ბერი ერმოლაოსი
ბერი ერმოლაოსი
გამარჯობა ჩემო საყვარელო შვილო, ჩემო ბექა!
ებარებოდე მოძღვარს
ნეტარია ადამიანი, რომელიც მოძღვრის მითითებებს ზედმიწევნით იცავს-ის უშუალოდ ღვთის ნებას ასრულებს, მაღალი სულიერებით დაჯილდოებული მოძღვარი ტონა ოქროზე უფრო ძვირფასია, ნამდვილი ღვთის საჩუქარია. გამუდმებით ილოცე მისთვის, განსაკუთრებით კი აღსარების წინ, ევედრე უფალს, რომ ის განაბრწყინოს და მისი მეშვეობით თავისი ნება გამცნოს. მიენდე მას, როგორც უფალს ენდობი, პატრიარქის საყვარელ ძველ ქართულ ლოცვას გავბედავ და ოდნავ გადაკეთებულად შემოგთავაზებ: "ებარებოდე მოძღვარს"!!! მხოლოდ მოძღვრისადმი სრული მორჩილებით იწყება ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება, ღმერთთან უშუალო ურთიერთობისათვის მომზადება. სხვა გზა არ არსებობს: მოძღვრისადმი მორჩილების საფასურად ღმერთი სიმდაბლის სათნოებას გაჩუქებს, ეს უკანასკნელი კი ყველა სხვა სათნოებათა წყაროა. უფალი ბრძანებს: "ვის შევხედავ, მხოლოდ მდაბალს და მორჩილს"(ისაია 66, 2). დიახ, ღმერთი მდაბალთ და სულით გლახავთ სჩუქნის თავის მაცოცხლებელ მადლს, რის შედეგად ადამიანში ისადგურებს სულიწმინდა, მისი გული იწმინდება და პიროვნება თანდათან ანგელოზებრივი უანგარობით იმკობა, ამის შემდგომ კი მას თავად უფალი ევლინება, ღმერთი მას ყველასგან დაფარულ, თავის ღვთიურ სამყაროს უჩვენებს და ადამიანი იწყებს ღვთიური ჭეშმარიტების შემეცნებას, იძენს ზეციურ სიბრძნეს. სიბრძნეს, რომლის დარს ვერ აღწევენ მთელი მსოფლიოს მეცნიერები ერთად. ადამიანი ხდება ჭეშმარიტების, ღმერთის თანაზიარი და ასე ღვთის შეწევნით, მის გულს, გონებას და სულს მთლიანად ეუფლება ღვთიური სიყვარული-ყველა სათნოებათა მეფე. ასეთი ადამიანის განსჯა აბსოლუტურად სწორი-ღვთიურია. აი, ჩემო შვილო, მოკლედ, ის გზა, რომელიც უნდა გაიაროს ყოველმა ქრისტიანმა, ის იწყება მორჩილებით და მთავრდება ადამიანის სულიერი სრულყოფილებით, ღვთის სახების აღდგენით. ეს არის ერთადერთი გზა ჭეშმარიტების შესაცნობად, მაგრამ უაღრესად რთული, ხანგრძლივი გზა ჭეშმარიტების შესაცნობად, მაგრამ უაღრესად რთული, ხანგრძლივი და მომქანცველი, ამ გზას მხოლოდ ერთეულები გადიან, ის მხოლოდ ღვთის რჩეულთა ხვედრია, ადამიანთა უმრავლესობა კი ირჩევს მეორე, უფრო იოლ გზას-სიამაყის გზას, რომელიც საბოლოო ჯამში ჩიხში მიდის და საბოლოოდ სრული სულიერი კატასტროფით მთავრდება. აი, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი მოძღვრისადმი სრული მორჩილება. გამუდმებით ვევედრები უფალს, რომ მოგცეს მოთმინების სათნოება, რომ ბოლომდე შეინარჩუნო ღვთისადმი ნდობა. იყავი დედაეკლესიის კალთის ქვეშ, იქ არის მადლი, იქ არის ცხონება.
ბეჭდვა
1კ1