ღმერთს შეუძლია, ნებისმიერი ადამიანისგან გვაუწყოს ჭეშმარიტება
ღმერთს შეუძლია, ნებისმიერი ადამიანისგან გვაუწყოს ჭეშმარიტება
გვესაუბრება ბაღდათის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
- უფალი ნებისმიერი ადამიანისგან გვაძლევს თანადგომას, სწავლებას. ერთი წმინდა მამა მონასტრიდან ქალაქში საქმისთვის წავიდა. ვიდრე ქალაქში შევიდოდა, ღმერთს შეევედრა, ღმერთო, ოდესმე ჩემი ცხოვრება თუ სათნო იყო და შენთვის სათნო ვყოფილვარ როცა ქალაქში შევალ, პირველი შემხვედიდგანვე რაიმე სიბრძნე მასწავლეო.  ქალაქში რომ შევიდა, პირველივე ვინც შეხვდა, მეძავი დედაკაცი იყო.

- ღმერთო, ეტყობა ჩემი ცხოვრება არ არის სათნოო. მისგან რა სიბრძნე უნდა ვისწავლოო,- თქვა ბერმა. ეს ქალი რომ უყურებდა, ბერმა უთხრა:

- რას მიყურებო, - შენ თვითონ რას მიყურებო, - მიუგო ქალმა. მე კაციდან ვარ გამოსული და კაცს უნდა ვუყურო, შენ მიწისგნ ხარ გამოსული და მიწას უყურეო.  ბერმა განადიდა ღმერთი. რა საოცარია ღვთის განგებულება, თავად მეძავი დედაკაცისგან უფალმა ჭეშმარიეტება აუწყა. მთავარია, მიწას უყურე, შენი საქმე არ არის აქეთ-იქით ყურება, გზად ვინც შეგხვდება, მეძავი თუ კეთილგონიერი ადამიანი, არ არის შენი განსასჯელი. ღმერთს  შეუძლია ნებისმიერი სულიერი ადამიანიდან გვაუწყოს ჭეშმარიტება.

ძველად ბერები მონასტერს იყვნენ მოცილებულები, მარტო იყვნენ და არ იცოდნენ როგორ აღესრულებინათ საქმე და ნებისმიერ გამვლელს აჩერებდნენ და ეკითხებოდნენ, თუ როგორ გაეკეთებინათ.  რასაც ეტყოდნენ, ისე აღასრულებდნენ საქმეს. ჩვენ თუ ჩავთვლით, რომ ღმერთი მოგვცემს პასუხს ნებისმიერი ადამიანის ბაგეებიდან, ღმერთი მართლა მოგვცემს. ღმერთისთვის არ არის აუცილებელი ადამიანი  წმინდა იყოს და მისგან გვაუწყოს ჭეშმარიტება. ღმერთს განა არ შეუძლია უწმინდური ადამიანისგან გვაუწყოს ჭეშმარიტება? როგორ არ შეუძლია. უფალთან მინდობით უნდა შევძლოთ ცხოვრება. სწორედ ეს არის რაც ჩვენ არა გვაქვს. ეს თანამედროვეობის სენია, ძველადაც იყო ეს ადამიანებში, მაგრამ დღეს განსაკუთრებითაა. დღეს გონებას მეტი გასართობი აქვს, გონება მეტად არის მიწიერებით და არამატერიალურით დაკავებული.

თუ ადამიანი ერში ცხოვრობს მას რაც ერში სჭირდება ისიც უნდა აკეთოს და სულისთვისაც იზრუნოს. თუ ადამიანი მონასტერში ცხოვრობს ყველანაირად უნდა მოერიდოს ინფორმაციის მიღებასაცკი. ამქვეყნიური ინფორმაციის მიღებასაცკი უნდა მოერიდოს გონება, მშვიდად იყოს, იფიქროს ღმერთზე, მიღმიერ სამყაროზე და არა ამქვეყნიურ სამყაროზე. ადამიანის გონებას არ შეუძლია დაიტიოს განუსაზღვრელი რაოდენობის ინფორმაცია. მითუმეტეს ერთმანეთის საპირისპირო, როგორიც არის მატერიალური, მიწიერი და სულიერი.


ბეჭდვა
1კ1