ყოველი ტაძარი უფლისა არს, მაგრამ ყოველი როდი პოულობს უფალს სულის ტაძარში
ყოველი ტაძარი უფლისა არს, მაგრამ ყოველი როდი პოულობს უფალს სულის ტაძარში
ყოველი გზანი უფლისანი არიან, მაგრამ ყოველი გზა სათნო არ არის მისა. ყოველი სული როდი მსახურებს მას. ყოველი ტაძარი უფლისა არს, მაგრამ ყოველი როდი პოულობს უფალს სულის ტაძარში.

სული უხილავია, შეუმჩნეველი, მიუწვდომელი, ფაქიზი და შეუხებადია, მაგრამ ამასთან ერთად გრძნობადია. თავად ვერ ხედავ, მაგრამ ის მთლიანად მოგიცავს და განგმსჭვალავს. მისით შეუფასებლად მდიდარია ყველა, თვით ყველაზე ღატაკიც კი ამ წუთისოფელში. სად შეიძლება შევიმეცნოთ, შევიგრძნოთ და ვისწავლოთ მის შესახებ, სად შეიძლება ჩავიხედოთ მასში, როგორც სარკეში და დავინახოთ იგი? ღვთის ტაძარი სარკეა ცოდვით დამძიმებული სულისა, ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა ცოდვით დამძიმებული სულისთვის, რათა დაინახოს, შეიგრძნოს და შეიმეცნოს უძლურება და ჭეშმარიტი სახე თავისი ყოფიერებისა. ამ მადლმოსილ სარკეში ადამიანს შეუძლია არა მარტო შეამჩნიოს მისი რეალური ყოფა, ჩასწვდეს ზნეობისა და სინდისის მდგომარეობას, არამედ იგი იძენს ყოველგვარ საშუალებას, ძალას, მადლს, ჯანსაღ ხედვასა და მართებულ მიმართულებს, რომ განიწმინდოს სული, გული, ცოდვისკენ მიდრეკილი პიროვნული ნება, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია ხილვა უფლის წმინდა სახისა. ტაძრისკენ მავალი გზა გულის განწმენდის ბილიკზე გადის, რაც დაუსრულებელი და შეუცნობადია. ქვით ნაშენი ტაძრისკენ მრავალი ადამიანი მიისწრფვის, მაგრამ გულში ნაშენ წმინდა ტაძარში მცირედნი იმკვიდრებენ ადგილს. განწმენდილი გული უფლის სახლი და სამკვიდრებელია, გულის ამგვარი მდგომარეობა ძალზე იშვიათია და ძნელად მისაღწევია, რადგან უფალი ყველას გულს სტუმრობს, მაგრამ ყველას გულში არ ცხოვრობს იგი. ხშირად სულის კარს საერთოდ არ ვაღებთ და ძალზე ნაღვლიანი მიდის ჩვენგან "მაცხოვნებელი სტუმარი", ზოგჯერ ვუღებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალზე მცირე ხნით შევიპატიჟებთ, რადგან დიდი ხნით არ არის უფლის ადგილი ჩვენში, დაკავებული და აღვსებულია ბილწი გულისთქმებითა და ზრახვებით. ქვით ნაშენ ტაძარში ყოველი ცოდვილისთვისაა ადგილი, მაგრამ ყოველი ცოდვილის გულში არაა უფლის ადგილი.

ღვთის ეკლესიისკენ სავალი გზა გულის სიღრმეში შეღწევისკენ უნდა უბიძგებდეს მორწმუნეს, ეს ასეცაა, მაგრამ ხშირად თვით ჩვენი ზედაპირულობით, უგულისხმოებითა და სიზარმაცით ვკეტავთ გულის კარიბჭეს და ეკლესიის გზა მხოლოდ ამ გზად რჩება ჩვენთვის. უფალს ვადიდებთ ბაგეებით, ხელოვნურად. ჩვენი შინაგანი კაცი კი ძალზე შორსაა ამ დიდებისგან. გულია საზომი ადამიანის რწმენისა, ღვთის სიყვარულისა და არა წელთა სიმრავლე ტაძარში სიარულისა.

ადამიანი შეიძლება გამუდმებით დადიოდეს ეკლესიაში, ესწრებოდეს წირვა-ლოცვას, მაგრამ გულის ტაძარში ერთხელაც არ შეებიჯებინოს. სულის კარს ღმერთი აღებს ეკლესიაში მის მიერ დავანებული მადლის მეშვეობით, მაგრამ ისევ და ისევ ჩვენი გულმოდგინებითა და მისადმი ერთგულებით. უფალმა ინებოს, რომ თითოეული მორწმუნის გული ღვთის წმინდა ტაძრად ქცეულიყოს, სადაც ქვეყნიერების შემოქმედი ღმერთი მამა, ძე და სულიწმინდა იდიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბეჭდვა
1კ1