ღმერთო, შემაძლებინე, დღეს იმაზე მეტად მიყვარდეს ჩემი დები, ვიდრე გუშინ მიყვარდა
ღმერთო, შემაძლებინე, დღეს იმაზე მეტად მიყვარდეს ჩემი დები, ვიდრე გუშინ მიყვარდა
როდესაც სიყვარული ქრება, მაშინ ჯოჯოხეთური ტანჯვა იწყება, - გადმოგვცემს ბერი პაისი ათონელი, - ადამიანი რაც უფრო მეტად შორდება უფალს, მით უფრო უძნელდება ცხოვრება. ხოლო თუკი უფალთან ხარ, მაშინ შეიძლება მის გარდა არაფერი გაგაჩნდეს, მაგრამ აღარც არაფერი გსურდეს. თუკი ადამიანს ყველაფერი აქვს, მაგრამ უფალთან არ არის, შინაგანად იტანჯება. ამიტომ, ჩვენთვის აუცილებელია, შეძლებისდაგვარად მივუახლოვდეთ უფალს. მხოლოდ უფალთან სიახლოვით პოვებს ადამიანი ნამდვილ და მარადიულ სიხარულს. ტკბილი იესოსგან შორს ყოფნით მწარე ფიალას ვეწაფებით. როდესაც ძველი ადამიანი ხდება ძე მეუფისა, იგი ღვთაებრივი სიამოვნებებით, ზეციური სიტკბოებებით საზრდოობს და უკვე ამქვეყნადვე ეზიარება სამოთხისეულ სიხარულს, ყოველდღიურად, სამოთხისეული მცირედი სიხარულიდან მოყოლებული, უფრო და უფრო მეტ სიხარულს იხვეჭს. იგი სვამს კითხვას: "ნუთუ სამოთხეში რაიმე იმაზე აღმატებულია, რასაც ახლა განვიცდი?" ისეთ მდგომარეობაშია, რომ არ შეუძლია სხვა საქმის კეთება. ამ ღვთაებრივი სითბოსა და სიტკბოსაგან მუხლები ცვილივით ედრიკება. გული სიხარულით უცემს, სურს, გაარღვიოს გულის ტიხარი და გაფრინდეს - იმიტომ, რომ დედამიწა და ყოველივე მიწიერი გულს უფასურ წვრილმანებად ეჩვენება.

თავდაპირველად ადამიანი უფალთან ერთობაში იყო. შემდეგ დაშორდა მას და თავს ისე გრძნობდა, თითქოს თავიდან სასახლეში ცხოვრობდა, შემდეგ კი სამუდამოდ აღმოჩნდა მისი კარიბჭის მიღმა; იგი შორიდან შესცქეროდა სასახლეს და ტიროდა. უფალს დაშორებული ადამიანი წვალობს და ისე იტანჯება, როგორც ბავშვი, რომელიც დედისგან შორსაა. ეშმაკმა ადამიანები ისე შორს წაიყვანა ღვთისგან, რომ მათ კერპთაყვანისმცემლობა დაიწყეს და კერპებს მსხვერპლად საკუთარ შვილებს სწირავდნენ. რაოდენ საშინელია ყოველივე ეს! თუმცაღა ყველაზე მეტად თავად ეშმაკი იტანჯება - იგი ხომ უფალს, მის სიყვარულს დაშორდა და მისგან ყველაზე შორსაა; როდესაც სიყვარული ქარწყლდება, მაშინ ჯოჯოხეთური ტანჯვა იწყება. რა უპირისპირდება სიყვარულს? ბოროტება. ბოროტება და ტანჯვა კი ერთი და იგივეა.

თანამედროვე ადამიანებს არ ჰყოფნით ღვთის მადლი, რადგან ცოდვის მეშვეობით მადლის იმ ნამცეცებსაც კი განაგდებენ, რაც აქვთ. ხოლო როდესაც ღვთაებრივი მადლი შორდება, ადამიანში გაშმაგებით იჭრება ყველა ეშმაკი.

***
გვესაუბრება მცხეთის წმინდა იოანე-თორნიკე მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ეფემია (ჩირგაძე):

- ადამიანი ღმერთს რწმენით უკავშირდება. რწმენა კი ჭეშმარიტი უნდა იყოს, ხოლო საამისოდ საჭიროა შესაბამისი ცოდნაც. სახარებაში მაცხოვარი სადუკეველებს სწორედ ამ უცოდინარობაში ამხელს, იმიტომ ცდებით, რომ წიგნი არ იცითო. ადამიანი უნდა ცდილობდეს, იცნობდეს თავის სარწმუნოებას, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოს სწორი აღმსარებლობა, დაცვაც შეძლოს, რაც სწამს, იმისი და სხვებისთვის ჭეშმარიტი გზის ჩვენებაც. წმინდა პავლე მოციქული წერს, იმისათვის, რომ ვცხოვნდეთ, საჭიროა გულით გვწამდეს იესო ქრისტე და სიტყვითაც ვაღიარებდეთ ამ რწმენას. "აღ-თუ-იარო პირითა შენითა უფალი იესო და გრწმენეს გულითა შენითა, რამეთუ ღმერთმან აღადგინა იგი მკვდრეთით, სცხონდე. რამეთუ გულსა გრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღიარებ საცხოვრებელად" (რომ: 10,9-10).

ღვთის შესახებ ცოდნას წმინდა წერილი გვაძლევს. ერთმა მღვდელმონაზონმა სულიერ შვილს ჰკითხა, - რა ერქვათ მაცხოვრის გვერდით ჯვარცმულ ავაზაკებსო. როცა პასუხი ვერ მიიღო, დატუქსა - თუ უფალი გიყვარს, მის შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეო. ეს რომ გავიგე, მას შემდეგ სახარება ჩემთვის მხოლოდ ღვთივგანცხადებული სწავლება კი არ არის ღმერთის შესახებ, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, ახლოს, ძალიან ახლოს გავიცნოთ უფალი იესო ქრისტე.

მხოლოდ ცოდნით სარწმუნოებას ვერ განვამტკიცებთ. საჭიროა სიყვარულიც გვქონდეს ღვთისა, რადგან "მეცნიერება განალაღებს, ხოლო სიყვარული აღაშენებს" (1კორ. 8,1). ეკლესიის ისტორიიდან ცნობილია, როგორ დაეცნენ დიდი ცოდნის მქონენი, რადგან მეცნიერება სიყვარულის გარეშე აღაზვავებს. ამიტომაც საჭიროა გვქონდეს სარწმუნოება, სიყვარულისგან შეწირული (გალატ. 5,6), რადგან სარწმუნოების სიმტკიცეს შეეწევა და სრულყოფს სიყვარული ქრისტეს მიმართ.

ერთი სჯულისმეცნიერი მივიდა უფალთან და ჰკითხა: "რაი ვქნა, რაითა ცხოვრებაი საუკუნო დავიმკვიდრო?" სჯულისმეცნიერს, ანუ ადამიანს, რომელიც სწავლობს ღვთისგან მოცემულ სჯულს, ეს თავადაც უნდა სცოდნოდა და უფალი კითხვას უკანვე უბრუნებს: "სჯულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხავ? ხოლო მან რჰქუა: "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა, და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყვასი შენი - ვითარცა თავი თვისი". რქუა მას იესუ: "მართლ მომიგე, მაგას იქმოდე და სცხონდე". ამით ღმერთკაცმა მიგვითითა, რომ საუკუნო ცხოვრების მოსაპოვებლად და სულის საცხოვნებლად სხვა გზა არ არსებობს, გარდა სიყვარულისა. ამ დიალოგის კომენტირებისას წმინდა მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული ამბობს: "რა მოკლე კატეხიზმოა! რა მარტივი სჯულდება!Oორიოდე სიტყვა: "გიყვარდეს ღმერთი, გიყვარდეს მოყვასი", უფრო ნაკლებიც კი - ერთი სიტყვა - გიყვარდეს, რამეთუ ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი, მას უკვე მოყვასიც შეჰყვარებია ღვთისა მიერ და პირიქით, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს მოყვასი, მისი გული უკვე საღმრთო ტრფიალებას მოუწყლავს".

- როგორ უნდა მოიპოვოს ადამიანმა სიყვარული?

- როგორ მოიპოვოს ადამიანმა სიყვარული, რომელსაც წმინდა თეოფანე "დაკარგულ სამოთხეს" უწოდებს? წმინდა მაქსიმე აღმსარებელი გვასწავლის, ყველა სათნოებას გონება ღვთის სიყვარულთან მიჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვანი წმინდა ლოცვააო. წმინდა იოანე შახავსკოის აქვს ძალიან ლამაზი თხოვნა უფლისადმი, სადაც ის ითხოვს სიყვარულის ნიჭის მიმადლებას, რომლითაც მხოლოდ გულით წმინდა ადამიანები ჯილდოვდებიან ღვთისგან. აი, ეს ლოცვაც: "ღმერთო, სიყვარულია შენი სახელი, მასწავე მე იგი ჭეშმარიტი და სიკვდილზე უფრო ძლიერი". მეორე, რაც აუცილებელია სიყვარულის მოსაპოვებლად და მასზე თვით მაცხოვარმა მიგვითითა, ესაა სარწმუნოების საქმეები: "უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით", ხოლო მოყვასის სიყვარულთან დაკავშირებით თქვა: "ესე არს მცნებაი ჩემი, რათა იყუარებოდეთ ურთიერთარს, ვითარცა მე შეგიყვარეთ თქვენ". მან კი ისე შეიყვარა, რომ ჩვენ ცოდვილთათვის ჯვარს ეცვა. დღეს ძალიან განვიცდით ყველანი სიყვარულის ნაკლულევანებას და ამიტომაც, ფაქტობრივად, საქმეებიც არა გვაქვს შესაბამისი.

მონასტერში განსაკუთრებით საჭიროა სიყვარულის ქონა, რაც, უწინარეს, ერთმანეთისადმი სულგრძელ, მომთმენ დამოკიდებულებას გულისხმობს. მოციქულის სიტყვები "ურთიერთას სიმძიმილი იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი",Mმგონი, ყველაზე ცხადად მონასტერშია საგრძნობი და რეალიზებადი. ჩვენ წესად გვაქვს, ყოველი დილა დავიწყოთ ლოცვით: "ღმერთო, შემაძლებინე, დღეს იმაზე მეტად მიყვარდეს ჩემი დები, ვიდრე გუშინ მიყვარდა". ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან უფალმა მოყოს ყური თვისი და ისმინოს ლოცვა ჩვენი, მაგრამ ვერ აღიწევა და ვერ მიეფინება ღვთის წინაშე. ამიტომაც მონასტერში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ერთმანეთთან დამოკიდებულებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის წინაშე შეუცდომლად ვცხოვრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი გაუგებრობის შემდეგ შენდობის თხოვნის, აღსარების და სინანულის საშუალებით სინდისს ვათავისუფლებთ სიმძიმისაგან და სხვა დროისთვის ვფრთხილობთ, ისევ გული არ ვატკინოთ ერთმანეთს. უნდა გვახსოვდეს პავლე მოციქულის სიტყვები: "სიყვარულითა შეუორგულებელითა განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა. ძმათმოყვარებითა ურთიერთარს მოწლედ მოსურნე იყვენით პატივისცემასა ურთიერთსა უსწრობდით" (რომ 12,9-11). ასევე, "ყოველი სჯული ერთითა სიტყვითა აღესრულების: შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი. ხოლო უკეთუ ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ, ნუუკვე ურთიერთას განილინეთ... ნუმცა ვართ მზვაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე" (გალატ. 5:14-15,26).

ალბათ, ზედმეტი არ იქნება, თუ ძმათმოყვარების მაგალითს მოვიყვანთ: ორი ბერი ერთად ცხოვრობდა და მათ შორის უთანხმოება არასოდეს ყოფილა. ერთმა უთხრა მეორეს, - მოდი, ჩვენც წავიჩხუბოთ სხვებივითო. ძმამ უპასუხა, - არ ვიცი, როგორია უთანხმოებაო. პირველმა მიუგო: - მე აგურს დავდებ შუაში და ვიტყვი: ეს ჩემია. შენ კი მიპასუხებ, არა, ჩემია და ეს იქნება დასაწყისი. ასეც მოიქცნენ. ერთმა მათგანმა თქვა, - ეს ჩემიაო. მეორემ უთხრა, - არა, ჩემიაო. პირველმა ვეღარ გაუძლო და დათანხმდა: - კი, ძმაო, შენია, აიღე და წადიო. ასე დაასრულეს და ვერ შეძლეს ჩხუბი.

მონაზვნის მთავარი საქმე გულის გაწმენდაა, რომელიც საკუთარი ძალისხმევითა და სულიწმინდის მადლის მოქმედებით საბოლოოდ სიყვარულის ანუ ღვთის სამკვიდრებლად უნდა გადაიქცეს. მანამდე კი ძალიან ძნელი გზაა გასავლელი, გზა ბრძოლისა და შეუპოვრობისა. ეს კი ყველაზე მძიმე ბრძოლაა, რადგან ჩვენი გული ძალიან ვიწრო და მშრალია. იქ მხოლოდ ჩემი ნება-სურვილია, იქ ჩემი მოყვასისთვის ადგილი არაა და მით უმეტეს, მისი ინტერესებისთვის. ჩემი გული ჩემია და სწორედ ეგ არის პრობლემა, ვიდრე გავაცნობიერებდეთ, რომ გული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი ყველა ღვთივბოძებული ჩვევა-უნარი მოყვასის სამსახურში უნდა იდგეს. "კაცად-კაცადმან, ვითარცა მიიღო მადლი, ეგრეთვე ურთიერთას ამსახურებდით მას". მართალია ამ ყველაფრის ცხოვრებაში გატარება რთულია, მაგრამ ჩვენი ვალია, შესაძლოა მთელი სიღრმით ვერ შევძლოთ საკუთარი თავის რეალიზება მოყვასის სასიკეთოდ, მაგრამ უნდა ვეცადოთ მაინც. იმედი მაქვს, მცდელობა საქმედ ჩაგვეთვლება, რადგან თუ მთელი არსებით გვენდომება და ვეცდებით კიდეც გვერდით მდგომის სიყვარულს, ღმერთი ამას არ დაგვიკარგავს. პირიქით, ზეგარდამო შეწევნასაც გამოგვიგზავნის ამ საქმეში წარსამატებლად და განსამტკიცებლად.

იცით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვის თვალით უყურებენ ჩვენი ცხოვრების წესს, სწორედ მოყვასისადმი სიყვარულის საქმეების აღსულების თვალსაზრისით. მათ მიაჩნიათ, რომ მონაზვნებმა უარყვეს წუთისოფელი, შესაბამისად, საზოგადოება და მისი სიყვარული. ეს კი ასე არ არის. მართალია, ჩვენ უარვყავით სოფელი, მაგრამ ზურგი არ შეგვიქცევია საზოგადოებისათვის, რადგან მცნებად გვაქვს მათზე ლოცვა, ამის შესახებ კარგად წერს ბერი პაისი ათონელი: "მონაზვნის მიზანი არც ხელსაქმის დაბეჯითებით კეთებაა და არც ბევრი ფულის დაგროვება ღარიბების დასახმარებლად, ვინაიდან ეს სულიერი დაცემაა. მაგრამ მონაზონს შეუძლია თავისი ლოცვებით გვალვის დროს მთელი სამყაროს ბეღლები აავსოს. მონაზვნები არ ტოვებენ მონასტერს და არ მიდიან ერში, რომ მოინახულონ ავადმყოფი, მიუტანონ მას ფორთოხალი ან სხვა რამ სანუგეშოდ (რაც, ჩვეულებრივ, ერისკაცთა საქმეა და რასაც მათგან ითხოვს ღმერთი). მონაზვნები ლოცულობენ ყოველი სნეულისათვის, რათა მათ მიეცეთ სულიერი და ხორციელი ჯანმრთელობა. მონაზვნები არც პატიმართა მოსანახულებლად დადიან, რადგან თავად არიან ნებაყოფლობითი პატიმრები იმ დიდი მოშურნეობის გამო, რომელიც აქვთ ქრისტესათვის. მონაზვნები ლოცულობენ და ევედრებიან უფალს, რომ ის სამოთხისეული სიხარული, რომელსაც გრძნობენ, მიანიჭოს ამქვეყნიურ საპატიმროებში გამომწყვდეულ ძმებს.Aამქვეყნიური პატიმრების გარდა, მონაზვნები ეხმარებიან იმ გარდაცვლილ ძმათა სულებს, რომლებიც არა ათი ან ოცი წლით, არამედ უფრო მკაცრად, მარადიულად არიან დასჯილნი და უფრო მეტად საჭიროებენ შემწეობას. მონაზვნები ადამიანებს ამბიონიდან სახარების ქადაგებით კი არ ეხმარებიან, რომ განათლდეს დიდი და პატარა, არამედ თავად ცხოვრობენ სახარებით. მოკლედ რომ ვთქვათ, მონაზვნები არიან არა უბრალოდ ფარნები, ქალაქის ქუჩებს რომ ანათებენ (ადამიანებმა რომ არ წაიბორძიკონ), არამედ კლდეებზე აღმართული შორეული შუქურები, თავიანთი ნათებით გზას რომ უჩვენებენ ამა სოფლის ხომალდებს, რომელთა წყალობითაც მეხომალდეები გზას იკვლევენ ზღვის სიღრმიდან, დანიშნულების ადგილს რომ მიაღწიონ".

ყოველივე ამის შემდეგ საზოგადოებისადმი მონაზვნების უსიყვარულობაზე შეიძლება საუბარი? როცა წმინდა მეუფე ანტონ სუროჟელი ახალგაზრდობაში ვარლაამის მონასტერს ესტუმრა, იქ მან შეამჩნია მოხუცი კაბოსანი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი კეთილკრძალულებით. იგი 50 წელი ცხოვრობდა მონასტერში, ბერად კი არ აღიკვეცებოდა. მომავალი მეუფე მას სენაკში ეწვია და ცოტაოდენი გულითადი საუბრის შემდეგ შეჰბედა, - რატომ არ აღიკვეცებით, როცა უკვე ფლობთ ბერულ ღვაწლსო. მოხუცმა უპასუხა: მართალია, შვილო, მე მონასტერში დავბერდი, ბერივით ვშრომობ, ვმარხულობ, მაგრამ ბერი მაინც არა ვარ, რადგან ბერივით არ მიყვარს ეს სოფელი. მონაზვნობა ხომ წუთისოფლისთვის ცრემლით ლოცვაა, მე კი სწორედ ეს ყველაზე მთავარი არა მაქვსო. ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია, მხოლოდ წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებს დავამატებ: "ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყვარული არა მაქვნდეს, ვიქმენ მე ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელი ხმობედ. და მაქვნდეს ღათუ წინასწარმეტყველებაი და უწყოდი ყოველი საიდუმლოი და ყოველი მეცნიერებაი მაქუნდეს, არა-ვე-რაი ვარ. და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ხორცნი ჩემნი დასაწველად, და სიყვარული არა მაქვნდეს, არარაივე სარგებელ არს ჩემდა" (1 კორ. 13:1-3).

ერთი სოფლის მახლობლად ცხოვრობდა განდეგილი, რომელმაც მდუმარების ღვაწლი იტვირთა მას შემდეგ, რაც მოისმინა სიტყვა მაცხოვრისა, სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯოო. მან აღთქმა დადო, დაედუმებინა საკუთარი ენა ამა სოფლისათვის. არათუ ცხადში, სიზმარშიც კი არ დასცდენოდა სიტყვა, რომელიც ღვთის შიშით კარგად ჰქონდა დახშული. სოფლის მცხოვრებნი დიდ პატივს სცემდნენ ბერს და საზრდოთიც ამარაგებდნენ. ის კი თავისი სიყვარულითა და მათთვის აღვლენილი ლოცვებით უხდიდა. ერთხელ ბოროტმა სულმა განსაცდელი მოუვლინა სოფლელებს და მათ შორის შუღლი ჩამოვარდა. მაშინ თავკაცებმა გადაწყვიტეს ბერისთვის ეთხოვათ, დამრიგებლური სიტყვით შეერიგებინათ ერთმანეთთან სოფლის მკვიდრნი. ასეც მოიქცნენ, მაგრამ ბერი ნიშნებით უხსნიდა, რომ მისი სიტყვა სიკვდილამდე მდუმარების აღთქმით იყო შეკრული. მისულებმა განუცხადეს, თუ სიყვარულის შესახებ სიტყვას არ გვეტყვი, მაშინ ჩვენი სისხლი შენ მოგეკითხება და დაიტირე ჩვენი დაღუპვაო. დაე, მშვიდობისა და სიყვარულის საწყისმა - ქრისტემ, მან, ვისთვისაც იტვირთე შენ ეს ღვაწლი, მოგცეს გულისხმიერება. ჩვენ კი კვირა დღეს ეკლესიაში დაგელოდებითო. დამწუხრებულმა ბერმა გააძლიერა მარხვისა და მღვიძარების ღვაწლი. დანიშნულმა დღემაც მოაწია. მთელი სოფელი დილიდანვე ეკლესიაში შეიკრიბა. განვლო შუადღემ, მოვიდა მწუხრის ჟამიც, ბერი კი არ ჩანდა, მაგრამ, აი, ჩურჩული გაისმა, რომელიც ჟრიამულში გადაიზარდა, ბერი მოდის, ჩვენმა მამამ არ მიგვატოვაო. ბერი შემოვიდა ტაძარში, სადაც უკვე ბნელდებოდა და ყველა მის სიტყვას ელოდა. მან კი უხმოდ აიღო სანთელი, დიდ ჯვარცმას მიეახლა. აუჩქარებლად მიიტანა სანთელი ჯვარცმული ქრისტეს სახესთან, ეკლის გვირგვინით შემკულ თხემთან, შუბლზე მომდინარე სისხლის წვეთებთან და აცრემლებულ თვალებთან, შემდეგ ნელა გადაიტანა ჯვარზე მიმსჭვალულ ქრისტეს მარჯვენასთან და გაანათა ჭრილობა, საიდანაც მისი ყოვლადწმინდა სისხლი წვეთავდა. მერე კი სანთელი მიიტანა ქრისტეს მარცხენასთან, შემდეგ მუხლი მოიდრიკა და სანთლით გაანათა მაცხოვრის ფერხთა ჭრილობები, მერე სანთელი მიიტანა ლახვრით განგმირულ გვერდთან, საიდანაც გადმოედინებოდა მარადიული ცხოვრების სისხლი და წყალი, ადამიანის გამომსყიდველი და ცოდვების განმბანელი. ბოლოს ბერმა სანთელი დადო და წყნარად გავიდა ტაძრიდან. ხალხი ატირდა. ეს იყო სიტყვა სიყვარულის შესახებ, უსაზღვრო, ყოვლის მიმტევებელი სიყვარულისა, ღმრთის სიყვარულისა ადამიანის მიმართ.

ბოლოს, ვუსურვებ უპირველესად ჩემს თავს, რადგან ძლიერ განვიცდი ამის ნაკლულევანებას, და შემდეგ სხვებსაც სივრცეს და სიღრმეს გულისას. ვეცადოთ, გვიყვარდეს, რადგან "აღმასრულებელი სჯულისა სიყვარული არს" (რომ. 13,10).
ბეჭდვა
1კ1