გული წმინდაი დაბადე ჩემთანა, ღმერთო!
გული წმინდაი დაბადე ჩემთანა, ღმერთო!
გულის განწმენდის გარეშე ღმერთს ვერ ვიხილავთ
"ჩვენს ცხოვრებას ძირითადად ჩვენს გულში მიმდინარე პროცესები განსაზღვრავს, გულში კი ნათელთან ერთად წყვდიადიც მკვიდრობს და მათ შორის მუდმივი დაპირისპირებაა", - ბრძანებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ერთ-ერთ ქადაგებაში. დაპირისპირებისას მთავარი ისაა, რას აირჩევს ადამიანი, რას გადაწყვეტს გულში. უფალი გულის სიწმინდეს ითხოვს. კეთილ არჩევანს სწორედ განწმენდილი გული აკეთებს... გულის განწმენდა ადამიანის თავის თავზე მუშაკობით მიიღწევა და ღვათებრივი მადლის მოქმედებით მთავრდება...

გვესაუბრება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარი დეკანოზი იაკობ აბაშიძე.

- "გული წმინდაი დაბადე ჩემ თანა, ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა", - ამბობს ფსალმუნი. თუ ადამიანმა გულის სიწმინდე არ მოიპოვა, ვერ შეიყვარებს და შეუერთდება ღმერთს. ცხრა ნეტარებაში მაცხოვარი ბრძანებს: "ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" - ნეტარების ეს მცნება ესატყვისება დავითის ფსალმუნს - გულის გაწმენდის გარეშე ღმერთს ვერ ვიხილავთ, მხოლოდ გულის სიწმინდეში ეცხადება ადამიანს უფალი. თუ ადამიანმა სარკმელი არ გაწმინდა, ვერ დაინახავს, რა ხდება მის მიღმა. ჩვენი გული სულის სარკმელია, საიდანაც ღმერთს ვხედავთ, თუ დაბინძურებულია, იქ ღმერთის, ღვთის მოწოდების დანახვა შეუძლებელია.

ღმერთი თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ილია მართალი (ჭავჭავაძე) ამბობს: "ცათა და ქვეყანას შორის ზოგი ისეთი რამაა, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ, ზოგიც ისეთია, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. მაგრამ ამისთვის ჯერ გული უნდა განიწმინდო." თუ დაუკვირდებით, ადამიანთა კატეგორია, ვისაც ღმერთი არ სწამს, ის ხალხია, რომელთაც გული განწმენდილი არ აქვთ.

თუ ვინმეს ცუდი გვიხარია, გვშურს სხვათა წარმატება ან ვამჩნევთ, რომ ჩვენში აღიძვრება ცუდი გულისთქმები, ე.ი. გული განწმენდილი არ გვაქვს.

- გულის განწმენდა, უპირველესად ხომ გონების განწმენდით იწყება?

- ადამიანს არაწმინდა აზრები ჯერ გონებაში უჩნდება, შემდეგ გადადის გულში, გულიდან შეიძლება საქმედ იქცეს. თუ ეზოში ძაღლი გვყავს, იქ ავაზაკი ვერ შევა, მაგრამ თუ ძაღლი არ იცავს, ქურდი და ყაჩაღი ალაყაფის შიგნით ადვილად შემოვა და სახლის კარსაც მიადგება. სახლის კარები შევადაროთ გულს, ხოლო გონება ალაყაფს, სადაც სინდისის ხმა ძაღლის მსგავსად დარაჯად უნდა იდგეს, არ უშვებდეს გულში ბოროტ ზრახვებს. ამდენად, უპირველესად გონებით ბოროტ ზრახვებს უნდა ვერიდოთ და ვებრძოლოთ. თუ გულში გადავიდა, გაცილებით მეტი ბრძოლა მოგვიხდება გულის სიწმინდის დასაცავად.

იოანე ნათლისმცემელი ბრძანებს: განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. მოვალს მეუფე დიდებისა. უფალი ყველა ადამიანის გულის კარებზე აკაკუნებს, რათა გაუღოს გულის კარი. ნათლისმცემელი გვაფრთხილებს, - უფალი რომ ჩვენს გულში შემოვიდეს, სულიერი ბილიკები უნდა მოვასწოროთ, ანუ მოვინანიოთ გულში არსებული ცოდვები, ის, რაც ჩვენს გულში არ შემოუშვებს მაცხოვარს. როდესაც ამა თუ იმ დაბასა და სოფელში მეუფეები, იმპერატორები მიდიოდნენ, მათ მისაღებად და პატივსაცემად გზებს ასწორებდნენ. უგზო სოფელში შესაძლოა, მეფე არც შესულიყო. თუკი ესოდენ პატივითა და დიდებით ხვდებოდნენ მიწიერ მეფეებს, მით მეტად უნდა ვიზრუნოთ სულიერი მეუფის მისაღებად, მოვასწოროთ სულიერი ბილიკები, - მოვინანიოთ და მოვაშთოთ ჩვენს გონებასა და გულში ღვარძლი და ცოდვა, რომ უფალმა შემოაღწიოს.

ერთ-ერთი წმინდა მამა მრევლის განსაკუთრებული, გამორჩეული სიყვარულით სარგებლობდა. ერთხელ ჰკითხეს, - როგორ მიაღწიეთ ამგვარ მდგომარეობასო. უპასუხა, - არასოდეს არაფერი განსაკუთრებული გამიკეთებია მრევლის მიმართ, მხოლოდ ვცდილობდი, რომ მათთან ყოველთვის გულწრფელი ვყოფილიყავი. გულწრფელობა მხოლოდ მოძღვარს არ მოეთხოვება, ამით მოძღვარი მიგვითითებს, რომ მრევლიც გულწრფელი იყოს მოძღვართან, არ დაიტოვოს გულში არც ერთი ცოდვა. განკითხვის ჟამს ადამიანს სწორედ გულში დაფარული ცოდვა მოეკითხება.

- ზოგჯერ ადამიანი სიკეთეს, მოწყალების საქმეებს აღასრულებს, თუმცა გულში სხვაგვარად აქვს საქმე...

- შეიძლება ითქვას, რომ უფალმა გვაუწყა, როგორი იქნება განკითხვა, განსჯა ადამიანებისა. თუ გავიღებდით მოწყალებას - შევეწეოდით ღარიბ-ღატაკთ, ვეხმარებოდით პატიმრებს, ვმოსავდით შიშველთ და ა.შ., ჩავდიოდით სიკეთეს, ე.ი. ღირსნი გავხდებით სასუფევლისა. რატომ იწყებს უფალი სწორედ მოწყალების საქმეების მოკითხვით? კეთილი საქმეები არის ბარომეტრი, სასინჯი, განწმენდილია თუ არა ჩვენი გული. უამისოდ ადამიანი სიკეთეს ვერ გააკეთებს. ეს იქნება გარეგნული ქმედება და არა სიკეთე, რომელიც ღვთის წინაშე წაადგება.

- საერთოდ, რა დანიშნულება აქვს გულს?

- ვიცით, რომ ფიზიოლოგიურად გული აკონტროლებს მთელ გულ-სისხლძარღვთა სისტემას, გული არის ადამიანის მამოძრავებელი ბირთვი, მაგრამ თავად გული რომ გავჭრათ, იქ სიყვარულს ვერ ვნახავთ, თუმცა მაინც მიგვაჩნია, რომ სიყვარული გულშია. სწორედ გულის საშუალებით იმართება ჩვენი კეთილი საქმეები. საბოლოოდ, გული წყვეტს, სიკეთე ჩაიდინოს თუ უკეთურება და ცოდვა. სული სწორედ ჩვენს გულს უბრძანებს, განწმინდოს ჩვენი ცოდვები, ამდენად, გულს კავშირი აქვს სულიერებასთან.

უფლის იგავი "მთესველზე" სწორედ გულზეა. იგავში ნახსენები სხვადასხვა ხნულები მიწას კი არ უკავშირდება, არამედ ადამიანის გულზეა საუბარი. კაცმა სწორედ გულში უნდა ამოშანთოს ღვარძლი, რომ კეთილმა ნაყოფმა გაიხაროს, თორემ ხომ შეიძლება კეთილი ნაყოფი უკეთურმა ნაყოფმა მოაშთოს. გული უნდა შევამზადოთ კეთილი ნაყოფის მისაღებად და გასანაყოფიერებლად. პავლე მოციქული ბრძანებს, - ისე შეიყვარეთ მაცხოვარი, რომ მისი ჯვარი ჩვენს გულში გამოისახოსო. ეგნატე ღმერთშემოსილი პატარა ბავშვი იყო, როდესაც მაცხოვარმა ხელი შეახო და თქვა: გამოუშვით ბავშვები ჩემთან, ვინაიდან მაგისთანებისაა ღვთის სასუფეველი. ვინც ისე არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, როგორც ბავშვი, ვერ შევა სასუფეველშიო. როდესაც აწამეს და გული ამოგლიჯეს, გულზე ძარღვებით გამოსახული ჰქონდა წარწერა: "ემანუელ" - ჩვენთან არს ღმერთი. აქედან ნათლად ჩანს გულის დანიშნულება და მნიშვნელობა.

- როდის, რა შემთხვევაში შესთხოვს ადამიანი უფალს დავით მეფსალმუნის სიტყვებით: "გული წმინდაი დაბადე ჩემ თანა..." როდის უჩნდება გულის განწმენდის სურვილი? რა უშლის ხელს ყველაზე მეტად გულის განწმენდას?

- ამ მდგომარეობამდე ადამიანი თავმდაბლობას მიჰყავს. საკმარისია ჩაფიქრდეს საკუთარ თავზე, აუცილებლად აღმოაჩენს, რომ ცოდვილია და იწყებს ეკლესიისკენ სწრაფვას, რადგან მან ღმერთი იხილა. ვიდრე ადამიანი ამპარტავნებაშია და საკუთარი თავი უცოდველად მიაჩნია, გულს ვერ განიწმენდს. ამპარტავნებაში მყოფი ადამიანი უფალს ვერ შეიმეცნებს, რადგან მისი გული განუწმენდელია და ცოდვებს ვერ ხედავს. ქადაგებების დროს პატრიარქი ხშირად ბრძანებს, - კატეგორიული აზროვნებისგან დავიცვათ თავიო. კატეგორიული აზროვნება რას ნიშნავს? - განა იმას, რომ მართლმადიდებელი ხარ და მტკიცედ გწამს, რომ ეს არის ერთადერთი მართალი სჯული. კატეგორიულობა სარწმუნოებაში აუცილებლად უნდა გვქონდეს. როდესაც ადამიანი ამბობს, - ყველაფერში მართალი ვარ, დამნაშავენი სხვები არიანო, ეს არის კატეგორიული აზროვნება და ამისგან უნდა დავიცვათ თავი. ყველაზე ცოდვილად საკუთარი თავი უნდა მიგვაჩნდეს. გავიხსენოთ, რას ამბობდა უფლის მიმართ პავლე მოციქული: გმადლობთ, უფალო, რომ მოხვედი ცოდვილთა ცხონებად, რომელთაგან პირველი მე ვარო. ამ სიტყვებს ამბობს ის, რომელიც უფალმა თორმეტ მოციქულთაგან თავად გამოარჩია და სარწმუნოების ჭური უწოდა.

- რას ნიშნავს სულის სიწრფელე და რა კავშირია გულსა და სულს შორის?

- გული მაინც ხორციელს ასახავს. სული კი მთლიანად სულიერი, უხილავი და არამატერიალურია, თუმცა ერთმანეთთან უდიდესი კავშირი აქვთ - სულის სიწმინდე იგივე გულის სიმდაბლეა, გულის განწმენდაზე მეტყველებს. აქ არის სულისა და ხორცის ერთობლივი ღვაწლის შედეგი - მიღწეული მიზანი. გულახდილობა, გულწრფელობა... იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს არავითარი ხინჯი არ აქვს გულსა და სულში.

სული წრფელი მომეცი კი არა, განმიახლეო, მიმართავს უფალს დავით მეფსალმუნე, რადგან ადამიანს ოდესღაც ჰქონდა ეს მდგომარეობა - როგორი წმინდაც უნდა იყოს იგი, ადამის ცოდვის შედეგად დაკარგული აქვს სიწრფელე სულისა, ამიტომ უნდა ვითხოვდეთ უფლისაგან - განაახლოს ჩვენში სული წრფელი.

გული ჩვენი სხეულის ერთ-ერთი მატერიალური ორგანოა, მაგრამ მას სულიერი მნიშვნელობაც აქვს. პირველ რიგში მაინც სულია მთავარი. სული უნდა იყოს მბრძანებელი, ის უნდა განაგებდეს ჩვენს სხეულს, ისევე, როგორც მხედარი ცხენს.

- რამდენად შესაძლებელია დღეს საერო ცხოვრებაში გულის სიწმინდის მიღწევა?

- ბოროტი ხელი ყველანაირ ხერხს მიმართავს კაცის დასაღუპად. ძნელია მოიპოვოთ გულის სიწმინდე, მაგრამ მცდელობა და ვარჯიში არ უნდა დავაკლოთ. წმინდა მამათა სწავლებით, ადამიანმა სულიერი წარმატების მისაღწევად სამი საფეხური უნდა მოიპოვოს.

პირველი საფეხურია, როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ, გარეგნულად არ გამოხატო წყენა და მრისხანება. შესაძლოა გულში გქონდეს წყენა და შფოთი.

მეორე საფეხურია, როდესაც შეურაცხგყოფენ, არც გარეგნულად გამოხატავ და არც გულში გიდევს ბრაზი და წყენა. უნდა მიიჩნიო, რომ ღირსი ხარ ამისა საკუთარი ცოდვების გამო. შესაძლოა, ამ მომენტში მართალიც ვარ, მაგრამ უნდა დავითმინო მოყვასისა და ღვთის სიყვარულისთვის, გულშიც არ გამოვხატო შფოთი.

მესამე საფეხური გაცილებით ძნელი მისაღწევია, თუმცა მისი მოპოვებისკენაც უნდა ვისწრაფოთ - როდესაც შეურაცხგყოფენ და გდევნიან, არც გარეგნულად გამოხატავ წყენას, არც გულში განიცდი ბრაზსა და შფოთს და გულით გიყვარს ის, ვინც ასეთ დღეში ჩაგაგდო.

- რა საშუალებებს სთავაზობს ეკლესია ადამიანს ამ მდგომარეობის - გულის სიწმინდის მისაღწევად?

- უპირველესად, საჭიროა მარხვა, ლოცვა და გულითადი სინანული. ნებისმიერი ცოდვა და ცოდვილი ჩვევა აუცილებლად უნდა ვაღიაროთ. ხის გარშემო დალაგებულ ქვებში ყოველთვის ადვილად ჩაიბუდებს ქვეწარმავალი, და საშიშროებაც დიდია, რომ ადამიანი დაკბინოს. ხის ქვეშ ყოფნა სახიფათო რომ არ იყოს, ქვები უნდა შემოვაცალოთ. ასეთ შემთხვევაში ქვეწარმავლებიც გაიქცევიან. გულში შენახული ცოდვები ჰგავს ამ ქვებს, სადაც ადვილად დაიბუდებს ბოროტი, რომელიც ჩვენს სულს დაკბენს, სულს სარგებელს არ მისცემს. ეს "ქვები" აუცილებლად უნდა მოვიშოროთ მოძღვართან გულახდილი აღსარებით.

შესაძლოა ადამიანი აღსარებასაც ამბობდეს, მარხვასაც ინახავდეს, მაგრამ შინაგანად გული ბოლომდე მაინც არ ჰქონდეს განწმენდილი. ამიტომაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ლოცვა და ლოცვათა შორის ფსალმუნების კითხვა. განსაკუთრებით ფსალმუნთა ლოცვით განიდევნება ბოროტი სულები. როდესაც მეფე საულს ებრძოდა ბოროტი, რამდენიმეჯერ მოკვლაც დააპირა დავით მეფისა, მაგრამ დავითი ცდილობდა მის მოქცევას და ფსალმუნებს უგალობდა. საულის სულისგან ეშმაკი განიდევნა.

აღსარება და ზიარება მხოლოდ ერთხელ საკმარისი არ არის, ამის შემდეგაც ხშირად რჩება ადამიანში უკეთური გულისთქმანი და ცოდვები. როგორც დავით მეფსალმუნე ბრძანებს: "ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის"... ამიტომ გულის განწმენდის პროცესი სულის ამოფშვინვამდე, სიცოცხლის ბოლომდე უნდა გრძელდებოდეს. სახარებიდან ის მონაკვეთი გავიხსენოთ, სადაც არაწმინდა სულსა და დასუფთავებულ სახლზეა საუბარი. კაცი რომ სახლს გაწმენდს, განდევნის ბოროტს, მაგრამ დაგვილ და დასუფთავებულ სახლში უფრო მეტი ბოროტი სული მოვა. აქ სწორედ გულზეა საუბარი. რაც მეტად ცდილობს ადამიანი სულის განწმენდას, გულში უფრო მეტი ბოროტი, უკეთური განზრახვა შემოვა. შემდეგ ხდება მისი ამოქმედება. ამიტომ ყველაზე მეტად ჩვენს გულში შემოსულ არაწმინდა სურვილებსა და ზრახვებს უნდა ვებრძოლოთ.

- რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის სხეულის სიწმინდეს და რა კავშირშია სხეულის სიწმინდე გულის სიწმინდესთან?

- გულის განწმენდა ხდება საფუძველი სხეულის სიწმინდისა და პირიქით - როდესაც ადამიანის სხეული განიწმინდება, მისი გულიც იწმინდება, ერთ-ერთ წმინდა მამას ჰკითხეს, - რა არის უმთავრესი საცხოვნებლადო. ჭეშმარიტი სარწმუნოების წმინდად დაცვა და სხეულის წმინდად შენახვაო, - მიუგო მან.
ბეჭდვა
1კ1