ადამიანს ერთი გული უნდა ჰქონდეს და მასში პირველ ადგილს ღმერთი იკავებდეს
ადამიანს ერთი გული უნდა ჰქონდეს და მასში პირველ ადგილს ღმერთი იკავებდეს
თუ გონება უკეთურია, მაშინ გული დაუცველია
რადგან უფალმა თავის ხატად და მსგავსად შეგვქმნა, ვალდებულნი ვართ, ვიყოთ მისი მცნებების ერთგული დამცველნი და ცხოვრების წესით ვადიდოთ უფალი გულითა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა.

თუკი საკუთარ გულში გამადიდებელი შუშით Gავიხედავთ და სულიერ თვალს ავიხელთ, უკეთ შევძლებთ ყოველდღიური ცოდვებისა და სისუსტეების დანახვას. აღარ ვიქნებით ცოდვისკენ მიდრეკილნი და ერთგულებას უფალთან საუბარში გამოვხატავთ.

გვესაუბრება დიდი დიღმის ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი.

უფალი ბრძანებს: "რომელსაც სურს შემოდგომად ჩემდა, უარყავით თავი თვისი, აღიღეთ ჯვარი თვისი და შემომიდეგით მე". საკუთარი თავის უარყოფაში იგულისხმება ამქვეყნიურ სიამეთა, მიზანთა დათმობა, რომელიც ხშირად არ ემთხვევა საუფლო გზას. წმინდა იოანე ოქროპირის თქმით, ამქვეყნიური არის ჭამა-სმა და სილამაზე ამა ქვეყნისა, რომლისთვისაც ადამიანთა უმრავლესობა იღვწის და ცხოვრობს. ხოლო, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში ჭეშმარიტება, ქრისტე შემოდის, აუცილებლად უნდა უარვყოთ საკუთარი თავი და უფლის მსახურნი გავხდეთ. მაცხოვარი მთაზე ქადაგების დროს პირველ ნეტარებაში ამბობს: - "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა". თუ ადამიანს სასუფევლის დამკვიდრება სურს, ცხოვრების წესად უნდა აქციოს უფალთან ერთად ცხოვრება, პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა უარყოს და იყოს გლახაკი სულითა, რომელიც სულიერად მუდმივად ელოდება ღვთის წყალობას და ცდილობს ღმერთთან ერთობას. მაცხოვარმა თავის მოციქულებს, წმინდა ანდრია პირველწოდებულს და იოანე მახარობელს ჰკითხა, რას ეძებთო? - ეს შეკითხვა ადამიანმა საკუთარ თავსაც უნდა დაუსვას - რას ეძებს ღმერთთან ურთიერთობისას? მოციქულებმა უპასუხეს, - უნდა ვიცოდეთ, სად იყოფი, სად ხარ, რადგან ხშირად მოვიდეთ შენთანო. უფალი პასუხობს, - მელიებს ხვრელი აქვთ, ჩიტებს ბუდე და ძე კაცისას არა აქვს ადგილი, სადაც თავის დადებას შეძლებსო. თუ ადამიანები ეძებენ მატერიალურს და დიდებას, ისინი უფალს ვერ ნახავენ. როდესაც ნათანაილი მიდის უფალთან, უფალი მას ეუბნება, - "აჰა, ჭეშმარიტი ისრაიტელი, რომლისა თანა არა არს ზაკვაი". ანუ მზაკვრობა არ არის მასში (რაც თანამედროვე ენით ამბიციას, დაფარულ სურვილს ნიშნავს) და ღმერთს ეძებსო. პეტრე მოციქულზე უფალი ამბობს: "შენ ხარ კლდე და ამ კლდესა ზედა აღვაშენებ ეკლესიას". ესე იგიAშენი გული შეუძვრელია და ძალიან უყვარს ღმერთიო. ამ სიყვარულზე შენდება ყოველგვარი სიკეთე. ასეთი ადამიანები მორჩილებენ ღმერთს, რომელთა გული, როგორც კლდე, ისეთი უძრავია. კლდეზე დაშენებული შენობა განსაკუთრებული სიძლიერისაა და ძლიერ გულზე დაშენებული ღვთისმორწმუნე ადამიანიც განსაკუთრებული ღირსებებისა და ძალის მქონეა. მათე მოციქული მეზვერე გახლდათ, მაგრამ საოცარი რამ მოხდა, მასთან მივიდა უფალი და უთხრა: "მომდევდი მე". მათემ მიატოვა ყველაფერი და ღმერთს გაყვა.

როდესაც ძმები - იოანე მახარებელი და იაკობი მამასთან, ზებედესთან ერთად ტბაზე თევზაობდნენ, მათთან უფალი მივიდა და მიმართა: "მომდევდით მე". და საოცარი რამ გააკეთეს. მამა ნავში მიატოვეს და უფალს გაყვნენ. როცა ზებედე გარდაიცვალა, ძმებმა უფალს სთხოვეს, - წავალთ და მამას დავკრძალავთო. მაცხოვარმა მიუგო, - მკვდრებმა თავისი მკვდრები დამარხონ, თქვენ ჩემთან დარჩითო. მოციქულებმა ისმინეს მისი.

უფალმა პირველი სასწაული კანას გალილეაში, ქორწილში მოახდინა - წყალი ღვინოდ გარდააქცია. როცა სვიმეონ მოშურნემ ეს სასწაული იხილა, საკუთარი ქორწილი მიატოვა და მაცხოვრის გვერდით დადგა. თთოეულ ადამიანს მოეთხოვება, მიიღოს ღვთის ერთგულების და მადიდებლის განსაკუთრებული გადაწყვეტილება, აღიღოს ჯვარი თვისი, შემოუდგეს ქრისტეს და შეუერთდეს დედა ეკლესიის წიაღს.

- მამაო, რა მოეთხოვება ეკლესიურად მცხოვრებ ადამიანს?

- როდესაც ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, მისი ცხოვრების წესი ღვთით უნდა წარიმართოს, გულით უნდა გახდეს ქრისტიანი და ცხოვრების წესად უფლის მცნებების დაცვა აღიაროს. ათი ქალწულის შესახებ იგავს გავიხსენებ: როდესაც ხუთი ქალწული არ მიიღო უფალმა - სულელები იყვნენ, მათი ლამპარი ჩამქრალი იყო. გარეგნულად ხუთივეს ყველაფერი მოწესრიგებული ჰქონდა, შინაგანად კი სულიერად ნაკლულნი იყვნენ. ღვთის წინაშე გულწრფელ, სრულყოფილ, შინაგანად მოღვაწე და ბოროტებისგან განშორებულ ადამიანზე სულიწმინდა გადადის, როდესაც ღვთისთვის სათნოა ლოცვა, მარხვა, ადამიანზე სულიწმინდის მადლი დაივანებს, ანუ ლამპარი ივსება იმ ზეთით, რომელმაც ცეცხლი უნდა დაიტიოს. ადამიანი შეიძლება გარეგნულად მოწესრიგებული იყოს, მაგრამ შინაგანად არ ჰქონდეს გაცნობიერებული ქრისტიანული ცხოვრების სწორად წარმართვის წესი.

ეს პრობლემა შეექმნა იუდას, როდესაც საიდუმლო სერობის დროს მაცხოვარმა მოციქულები (მათ შორის იუდაც) აზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს. მახარობელი იუდას ზიარებაზე ამბობს: "შევიდა გულისა შინა იუდასა ეშმაკი, იუდა წავიდა და გასცა მაცხოვარი".

სამ წელიწადნახევარი იუდა მაცხოვრის გვერდით იყო. მისით იკვებებოდა სულიერად, მაგრამ მისი გული დაცული არ იყო ღვთის მადლით და ადვილად შეეპარა ეშმაკი. უფალი ბრძანებს, რომ გულიდან გამოვლენ სიძვანი, პარვანი, ანგარებანი, კაცის კვლანი და ყოველგვარი უკეთურებანი. გულიდან გამოდის ყოველგვარი სიკეთეც. იუდამ საკუთარი გული ვერ დაიცვა, რის გამოც მისი გულიდან ისეთი არასწორი სურვილები გამოვიდა, რომ მაცხოვარსაც უღალატა და საკუთარი თავიც წარწყმიდა. გულს ყველაზე მეტი დაცვა სჭირდება. ამიტომაც უფალს ვთხოვოთ, გული წმინდა დაჰბადოს და სული წრფელი განგვიახლოს.

- როგორ უნდა გამოვხატოთ მაცხოვრის ერთგულება?

- ადამიანს ერთი გული უნდა ჰქონდეს და მასში პირველ ადგილს ღმერთი იკავებდეს. ორგულზე მაცხოვარი ბრძანებს: ორი ბატონის მსახურებას ვერ შეძლებთო. თუ ერთს შეიყვარებთ მეორე მოგძულდებათო. ამიტომ უფალი ყველას ერთგულებისაკენ მოუწოდებს. ადამიანმა ხშირად უნდა ჰკითხოს თავის თავს, - რა არის მისი ცხოვრების მიზანი? აქედან გამომდინარეა უკვე ადამიანის გულის მდგომარეობა.

წმინდა მამების განმარტებით, კაცის გული ემსგავსება ტალახში ჩავარდნილ ძვირფას თვალს, რომელიც გარეგნულად ჭუჭყითაა დაფარული. საკმარისია გავასუფთავოთ, რომ გალამაზდება. ადამიანის გულსაც იგივე დაემართება, თუკი განიწმინდება. თუ გონება უკეთურია, მაშინ გული დაუცველია. გონება არის მცველი გულისა. ის ყოველთვის გულში უნდა იყოს დაყუდებული და დარაჯივით იცავდეს მას უკეთურებისაგან.

- ხშირად ადამიანები საკუთარ თავზე ამყარებენ იმედებს და უფლის ნების ერთგულებას ნაკლებად ამჟღავნებენ.

მაცხოვრის ჯვარცმამდე პეტრე მოციქული, მოციქულთა სახელით მიმართავს უფალს, - ჩვენც შენთან ვართ და სიკვდილისთვისაც მზად ვიქნებითო. მაცხოვარი კი პასუხობს: - დღეს მამლის მეორედ ხმობამდე, სამგზის უარმყოფო. პეტრემ ეს ვერ დაიჯერა, რადგან საკუთარი თავის იმედი ჰქონდა, რომ უფლისთვის ყველაფერს შეძლებდა. იმ ღამეს მან წარმოუდგენელი საქციელი ჩაიდინა: სამგზის დაიფიცა, რომ არ იცნობდა მაცხოვარს. პეტრემ ვერ შეძლო განსაცდელის გადალახვა. იუდას გულშიც ეშმაკი შევიდა და არასწორი ნაბიჯი გადაადგმევინა. პეტრე მოციქული კი საკუთარ ძალებს დაეყრდნო და ღმერთის ერთგულება ვერ შეინარჩუნა. თუმცა შემდეგ ისეთი სინანული ჰქონდა, რომ ღმერთს აღარ განშორებია. წმინდა სერაფიმე საროველი ბრძანებს: ადამიანში მოქმედებს სამი ნება. ერთ-ერთია ღვთაებრივი, რომელიც უფლისთვის აძლიერებს ადამიანს და სწორი არჩევანის საშუალებას აძლევს.

მეორეა ადამიანური ნება. მასზე დაყრდნობა შეუძლებელია. ადამიანს სჭირდება ღვთაებრივი შემწეობა განსაცდელებთან გასამკლავებლად. მესამე ნება - დემონური ნებაა, როდესაც ბოროტისგან მოწოდებულ აზრს ცხოვრების წესად იხდის. ქრისტეს მოციქულებმა თავიანთი ცხოვრებით ყველაფერი გვასწავლეს - რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ცხოვრებაში სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ და გავხდეთ უფლის ერთგულნი, როგორ უნდა განვაგრძოთ ცხოვრება ღმერთთან ერთად, არა საკუთარ ძალებზე დაყრდნობით, ღალატით, არამედ ღვთის ერთგულებით.

განსაცდელის დროს საუცხოოდ ჩანს ჩვენი შინაგანი ბუნება. რამდენად ვართ უფლის ერთგულნი, განსაცდელთა დაძლევაში მჟღავნდება. განსაცდელი, გარკვეულწილად, ღვთის წყალობაცაა.

პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ერთგული ვარ ღვთისა თუ არა, შემიძლია უარვყო საკუთარი თავი და გავხდე ღვთის ერთგული? თუ ეს შეგვიძლია, მაშინ ერთგულები ვართ. თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ მხოლოდ გარეგნულად ვემსგავსებით ქრისტიანს და ჩვენი შინაგანი სამყარო შორსაა უფლის მცნებების ერთგულებისგან. როდესაც ადამიანი ცოდვას სჩადის, განეშორება უფალს, ამით მაცხოვარს ხელმეორედ ვაკრავთ ჯვარზე.

როდესაც ადამიანი სცოდავს, ის უფალს შეურაცხყოფს. ხოლო თუ მიზანმიმართლად სჩადის მომაკვდინებელ ცოდვას, ზნეობრივად იმ ადამიანს ემსგავსება, რომელმაც უფალი ჯვარს გააკრა და მისთვის დამცირებაც და დანერწვებაც არ დაიშურა. ასეთნი, სამწუხაროდ, დღესაც მრავლად არიან.

ქრისტიანი და ეკლესიური შეუძლებელია უწმინდური და ცოდვილი იყოს. პირველ ქრისტიანებს ხომ წმინდანები ეწოდებოდათ, მათ წინამძღოლებს კი უწმინდესები. თანამედროვე ქრისტიანის, თითოეული ჩვენგანის მიზანი წმინდანად გახდომა უნდა იყოს.

ქრისტიანი ნიშნავს ქრისტეს მსგავსს და მის გზაზე მავალს. ქრისტესთვის მთავარი იყო სიკეთის მსახურება. ჩვენთვისაც მთავარი უნდა იყოს სიკეთის მსახურება. პირადი ცხოვრება აუცილებლად ღვთის ნებით უნდა წარვმართოთ. უწმინდესი ხშირად ბრძანებს, - ღვთისა და ადამიანის ნება უნდა დაემთხვეს ერთმანეთს, ამ დროს ხდება საოცარი სინერგია - კავშირი ღმერთთთან და ადვილი ხდება მისთვის ცხოვრება. ცხონებულია ის ადამიანი, რომელიც ღმერთთან ერთად ცხოვრობსო.

წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "შევიყვაროთ უფალი არა სიტყვით, არამედ საქმით და ჭეშმარიტებით". ღმერთმა შეგვაძლებინოს, ვიყოთ ღმერთის ერთგული და თავგანწირული ქრისტიანები.
ბეჭდვა
1კ1