"მართლმადიდებლები ხშირად ვახსენებთ განღმრთობას, მაგრამ გვავიწყდება, რომ ჯერ უნდა გავადამიანურდეთ"
"მართლმადიდებლები ხშირად ვახსენებთ განღმრთობას, მაგრამ გვავიწყდება, რომ ჯერ უნდა გავადამიანურდეთ"
კითხვებს, რომელნიც ახალი და, დროის "სპეციფიკიდან" გამომდინარე, პასუხგაუცემელნი გვგონია, მართლმადიდებლობამ ამომწურავად უკვე უპასუხა და, თუ გულისხმავყოფთ, ეს პასუხები სრულ უნისონშია ხოლმე ჩვენივე სინდისთან, თუმცა, განმარტებას და თანამედროვე ენაზე "გადმოთარგმანებას" მაინც საჭიროებენ.

ანდრია კურაევი,
მოსკოვის წმინდა ტიხონის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის პროფესორი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის პედაგოგი, იმათგანია, რომელთა გამოცემების ტირაჟებმა რეკორდულ ნიშნულს გადააბიჯა და სულიერებისადმი ინტერესი თვით არამორწმუნეთა შორისაც აღძრა.

არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, იგი უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა ბევრისთვის და ამიტომაც გთავაზობთ ამ ინტერვიუს.

- მამა ანდრია, როგორ წარმოგიდგენიათ ახალგაზრდათა მსახურება ეკლესიაში?

- მსურს, ყურადღება იმას მივაპყროთ, რომ ეგრეთ წოდებული "ტოტალიტარული სექტები", როგორც წესი, ყოველთვის ახალგაზრდულია. განა ხშირად ხედავთ კრიშნას სადიდებლად აცეკვებულ ბებიებს ან მუნის სექტისთვის მოწყალების შემკრებ ხანდაზმულ ადამიანებს? საქმე ის გახლავთ, რომ ახალგაზრდების სულისთვის დამახასიათებელია მსხვერპლშეწირვის, ყოვლისმომცველი მსახურების იდეალი.

ერთ-ერთი მიზეზი რუსულ მართლმადიდებლურ ტაძრებში ახალგაზრდათა სიმცირისა ის გახლავთ, რომ მოძღვარსა და მათ შორის ურთიერთობა ძალზე ლიბერალური და ჰუმანურია.

მაგალითი გნებავთ? კი ბატონო: მოდის ახალგაზრდა ტაძარში და მღვდელს ეუბნება, რომ მონათვლა და ცხონება სურს, და აი, რა პასუხს იღებს ხშირად: - კარგი, ბატონო, შეიძინეთ სანთლები და ახლავე მოგნათლავთ; აი, წიგნი, მერე წაიკითხეთ და, საერთოდ, კარგად მოიქეცით, კარგად ისწავლეთ და დღესასწაულებზე მოდით ხოლმე ჩვენთან...

მაგრამ თუ მოძღვარი, როგორც ქარიზმატი (იგულისხმება ერთ-ერთი რელიგიური სექტა) ეტყვის: - თუ მართლა გსურს სულის ხსნა, მიატოვე უნივერსიტეტი, წამოდი შინიდან, სარდაფში იცხოვრე, დილიდან ვიდრე დაღამებამდე "კრეშატნიკზე" იმათხოვრე ჩემი აგარაკისთვის თანხის საშოვნელადო, - ახალგაზრდა მას მყისვე ნამდვილ გურუდ მიიღებს.

ხშირად მსმენია: მართლმადიდებელი ეკლესია ზომაზე მეტად ტოტალიტარული და იერარქიულია და სწორედ ამიტომ არ დადიან იქ ახალგაზრდებიო, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია.

ჩემი აზრით, სამრევლო სტრუქტურებში მეტი მორჩილება უნდა სუფევდეს, რადგან ვაჟსა თუ გოგონას, როდესაც ტაძრის წიაღში მოვა, ესმოდეს, რომ აქ არის შრომისა და მათი ენერგიის გამოყენების ადგილი ისეთ საქმეებში, როგორიც გახლავთ მოწყალება, ანტისექტანტური წრეები და სამისიონერო, საბიბლიოთეკო თუ სარესტავრაციო საქმე.

რადაც უნდა დაგვიჯდეს, ახალგაზრდებისთვის ისეთი მსახურების და მორჩილების ფორმა უნდა მოვიფიქროთ და შევქმნათ, რომ ნორმალური სწავლა და ოჯახური ცხოვრება შეძლონ და, ამასთან, თავი ეკლესიისთვის საჭირო ადამიანებად შეიგრძნონ.

- საერო განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს საზოგადოება აქტიურად და ფართოდ განიხილავს, მაგრამ რა პრობლემები დგას სასულიერო განათლების სფეროში?

- ძალზე მნიშვნელოვანია, მოძღვარს სათანადო განათლება ჰქონდეს, რადგან სხვაგვარად იგი თავის მისიას ვერ აღასრულებს.

რაღა თქმა უნდა, სულიერი ნიჭები დიპლომებსა და უმაღლეს სასწავლებლებს არ საჭიროებენ. ყოველ მოძღვარს იოანე კრონშტადტელის დარ სიწმინდეს ვერ მოვთხოვთ, მაგრამ უნდა მოვთხოვოთ, თუნდაც, განათლება.

არსებობენ სხვადასხვა წოდებისა და მიდრეკილების პერსონები, მაგრამ ჭკუით დაჯილდოებულ ახალგაზრდებს, რომელთაც ტაძარში მსახურება ესათნოებათ, ვურჩევდი, უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე მიეღოთ განათლება, რადგან რელიგიის ისტორიის, აღმოსავლეთის კულტურის, აღმოსავლური ფილოსოფიისა და იქაური ენების გარეშე უკიდურესად გაუჭირდებათ მართლმადიდებლური აპოლოგიით ხელმძღვანელობა ჩვენს დროში.

ოციოდ წლის წინ ადამიანებს უკვირდათ, თუ მღვდელი განათლებული ფიზიკოსი იყო. დღეს კი უკვე აღმოსავლეთმცოდნე სასულიერო პირი იწვევს მათ გაოცებას.

ორიგინალში წაიკითხეთ ბუდისტური ტრაქტატები და ქრისტიანად დარჩით!

ჩვენ ქრისტიანი მისიონერები ტიბეტში ან ჩინეთში კი არ უნდა ვგზავნოთ, თავი სწორედ მათი ექსპანსიისგან უნდა დავიცვათ. აი, რაში მდგომარეობს ირონია ისტორიისა! თავის დროზე სწორედ ქრისტიანები წარგზავნიდნენ აღმოსავლელთა მოსაქცევად ათასობით მისიონერს, დღეს კი ისინი გვაყენებენ საპასუხო დარტყმას კრიშნაიდებისა თუ მედიტაციის სკოლების საშუალებით.

სწორედ ამიტომაა თითქმის იდეალური გზა საერო ინსტიტუტიდან სემინარიამდე.

- ქრისტიანობას არ ძალუძს, ეფექტურად შეეწინააღმდეგოს ნეორელიგიათა შემოტევას, რამდენადაც იგი დანაწევრებულია და შიდაქრისტიანული პოლემიკა ზოგჯერ მეტისმეტად მწვავეა. განა ეს მას არ ასუსტებს?

- მოგეხსენებათ, დამეგობრების საუკეთესო მეთოდი - საერთო მტრის მოძიებაა.

თუ პრაქტიკას დავეყრდნობით, როდესაც ახალგაზრდული სექტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა გვსურს, მართლმადიდებლებს, კათოლიკეებსა თუ პროტესტანტებს საერთო ენის გამოძებნა შეუძლიათ. არის შემთხვევები, როდესაც სექტანტების საწინააღმდეგო პროტესტანტული ლიტერატურა მართლმადიდებლურ ტაძრებში იყიდება და პირიქით, თუმცაღა, უიშვიათესად.

ბევრი სექტა დასავლეთმა შვა. ვფიქრობ, პროტესტანტებმა და კათოლიკეებმა ამ ექსპანსიისთვის პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ, რადგან ჭირი, რომელიც მათ გაავრცელეს, ჩვენშიც გადმოვიდა.

უკვე მერამდენე ათწლეულია, მათ სექტებთან აქვთ საქმე და მათზე დაკვირვების გამოცდილება და მათი დოქტრინების ანალიზიც გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, თუ ყოველივეს ჩვენც გაგვიზიარებდნენ. სწორედ ამაში მდგომარეობს თანამშრომლობის სფერო, რომელიც სრულიად რეალური და დასაშვებია.

- როგორი დამოკიდებულება გაქვთ ეგზორციზმთან?

- იგი მუდამ რეალური იყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ სადღეისოდ მრევლის ფსიქოლოგიის ერთგვარი სნეულებაა, როდესაც მავანი ეგზორცისტებს გამოსალოცად მეტისმეტად ხშირად მიმართავს და სხვებსაც ამას ურჩევს.

ადამიანები ძალზე დიდ ყურადღებას უთმობენ ბნელ სულებს. ნუ ვიფიქრებთ, რომ თუ მავანი რაიმე ვნებას ან ცოდვას ატარებს, შეპყრობილია. ყველა ცოდვილი ეშმაკეული როდია.

იგივე შეიძლება ითქვას სექტანტებსა და წარმართებზეც, მით უფრო, სულიერად სნეულებზე. ისიც ნიშნეულია, რომ ეგზორციზმისადმი ასეთი ინტერესი გასული საუკუნის ლიტერატურაში არ შეინიშნება. იმის უამრავ მაგალითს კი წააწყდებით, თუ როგორ იღვაწა ამა თუ იმ მოსაგრემ მრავალი წელი და რაოდენი სისხლი და ოფლი ღვარა ბოროტის განსადევნად და თუნდ ერთი სულის გამოსახსნელად. სადღეისოდ კი თეთრი თუ შავი სამღვდელოება ადამიანებით სავსე ტაძრებში განდევნიან ეშმაკებს. საკვირველია, ჩვენმა დროებამ მადლი განამრავლა თუ ეშმაკნი დასუსტდნენ?!

- პროტესტანტთა მოწმობით, მართლმადიდებლებისგან განსხვავებით, რომლებმაც სარწმუნოებაში უამრავი ადამიანური ფაქტორი შეიტანეს, სწორედ ისინი ინახავენ ჭეშმარიტ ქრისტიანობას. ამაზე რას უპასუხებდით?

- უნდა გითხრათ, რომ მუდამ თან დამაქვს ნახევრად იუმორისტული, ნახევრად კი სერიოზული პატარა ნახატი, რომელზეც ერთნი დედოფალს ხედავენ, სხვანი კი - მოხუცებულს, რაც იმას მოწმობს, რომ აღქმა პერსპექტივაზეა დამოკიდებული, - იმაზე, თუ ვინ როგორი თვალით ან როგორი განათებისას იხილავს მას.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, უნდა გავარკვიოთ, რა ადგილს იკავებს პროტესტანტიზმი ჩვენი არსებობის ისტორიაში, ბუნებრივია, წმინდა წერილის გაგება ყოველი ჩვენგანის მიერ სუბიექტურია და საიმისოდ, რომ ამ სუბიექტურობას თავისი ადგილი მივუჩინოთ და ღვთის სიტყვა არ ჩავახშოთ, პრობლემის არსი უნდა განვსაზღვროთ.

ის, რაც ბიბლიაში ცხადი გვეჩვენება, ყოველთვის როდია მისაწვდომი. დავუშვათ, მე მოსამართლე ვარ, ჩემს შესახებ ბიბლია არაფერს ამბობს, მაგრამ თუ ბიბლიით ხელმძღვანელობა მსურს, მოძიების პრობლემა მიჩნდება. რით ვიხელმძღვანელო? მაგალითისთვის, ჩემთან მოიყვანეს პირი, რომელმაც სამი კაცი დაჭრა. ვშლი სახარებას და ვკითხულობ, რომ ადამიანს შეიძლება სამოცდაათჯერ შვიდგზის მიეტევოს. შედეგად, ვითვლი, რამდენმა და რამდენგზის უნდა ჩაიდინოს დანაშაული, რომ დაისაჯოს.

მსგავს შემთხვევაში როგორი საქციელი გვმართებს? უნდა გვესმოდეს, რომ პროტესტანტიზმი ბიბლიის თავისებურ გაგებას ქადაგებს, რომელიც, რაღა თქმა უნდა, მართლმადიდებლურისგან განსხვავებულია და იმის ცოდნაც გვმართებს, თუ რაში მდგომარეობს ეს განსხვავებანი. არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ მართლმადიდებლებს ყოველ პროტესტანტულ კითხვაზე აქვთ ამომწურავი პასუხი. თუმცა, სამწუხაროდ, ეს პასუხები ეკლესიის ყოველმა წევრმა როდი უწყის. უნდა ვიცოდეთ, სად მოვიძიოთ ისინი და კონკრეტულად ვიკამათოთ.

- მართლმადიდებლობასთან პოლემიკაში ქარიზმატები ხშირად იშველიებენ მათ კრებულში აღსრულებულ კურნებებს. როგორ შეიძლება ავუხსნათ ეს მორწმუნეებს?

- ათეისტები არ ვართ, ამიტომ ვაღიარებთ სასწაულებისა და კურნების რეალობას.

მაგრამ მთავარი ისაა, თუ რა გვევლინება ამ კურნების წყაროდ, რადგანაც ვუწყით, რომ ჩვენს დაცემულ სამყაროში, სამწუხაროდ, მხოლოდ უფალი როდია სათავე იმისა, რაც ადამიანებს სასწაული ჰგონიათ.

ხანტი-მანსიისკში, სადაც ადრე ლექცია წავიკითხე, მიამბეს, რომ ქარიზმატებმა თავიანთი რიტუალებისთვის დარბაზი იქირავეს, თუმცა დროის ლიმიტს გადააჭარბეს... ქარიზმატული რიტუალის კულმინაცია - კურნებაა, რიც გამოც მათ რიტუალის შეწყვეტა არ ძალუძთ. მქადაგებელი დარბაზში ე. წ. პასებს იძლევა, რის შედეგადაც ადამიანებს გული მისდით და ეს მათთვის "სულიწმინდაში განსვენებას" ნიშნავს. თუ ამ დროს გარეშე პირმა სცენას ჩაუარა, მასაც გული მისდის და მქადაგებელსაც მეტი რა უნდა: შეხედეთ, თვით ურწმუნო და შემთხვევითმა ადამიანმაც კი იგრძნო ამ სასწაულის ძალა და შეჭმარიტებაო. მაგრამ გამოფხიზლებული "შემთხვევითი" სულ მალე იმედს უცრუებს და ეკითხება: ჩვენთან ისევ კაშპიროვსკის სეანსები ტარდებაო? თურმე, ნუ იტყვით, მსგავსი რამ ამ უკანასკნელს კაშპიროვსკის სეანსებზე ემართებოდა.

ასე რომ, ქარიზმატებთანაც და კაშპიროვსკისთანებთანაც ერთი და იგივე წარმომავლობის ენერგია მოქმედებს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ქრისტესთან.

იმავდროულად, მათ უნდა შევახსენოთ, რომ სულიწმინდის ნიჭები (ქარიზმები) მრავალგვარია, მაგრამ შინაგანად - ერთიანი და ამიტომაც დაუშვებელია რომელიმე ერთი მათგანის (ენებზე ლაპარაკი, სასწაულთმოქმედება) ამოგლეჯა და სხვათა (სიმდაბლე, მორჩილება, თავშეკავება, სიწმინდე...) დავიწყება. ამის სანაცვლოდ კი ძალზე ხშირად ვაწყდებით ზღვარგადასულ ამპარტავნებას.

- მამა ანდრია, სადღეისოდ ბევრი საუბრობს მონაზვნობის ინსტიტუტსა და ქორწინების პრობლემებზე...

- ღვთისმსახურების სამაგიდო წიგნში ეკლესიის საიდულმოთა შესახებ საუბარია ქორწინების კურთხევაზე, ცოლქმრულ თანაცხოვრებასა და გამრავლებაზე, ხოლო მათ, ვისაც ამგვარი ცხოვრება არ ძალუძს, ეკლესია მონაზვნობას ურჩევს...

ადამიანები ერთურთისგან განსხვავდებიან. ბერთა შორისაც ვიცნობ ისეთებს, რომლებიც მონასტრებში იმის გამო გაეშურნენ, რომ ქორწინებას მეტისმეტად მძიმე ტვირთად თვლიდნენ. ერთი ჩემი სემინარიელი ჯგუფელი იტყოდა ხოლმე: "მე სუსტი ადამიანი ვარ, ერთდროულად ოჯახისა და ეკლესიის მსახურებას ვერასდროს შევძლებ, ორი ჯვრის ტვირთვა არ ძალმიძს, ამიტომ ღვთის მსახურებას ვირჩევო". უფალი ყველას თავის ჯვარს აძლევს და არ მგონია, ერთი გზა მეორეზე აღმატებულად მიიჩნეოდეს.

- საერო მუსიკის შესახებ რაღას გვეტყოდით?

- მართლმადიდებლები ხშირად ვახსენებთ განღმრთობას, მაგრამ გვავიწყდება, რომ ჯერ უნდა გავადამიანურდეთ, იმიტომ რომ ხშირად ელემენტარული წესიერებაც კი არ გაგვაჩნია და საკუთარ თავს ანგელოზად და მადლში მყოფ არსებად წარმოვიდგენთ ხოლმე, ადამიანური გულისხმიერება და წესიერება კი გვავიწყდება.

ამიტომ ყოველივე ის, რაც ადამიანის ადამიანად ქცევას უწყობს ხელს, მათ შორის, შესაბამისი საერო მუსიკაც, ეკლესიისთვის მისაღები და მოსაწონია. ხოლო ის, რაც ადამიანს სახეს აკარგვინებს და პირუტყვს ამსგავსებს, რაღა თქმა უნდა, დასაძრახია.
ბეჭდვა
1კ1