ანგარება ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა ხდება
ანგარება ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა ხდება
გვესაუბრება სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი სერაფიმე დანელია:
-ანგარების ვნება დღეს მთელს საზოგადოებას კეთრივით აქვს მოდებული და რაც დრო გადის უფროდაუფრო ძლიერი ხდება მისი გავლენა სახელმწიფოებზე და ხალხებზე. ის წარმართავს პოლიტიკას და განსაზღვრავს ეკონომიკას. ის წარმოადგენს ადამიანის თითქმის ყველა აქტივობის ფარულ მოტივაციას და ფლობს თვითგამართლების არგუმენტაციათა ფართო სპექტრს. ის იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი ღირებულებების შკალაზე თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე მის ამქვეყნიურ კეთილდღეობას პრიორიტეტულ ადგილზე აყენებს, ხოლო ყველაფერ სხვას მას უმორჩილებს... ამ დროს ანგარება ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა ხდება და როგორც წესი მას შემდეგ ის ვეღარ ,,ამჩნევს" მას. ერთი ბერი მიყვებოდა თუ როგორ უთხრა მას პირად საუბარში სასულიერო პირმა: ,, - მხოლოდ ერთი რამ მჭირს: - რა ვქნა ფული მიყვარს." ,, - დალოცვილო, ამ ცოდვამ გააყიდინა თავისი მოძღვარი იუდას და შენ როგორ ამბობ მიყვარს და რა ვქნაო," - თქვა მაშინ ბერმა. ასეა, როცა ადამიანი ნელნელა უშინაურდება ამ ვნებას და ეჩვევა ამ ჭრილში სამყაროს აღქმას, მაშინ მის ყველა ქცევას უკვე ანგარება განსაზღვრავს და ყველგან სარგებელი და ფული ელანდება. ამასთან ერთად, თუმცა კი იცის რომ ეს ცუდია, სერიოზულად მაინც არ წუხს ამაზე. ხედავს რომ ყველა მის მსგავსად ფიქრობს და თვლის რომ საბოლოო ანგარიშით, ეს ასეც უნდა იყოს... ანგარება მხოლოდ ფულის და კეთილდღეობის სიყვარულში არ გამოიხატება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან მოითმინონ უფულობა, უჭმელობა, ათენონ ღამეები, იშრომონ, აშენონ, აკეთონ კეთილი საქმეები, მაგრამ ფარულად სახელი და დიდი ამბიცია აწუხებდეს... საინტერესო ისაა, თუ როგორ თანაარსებობენ საზოგადოებაში ასეთი ადამიანები. ისინი გამოხატავენ სიყვარულს, გულწრფელობას, თანაგრძნობას, შეუძლიათ ტირილი სხვისი უბედურების გამო და თანხის გაღებაც გასაჭირის ჟამს, თუმცა ამ ყველაფერს მაინც სულის სიღრმეებში მიმდინარე დინებები განსაზღვრავენ და ანაყოფიერებენ... ანუ აქედანაც სარგებლობას იღებენ: - ერთის მხრივ, საკუთარი თავით გამოწვეულ თვითკმაყოფილებას, მეორეს მხრივ, ყოველთვის საჭირო ნდობასა და კეთილგანწყობას ადამიანთა მხრიდან... ამის გამო მათი სიკეთე შეიძლება ითქვას რომ მხოლოდ ადამიანური ,,განხურვების" შედეგია და არაფერი აქვს საერთო ღვთის მადლთან, რომელიც ყოველთვის თავისუფალია ყოველგვარი ფარული ქვეტექსტისგან და სავსეა სინათლით... შეიძლება შეგვეპასუხონ; - კი მაგრამ, სიკეთე ხომ აღსრულდა, განა ეს საღვთო საქმე არაა,განა უფალი არ შიწირავს მისგან თუნდაც ადამიანურ თანაგრძნობას და ქველმოქმედებებს? რა შეიძლება ამაზე ვუპასუხოთ? - დიახ, სიკეთე აღსრულდა, ადამიანმა ადამიანს უთანაგრძნო, გვერდზე დაუდგა, ანუგეშა, რაღაც გაკეთდა, რაღაც აშენდა, მაგრამ თუკი მის ასეთ ქმედებას უანგარობა არ ახლავს თან, არამედ შებღალულია ფარული ზრახვებით, მაშინ ასეთ ქველმოქმედებას არ მოაქვს მადლი მისი ავტორისთვის და არ ემსახურება არც მის და არც სხვის სულიერ განწმედას და ზრდას... ამიტომ ძმანო და დანო, გამოვიცადოთ და გამოვიკვლიოთ საკუთარი სულის სიღრმეები. გამოვიძიოთ რამდენად სუფთანი ვართ საკუთარ ზრახვებსა და ფიქრებში, რამდენად უანგაროა ჩვენი ქმედება, გულჩვილობა ან სიკეთე, რათა ჩვენი შრომა არ იყოს ამაო და რათა უფალმა ,,მოგაგოს შენ სასყიდელი სიმართლისა და გზათა შენთა შენ თანა იყოს ნათელი." (იობ.22.28)
ბეჭდვა
1კ1