"დააცხვრე ყოველივე შუღლი, განაგდე საცდურნი ყოვლისა ცილობისაი"
"დააცხვრე ყოველივე შუღლი, განაგდე საცდურნი ყოვლისა ცილობისაი"
დღეს მთელ მსოფლიოში ზეიმობს ბოროტება, მაგრამ ეს ზეიმი მეტად ხანმოკლეა, საბოლოოდ მაინც სიკეთე გაიმარჯვებს. სიკეთე უნდა თესოს ადამიანმა, თორემ თვითონვე დაიღუპება. ბოროტის მოქმედი თვითონ ნადგურდება!

მორწმუნეს უსმენს ღმერთი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვისი დაღუპვა ვითხოვოთ. ღმერთი კი ისმენს ჩვენსას, მაგრამ მერე, იმქვეყნად, ამ დაღუპულ ადამიანთა სულებისთვის ჩვენვე მოგვეკითხება. ამიტომ როცა ვიღაც სცოდავს, ნუკი დავემდურებით ან დავწყევლით, პირიქით, ვილოცოთ, რომ ღმერთმა შეუნდოს. გვძულდეს ცოდვა და არა ადამიანი, რომელიც ბოროტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა.

სულიერ შვებას ვიგრძნობთ, თუ შევუნდობთ და ვაპატიებთ ერთმანეთს შეცოდებას და არ დავემდურებით მოყვასს.

ჩვენ კი ხშირად ვემდურით მშობლებს, დებს, ძმებს, ნათესავებს, მეგობრებს, ჩვენს მასწავლებლებს, რადგან უმეტესწილად მათ ვაბრალებთ ჩვენს წარუმატებლობას. ვსაყვედურობთ, რომ არ შეგვიქმნეს უკეთესი პირობები, ხელი არ მოგვიმართეს, ის კი გვავიწყდება, ჩვენ თვითონ როგორ მოვექეცით მათ გასაჭირის ჟამს. "თავისი საქმისა ყველამ თვითონ იცისო", - ხმამაღლა თუ არ წარმოვთქვით, გულში ხომ მაინც გავივლეთ და არხეინად განვაგრძეთ გზა. ამიტომ სანამ ვინმეს დავემდურებით, ვუსაყვედურებთ გულგრილობას, ჯერ საკუთარი საქციელი გავიხსენოთ და, პირველ რიგში, უფლისგან ვითხოვოთ შენდობა.

ამის ნათელი მაგალითია ისააკ ბერის მონათხრობი საკუთარ თავზე: "ერთხელ, ჩემს ძმაზე დამდურებული, კელიაში ვმუშაობდი. უცბად გავღიზიანდი, საქმეს გული ვეღარ დავუდე და მთელი დღე უქმად გავატარე. მოულოდნელად კელიაში შემოვიდა ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელმაც, ბერების წესისამებრ, ლოცვა არ თქვა და მითხრა: ვხედავ, განაწყენებული ხარ, მენდე და განგკურნავო. ისააკ ბერმა მისი მოშორება განიზრახა, რადგანაც მიხვდა, რომ ეშმაკს ესაუბრებოდა. ყმაწვილმა კი უპასუხა: ყოველი ღვარძლიანი, სხვაზე დამდურებული ადამიანი ჩვენ გვეკუთვნის, შენ კი სამი კვირაა, შენს ძმაზე ხარ განრისხებულიო. ამის შემდეგ სასწრაფოდ გავიქეცი და შენდობა ვითხოვე ჩემი ძმისგან, ხოლო როცა კელიაში დავბრუნდი, ხელსაქმე და ფარდაგი, რომელზეც მუხლმოდრეკილი ვლოცულობდი, დამწვარი დამხვდა".

ზოგჯერ ჩვენი გონება იმდენად არის გაბოროტებული, თვით შემოქმედ ღმერთსაც კი ვემდურით. განა უფლის მიმართ წარმოთქმული საყვედური არ არის, როდესაც თითქოსდა დანანებით ვამბობთ: "რა იქნებოდა, განვითარებულ ქვეყანაში დავბადებულიყავი, მყოლოდა მდიდარი მშობლები და გულხელდაკრეფილს მეცხოვრა სიამტკბილობაში?!" ეშმაკი ყველანაირად ცდილობს, ღვთის წინააღმდეგ განგვაწყოს, ამიტომ სანამ რაიმეს ვიტყოდეთ, ჯერ დავფიქრდეთ, უფლის საწინააღმდეგოს ხომ არ ვამბობთ.

მოშუღლეთა, დამდურებულთა შერიგებისთვის ლოცვაც არსებობს, რომელიც გვეხმარება გონიერების პირველი ნიშნის - საკუთარი შეცდომების, ცოდვების შეგნებაში: "გმადლობ შენ, მეუფეო კაცთმოყვარეო, ხელმწიფეო საუკუნეთაო და მომცემელო ყოვლისა სიკეთისაო, რომელმან დაარღვიე ზღუდენი მტერობისანი და ადამის ძეთა მშვიდობა მოჰმადლე, აწცა მოეც მშვიდობა მონათა შენთა, დაჰნერგე მათ შორის შიში შენი და ურთიერთარს სიყვარული განამტკიცე: დააცხვრე ყოველივე შუღლი, განაგდე საცდურნი ყოვლისა ცილობისაი, რამეთუ შენ ხარ მშვიდობა ჩვენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ".

ადამიანები ერთმანეთისგან სულიერად განსხვავდებიან. ზოგი მეამბოხე, მშფოთვარე ხასიათისაა, ზოგიც - გულფიცხი და მგრძნობიარე, ერთ სიტყვასაც კი გამოჰყავს მდგომარეობიდან, მაგრამ არიან სათნო, წყნარი ადამიანები, რომლებიც ღვთის მადლითა და შინაგანი სიმშვიდის წყალობით არ ემდურიან სხვებს და პატიობენ შეცოდებებს, მადლს გარშემო მყოფებსაც უზიარებენ. ასე მოხდება, როდესაც უფალს იპოვი; ყველაფერი შეიცვლება შენში, სხვა თვალით შეხედავ მწუხარებასა და განსაცდელს, დაინახავ მოყვასის გასაჭირს, იმას, რასაც ადრე ვერ ამჩნევდი... ყველას მიენდობი, ყველას შეუნდობ, ყველას შეიყვარებ.

"მომიტევენ ჩვენ"...
უკმაყოფილების საწყისი ღრმად იმალება ჩვენს ბუნებაში. ის შექმნილია უსასრულო სრულყოფისთვის, სრულყოფილება კი არ არის და არც შეიძლება არსებობდეს დედამიწაზე. ჩვენ მიწაზე ვეძებთ სამოთხეს. საკუთარ თავში ღვთის ხატების შემბღალავებს გვავიწყდება, რასაც სარწმუნოება გვასწავლის: დედამიწა არის არა ნეტარების, არამედ სამოთხიდან განდევნილ დამნაშავეთა ადგილი, შრომის, ღვაწლის, გარეგანი და შინაგანი ბრძოლების ასპარეზი და არა საამო განსასვენებელი.

წმინდა მამები ამბობენ, როცა ადამიანი თავისი ცოდვების გამო ტირის, მისი მფარველი ანგელოზი ღვთის წინაშე მისთვის ლოცულობსო. ეს ერთგვარი ძირითადი სტიმულია მიტევების უნარის გამოსამუშავებლად.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ როდესაც მოწაფეები ეკითხებიან იესოს, რამდენჯერ უნდა მივუტევოთ მოყვასსო, უფალი პასუხობს: დღეში შვიდგზის სამოცდაათჯერ შეუნდეთო. ეს სიტყვები ეხმიანება უძლიერეს ლოცვას ,,მამაო ჩვენოს": "...მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა..."…

ცოდვათა მიტევების აუცილებლობას ცხადყოფს აღდგომის დიდმარხვის წინა კვირას მიტევების დღის აღნიშვნაც, როდესაც მრევლი ერთმანეთს შენდობას სთხოვს, დამდურებულნი შეუნდობენ ცოდვებს ერთურთს და მადლით აღვსილნი იწყებენ მარხვას.

მოამზადა
თამთა გოგიჩაიშვილმა
ბეჭდვა
1კ1