საფეხური VI-VII - VI. სიკვდილის მოხსენებისთვის; VII. ცოდვათაგან განმწმენდელი გლოვისთვის
საფეხური VI-VII - VI. სიკვდილის მოხსენებისთვის; VII. ცოდვათაგან განმწმენდელი გლოვისთვის
როგორც ჰაერია ნებისმიერ სხვა საკვებზე აუცილებელი, ასევე სიკვდილის ხსენება ნებისმიერი ღვაწლის აღსრულებისთვის არის საჭირო
"ყოველი სიტყვის ამოთქმას განსჯა უძღვის წინ. ტირილსა და გლოვას სიკვდილისა და ცოდვის ხსოვნა მიუძღვება", - გვასწავლის წმინდა იოანე კიბისაღმწერელი, რომლის სათნოებათა კიბის მეექვსე საფეხური სიკვდილის ხსოვნის აუცილებლობას გვავალდებულებს. "ხსოვნა სიკვდილისა ყოველდღიური სიკვდილია, ამ ქვეყნიდან გასვლის მარადიული ხსოვნა - ყოველწუთიერი გოდება"... მისი განმარტებით, სიკვდილის შიში ადამიანური ბუნების თვისებაა, რომელიც ურჩობიდან გამომდინარეობს. სიკვდილის ხსენებაზე თრთოლა-კანკალი მოუნანიებელი ცოდვის ნიშანია, "ქრისტეს ეშინია სიკვდილის, მაგრამ არ თრთის, რათა ორი ბუნების თვისებანი აშკარად აჩვენოს". ბერძნული ტექსტის რუსული თარგმანისთვის დართულ კომენტარებში ვეცნობით ნეტარი ავგუსტინეს განმარტებასაც ამ საკითხზე. იგი ამბობს: "ქრისტე როდესაც თავისი სიკვდილის მოახლოებას ხედავდა, წუხდა და იტანჯებოდა არა სისუსტის, არამედ ძლიერების გამო, რათა ჩვენ ცხონების იმედი არ დავკარგოთ მაშინ, როდესაც ძლიერების კი არა - სისუსტის გამო შევძრწუნდებით. ამგვარად, მას სურდა ენუგეშებინა ყველა უძლური იმით, რომ ნებით იტვირთა მათი უძლურება, რათა მივმხვდარიყავით, რაოდენ დიდ სიკეთეს უნდა მოველოდეთ მის ღვთაებრიობასთან ზიარებით, როდესაც თვით მისი მწუხარებაც კი სიმშვიდეს გვანიჭებს და მისი უძლურება განგვამტკიცებს".

წმინდა იოანე ამბობს: "როგორც ჰაერია ნებისმიერ სხვა საკვებზე აუცილებელი, ასევე სიკვდილის ხსენება ნებისმიერი ღვაწლის აღსრულებისათვის არის საჭირო". წმინდა მამა მონასტერში მოღვაწე მონაზვნებსა და დაყუდებულ ბერებსაც ბევრ სასარგებლო დარიგებას აძლევს: "ჭეშმარიტად კეთილ გამოცდილებას ფლობს იგი, ვინც ყოველდღიურად ელის სიკვდილს, მაგრამ ჭეშმარიტად ნეტარია ის, ვინც ყოველ წუთს ნატრობს მას". აქვე ღირსი მამა ხაზგასმით მიუთითებს, რომ სიკვდილის სურვილი მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, როცა ადამიანი სიმდაბლით, სულიწმინდის შთაგონებით ნატრობს ამა სოფლიდან გასვლას, ამიტომ სინანულის უქონლობიდან გამომდინარე სასოწარკვეთილი მდგომარეობით გამოწვეული სიკვდილის მოხმობა ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია.

იმ ადამიანთა საყრადღებოდ, რომლებიც ეძიებენ, მაგრამ ვერ გაუგიათ, რატომ არ მოგვცა უფალმა სიკვდილის მოახლოების წინასწარ განჭვრეტის უნარი, წმინდა იოანე ამბობს, - ამ საიდუმლოს შეუცნობლობა ისევ ადამიანის სულის საცხოვნებლად დაუშვა ღმერთმა. ასე რომ არ ყოფილიყო, აღარავინ იჩქარებდა ნათლისღებას, მონაზვნობას, ცოდვათა მონანიებას და ადამიანი ცხორებას უსჯულოებით განლევდა და მხოლოდ ამ ქვეყნიდან განსვლის ჟამს გაუჩნდებოდა განწმენდის სურვილი, "მაგრამ ხანგრძლივი ჩვევის გამო ცოდვა უკვე ადამიანის ბუნებად გადაიქცეოდა და სრულიად გამოუსწორებელი დარჩებოდა".

საკუთარი ცოდვების გლოვისას ნუ დაუჯერებ იმ ეშმაკს, რომელიც ჩაგაგონებს, რომ ღმერთი კაცთმოყვარეა და გლოვის გარეშეც შეგინდობს. ამას იმისთვის გეუბნება, რომ გლოვასა და ღვთის შიშს ჩამოგაშოროს. აზრი ღვთის გულმოწყალების შესახებ მხოლოდ მაშინ შეიწყნარე, როცა ხვდები, რომ სასოწარკვეთილების უფსკრულში იძირები. ვისაც სურს, რომ სულში სიკვდილის და ღვთის სამსჯავროს ხსოვნა შეინარჩუნოს და ამასთანავე სოფლის შფოთსა და ზრუნვასაა მიცემული, ის ჰგავს ხელებშებოჭილი მოცურავის მცდელობას. აქვე წმინდა იოანე შეგვახსენებს იმ სარგებელზე, რაც სიკვდილის ხსოვნას მოაქვს ადამიანის სულისათვის - სიკვდილის ცოცხალი ხსენება ნაყროვანებას აღუდგება წინ; საჭმლის სიუხვე კი ცრემლის ნაკადულს დაშრეტს.

"წყურვილი და მღვიძარება გულს შემუსრავს. შემუსვრილი გულისგან კი ცრემლთა მდინარე იშვება. ჩემი ნათქვამი ნაყროვანთათვის მეტად მკაცრია, ზარმაცებისთვის - წარმოუდგენელი, მაგრამ მოღვაწე გამოცდის მას გულმოდგინებით. ვინც ეს გამოცდილებით შეიცნო, დიდად იხარებს, მაგრამ ვინც ჯერ კიდევ ეძიებს, ის მწუხარებას ვერ გაექცევა, - გვაფრთხილებს ღირსი იოანე, - როგორც მამები ამბობენ, სრულყოფილი სიყვარული არასოდეს დაეცემა, ასევე მე ვამტკიცებ, რომ სიკვდილის სრულყოფილი გრძნობა შიშისგან თავისუფალია". ამის შემდეგ მოყვანილია მოღვაწე მამათა მაგალითები. აქვე მოთხრობილია ქოზიფას მთაში მცხოვრები ბერი ევსუქის ამბავიც, რომელიც "თავდაპირველად მეტად უზრუნველად ატარებდა დროს და სულზე ოდნავადაც არ ზრუნავდა. შემდეგ მოურჩენელი სენი შეეყარა და 1 საათის განმავლობაში მიცვალებულივით იწვა. როცა გონს მოვიდა, ყველას გვევედრა, განვშორებოდით და თავისი სენაკის კარი შიგნიდან ჩარაზა. ამის შემდეგ 12 წელი ისე იცხოვრა, რომ არავისთვის სიტყვაც არ უთქვამს და არც პურისა და წყლის გარდა მიუღია რაიმე. დახშულ სენაკში მჯდომარე ღვთის წინაშე ძრწოდა და გოდებდა იმის გამო, რაც გრძნობადაკარგულმა იხილა. მას არასოდეს შეუცვლია ცხოვრების წესი, მაგრამ ყოველთვის სინანულის ცხარე ცრემლს ღვრიდა. როცა სიკვდილი მოუახლოვდა, კარი შევამტვრიეთ და სენაკში შევედით, დიდხანს ვევედრეთ, მაგრამ არ გვპასუხობდა, ბოლოს მხოლოდ ეს სიტყვა გავიგონეთ - "შემინდეთ, ვინც სიკვდილის ხსოვნა მოიხვეჭა, მას ცოდვის ქმნა აღარ შეუძლია". განგვაცვიფრა ამ დაუდევარ ადამიანში ასეთმა ნეტარმა ცვლილებამ და ფერისცვალებამ. ის სასაფლაოზე გალავნის ახლოს დავკრძალეთ. გარკვეული დროის შემდეგ ვეძებდით მის წმინდა ძვლებს, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. უფალმა ამგვარად დაამოწმა ევსუქის გულითადი და საქებარი სინანული და ჩვენ გვამცნო, რომ ღმერთი შეიწყნარებს მას, ვისაც ხანგრძლივი დაუდევრობის შემდეგ გამოსწორება სურს", - აღნიშნავს წმინდა იოანე და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სიკვდილის ხსოვნა ღვთის მადლია.

"ვინც ყველაფრისთვის, რაც ამ სოფელს ეკუთვნის, მოაკვდინა თავი, მას ჭეშმარიტად ახსოვს სიკვდილი, ხოლო მას, ვინც ჯერ კიდევ შეპყრობილია რაიმე ვნებით, არ ძალუძს, სიკვდილზე ფიქრობდეს გამუდმებით, რადგან საკუთარი თავის მტერია.

ნუ ისურვებ, რომ სხვათა მიმართ კეთილი განწყობა სიტყვით დაამტკიცო, შესთხოვე უფალს, რომ შენი სიყვარული მათ უხილავად გამოუცხადოს, სხვაგვარად სიყვარულის გამოსახატავადაც და გლოვისთვისაც დრო არ გეყოფა.

თავს ნუ იცდუნებ, ჰოი, უდებო მოღვაწეო, იმის ფიქრით, რომ დღეს გასაკეთებელ საქმეს ხვალ გააკეთებ, რადგან დღე მისთვის განკუთვნილი საქმის ღვთივსასურველად შესრულებისთვისაც კი არ არის საკმარისი.

"სრულიად შეუძლებელი საქმეა, რომ კაცმა თუნდაც ერთი დღე განვლოს ღვთისნიერად, თუ იგი არ ფიქრობს, რომ ეს მისი ცხოვრების უკანასკნელი დღეა".

წმინდა იოანე კიბისაღმწერელი მეექვსე სიტყვას ამ შეგონებით ამთავრებს:

"მეექვსე საფეხური: ვინც მასზე ავიდა, იგი არ შესცოდავს უკუნისამდე - "იხსენებდი უკანასკნელსა მას დღესა სიკვდილისა შენისასა და უკუნისამდე არა სცოდო" (ზირაქ. 7,39).

***
წმინდა იოანე სინელის სათნოებათა კიბის მეშვიდე საფეხური გლოვის შესახებ გვაძლევს განმარტებას. "გლოვა ისეთი გრძნობაა, რომელიც გულს გამუდმებით აღსარებისკენ უბიძგებს, იმდენად იწვის გული მხურვალე ლოცვით. ბუნებრივია, აქ საუბარია ჭეშმარიტ გლოვაზე, რომელიც ყოველივე ხორციელი ნუგეშის მოკვეთაა მწუხარების გარეშე" - სინანული ყველაფერი იმისგან განშორებაა, რაც ამ სოფელზე მიგვაჯაჭვავს, და სრული მწუხარების მოხვეჭა, რომელიც სიკეთის მომტანია - წმინდა მამა მონანულის გულს ისრით უკურნებლად დაჭრილს ადარებს, რომელსაც თავისი მიზნის მიღწევის დაუოკებელი სურვილი ამოძრავებს.

ჭეშმარიტი გლოვა არის მწუხარე სული, გამუდმებული ცრემლის ღვრა... ნეტარია იგი, ვინც მწუხარებას ეძიებს, მოთქმით მიჰყვება მას და ვისაც უპატიობა სწყურია, რადგან იგი ჭეშმარიტად უკვდავი სულით გაძღება, - შეგვაგონებს წმინდა მამა, რომლის სწავლებითაც - კაცთმოყვარე ღმერთს ჩვენთვის გლოვა რომ არ მოენიჭებინა, მაშინ, ჭეშმარიტად, ძალიან ცოტა თუ ცხონდებოდა.

"ჩვენ სულთქმასა და გლოვას აღვუვლენთ უფალს. მოშიშებით დაღვრილი ცრემლი ღვთის წინაშე გვშუამდგომლობს. ხოლო ის ცრემლი, რომელიც ყოვლადწმინდა სიყვარულის მიერ დაგვედინება, გვარწმუნებს, რომ ჩვენი ლოცვა შესმენილია.

ლოცვაზე ძრწოლით იდექი, როგორც მსჯავრდადებული ავაზაკი დგას სამსჯავროს წინაშე, რათა შენი შინაგანი თუ გარეგანი შესახედაობით მართალი მსაჯულის რისხვა დააცხრო; რადგან მას არ ძალუძს უგულებელყოს დაქვრივებული სული, რომელიც მწუხარედ დგას მის წინაშე და აწყინებს მისთვის მოუწყენელ ღმერთს".

წმინდა იოანე კლემაქსის შედარებით, "ეშმაკს ისე ეშინია ჭეშმარიტი გლოვის, როგორც ქურდს ძაღლისა... როგორც დამალული საუნჯე უფრო ძნელად მისაწვდომია მტაცებელთათვის, ვიდრე სავაჭროდ გამოტანილი", ასევე საკუთარ თავში ჩაღრმავებით გამოწვეული შინაგანი ტირილიც უპირატესია გამოხატულ მწუხარებაზე; "სრულქმნილი იგია, ვინც ისე ტირის, როგორც უფალს სურს.

ნუ მიბაძავთ მკვდართა დამმარხველებს, რომლებიც ხან დასტირიან მათ, ხან კი მათთვის სვამენ და თვრებიან. არამედ ემსგავსე დილეგის ტუსაღს, ყოველდღიურად გვემას რომ იტანს მტარვალთაგან.

ვინც ხან გლოვობს, ხან ტკბება და სამხიარულო ამბებს ჰყვება, იმ კაცს ჰგავს, ვინც ძაღლებს ქვის ნაცვლად პურს ესვრის; თითქოს ამით განდევნის, სინამდვილეში კი თავისკენ იზიდავს მათ".

როგორ უნდა განვასხვაოთ ჭეშმარიტი გლოვა ცრუ გლოვისაგან, ან როგორ ცრემლს შეიწირავს ჩვენგან უფალი? წმინდა მამის განმარტებით, ჭეშმარიტი გლოვა ტკივილია სულისა, რომელიც არ თავმაღლობს და როგორც მაცოცხლებელ წყაროს, მხოლოდ ღვთისგან ელის ნუგეშს, იგი თავმდაბალთა ხვედრია. "ცრუ გლოვა ამპარტავნებას ბადებს, ჭეშმარიტი კი - ნუგეშს". წმინდა იოანე ეკლესიის მამათა გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს: "ცრემლის მნიშვნელობა მრავალგვარია და მას სხვადასხვა მიზეზი აქვს. განსაკუთრებით - დამწყებთათვის და ის შეიძლება იყოს გამოწვეული: ბუნებისგან, ღვთისგან, არასწორი მწუხარებისგან, ჭეშმარიტი მწუხარებისგან, ამპარტავნებისგან, სიძვის ვნებისგან, სიყვარულისგან, სიკვდილის ხსოვნისგან და სხვა მრავალნაირი აღძვრისაგან". გავავლოთ პარალელი წმინდა ანასტასი სინელის შეხედულებასთან. იგი ამბობს: "არსებობს ბუნებრივი ცრემლი, როდესაც ამპარტავნების ან რაიმე ეშმაკეული სურვილის გამო ვტირით, არის ლოთობის ან ნაყროვანების გამო დაღვრილი ცრემლი, მაგრამ არსებობს გამწმენდი ცრემლიც, რომელსაც ღვთის შიში, სიკვდილისა და მარადიული სატანჯველის ხსენება შობს. ეს უკანასკნელი ცრემლი, თუ მას შევინარჩუნებთ და ტკივილი გაგვიძლიერდება, გადაიქცევა სულიერ ცრემლად, რომელშიც უკვე აღარ არის შიში, არამედ სიყვარული ღვთისადმი, სულიწმინდის მიერ ნუგეშისცემა, განათლება და სიხარული".

წმინდა იოანეს განმარტებით: როგორც ცეცხლი წვავს ლერწამს, ასევე წმინდა ცრემლები ყოველგვარ შინაგან და გარეგან უწმინდურებას დაწვავს. ბოლოს იგი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უფალი არ ითხოვს და არც სურს, ადამიანი გულისტკივილით ტიროდეს, არამედ სურს, მისადმი სულიერი სიხარულით იხარებდეს. მოიშორე ცოდვა და თვალთაგან ცრემლის დენაც აღარ დაგჭირდება, რადგან თუ ჭრილობა არ არის, არც სალბუნია საჭირო.

ადამს ცოდვით დაცემამდე ცრემლი არ ჰქონდა, ისევე როგორც აღარ ექნება ის აღდგომის შემდეგ, როდესაც დაიძლევა ცოდვა (საუბარია მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომაზე ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს), რადგან მაშინ განგვეშორება სალმობა (ავადმყოფობა), მწუხარება და სულთქმა (ისაია 35,10).

"ჰოი, ძმებო, ჩვენ განსვლის ჟამს ბრალს როდი დაგვდებენ იმაში, რომ სასწაულებს არ აღვასრულებდით, ან ღვთისმეტყველები რომ არ ვიყავით, ან ხილვები რომ არ გვქონდა, არამედ უეჭველია, ღმერთს პასუხს მივუგებთ იმაზე, რომ განუწყვეტლად ჩვენს ცოდვებს არ დავტიროდით".

წმინდა იოანე კიბისაღმწერელი სათნოებათა მეშვიდე საფეხურზე საუბარს ამ შეგონებით ასრულებს: "საფეხური მეშვიდე. ვინც მასზე ავა, მეც შემეწიოს, რადგან მას შემწეობა აღარ სჭირდება, რამეთუ მეშვიდე საფეხურზე მხოლოდ ამსოფლიური ბიწისაგან განბანილი შეძლებს შედგომას".
ბეჭდვა
1კ1