ჭეშმარიტი მწყემსი ისაა, ვისაც ძალუძს დაღუპული სიტყვიერი ცხვრების დასჯა და გამოსწორება
ჭეშმარიტი მწყემსი ისაა, ვისაც ძალუძს დაღუპული სიტყვიერი ცხვრების დასჯა და გამოსწორება
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს: - ხიბლშია ის, ვინც ფიქრობს, რომ წინამძღვარი არ ჭირდება და მხოლოდ თავისი თავის იმედი აქვს; ეგვიპტიდან გამოსულებს წინამძღოლად მოსე ჰყავდათ, ხოლო სოდომს განრიდებულთ - ანგელოზი. ვინც მოძღვრის დაუხმარებლად ბოროტ სულებს ებრძვის, მას ეშმა ამარცხებს. ვისაც უფლის ნების შეცნობა სურს, უპირველესად საკუთარი ნება უნდა ჩაიკლას, ილოცოს და რწმენით, არამზაკვრული უბრალოებით, შემუსვრილი გულით, უყოყმანოდ ჰკითხოს მოძღვარს და ძმებს და მათი რჩევები ღვთის მიერ წარმოთქმულად მიიღოს, თუნდაც მისი განზრახვის საწინააღმდეგო იყოს ან მოპასუხე სულიერებით არ გამოირჩეოდეს, რამეთუ უფალი უსამართალო არ არის და არ დაუშვებს, რომ სულები, რომელებიც რწმენით და თავმდაბლობით დაემორჩილნენ მოყვასის რჩევას და მსჯავრდებას, შეცდნენ. მოძღვარი უნდა ავირჩიოთ ჩვენი ვნებების ხარისხის შესატყვისად და მივენდოთ მას. თუ თავშეუკავებელი ხარ და ავხორცობისკენ მიდრეკილი, მაშინ მასწავლებელი შენი მოსაგრე და საკვების მიღებაში ულმობელი უნდა იყოს. და არა სასწაულთმოქმედი და ისეთი, რომელიც მზადაა, ყველა შეარიგოს და ტრაპეზი გაუშალოს. თუ ქედმაღალი ხარ, მაშინ მოიძიე მკაცრი მოძღვარი. არ უნდა ვეძებდეთ წინასწარმეტყველ და ნათელმხილველ მოძღვარს, არამედ უწინარეს ჩვენი ზნის და სულიერი უძლურების შესაბამის თავმდაბალ და ბრძენ მასწავლებელს. თუ შენთვის უცნობ მკურნალთან და უცნობ სამკურნალოში აღმოჩნდი, ფარულად დააკვირდი იქ მყოფთა ცხოვრებას და სულიერ გამოცდილებას. თუკი იგრძნობ შენი უძლურებისთვის სასარგებლოს, ან თუ იპოვნი მათ შორის, რასაც ეძებ, ანუ სულიერი ამპარტავნების მკურნალობას, მაშინ დაემორჩილე მათ და ანგელოზების თანდასწრებით გაანადგურე შენი ნების ქარტია. ჭეშმარიტი მწყემსი ისაა, ვისაც ძალუძს დაღუპული სიტყვიერი ცხვრების დასჯა და გამოსწორება გულმოდგინებით, გულკეთილობითა და ლოცვით. ჭეშმარიტი მასწავლებელი ისაა, ვინც ღვთისგან უშუალოდ მიიღო სულიერი გონების წიგნი, ჩაიბეჭდა გონებაში და სხვა წიგნები არ ჭირდება. როცა სულიერი მკურნალი ასეთ სიბრძნეს ღვთისგან შეიცნობს, ის ამარცხებს ვნებებს, რომლის განკურნვა ბევრმა ვერ შეძლო. მკაცრი სიტყვით მიმართავს მწყემსი იმ ცხვრებს, რომლებიც სიზარმაცის ან ნაყროვანების გამო ჩამორჩნენ ფარას, რადგან ესეც კეთილი მწყემსის თვისებაა.რამდენადაც მოძღვარი თავის თავში ხედავს როგორც მორჩილთა, ასევე საერო ადამიანების რწმენას, იმდენად ის მოვალეა სიფრთხილით მოეკიდოს ყველაფერს იმას, რასაც აკეთებს ან ამბობს, რადგან იცის რომ ყველა მას უყურებს, როგორც მაგალითს და მისგან ყველაფერს იღებს, როგორც წესსა და ჭეშმარიტებას. ღვთის სამსაჯავროზე მოძღვრის ფიქრში გავლილი ცოდვა მიიჩნევა უფრო მნიშვნელოვნად, ვიდრე მორჩილის მიერ საქმით ჩადენილი ცოდვა, რადგანაც მებრძოლის მიერ ჩადენილი დანაშაული ხომ უფრო მსუბუქია, ვიდრე მხედართმთავრის ბოროტმზრახველობა. ჭეშმარიტ მოძღვარს სიყვარული გიჩვენებს, რადგანაც სიყვარულის გამო იტვირთა ჯვარცმა უდიდესმა მწყემსმა.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1