ზეციური სასუფევლის წესრიგის მიწიერი ხატი არის ეკლესია
ზეციური სასუფევლის წესრიგის მიწიერი ხატი არის ეკლესია
წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილიც თავის ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ ვინც აღდგება საეკლესიო ხელისუფლებაზე და მოშლის მრევლში მშვიდობას და წესრიგს, იგი კონკრეტულ ეპისკოპოსებს კი არ შეურაცხყოფს, არამედ მათ ზეციურ თავს - იესო ქრისტეს.
-როგორია კანონიკური სამართლის დამოკიდებულება ღვთისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული შეცოდებებისადმი? - გვესაუბრება წმინდაექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, ბერი სტეფანე (ნატროშვილი)

-მართლმადიდებლური საეკლესიო სამართალი სულიერი სიმძიმის მიხედვით ახდენს ცოდვების შემდეგი სახით კლასიფიკაციას: 1. ცოდვები ღვთის წინააღმდეგ, 2. შეცოდება მოყვასის წინააღმდეგ, 3. საკუთარი თავის წინააღმდეგ, 4. საეკლესიო სახმართა (ანუ ეკლესიის ქონების, წმინდა და რიტუალური ნივთების) წინააღმდეგ.

ყველაზე ძნელად მოსანანიებელი დანაშაული ღმერთის წინააღმდეგ აჯანყება - აგრესიული ათეიზმი გახლავთ. ღვთისმბრძოლი ადამიანი ეშმაკს ემსგავსება, რადგან როგორც ვიცით, ხილული სამყაროს შექმნამდე, ამპარტავნებით შეპყრობილი ერთ-ერთი ქერუბიმი წავიდა საღვთო წესრიგის წინააღმდეგ, მოინდომა სამყაროს შემოქმედთან გატოლება. ამის გამო საკუთარ თანამოაზრე აჯანყებულ ანგელოზებთან ერთად, საუკუნოდ იქნა შთაგდებული ჯოჯოხეთის წყვდიადში. ეშმაკებისთვის სინანული უკვე შეუძლებელია. ისინი საკუთარი არჩევანით უარს ამბობენ მონანიებაზე და მზარდი გეომეტრიული პროგრესიით წარემატებიან დაცემულობაში.... განსხვავებული ვითარება გვაქვს ადამიანთან - მიუხედავად ცოდვის სიმძიმისა, ეკლესია ყოველთვის აძლევს გამოსწორების შანსს მონანულს და მზად არის დაეხმაროს ფეხზე დადგომაში. მთავარია პიროვნებამ გააცნობიეროს საკუთარი სისუსტეები და გამოხატოს სწორად ცხოვრების სურვილი. მაცხოვარი ბრძანებს სახარებაში: ,,რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე" (ინ.6; 37). თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც პირისთვის ცნობილია საღვთო ჭეშმარიტება, იცის ღმერთის არსებობის შესახებ, იცნობს სწორ სწავლებას მასზე, მაგრამ შეგნებულად უარყოფს, დასცინის და ებრძვის მას. ისინი ეკლესიის მიერ სინანულისაკენ მოწოდებისდა მიუხედავად განაგრძობენ ამ უდიდეს ცოდვაში ცხოვრებას. აღნიშნული ვითარების დროს კანონიკური სამართლის მიხედვით, გათვალისწინებულია სასჯელის ყველაზე იშვიათი და მძიმე ფორმა- შეჩვენება... ნიკეის მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრების მე-5 მუხლში ნათქვამია, რომ : ,, სასიკვდილო ცოდვაა, როდესაც ცოდვის მოქმედი ცოდვას სჩადის გამოუსწორებლად. ამაზე უარესია, თუ თავხედობით წინ აღუდგებიან კეთილმსახურებასა და ჭეშმარიტებას, ღმრთის მორჩილებაზე მეტად პატივს სცემენ მამონას და კანონებრივ განწესებებს არ მისდევენ. არ არის მათში უფალი ღმერთი" . შემოქმედის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად ითვლება ერესი, აგრეთვე სამღვდელო ხარისხის ფულით შესყიდვა, ანუ სიმონია. ამ ცოდვებისთვის ქალკედონის მსოფლიო კრების მე-2 და კართაგენის კრების 110-ე მუხლები ანათემას განაჩინებენ. ანათემა, სასჯელი პირველად გამოყენებული იქნა 325 წლის ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე ალექსანდრიელი მღვდლის არიოზის და მისი ცრუსწავლებისადმი.

როგორც მოგეხსენებათ, ზეციური სასუფევლის წესრიგის მიწიერი ხატი არის ეკლესია - მორწმუნეთა ერთობა, რომელნიც შეკრებილნი არიან მაცხოვრის სწავლების ირგვლივ. სიტყვა მწვალებლობა კი ძველი ქართული ტერმინის ,,განწვალებიგან" წარმოიშვა, რაც გაყოფას ნიშნავს...კაცთაგან შემოღებული ყოველი ახალი მოძღვრება, რომელიც არ მოდის თანხმობაში მოციქულთა ტრადიციასთან, წმინდა წერილთან, წმინდა გარდამოცემასთან, ეკლესიის ერთიანობას აყენებს ზიანს და მორწმუნე ერის გაყოფის საშიშროებას ქმნის. საეკლესიო სამართლის მიხედვით, ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია რაიმე სახით იერარქიული თუ კანონიკური დესტრუქციის შექმნისკენ (მაგ. სქიზმა) აღიქმება უდიდეს ცოდვად. გავიხსენოთ ძველი აღთქმიდან დათანის, აბირონის და კორეს მაგალითი. მათ ღმერთი და მისი სწავლება კი არ დაუგმიათ, არამედ უფლის რჩეულს და ებრაელი ერის წინამძღოლს, მოსეს აუჯანყდნენ, რის გამოც, ღვთის დაშვებით მიწამ ცოცხლად შთანთქა ყველა მათგანი (რიცხვთა.მე-16 თავი). წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილიც თავის ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ ვინც აღდგება საეკლესიო ხელისუფლებაზე და მოშლის მრევლში მშვიდობას და წესრიგს, იგი კონკრეტულ ეპისკოპოსებს კი არ შეურაცხყოფს, არამედ მათ ზეციურ თავს - იესო ქრისტეს. საეკლესიო კანონებით დაუშვებელია ამგვარ ცოდვაში მყოფი მოუნანიებლად გარდაცვლილი ადამიანებისთვის წესის აგება და ლიტურგიაზე მოხსენიება. უფრო მეტიც, მათი ქრისტიანულ სასაფლაოზე დაკრძალვაც კი.. აღნიშნული დადგენილება არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ეკლესია მისაგებელ, შურისძიებით სასჯელს უწესებს საკუთარ მდევნელებს. პირიქით, იგი გადმოსცემს ობიექტურ ჭეშმარიტებას და გვიჩვენებს როგორც ამქვეყნიური ჯანსაღი ცხოვრების, ისე ცხონების გზას. ღმერთი არავის სჯის. ყოველი ადამიანი ამა თუ იმ მოუნანიებელი ცოდვით თავად განაშორებს საკუთარ თავს ღვთისგან.შესაბამისად, დემოკრატიულობის პრინციპიდან გამომდინარე, პირის ნება - რომ მას არ სურს უფალთან თანაზიარება, სჯულის კანონში გამოიხატება სამართლებრივი ნორმების სახით და განჩინებულია მისი ეკლესიისგან განყენება.
ბეჭდვა
1კ1