რა არის მრთლმადიდებლობა?
რა არის მრთლმადიდებლობა?
ათონის წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტრის ქართველი ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია):
-მართლმადიდებლობას არა მარტო მასში გაურკვეველი ადამიანები, არამედ, სამწუხაროდ თვით მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი სხვა ქრისტიანული კონფესიებისგან ანსხვავებს მხოლოდ პირჯვრის გადაწერის მეთოდით, ან ხატთა და სხვა სიწმიდეთა თაყვანისცემის კულტურით, ან თავისებური არქიტექტურით, ან სხვა რაიმე გარეგნული ნიშნით. და ბევრმა მართლმადიდებელმა არც კი იცის თავისი სარწმუნოების არსი.

მართლმადიდებლობა არის ღვთის მართლად, სწორად დიდება და რადგანაც ღმერთი სიყვარულია და მისი დიდება სიყვარულის პრინციპის განუხრელი დაცვაა, ამიტომ მართლმადიდებლობა არის სიყვარულის დიდება, ქრისტესმიერი სიყვარულის აბსოლუტური რეალიზაცია, როგორც თეოლოგიურ-დოგმატურ და ლიტურგიკულ სფეროში ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სიყვარულის დიდების და ღვთის სიყვარულში მისტიკური წვდომის ფორმულა მოცემულია მოციქული პავლეს წერილში ეფესელთა მიმართ: "და იყოთ თქვენ ფესვგადგმულები და დაფუძნებულები სიყვარულში, რათა შეძლოთ თქვენ ყველა წმიდასთან ერთად ჩაწვდეთ, რა არის განძი და სიგრძე და სიმაღლე და სიღრმე, და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული, ცოდნას რომ აღემატება, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით." (ეფეს. 3,17-19) ეს ფორმულა არის უნივერსალური მოქმედების პროგრამა როგორც მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მთლიანად, ასევე კერძოდ ცალკეული პიროვნებისთვის, რამეთუ იგივე პავლე მოციქულის თქმით "სიყვარული რჯულის აღსრულებაა." (რომ. 13.10)

მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა! მაშ რატომ გახდა საჭირო ქრისტიანობის ჭეშმარიტი აღმსარებლობის დამატებითი ტერმინით დაფიქსირება?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ოდნავ ქრისტიანობის ისტორიას უნდა გადავხედოთ. ქრისტეს მიერ გამოცხადებულ სიყვარულის აბსოლუტურობის პრინციპს თვით ქრისტიანული ეკლესიის შიგნით თავიდანვე ორი დაჯგუფება დაუპირისპირდა. პირობითად ერთს დავარქმევთ "ბერძნებს", ხოლო მეორეს "ებრაელებს". ეს ტერმინები ჩვენს მსჯელობაში არ ატარებენ ნაციონალურობის დატვირთვას და აღებული არიან მოციქული პავლეს ცნობილი ფრაზიდან: "ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის უგუნურებას." (1 კორინ. 1,23). სწორედ აქ ნაგულისხმევ ბერძენთა და იუდეველთა სწავლების გავლენით, შემდგომ, ქრისტიანულ ეკლესიაში მუდამ იყვნენ "ბერძნები", რომლებიც ძველბერძნული ფილოსოფიური აზროვნების კულტურიდან გამომომდინარე ღმერთში უპირატესად სიბრძნის პრიმატს აღიარებდნენ, და "ებრაელები", რომლებიც იუდაისტური რელიგიური წარმოდგენების კულტურიდან გამომდინარე უპირატესად უფლის მთავარ მახასიათებლად ყოვლისშემძლეობას - აბსოლუტურ ძალაუფლებას ხედავდნენ, ამიტომ ორივე დაჯგუფება ღვთის სიყვარულის უსასრულობას უარყოფდა. მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები იღებდნენ უპირობოდ ჯვარცმის "საცდურს და უგუნერებას" და ის ღვთის სიყვარულის აბსოლუტურ გამოვლინებად მიაჩნიათ.

სწორედ ეკლესიის წიაღში მუდამ არსებული "ბერძნები" და "ებრაელები" იყვნენ ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში არსებული ყველა ერეტიკული მოძღვრებების ავტორები და სწორედ მათი საქმიანობის შედეგია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას გამოეყო კათოლიკური ეკლესია და შემდეგ კათოლიკური ეკლესია მრავალ წვრილ კონფესიებად დაიშალა.

"იესო ქრისტე მხოლოდ მესიაა - რჩეული და ღვთისგან ცხებული ადამიანი" - ასწავლიდნენ "ებრაელები" (ებონიტელთა და კორინთეველთა ჰერესია), რომლებიც ღვთის განკაცებას ღვთის ყოვლისშემძლეობასთან შეუსაბამოდ მიიჩნევდნენ. "სიტყვა განკაცდა, მაგრამ ის არ არის ღმერთი, ის ღვთის ქმნილებაა", ასწავლიდნენ მეოთხე საუკუნეში არიანელთა ჰერესიის მხარდამჭერი "ებრაელები", რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ღვთის ძლევამოსილება საკმარისია, რომ ისეთი სრულყოფილი არსება მოავლინოს დედამიწაზე, რომ ცხონების საქმე აღასრულოს.
"ქრისტეში ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პერსონააა გაერთიანებული - ღვთიური და ადამიანური" ასწავლიდნენ "ბერძნები" (ნესტორიანელთა ჰერესია), რომლებსაც ღვთის სიბრძნიდან გამომდინარე არ შეეძლოთ ორი ბუნების - ღვთიურის და ადამიანურის ურთიერთდაუზიანებლად ერთ არსებაში არსებობის წარმოდგენა. "ქრისტეში მხოლოდ ერთი ბუნება არსებობს" ასწავლიდნენ ამის საწინააღმდეგოდ "ებრაელები" (ევტიხიანელთა ჰერესია), რომლებსაც არ შეეძლოთ დაშვება, რომ სიყვარულის საშუალებით შესაძლებელია ორივე ბუნების - ღვთიურის და ადამიანურის გაერთიანება. მათ მოჰყვნენ "ებრაელები" - მონოფიზიტები და იაკობიტები, რომლებმაც ისევ ააღორძინეს ევტიხიანელთა ჰერესია და საკუთარი ეკლესია დააარსეს. მალე გამოჩნდნენ ახალი "ბერძნები", რომლებმაც ღვთის სიბრძნესთან ღვთის განკაცების იდეა მიუღებლად ჩათვალეს (დოკეტთა ჰერესია) და ასწავლინენ რომ ღვტის სიტყვის ადამიანობა მხოლოდ მოჩვენება იყო და შესაბამისად ქრისტე ფანტომი იყო.
მეოთხე საუკუნეში "ბერძნებმა" ჩათვალეს საჭიროდ, რომ ქრისტეში ღვთიური და ადანიანური ბუნების ურთიერთშესაბამისობა შეეცვალათ და მასში ადამიანურად მხოლოდ მესამედი აღიარეს (აპოლინარიანელთა ჰერესია) და ეს მათი ცდუნებაც ისევ ღვთის სიბრძნის ადამიანურისგან დაცვის მცდელობიდან გამომდინარეობდა.
ასე გრძელდებოდა სიყვარულის პრინციპისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ომი ერთი მხრივ მართლმადიდებლებსა და მეორე მხრივ "ბერძნებსა" და "ებრაელებს" შორის და საბოლოოდ ეს დაპირისპირება ეკლესიის დიდი გახლეჩით დამთავრდა. ეს ორი ურთიერთდაპირისპირებული ბანაკი საბოლოოდ ორ ეკლესიად გაიყო. მართლმადიდებლობამ საბოლოოდ მოიშორა "ბერძნეთა" და "ებრაელეთა" ცდუნება, რამეთუ ისინი ერთად გადაბარგდნენ მეორე ბანაკში - კათოლიკური ეკლესიის წიაღში. მართლმადიდებლობამ ამით თავისი სწავლების სიწმინდე შეინარჩუნა და მას მერე ათასი წელია მასში დოგმატიკურ სფეროში ახალი ერეტიკული სწავლება აღარ წარმოშობილა. კათოლიკურ ეკლესიაში კი პირიქით "ბერძნებსა" და "ებრაელებს" შორის დაპირისპირება გაგრძელდა და შედეგად ამ ეკლესიას ასობით დიდი თუ მცირე ეკლესიები თუ კონფესიები გამოეყო.
მართლმადიდებლური ეკლესიის მთლიანობის გარანტი სწორედ სიყვარულის პრიმატის უპირობო აღიარებაა. მართალია ბოლო ათასი წელი ამ პრიციპის უზენაესობას მართლმადიდებელ ეკლესიაში არავინ შეხებია, პირიქით ის კიდევ უფრო გამდიდრა ამ უზენაესი პრინციპის პრაქტიკული რეალიზაციის მისტიკური გამოცდილებით (ისიხაზმი, იესოს ლოცვის კულტურა, ათონური ასკეტიზმის კულტურა და სხვა). მაგრამ მიუხედავად ამისა, ძნელად ვინმე თუ აღიარებს, რომ დღეს მართლმადიდებლური ეკლესია უცილობელი ავტორიტეტით სარგებლობს და ძლევამოსილია დღევანდელ მსოფლიოში. რაშია საქმე?
საქმე იმაშია, რომ მართალია მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თავისი დოგმატური სიწმინდე და ღვთის სიყვარულის პრიმატი ხელშეუხებლად შეინახა, მაგრამ ამ ღვთიური დოგმების პრაქტიკული რეალიზაციის პროცესში დაუშვა რამდენიმე შეცდომა, რამაც მისი, როგორც საყოველთაო ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა გამოიწვია და იწვევს დღესაც. ეს შეცდობებია:
1. პირველი შეცდომა ქრისტიანობის ნაციონალიზაციაა. ქრისტიანობის, როგორც სიყვარულის რელიგიის ძლევამოსილი მსვლელობა შეჩერდა მაშინ, როცა პოლიტიკამ ის თავის სამსახურში ჩააყენა. სანამ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა და ბიზანტიის იმპერიის ნაციონალური ინტრესების სამსახურში ჩადგებოდა, მას სხვადასხვა ერები ხელგაშლილნი ეგებებოდნენ, რადგანაც ქრისტეს მოძღვრების საფუძველი - საყოველთაო სიყვარული, განურჩევლად ეროვნებისა, წარმომავლობისა და ქონებრივი მდგომარეობისა ნებისმიერი ერის ადამიანისთვის მშობლიური და სანუკვარი იდეა იყო. მაგრამ, როგორც კი ეკლესია სახელმწიფი ინტერესების რეალიზაციის სამსახურში ჩადგა, როცა პოლიტიკოსთა მიერ ქრისტეს ნაციონალიზაცია განხორციელდა ქრისტიანობის თავისუფალი გავრცელება შეწყდა, ამიერიდან საჭირო იყო მისი ცეცხლით და მახვილით გავრცელება.
ღვთის ნაცინალური ინტერესების სამსახურში ჩაყენებამ დაღუპა ებრაული სახელმწიფო, ბიზანტიის იმპერია, რუსეთის იმპერია და ყველა ერი, რომელიც ამ დამღუპველ გზას დაადგება განწირულია სულიერი და ფიზიკური კრახისთვის. ეკლესია პოლოტიკის სამსახურში რომ არ ჩამდგარიყო ის დღესაც ერთიანი იქნებოდა.
პატრიოტია არა ის ვინც ქრისტეს და მის ეკლესიას ეროვნული ინტერესების შესაბამისად იყენებს, არამედ ნამდვილი პატრიოტია მხოლოდ ქრისტეს სიყვარულით გაბრწყინებული და გასხივოსნებული პიროვნება, რომელიც სულიერი სიწმინდის ჭრილში აფიქსირებს საკუთარი ერის მისიას და რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქრისტესმიერი სიყვარულია.
პოლიტიკოს პატრიოტს ერის მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯების განსაზღვრა შეუძლია და ისიც შეზღუდულად, ქრიატესმიერი სიყვარულით გასხივოსნებული პატრიოტი კი ერის სტრატეგიული განვითარების საფუძველია. ამიტომ ყოვლად დაუშვებელია ეკლესიის პოლიტიკაში ჩათრევის მცდელობა.
ეკლესიის ერთადერთი ფუნქცია ადამიანის სულის ხსნაა, მაღალსულიერი პიროვნების ძერწვაა, სიყვარულის, როგორც უზენაესი დომინანტის დამტკიცებაა. ეკლესიას არ სჭირდება სახელმწიფოს პროტექცია, მისი მფარველი და პროტექტორი თავად ღმერთია და ვისაც ამის არ სჯერა მას არ სწამს ღმერთის. არ არსებობს არც ქართველი ქრისტე, არც ბერძენი, არც რუსი და არც სერბი და არც სხვა ეროვნების ქრისტე, ის ღმერთია, ის სიყვარულია და ღმერთს ეროვნება არა აქვს, სიყვარული საყოველთაოა.
2. მეორე შეცდომა ადამიანის თავისუფლების ხელყოფაა. შუა საუკუნეებში ინკვიზიტორები ქრისტეს სახელით კოცონზე წვავდა ადამიანებს, რაც ქრისტიანული ეკლესიის სრული დისკრედიტაციით დამთავრდა. სიძულვილმა სიძულვილი შვა. ინკვიზიციის ამ საშინელ შეცდომას ზოგიერთი ღვთიამსახური დღესაც იმეორებს და მრევლს ასწავლის, რომ კულტურა და ხელოვნება ანტირელიგიურია, რომ საერო განათლება სულიერ ზრდას ხელს უშლის, რომ ლექსის წერა, სიმღერა და ცეკვა საფშვინველს აღაგზნებს, რითაც უმეცრების კოცონზე წვავენ ადამიანებს. განა ძველი და ახალი აღთქმა უმაღლესი პოეზიის გამოვლინება არ არის, განა ეკლესიის ლიტურგიკული და ჰიმნოგრაფიული ქმნილებანი პოეზიის უმშვენიერეს ნიმუშებს არ წარმოადგენენ, განა ეკლესიის ჰაგიოგრაფიული ძეგლები ლიტერატურის შედევრებად არ გვევლინებიან. ხელოვნება ღვთის ძიების ერთ-ერთი საშუალებაა და ადამიანი ხელოვნების გარეშე ცხოველია. კულტურა და განათლება ღვთის სულიერი წვდომის სასტარტო მოედანია.
ქრისტე გამარჯვებული ღმერთია, მან სძლია სიკვდილს და სიყვარული აქცია კაცობრიობის არსებობის მთავარ მამოძრავებელ ძალად, ამიტომ სიყვარულის ნებისმიერი გამოვლინება - ხელოვნების სახით თუ მისტიკური გამოცდილების სახით - ყველაფერი ღვთიურია.
3. კიდევ ერთი შეცდომა ბერული ცხოვრების იდეალიზაცია და უნივერსალიზაციაა. ბერობა ღვთის ძიების ერთ-ერთი გზაა, დიახ იდეალური და პირდაპირი გზაა, მაგრამ არა ერთად-ერთი. მისი ერის ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანა და აბსოლუტურ იდეალად დაფიქსირება ყოვლად შეუძლებელია და ისევ და ისევ ქრისტეს მოძღვრების დიაკრედიტაციას იწვევს. ბერული მოსაგრეობა და ასკეტიზმი სულიერი ცხოვრების მეთოდია და ამ მეთოდს ამ გზისთვის კურთხეული ადამიანები ირჩევენ. მაგრამ კაცობრიობა არასოდეს იქცევა ერთ დიდ მონასტრად, ასეთი ჩანაფიქრი არც ჰქონია უფალს, მან ადამიანის თავისუფლება თავისი სიყვარულის გამოვლენის ქვაკუთხედად აქცია, ამიტომ არჩევის საშუალების ხელოვნური შეზღუდვა ღვთის ჩანაფიქრს ძირფესვიანად ეწინააღმდეგება. ეკლესიის ფუნქციააა არა საზოგადოების სრული სტერილიზაციის მცდელობა, არამედ ყოველდღიური ცხოვრების თავისუფალი მსვლელობის პირობებში ცალკეული ადამიანის ცხონების პროცესის ხელშეწყობა და ისიც ამ ადამიანის თავისუფალი ნების გათვალისწინებით.

4. დიდი შეცდომაა აგრეთვე საეკლესიო წეს-ჩვეულებათა და ეკლესიის სიწმიდეების (ხატების, წმ. ნაწილების და ა.შ.) გაკერპებისკენ მისწრაფება. ეკლესიის პრაქტიკულ საქმიანობაში წარმართული ცრურწმენების და მაგიური ელემენტების კულტივაციის მცდელობა, ცრუ წინასწარმეტყველების და მდარე აპოკალიპტიკის გავრცელება. ქრისტეს მოძღვრების ქვაკუთხედი არის სიყვარული, და ამ მოძღვრების განუხრელი დაცვა და მისი ცხოვრებაში გატარება არის მართლმადიდებლობა. წმინდა ხატები, წმიდა ნაწილები და საეკლესიო წეს-ჩვეულებანი ქრისტესმიერი სიყვარულის ცალკეული გამოვლინებებია და ყოვლად დაუშვებელია ქრისტიანულ სულიერ პრაქტიკაში ამ წმინდა გამოვლინებებით თავად ქრისტეს ჩანაცვლება. თუ ეკლესია არ განიწმინდა წარმართული სულისკვეთებისაგან და მაგიზმისაგან მას საბოლოო ჯამში კრახი ელოდება.

აი, ამ და სხვა მიზეზების გამოა მართლმადიდებლობა - ერთად-ერთი ჭეშმარიტი ქრისტიანობა - ცივილიზაციის კიდეზე გარიყული. და სანამ ჩვენ არ განვიწმინდებით შუა საუკუნეობრივი "მრაკობესიისგან" მართლმადიდებლობის უმთავრესი მისია - სიყვარულში ადიდოს უფალი - შეუსრულებელი დარჩება. მართლმადიდებლობისთვის მისი სიწმინდის და ავტორიტეტის დასაბრუნებლად არ არის საჭირო არც რეფორმაციის ორგანიზირება და მით უმეტეს არც რევოლუციისკენ მოწოდება, არამედ საკმარისია ქრისტეს პირველადი ეკლესიის სიწმინდის რეკონსტრუქციის კეთილი ნება.

ბეჭდვა
1კ1