილ მდგომარეობას, მეტიც, მას ბუნებრივადაც კი ვთვლით. ის, რაც ურწმუნოს ნორმალური მდგომარეობა ჰგონია, მორწმუნისთვის არანორმალურია.

სულიერი ბრძოლა საჭიროა ჩვენი გადარჩენისთვის, ცხონებისთვის. სწორედ ჩვენი ხსნისთვის გაიღო მაცხოვარმა თავისი სისხლი და ხორცი. ქრისტე მუდმივად გვავალებს, არა მარტო ბრძოლაში ვიყოთ ჩაბმულნი, არამედ გამარჯვებასაც.

ადამიანში სამი ნება მოქმედებს: უფლის, ბოროტის და მისი თავისუფალი ნება. ღვთის ნება მაცხოვნებელია, ბოროტის - დამღუპველი, ხოლო რაც შეეხება ადამიანის თავისუფალ ნებას, გააჩნია საითკენ მიიდრიკება - სიკეთისკენ ანუ ღვთისკენ თუ ბოროტებისკენ. რომელ ნებასაც იღებს ადამიანური ნება, ისე ვითარდება მისი სულიც: იღებს უფლის ნებას - მიდის ღმერთისკენ, განაგდებს ღვთის ნებას - ხდება საკუთარი თავის მტერი. ამიტომ ყველაფერი უფალს უნდა შევწიროთ მსხვერპლად და მხოლოდ მისი ნება აღვასრულოთ.

- აქ ადამიანის არჩევანიც მნიშვნელოვანია ალბათ...

- უნდა ითქვას, რომ ჩვენში ჩადებულია რისკი არასწორი არჩევანისა. საკუთარ თავში იმდენ ნება-სურვილს აღმოვაჩენთ, რამდენი ძალა და მოთხოვნილებაც გვაქვს და, იმის მიუხედავად, ღვთის ნებას ეთანხმება თუ არა, ყველა მათგანი დაკმაყოფილებას მოითხოვს. ამიტომ სასურველი მიზნის მისაღწევად თავდაპირველად საკუთარი სურვილების დათრგუნვა გვმართებს, საბოლოოდ კი მათი სრული ჩახშობა და ჩაკვლა. ამაში რომ წარვემატოთ, უნდა აღვუდგეთ ცუდს და საკუთარ თავს კეთილის ქმნა ვაიძულოთ, ანუ საკუთარ თავში გამუდმებით ვებრძოლოთ იმას, რაც ხელს გვიშლის უფლისკენ სვლაში.

- ადამიანს სამი ძირითადი მტერი ჰყავს: ბოროტი, წუთისოფელი და ხორცი...

- რა თქმა უნდა, კაცისთვის წუთისოფელი საცდურია. უფრო ზუსტად კი, სავსეა საცდურით. როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, ამა სოფლის ბოროტებას სამი საწყისი აქვს: სხეულებრივი ვნებები, თვალთახედვითი ცოდვა და ამქვეყნიური ამპარტავნება. თავისთავად, ღმერთმა კეთილად შექმნა ეს ქვეყანა, წუთისოფელი, მაგრამ უფლის მიერ შექმნილი რეალობის ჩვენეული აღქმაა დამახინჯებული. რეალობა თავისთავად ბოროტება არ არის, ჩვენ მიერ მისი ფუნქციის აღქმაა ზოგჯერ დაზიანებული. სამწუხაროდ, რეალობას ხშირად ისეთად კი არ აღვიქვამთ, როგორიც ჭეშმარიტად არის, არამედ ისეთად, როგორიც გვსურს იყოს.Aამიტომ ჩვენი შეხება რეალობასთან ილუზიურია. როდესაც ადამიანს არასწორი, არამართლმადიდებლური მსოფლმხედველობა და მსოფლშეგრძნება აქვს, მისი გონება სინამდვილეს მცდარად აღიქვამს.

ადამიანის ხორცის, სხეულის მიჩნევა ბოროტების საწყისად, ცხადია, შეცდომაა. უფალმა კეთილად შექმნა ჩვენი სხეულიც, სულიც და სამშვინველიც. ადამიანის სხეული, როგორც ღვთის ქმნილება, ტაძარი უნდა იყოს სულიწმინდისა. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენივე ხორცი ჩვენს წინააღმდეგ გემოთმოყვარეობითა და სიძვის ვნებით აღდგება, ხორციელი კომფორტისა და სიამოვნებისაკენ სწრაფვით, სნეულებითა და მცონარებით გვთრგუნავს. ზოგჯერ ყოველნაირად ცდილობს, სულზე თავისი უპირატესობა დაგვიმტკიცოს, გვაიძულოს, მთელი ჩვენი სულიერი ძალები ხორციელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას მოვახმაროთ. რაც შეეხება ხორციელ კმაყოფილებას და განცხრომას, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, სხეული მარხვით, მღვიძარებით უნდა დავაცხროთ. ხორცი მღვიძარებაშიც გვიშლის ხელს. არადა, უხილავ ბრძოლაში რომ არ დავმარცხდეთ, გამუდმებით მღვიძარებაში უნდა ვიყოთ. მღვიძარება საოცარი მდგომარეობაა ცოდვიდან გამოსვლისა. გული, ადამიანის ცენტრი, მღვიძარების გარეშე არ ფორმირდება. აუცილებლად უნდა გამოვიღვიძოთ ცოდვისა და უცოდინარობის ძილისგან.

ბოროტი თავისი თანამებრძოლების - წუთისოფლისა და ხორცის საბრძოლო საშუალებებით სარგებლობს. ეშმაკის თავდასხმის ძირითადი ობიექტი ჩვენი უძლური მხარეებია.

- რამდენად შეგვეწევა ლოცვა უხილავ ბრძოლაში?

- შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ცნობიერების ყველაზე ძნელად შესასრულებელი ფუნქცია ლოცვაა. უხილავ ბრძოლაში რომ არ დავმარცხდეთ, ლოცვა ყველაზე ეფექტური იარაღი და საშუალებაა. ხშირად ლოცვის სწავლაც ბრძოლით მიიღწევა.

ლოცვას სამი ასპექტი უნდა ახასიათებდეს: პირველი - ლოცვა ყურადღებით უნდა იყოს წარმოთქმული; მეორე - ლოცვა უნდა იყოს ღვთისმოშიშებითა და კეთილკრძალულებით აღვლენილი; მესამე - ლოცვას აუცილებლად სინანული, ცოდვათა განცდა უნდა ახლდეს.

- ფსალმუნში ვკითხულობთ: "ლოცვა მათი ცოდვად შეერაცხა მათ..." რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ლოცვა და როგორ მიიღწევა ეს?

- ადამიანმა, თავისი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე, ლოცვაც შეიძლება ბოროტებად აქციოს. ამიტომ აუცილებელია, ვილოცოთ ყურადღებით, კეთილკრძალულებითა და სინანულით. წმინდა მამებიMმორწმუნეებს ურჩევენ, ხშირად აღავლინონ სამადლობელი ლოცვები ღვთის წინაშე. გაბოროტებული და დაბოღმილი გულით ლოცვა არ შეიწირება. შევუნდოთ ერთმანეთს შეცოდებები და ისე მოვემზადოთ უფალთან სასაუბროდ - ლოცვისთვის. ლოცვის სასწავლებელი ადგილი კი ეკლესიაა, ხოლო მოძღვარი - ლოცვის მასწავლებელი.

ლოცვა საშუალებაა ყველა იმ სათნოების მოსახვეჭად, რომლებიც ჩვენზე გარდამოევლინება დაუშრეტელი წყაროდან - უფლის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულიდან. ლოცვის მეშვეობით უხილავი, სულიერი ბრძოლისას საკუთარ საბრძოლო მახვილს უფლის მარჯვენას ვუთმობთ - ის ებრძვის მტერს ჩვენს ნაცვლად და ამარცხებს. მაგრამ ლოცვამ მთელი თავისი ძალა რომ გამოავლინოს, საჭიროა, მუდამ მყოფობდეს ჩვენში. როდესაც ლოცვა გულში დამკვიდრდება და განუწყვეტლივ აღევლინება, ყველაზე ძლევამოსილ იარაღად იქცევა ჩვენს უხილავ ბრძოლაში.

- რით უნდა შეიარაღდეს უხილავ სულიერ ბრძოლაში ქრისტიანი?

- ეკლესია გვასწავლის, როგორ უნდა წარვმართოთ ბრძოლა, როგორ განვმტკიცდეთ სულით. ეკლესია სულიერადაც შეგვეწევა და ამ ბრძოლაში მიღებულ ჭრილობებს კურნავს.

ეკლესია მორწმუნე ქრისტიანებს "ქრისტეს მხედრებს" უწოდებს. გამოცდილმა მხედარმა კარგად იცის, რომ მის საბრძოლო მომზადებაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ თვით მისი სიცოცხლეც. მორწმუნემ სულიერი სრულყოფის გზაზე საკუთარ თავს დაუძლურების ნება არ უნდა მისცეს.

უხილავ ბრძოლაში, პირველ ყოვლისა, იმ სიყვარულით უნდა შევიარაღდეთ, რომელსაც უფალი გვაძლევს. საზოგადოდ, მთავარი სათნოება ქრისტესმიერი სიყვარულია. სამი საღვთისმეტყველო სათნოება: ჭეშმარიტი რწმენა, ჭეშმარიტი ცოდნა და ქრისტესმიერი სიყვარული - არის ის, რაც ყველაზე ძლიერ იარაღს გვაძლევს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს სამი სათნოება დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. ამგვარად შეიარაღებულ ადამიანს ვერავინ და ვერაფერი ამარცხებს, მისი გული მუდმივად უფლისკენაა მიმართული.

უძლიერესი იარაღია ევქარისტიის წმინდათაწმინდა საიდუმლოც. იგი საიდუმლოთა შორის უმაღლესია, სულიერ იარაღებს შორის უძლიერესი და ბოროტის შემმუსვრელი. ეს საიდუმლო თავად უფლის მიერ მოძღვნილი იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი გახლავთ. ვინც ჭამს ქრისტეს ხორცს და სვამს მის სისხლს, ის ქრისტეშია და ქრისტე - მასში.

უხილავი, სულიერი ბრძოლიდან გამარჯვებით გამოსვლის იმედი უნდა ჰქონდეს მხოლოდ იმას, ვინც საკუთარ ადამიანურ ძალებს კი არ ეყრდნობა, არამედ მფარველობისთვის თავი უფალს მიანდო და ეკლესიის მიერ სულიწმინდის მადლით აღიჭურვა.

- მორწმუნეს ხშირად უხდება საკუთარ ეჭვებთან ბრძოლაც... ამბობენ, "ეჭვი უკუნი ღამეაო". ვგულისხმობ ცუდ ეჭვს, შეურიგებელ წინააღმდეგობას, რომელიც ადამიანის სულში წარმოიშობა... თუმცა ეჭვს ალბათ აქვს დადებითი ასპექტებიც, თუკი მის ძლევას შეძლებს ადამიანი...

- ეჭვს მოჰყვება აბსურდიზმი, ნიჰილიზმი, აბსურდულ სამყაროში კი არც სიმართლე არსებობს და არც ტყუილი, არც უდანაშაულო და არც დამნაშავე, რადგანაც საზოგადოდ აღიარებული ორიენტირები დაკარგულია. სერაფიმე როუზი წერს: "აბსურდიზმი თავისი არსით ჩვენს სულებში ჯოჯოხეთის შემოჭრას ნიშნავს. შინაგან ძიებას, ეჭვს ადამიანი ზოგჯერ ჭეშმარიტებამდეც მიჰყავს...

საზოგადოებაში ისეთი შეხედულებებიც არსებობს, რომლებიც თრგუნავს პიროვნებას, ბოროტებისკენ უბიძგებს მას... ასეთი შეხედულებებისადმი ეჭვი ნამდვილად უნდა გაუჩნდეს პიროვნებას, მოაზროვნეს, მით უფრო ქრისტიანს...…

ტოტალიტარულ რეჟიმებს და ამ რეჟიმის გამტარებელ ადამიანებს ეჭვის ეშინიათ. არქიფო სეთური ("დათა თუთაშხია") თავისუფალ აზრს ებრძვის, გულუბრყვილო ბავშვებივით მართავს ადამიანებს.Mმაგრამ გულუბრყვილობა ხომ არ ნიშნავს უმეცრებას, განუსჯელობას, არ გამოიძიო, რა არის ჭეშმარიტი სიკეთე და რა - ბოროტება. ეს არ არის ქრისტიანობა. მაცხოვარი ამბობს: "იყავით უმანკონი, ვითარცა მტრედნი და გონიერნი, ვითარცა გველნი". თვით სახარება მოგვიწოდებს, გვქონდეს ჭეშმარიტებით აღძრული ეჭვი. მაცხოვარი მოწაფეებს აფრთხილებს: კარგად დააკვირდით, სინათლე, რომელიც თქვენშია, სიბნელე ხომ არ არისო - ის შეხედულებები, რომლებიც ნათელი გგონიათ, შესაძლოა, ბნელი აღმოჩნდესო. ერთი ფილოსოფოსი ამბობს: დაბნელებულ გონებაზე უფრო დიდი ბოროტება ცრუ სიმართლით დაბრმავებული გონებააო. წმინდა წერილიც ხომ გვასწავლის: "გზანი უგუნურთანი მართლიად ჩანედ წინაშე მათსა" (იგავი 12,15). ბიბლია მოგვიწოდებს, ღრმად ჩავიხედოთ საკუთარ სულში და გამოვიძიოთ: რისა გვწამს, როგორ გვწამს, რა აზრები გვამოძრავებს, რამდენად გულწრფელია ჩვენი რწმენა ან ხომ არ ვაწებებთ სარწმუნოებას მისი ბუნებისათვის უცხო ელემენტებს, რასაც მცდარი გზით მივყავართ...

აკაკი წერს: "უმეცრებისთვის ამაოდმორწმუნეობა სარწმუნოებისა და სჯულის ცალია, მაგრამ უფრო სახელდახელო და ამიტომაც აღმსარებელიც მეტი ჰყავსო" ("ბოდვა").

- დაბოლოს, ჩვენი ერის ხსნა და "ძლევა ბარბაროსთა ზედა" მართლმადიდებლობაშია...

- ეს აზრი და იდეა შესანიშნავად აქვს გამოხატული წმინდა ილია მართალს: "ჩვენი ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულთ-მომქმედი მხნეობა, თავგანწირვა, თავდადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათელით არის განსხივებული, იმ შარავანდედით არის მოსილი, რომელიც "ძელმა ჭეშმარიტებისამან", წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზედ სხივოსანის ასოებით, ქრისტეს წმინდა სისხლით დაწერილი იყო და არის იგი მცნება, რომელიც უდიდესია, უძლიერესი ყოველს სხვა მცნებაზედ: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.

ამ მცნების მოძღვარს ეთაყვანა ჩვენი ქვეყანა; იგი აღიარა ღმერთად და იმას აუნთო თავისი გული წმინდა სანთლად, რომელიც დღეს-აქამომდე არ გამქრალა და არც გაჰქრება, მინამ არ გაჰქრება თითონ ქართველიც. ამ კაცთმოყვარე ღმერთისთვის იწამა ჩვენი ქვეყანა, მას ანაცვალა, მას შესწირა ყოველივე, რაც-კი ადამიანს საბედნიეროდ აქვს მონიჭებული, ეკლის გვირგვინი დაიდგა თავზე, თხუთმეტი საუკუნე გულგაუდრეკლად ატარა თავ-პირდასისხლიანებულმა, ჩვენს დრომდე შეუმწიკვლელად მოიტანა..." ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისთვის, ჩვენ კი - ჯვარს ვეცვით ქრისტესთვის და ამ ერთმა მუჭა ერმა შევინარჩუნეთ ყველაზე ძვირფასი სამი საუნჯე: "ენა, მამული, სარწმუნოება".

წმინდა მეფემ, დავით აღმაშენებელმა, დიდგორის ომის წინ მიმართა თავის ლაშქარს: "ეჰა, მეომარნო ქრისტესნო! თუ ღმერთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ. ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით; ვიდრე გავიქცევით". მეფე დავითის ასეთმა რწმენამ და გასაოცარმა საბრძოლო შემართებამ დიდი გავლენა იქონია მეომრებზე, უკან დახევა არავის უფიქრია და აღსრულდა ძლევაი საკვირველი - ქართველთა მცირერიცხოვანმა ჯარმა, უფლის წყალობით, სძლია მტრის ნახევარმილიონიან ლაშქარს. საქართველოს და მის ღვთივკურთხეულ მეფეს ღმერთი შეეწია ამ უთანასწორო ომში. ისტორია ასე მოგვითხრობს ამ ომის შესახებ: "ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას და წმინდა დიდმოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა".

ღმერთი შეეწიოს "ღვთივდაცულ" ჩვენს ერს, მოანიჭოს მას "ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა"... "უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით..." ამინ!
ბეჭდვა
1კ1