თითოეულ ჩვენგანში ზის ეს ფარისეველი და დროდადრო იღვიძებს
თითოეულ ჩვენგანში ზის ეს ფარისეველი და დროდადრო იღვიძებს
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის დეკანოზი ანდრია კემულარია:

-ვერ მოიპოვება ქრისტიანი, რომელიც ფარისევლად წოდებას არ მიიღებს შეურაცხყოფად. ფარისეველს ვუწოდებთ ადამიანს, რომელსაც ახასიათებს ორპირობასთან, ვეცხლისმოყვარეობასა და ქედმაღლობასთან შეერთებული მოჩვენებითი ღმრთისმოსაობა. მაცხოვარი ასე ახასიათებს ფარისევლებს: "თქან და არა ყვიან... და ყოველსა საქმესა მათსა იქმან საჩუენებელად კაცთა- უყუარს ზემოჯდომა" სერსა ზედა და პირველდაჯდომა- შესაკრებელთა შორის და მოკითხვა" უბანთა ზედა, და რაითა ხადოდიან კაცნი: რაბი, რაბი!" (მთ.23:2-7). ფარისეველთა უდიდესი ნაწილი ასეთმა ცნობიერებამ სულიერ დაღუპვამდე მიიყვანა. თანამედროვე თალმუდიზმი დიდწილად მათი სწავლების გაგრძელება და განვითარებაა.

ლოცვაში ყველაზე უკეთ ჩანს ადამიანი და ფარისეველთა შინაგანი მდგომარეობაც ნათლად წარმოჩინდა მათ ლოცვაში. ფარისევლებს უყვარდათ, როცა მლოცველად ხედავდა ხალხი. უფალი ასე ამხელს მათ: "ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვიდით. ამისთვს მიიღოთ უმეტესი სასჯელი." (მთ. 23:13). მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საგულისხმო არის ის სახე ფარისეველისა, რომელსაც ვხედავთ იგავში ფარისეველსა და მეზვერეზე, სახე ადამიანისა, რომელიც არა ხალხის, არამედ თვით ღმერთის წინაშე დგას. დგას და ქედმაღლობს!

"თქუა ვიეთამე მიმართ იგავი ესე, რომელნი ესვენ თავთა თვსთა, ვითარმედ მართალ არიან, და შეურაცხ-ჰყოფენ სხუათა, ვითარმედ: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე. ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თვისაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. Gეტყვი თქუენ: გარდამოვიდა ესე განმართლებული სახედ თვისა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს." (ლკ. 18:9-14).

ამ იგავით უფალი არ გვასწავლის ლოცვის ხერხს, არ გვთავაზობს სიტყვებს, რომლითაც უნდა მიმართოს მლოცველმა ღმერთს. მაცხოვარი გვაჩვენებს, როგორი შინაგანი მდგომარეობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც სალოცავად წარდგება ღმრთის წინაშე. შინაგანი მდგომარეობა ცხოვრების წესით მოიხვეჭება და ეს იგავი ცხოვრებას გვასწავლის. არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს მხოლოდ ფარისევლის უკეთურებაზე საუბრობს უფალი. თითოეულ ჩვენგანში ზის ეს ფარისეველი და დროდადრო იღვიძებს. ეს იგავი ჩვენს ნაკლოვანებებს ამხელს.
ბეჭდვა
1კ1