სანამ მრისხანე ადამიანი თავის მდევნელს პასუხს გასცემდეს, მანამდე 33-ჯერ უნდა თქვას იესოს ლოცვა
სანამ მრისხანე ადამიანი თავის მდევნელს პასუხს გასცემდეს, მანამდე 33-ჯერ უნდა თქვას იესოს ლოცვა
ჩვენი მეტყველება, ჩვენი საუბარი სიტყვებისა და ენობრივ სტრუქტურათა არა მხოლოდ ერთობლიობაა, არამედ ჩვენი აზროვნებისა და მსოფლმხედველობის გამოხატვის განსაკუთრებული საშუალება; სიტყვა ის გამტარია, რომლის მეშვეობითაც სულში იღვრება არა მარტო აზრები და სახეები, არამედ შეგრძნებების, განცდების, გრძნობებისა და სურვილების ნაკადიც. ილია II-ის თქმით, "სიტყვა არ არის მარტო ბგერათა ერთობლიობა, მასში განსაკუთრებული მისტიკური ძალაა ჩადებული". მეტყველების კულტურის დონე ყოველთვის განსაზღვრავდა და განსაზღვრავს ყოველი ინდივიდისა და ერის მენტალიტეტს. ქართველ ხალხს მუდამ ღრმად ჰქონდა შეგნებული, რომ "რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წარეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!" (გრ. ორბელიანი).

სიტყვა ადამიანის სულის გამოხატულებაა, მისივე ნების ემანაციაა. სამეტყველო ლექსიკის დამახინჯება შეურაცხყოფს არა მხოლოდ გრამატიკას, არამედ ადამიანის სულსაც. ენას და ბაგეებს, რომლებიც ღვთის სადიდებლადაა შექმნილი ("უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა"), სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად ადამიანი ღვთის საგმობად მიმართავს. ენის დამორჩილება ქრისტიანის უმთავრესი მოვალეობაა. წმინდა იაკობ მოციქული წერს: "ენაი კაცთაი ვერვის ხელეწიფების დამწყსად, დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მაკუდინებელითა, რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა და მით ვსწყევთ კაცთა... მიერვე პირით გამოვალს კურთხევა და წყევა" (იაკობ. 1,26; 3,5-10). არადა, შეუძლებელია ადამიანის ბაგეებიდან ერთდროულად გამოდიოდეს ლოცვაც, ფსალმუნების კითხვის ხმიანობა და ბილწი სიტყვებიც. ნათქვამია: სანამ ბოროტისაგან ენას არ დააცხრობ, მანამ უფალი შენგან ქებას არ შეიწირავსო. "ნამეტნავისაგან გულისა ენა იტყვინ", - ბრძანებს მაცხოვარი. როდესაც ადამიანის გული ბოღმით, ბრაზითა და შფოთით არის აღსავსე, იგი ამ ღრმა ფსიქოლოგიურ კრიზისს ბილწსიტყვაობით გამოხატავს. ბილწსიტყვაობის ცოდვა პირველ რიგში მოქმედებს ადამიანის შინაგან სამყაროზე, უსახიჩრებს სულს და უკარგავს ღვთიურ მადლს.

გვესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა გიორგი (რაზმაძე):

- ბილწსიტყვაობა ადამიანის დაცემის შედეგია. სიტყვის ცუდად ხმარებასთან დაკავშირებით შეიძლება შემდეგი ფაქტები გამოვყოთ: როცა ადამიანი მრავლისმეტყველია და თავშეუკავებლად ყველა თემაზე საუბრობს, მისი ენა ემსგავსება ქარის წისქვილს, რომელსაც მონაბერი ქარი განურჩევლად ატრიალებს. მრავლისმეტყველების ცოდვას, თავის მხრივ, აქვს სამი მიმართულება: 1) უქმი მეტყველება, როცა ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერში გათვითცნობიერებულია და ყველა თემაზე საუბარი შეუძლია; მათე მახარებელი ამის შესახებ ბრძანებს: "ყოველი სიტყვა უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყვა მისთვის დღესა მას სასჯელისასა" (მათე 12,36); 2) ადამიანის განკითხვა, რომელიც საშინელი ცოდვაა და წმინდა მამები მას ანტიქრისტეს მდგომარეობას ადარებენ; 3) ბილწსიტყვაობა, რომელიც კაცს შეაგინებს.

ჩვენ ვიცით, რომ პირველითგან იყო სიტყვა (იოანე 1,1). უფალი განკაცდა ჩვენთვის, სიტყვამ - ლოგოსმა ხორცი შეისხა. ამიტომაც სიტყვას ძალიან დიდი საკრალური მნიშვნელობა აქვს. სიტყვით შეიქმნა ხილული და უხილავი სამყარო. სიტყვით შეიქმნა ადამიანი. ბასილი დიდი ამბობდა, ყრმობაში ჩემმა უფროსმა დამ პირველი სიტყვა, რაც შემასწავლა, იესო ქრისტეს სახელი იყოო. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც თავის სიტყვას უფლისკენ მიმართავს და ამის საპირისპიროდ, ადამიანი, რომელიც თავის სიტყვას ეშმაკს უძღვნის, რადგან წერია: "ბოროტის ენის მოქმედი ცხადად თავის თავს ღვთისგან განაშორებს და ეშმაკის მსგავსად წარმოიჩენს თავს". სიტყვით შეიძლება ადამიანს სარგებელიც მისცე და სიტყვითვე მოკლა. მიტროპოლიტი ფილარეტი ამბობს: "ადამიანის სიტყვა შეიძლება განბასრებულ იქნეს, ვითარცა მახვილი და მაშინ ის მოსწყლავს და კლავს; და შეიძლება დალბობილ იქნეს, ვითარცა ზეთი და მაშინ კურნავს". არის ასეთი გამოთქმაც, კაცისთვის ავი სიტყვის თქმას მისთვის ქვის სროლა სჯობსო. წმინდა მამები ამბობენ, როცა ადამიანი შეუდგება მარხვის ღვაწლს, მისი მარხვა არ უნდა მიემსგავსოს მორიელის მარხვას, რომელიც 150 დღე არაფერს ჭამს, მაგრამ მისი ერთი კბენაც კი მომაკვდინებელია. შეიძლება ადამიანი მარხულობდეს, მკაცრად მოღვაწეობდეს, მაგრამ თავისი სიტყვით მოყვასს აწყენინოს, შეურაცხყოს იგი, სასო წარუკვეთოს, რაც მორიელის ნაკბენზე უარესია. ერთ-ერთი თანამედროვე ბერი აღნიშნავს, რომ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. როდესაც ადამიანი ლოცვას წარმოთქვამს და ღმერთს მიმართავს, უფალი უსმენს და შეეწევა მას. ხოლო როცა ღვთისთვის შეუფერებელ, უხამს სიტყვებს წარმოთქვამს, მრისხანებს, ბილწსიტყვაობს, ეშმაკი ამ ადამიანის გვერდით დგას და ყველანაირად ცდილობს, იგი უფრო მეტად განარისხოს. ამით კი თავისი ბოროტება აღასრულოს. ეს ყველა ქრისტიანმა უნდა გააცნობიეროს, რადგან მათე მახარებელი ბრძანებს: "სიტყვითა შენითა განმართლდე და სიტყვითა შენითა დაისაჯო". არც ერთი ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვა უკვალოდ არ იკარგება. წმინდა თეოფანე დაყუდებული წერს: "თქმით შენ შობ სიტყვას. შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე აღარასოდეს მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენსკენ ან შენს საწინააღმდეგოდ". ღვთის მიმართ წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვა უფალთან იწერება, ხოლო ბილწ სიტყვებს ბოროტი ძალები აღნუსხავენ. ბილწსიტყვაობის ცოდვის საზვერის გავლა მოგვიწევს და ამას უნდა ვუფრთხილდეთ.

- რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს დაუდევრად ნათქვამ სიტყვას, ბილწსიტყაობის ცოდვას?

- მახსენდება წარმართი ფილოსოფოსის, პლუტარქეს მონათხრობი. სპარსელებთან ომში ბერძნები სასტიკად დამარცხდნენ. ორი ჯარისკაცი გადარჩა მხოლოდ. ვიდრე ისინი ათენამდე ჩავიდოდნენ, მათი დამარცხების ამბავმა ერთ-ერთ ქალაქს მიაღწია. იქაურმა დალაქმა ეს ისე გაიგო, თითქოს სპარსელთა ჯარი ათენისკენ აპირებდა გალაშქრებას, რასაც საბერძნეთის განადგურება მოჰყვებოდა, მიატოვა თავისი საქმე, მოედნის შუაგულში დადგა და ყვირილი დაიწყო: სპარსელების ჯარი მოდის, გადაგვწვავენ, გადაგვბუგავენო. მთელი ქალაქი დაფრთხა. ბოლოს, გაირკვა, რომ არავითარი საშიშროება არ ყოფილა მოსალოდნელი. შფოთის ატეხის გამო დალაქი შეიპყრეს და სიკვდილი მიუსაჯეს. იგი პატიებას ითხოვდა და პირობას დებდა, - ასეთ უგუნურებას აღარასოდეს ჩავიდენო. შეიწყალეს, მაგრამ გათავისუფლებისთანავე იკითხა: მთავარსარდალი დაიღუპა თუ არაო. ამ ადამიანმა, სამწუხაროდ, თავს გადამხდარისგან სულიერი სარგებელი ვერ მიიღო.

ის, ვინც ცდილობს, ეკლესიურად იცხოვროს და პარალელურად ბილწსიტყვაობს და მრავლისმეტყველებას თავს არ ანებებს, ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. პატერიკი მოგვითხრობს მრავლისმეტყველებისა და განკითხვის ცოდვით შეპყრობილი ორი მონაზვნის ამბავს. ისინი გარდაიცვალნენ. ყოველი წირვის დროს, როდესაც დიაკვანი წარმოთქვამდა: "კათაკმეველნო, განვედით!", ამ საფლავებიდან ორი მოკაკვული ჩრდილი ამოდიოდა და მორცხვად ტოვებდა ეკლესიას. ეს ამბავი ეპისკოპოსს მოახსენეს, რომელმაც მრევლს სთხოვა, გარდაცვლილთა სულებისთვის ელოცათ. მიუხედავად იმისა, რომ მონაზვნებმა თავიანთი ცხოვრება უბიწოდ განვლეს, მაინც დაისაჯნენ, რადგანაც თავი არ დაანებეს განკითხვისა და ბილწსიტყვაობის ცოდვას. ეს ხილვა მანამდე არ გაქრა, სანამ მონაზვნებს შეცოდებები არ მიუტევეს მათგან განკითხულმა და შეურაცხყოფილმა ადამიანებმა.

- უმეტესად რომელი მანკიერებებისგან მომდინარეობს ბილწსიტყვაობა?

- წმინდა იოანე კიბისაღმწერელი გვასწავლის, რომ ცოდვას ყოველთვის ჯაჭვური რეაქცია ახასიათებს. ნაყროვანების ცოდვას სიძვის ცოდვა მოსდევს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, მრისხანებას წარმოშობს. თუკი ადამიანს სურს, რომ ვნებებს ებრძოლოს, მისთვის არ უნდა არსებობდეს დიდი და მცირე ცოდვა. ერთი ცოდვის ჩადენას აუცილებლად მოჰყვება მეორეც, რაც უზარმაზარ ჯაჭვს ქმნის და ადამიანს ანგრევს. ერთ ბერს ბოროტი ძალა ებრძოდა და სთავაზობდა, თავს დაგანებებ, თუკი სამი ცოდვიდან ერთ-ერთს აირჩევო: ლოთობას, მრუშობას ან კაცისკვლას. ბერმა ძალიან დიდხანს იფიქრა, ბოლოს, გადაწყვიტა, - სამიდან ყველაზე მსუბუქს ავირჩევო და დათვრა. დათრობის შემდეგ იმრუშა და კვალის დასაფარავად მოკლა ის, ვისთანაც მრუშობის ცოდვა გაიზიარა. ასე რომ, პატარა და დიდი ცოდვა არ არსებობს. ყველა მომაკვდინებელია, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ იგი ჩასახვისთანავე ავლაგმოთ. ცოდვა, რომელიც თავიდან ზრახვით მოდის, ჭიანჭველასთან არის შედარებული, მაგრამ თუკი გაძლიერდება და სულს მოიცავს, მრისხანე ლომად გადაიქცევა. ფსალმუნში წერია: "ნეტარ იყვნენ, რომელთა შეიპყრეს ჩვილნი და შეახეთქნეს იგინი კლდესა". ამიტომ ცოდვას საწყის ეტაპზევე უნდა ვებრძოლოთ.

- ხშირად ადამიანები კონფლიქტების დროს უშვერ სიტვებს არ იშურებენ. ამით ცდილობენ სამაგიერო გადაუხადონ მათ, ვინც შეურაცხყო...

- ქრისტიანები თუ ვართ, ყოველგვარი შეურაცხყოფა უნდა მოვითმინოთ. მაცხოვარს აგინებდნენ, დევნიდნენ, აყვედრიდნენ, სახეში ნერწყვავდნენ, შოლტით სცემდნენ. ის კი ამ დროს ლოცულობდა: "მიუტევე, მამაო, რადგან არ იციან, რას იქმან". ჩვენც უნდა მივბაძოთ ჩვენს მაცხოვარს. იღუმენი საბა მრისხანების შეკავებაზე გვირჩევს: "პირველად ეცადე, დაითმინო წყენა დუმილით, მერე აბრალე საკუთარ თავს და როდესაც გაძლიერდები სათნოებაში, ილოცე მისთვის, ვინც შეურაცხგყო".

- მოციქული ამბობს: "რომელი სიტყვითა არ სცდებოდეს, იგი სრული კაცი არს". რამდენად რთული და მნიშვნელოვანია ენის მოთოკვა?

- სიტყვით მოაქციეს მოციქულებმა მთელი მსოფლიო. სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის გადარჩენისთვის და ადამიანის დაღუპვისთვის. მეფსალმუნე ამბობს: "დააცხრე ენა შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკვასა". საგულისხმოა, რომ დავით წინასწარმეტყველი ყველა სათნოებაზე უპირატესად ენისა და ბაგის დაცვას მიიჩნევს. ერთი პატერიკი მახსენდება. ერთხელ ერთმა ბერმა მეორე შეურაცხყო. მან კი მოითმინა, არაფერი უპასუხა და უცებ ბაგეებიდან სისხლი გადმოანთხია. სულში გაჩენილი ბოღმა სისხლად იქცა და ბერი ამგვარად განთავისუფლდა ამ ცოდვისგან.

- დღესდღეობით ძალიან იბღალება მეტყველება. ბილწსიტყვაობის ჩვევა, განსაკუთრებით მოზარდებში, წამხედურობის გამოისობით მკვიდრდება, მათი ყოველდღიური ცხოვრების წესი ხდება...

- მართალია. საშინელი სიტყვებით მოიხსენიებენ საკუთარ მშობლებს, დედას. ამით ისინი აგინებენ არა მარტო საკუთარ დედას, არამედ დედა ღვთისმშობელსაც, რომელიც ყველას დედაა. ეს ღვთის გმობის ცოდვაა, ერის ტრაგედიაა. ენის სიწმინდეზე ეკლესია ყოველთვის ზრუნავდა. ასევე უნდა იზრუნოს სახელმწიფომაც. ჯერ კიდევ წარმართი სოკრატე მოწაფეებს მხოლოდ იმ პირობით იღებდა, თუკი ისინი სამი წლის განმავლობაში მდუმარებას დაიცავდნენ. მდუმარება უდიდესი ღვაწლია. დღესაც ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში, ტრაპეზის შემდეგ, როდესაც სერობის მსახურება მთავრდება, ზარები ირეკება და ბერებს ერთმანეთთან საუბარი ეკრძალებათ. რაც უფრო ცოტას ილაპარაკებს ადამიანი, მით ნაკლებ ცოდვას ჩაიდენს. ფსალმუნში წერია: "დასდევ, უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა". მრავლისმეტყველება განაგდებს მადლს და სპობს სულის სიმხურვალეს. მით უმეტეს, ბილწსიტყვაობა. იგი შეაგინებს ადამიანს და ეშმაკის მსახურად ხდის მას. ნათქვამია: "თუ შენი ენა ეშმაკს უპყრია, ეშმაკისაგან შეპყრობილი ხარ".

- ზოგჯერ ადამიანებს ამ სენისაგან თავის დაღწევა უჭირთ. ვიეთთ ბილწსიტყვაობის გარეშე ცხოვრებაც აღარ შეუძლიათ...

- ერთ-ერთ წმინდა მამასთან მივიდნენ ამ ცოდვით შეპყრობილი ადამიანები და განკურნება სთხოვეს. ბერმა მათ მოზრდილ ხეზე მიუთითა, - ამოთხარეთო. ვერ ამოთხარეს. შედარებით პატარას ადვილად მოერივნენ. დასაწყისში ადვილია მოვუაროთ ამ ცოდვას, ხოლო როდესაც ფესვებს ღრმად გაიდგამს, მისი აღმოფხვრა გაჭირდება. თუმცა, ღვთის მადლით, შეუძლებელი არაფერია. ადამიანი არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთილებას.

- ზიარების წინ წასაკითხ ლოცვებში წერია: "შემწიკვლებული ბაგენი მქონან არაწმიდანი და აწ ვერ ძალმიძს მოახლებად შენდა, ქრისტე, არამედ შენ გამომაჩინე ღირსად". ბაგეების განწმენდა და დაცვა სიწმინდესთან ზიარების აუცილებელი პირობაა...

- ერთი მონაზონი თავისი ცხოვრების განმავლობაში დღედაღამ კითხულობდა ლოცვას: "ღვთისმშობელო ქალწულო..." როდესაც გარდაიცვალა, მის საფლავზე ულამაზესი ოქროსფოთლებიანი ხე ამოიზარდა. ფოთლებზე ეწერა ლოცვა: "ღვთისმშობელო ქალწულო..." იღუმენის საფლავი გათხარეს და საოცარი სანახაობა იხილეს. ხე მისი ბაგიდან ამოსულიყო და ფესვები მის გულში ჰქონდა გადგმული. უფალმა სათნოიჩინა ადამიანის ცხოვრება და ამგვარი სახით განადიდა თავისი ყოვლადწმინდა დედის მადიდებელი. საპირისპირო რამ ხდება, როდესაც ადამიანი ბილწსიტყვაობით შეაგინებს თავის სულსაც და სხეულსაც. პავლე მოციქული ბრძანებს: ვინც სულიწმინდის ტაძარი გახრწნა, უფალი მასაც გახრწნისო.

- ოჯახური კონფლიქტების დროს ხშირია ბილწსიტყვაობის მაგალითები, რაც ხშირად ბავშვების თანდასწრებითაც ხდება...

- საერთოდ, ბავშვი მშობლების სარკეა. თუკი ადამიანს გაცნობიერებული აქვს მშობლობის ტვირთი, ბავშვის თანდასწრებით უნდა მოერიდოს ბილწსიტყვაობას და ზედმეტ საუბარსაც კი. ოჯახური კონფლიქტი სიყვარულის ნაკლებობის შედეგია. ოჯახების უმეტესობა დღეს ვნების გამო იქმნება. სულიერი ურთიერთობა და ჭეშმარიტი სიყვარული დღევანდელი ადამიანისთვის, სამწუხაროდ, ნაკლებადაა დამახასიათებელი. როდესაც ვნება გაივლის, წინა პლანზე პრობლემები წამოიწევს, რასაც აუცილებლად მრისხანება მოჰყვება ხოლმე. ამიტომ ადამიანმა უნდა იცხოვროს დედაეკლესიის სწავლებისამებრ. როცა ადამიანი უფლის წინაშე წარდგება, უნდა მოახსენოს მას: "უფალო, აი, შვილები, შენ რომ მომეცი, შენს სადიდებლად გავზარდე და არა შენს მგმობელად და მაგინებლადო". ამიტომ მშობლებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. მათ ბავშვს პატარაობიდანვე უნდა მისცენ სულიერი საზრდო და მაგალითი ჭეშმარიტი ცხოვრებისა. ყველანაირად უნდა მოარიდონ ბავშვი ისეთ სამყაროს, საზოგადოებას, რომელშიც უხამსი სიტყვებით ლაპარაკობენ, მოურიდებლად იქცევიან. თუ ქუჩაში მოსმენილ უწმინდურ სიტყვას ბავშვი გაიმეორებს, მშობლებმა პასუხი უნდა მოჰკითხონ მას, თუ საჭიროა, დასაჯონ კიდეც და აღმოფხვრან მასში ამ ჩვევებისადმი მიდრეკილება. ოჯახშიც, სადაც ბილწსიტყვაობენ, ფაქტობრივად, იკარგება ღვთიური მადლი.

- ბილსწიტყვაობის ცოდვად თუ ითვლება უხამსი ამბების, ანეკდოტების თხრობა, ვნებიანი სიმღერები და ლექსები, უხამსი სიცილი?..

- როცა მღვდელი აღმსარებელს იღებს, დაწვრილებით ეკითხება ყველა ცოდვის შესახებ. მათ შორის - ბილწი ანეკდოტები თუ მოუყოლია, ადამიანებისთვის ხომ არ დაუცინია, ეკლესიაზე, სასულიერო პირებზე მკრეხელური რამ ხომ არ უთქვამს. ბილწი სიცილიც და ხუმრობაც, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ფარულად შეზავებულია მრუშობის ცოდვასთან. ღირსი ისააკ ასური წერს: "არაფერი ისე არ განგვაშორებს სიბრძნის საუნჯესა და ღვთის საიდუმლოთა შემეცნებას, როგორც სიცილი და ფიქრთა კადნიერი ნავარდი". მაცხოვარი მოცინარი არავის უნახავს, ანკი რა ჰქონდა სასაცილო, როდესაც ხედავდა, თუ რა დღეში იყო კაცობრიობა. სახარებაში წერია, რომ უფალი "ცრემლოოდა" ადამიანებისთვის. ოპტელი ბერი ბარსანოფი თავის სულიერ შვილებს ეუბნებოდა: "ერიდეთ ხუმრობებს და გაუფრთხილებელ სიტყვებს".

- მრისხანების და გაღიზიანების დროს ხშირად ვერ ვზომავთ სიტყვებს. ამის შესახებ რას ამბობენ წმინდა მამები და რას გვასწავლის სახარება?

- წმინდა მამები "ოქროს კანონს" გვთავაზობენ: სანამ მრისხანე ადამიანი თავის მდევნელს პასუხს გასცემდეს, მანამდე 33-ჯერ უნდა თქვას იესოს ლოცვაო. სახარებაში მაცხოვარი ამბობს: თუკი ერთი კაცი მეორეს მიმართავს სიტყვით: სულელო (ცოფო, რაკა), იგი მისი მკვლელობის თანამდები ხდება. ასეთი სიტყვები ჩვენს ყოველდღიურ მეტყველებაში კარგა ხანია დამკვიდრდა. ეს კი მაცხოვრის მიერ დიდ ცოდვად არის შერაცხული.

- როგორ უნდა გაუწიოს საკუთარ თავს შინაგანი კონტროლი ადამიანმა და როგორ უნდა განთავისუფლდეს ბილწსიტყვაობის ცოდვისგან?

- თუ კაცს ამ ვნების ძლევა სურს, უნდა შეეცადოს, აღარ გაიმეოროს იგი. თუ გულში ჩააცხრო და აღხოცა შინაგანი ბოღმა და ბრაზი და ბაგით არ გაახმიანა, უნდა ჩათვალოს, რომ თითქმის გამარჯვებას მიაღწია. მეორე საფეხურზე კი უნდა შეეცადოს, გულიც განიწმინდოს. სახარებაში წერია: "არა შემავალი შეაგინებს კაცს, არამედ გამომავალი". ნათქვამ სიტყვას უკან ვეღარ დაიბრუნებ. ყოველი უხეში სიტყვა კოსმოსურ ბოროტებას უერთდება, რაც შემდეგ ეპიდემიების, წყალდიდობებისა და სხვა უბედურებების სახით უბრუნდებათ ადამიანებს. იმაში, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, უნდა ვიფიქროთ, რომ თითეული ჩვენგანიც არის დამნაშავე...

დაგეხმარებათ ეკლესიის ლოცვა, საიდუმლოებებში მონაწილეობა, მოძღვრის მორჩილება, ხშირი აღსარება, ზიარება და, რასაკვირველია, ამ ცოდვის დაძლევის სურვილი. ასევე საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ ყოველი ნათქვამი სიტყვა მოგვეკითხება.

- კათოლიკოს-პატრიარქი ბრძანებს, ქართული ენა ღვთივბოძებული საგანძურია, მას სასოებით დაცვა და მოვლა-პატრონობა სჭირდება, რადგან იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენიო. როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ფასდაუდებელი საუნჯე - ქართული ენა?

- ქართული ენის მცველი და ბურჯი ყოველთვის იყო და იქნება ეკლესია. პატრიარქი ხშირად ბრძანებს, რომ დღეს წმინდა ეკლესია ერთადერთი სავანეა, სადაც მოკრძალებით შეფარებულია და ყოველდღიურად იკითხება ძველქართულად დაწერილი წიგნები! ჩვენი ვალია, ძველი, მადლიანი ქართული ენა დავიცვათ. ხშირად გაიგონებთ, ეკლესიური ენა თანამედროვეთ არ ესმითო. მაგრამ განა ეკლესიის წიაღმა არ შეინახა ენაც და მამულიც?! მრავალი ერი და ტომი გადაშენდა იმიტომ, რომ თავიანთი წარსული, ტრადიციები დაივიწყეს და ამიტომ მათი ცხოვრება სათნო არ იყო უფლის წინაშე. პირველ რიგში უნდა შევეცადოთ, ღვთისთვის სათნო ცხოვრებით ვიცხოვროთ და რაც გვიბოძა უფალმა, ის დავიცვათ და მომავალ თაობას შეუბღალავად გადავცეთ. ღვთის უდიდესი წყალობაა, რომ დღეს ქართულად ვმეტყველებთ, მაგრამ, პატრიარქი როგორც ბრძანებს, "ამ დიდი საგანძურის მოსაფრთხილებლად და დასაცავად საჭიროა, ჩვენც ვანათებდეთ და ვათბობდეთ". უნდა გავაცნობიეროთ, რა სიმდიდრის მფლობელნი ვართ და ვისურვოთ, რათა "ივერი აღსდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორის, წმინდით საყდარით, ენით მდიდარით, სწავლისა შუქით განათებული!" (გრ. ორბელიანი).
ბეჭდვა
1კ1