ყოველ ჩვენგანს უხილავად დასდევს ნათელიც და ბნელიც, ადამიანი საითაც გადაიხრება, მისი ცხოვრებაც იქით მიდის
ყოველ ჩვენგანს უხილავად დასდევს ნათელიც და ბნელიც, ადამიანი საითაც გადაიხრება, მისი ცხოვრებაც იქით მიდის
"როდესაც შეწყვეტთ ცოდვის ჩადენას საქმით, ბრძოლა გადაინაცვლებს შიგნით, გულში. აქ მთავარია გულისთქმები; გულისთქმას მოჰყვება თანაგრძნობა; თანაგრძნობას - სურვილი; შემდეგ ცოდვის ჩადენისკენ განწყობა, დათანხმება, გადაწყვეტილების მიღება და... ასე ჩავდივართ შინაგან ცოდვას.

გულისთქმანი უნდა განდევნოთ, არ გააჩეროთ ისინი ნებით. როგორც კი გაჩნდება თანაგრძნობა ან ტკბობა - მთელი ძალით ჩაახშეთ... ეს არის შინაგანი ბრძოლის თავიდათავი. როგორ? მთელი ყურადღებით ჩაეშვით საკუთარ გულში, დადექით იქ უფლის წინაშე და არ შეუშვათ არავითარი ცოდვა. დაიცავით თქვენი შინაგანი სამყარო ვნებათა დუღილისაგან... ნელ-ნელა განიწმინდეთ სულიერი ატმოსფერო, რაც უფრო ხშირად ივლით ტაძარში, მით უფრო მეტად დაეხმარებით თქვენს სულს", - ვკითხულობთ წმინდა თეოფანე დაყუდებულის წერილებში "ქრისტიანული ცხოვრების შესახებ".

როგორც წმინდა მამები ამბობენ, უფლის ნების გარეშე ადამიანს თმის ღერიც არ ჩამოვარდება. უფალი განსაცდელს, ხილულ, უხილავ თუ შინაგან ბრძოლებს ხომ ჩვენი სულის გამოსაცდელად უშვებს. ჰოდა, ვინც დაითმენს, ის ცხონდეს!

შინაგანი ბრძოლის შესახებ საუბარი ვთხოვეთ ამბროლაურის რაიონის სოფელ წესში მდებარე ბარაკონის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ დავით გეგეშიძეს.

- მამა დავით, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა შინაგანი ბრძოლა თავს არ გვანებებს?

- მთავარია, ადამიანმა გამუდმებით აკონტროლოს საკუთარი თავი. თუ უფალი დაუშვებს, ყოველგვარი განსაცდელი, თუნდაც უბედურება, მწუხარება, პიროვნული, ოჯახური თუ საზოგადო, მშვიდად უნდა გადავიტანოთ, უფალს მივენდოთ და სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ვიცხოვროთ. შეუძლებელია, სულიერი განწმენდის გზა ია-ვარდით იყოს მოფენილი. განსაცდელი ვიწრო ბილიკია, მაგრამ ის გამოცდილებას გვძენს და საკუთარ თავზე გვამაღლებს.

- განსაკუთრებით ვის აქვს შინაგანი, უხილავი ბრძოლა?

- უხილავი ბრძოლა ყველას თავისი აქვს, მაგრამ გულისთქმები განსაკუთრებით მათ ებრძვიან, ვინც უფრო მეტად მოღვაწეობს. შეიძლება, ადამიანმა უნებლიეთ ჩაიდინოს ცოდვა, ეს ცოდვად ვერც კი აღიქვას და ჩვეულებრივ მოვლენად მიიღოს, მაგრამ როცა პირველ ნაბიჯებს გადადგამს და ეკლესიურ ცხოვრებაში გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, მაშინ მას მეტი მოეთხოვება.

ყოველ ჩვენგანს უხილავად დასდევს ნათელი. ბნელიც დასდევს, მაგრამ ადამიანი ისარივით არის - საითაც გადაიხრება, მისი ცხოვრებაც იქით მიდის. მთავარი პრობლემა, რაც საზოგადოებას აწუხებს, დაუმორჩილებლობა და თვითნებობაა.

- ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე დაუსწრებლობაც შინაგანი ბრძოლის შედეგია?

- უფალი შეუძლებელს არაფერს გვთხოვს. იყავი მორჩილი, უბრალო, თავმდაბალი, თავიდან დაიწყე ეკლესიური ცხოვრება - უმიზეზოდ არ გააცდინო წირვა-ლოცვა, რელიგიური დღესასწაულები. უფლის კურთხევის მადლის გარეშე გადაადგილებაც არ შეიძლება. მით უმეტეს, არ შეიძლება უმიზეზოდ წირვა-ლოცვის გაცდენა. დღეს ბევრი სხვადასხვა მიზეზით იმართლებს თავს, მაგრამ განა შეიძლება, ადამიანი უფალზე წინ დავაყენოთ? თუ უფლის მცნებებით ვიცხოვრებთ, უფალიც ხელს შეგვიწყობს და ყოველივე კეთილად დაგვირგვინდება. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ახალგაზრდები ეკლესიისკენ შემობრუნდნენ. არის მეორე უკიდურესობაც - ადამიანი მალე თამამდება ეკლესიურ ცხოვრებაში, ამიტომ აუცილებელია მოძღვრისგან მეტი მოთხოვნა, მეტი მამაშვილური ურთიერთობა, რათა ეს პრობლემები მოგვარდეს. საყოველთაო პრობლემაა ისიც, მსახურების დროს მრევლი თვითნებურად რომ იწყებს ტაძარში სიარულს. მაშინ მოუნდებათ სანთლის ყიდვა, დანთება და ასე შემდეგ. ესეც გარკვეულწილად შინაგანი ბრძოლის ბრალია. ღვთისმსახურების პროცესში მთელი გულისყური უფალს უნდა მივაპყროთ და მაცხოვრის სიტყვების თანაზიარნი გავხდეთ.

- შინაგანი ბრძოლებისგან ადამიანი შეიძლება სულიერად დაავადდეს. თუ ყოფილა თქვენს პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა?

- ტაძარში ჩვენ სულიერ საზრდოს ვარიგებთ, სულის მკურნალობა მხოლოდ ეკლესიაშია შესაძლებელი. გონებრივი გადატვირთვა იმის ბრალია, რომ არასწორი, არაჯანსაღი ცხოვრება გვაქვს. თუ რამე არ გაგვიჭირდა, განსაცდელი არ მოგვეწია, ისე არ გამოვფხიზლდებით. პავლე მოციქული ბრძანებს: "ადამიანი ავად რომ გახდება, კი არ უნდა უღალატო, არამედ გვერდით დაუდგე, უმკურნალო". ყოველმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან დედამიწას დატოვებს. მთავარი საგზალი აქედან იქ, მარადიულ ცხოვრებაში უნდა წავიღოთ. როცა კაცი მიხვდება, რომ სულის ხსნა მხოლოდ ეკლესიაშია, მოძღვარი მას სულიერ დარიგებას აძლევს და იმასაც ეუბნება, რომ მკურნალობა, მედიცინის ჩარევა სჭირდება. იყო ჩემს პრაქტიკაში რამდენიმე შემთხვევა, როცა სულით ავადმყოფი ხსნას ეკლესიაში ეძებდა. დღეს ისინი უკვე ეკლესიურად ცხოვრობენ.

- მამაო, როგორი შეიძლება იყოს შინაგანი ბრძოლა?

- შინაგანი ბრძოლა გამოიხატება ადამიანის ქცევაში, საუბარში. ზოგჯერ ბრძოლა შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ ადამიანს რაღაც უსიამოვნო განცდა, შინაგანი მწუხარება დაეუფლოს. ეს ერთგვარი უხილავი სასჯელია, რომელიც მრევლს მაშინ მოეწევა, როცა მოძღვრის ლოცვა-კურთხევას არ უჯერებს ან ვერ ასრულებს. ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო.

- ახალგაზრდებს, ალბათ, სხვაგვარი ბრძოლა აქვთ, ხანში შესულებს - სხვა...

- ახალგაზრდებში გამოუცდელობა, ემოცია, სულსწრაფობა ჭარბობს და უჭირთ, გრძნობებს არ აჰყვენ. ხანში შესულებს ეს ყოველივე გადალახული აქვთ. ამაში მათ ცხოვრებისეული გამოცდილებაც ეხმარებათ.

- თავად მოძღვართა შინაგან ბრძოლაზე რას გვეტყვით?

- ჩვენ, მოძღვრებს, გონებრივი, ფსიქოლოგიური თუ სულიერი დაღლა განსაკუთრებით გვახასიათებს. ფეხების ტკივილი ხომ, შეიძლება ითქვას, ჩვენი პროფესიული დაავადებაა, მაგრამ უფალი გვაძლებინებს.

- როგორ უნდა განიკურნოს ადამიანი შინაგანი ბრძოლისაგან?

- ეკლესიური ცხოვრება უნდა დაიწყოს. როგორც წმინდა მამები ამბობენ: "უფალმა ყველაფერი ისე დააუნჯა ეკლესიაში, როგორც სალაროში. მთავარია, ვიხმიოთ და კეთილად გამოვიყენოთ". უნდა ვისწავლოთ აღსარების თქმა, ზიარების მიღება და ღვთის მადლის შენარჩუნება.

- დაგვლოცეთ, მამაო დავით!

- ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ! ვისურვებდი, უფლის მადლითა და ჩვენი მცირედი მონდომებით ჩვენს საზოგადოებას დაეწყოს ეკლესიური ცხოვრება, სულიერი ფერისცვალება და სულიერი აღორძინება. ღმერთმა ინებოს, ერთი სულით, ერთი გულით გვედიდებინოს უფალი, ყოვლადწმინდა სამება, მამა, ძე და სულიწმინდა. ჩვენთან არს ღმერთი!
ბეჭდვა
1კ1