ფხიზლად იყავი შენც, რათა ღვთის ტაძარი ანუ შენი სული ავაზაკთა თავშესაფრად - დემონთა სამყოფლად - არ აქციო
ფხიზლად იყავი შენც, რათა ღვთის ტაძარი ანუ შენი სული ავაზაკთა თავშესაფრად - დემონთა სამყოფლად - არ აქციო
ანგარება შემაძრწუნებელი ცოდვაა, რომელიც კაცის სულს გარესკნელის ბნელისკენ ეზიდება და ამძიმებს. ასეთი ადამიანი გარესამყაროს ანგარების შხამით გაჟღენთილი აღიქვამს და მისი ყოველი ნაბიჯი ამ გრძნობით არის ნაკარნახევი.

ანგარება ერთიათად ამაზრზენი ხდება, როცა საქმე სარწმუნოებრივ სპეკულირებას ეხება.

"და შევიდა იესო ტაძარსა მას ღმრთისასა" და თვალი შეავლო ყოველივეს, რაც კი ტაძარში იყო. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ის, როგორც უფალი ამ ტაძრისა, ახლა დაუფარავად წარმოაჩენდა თავის ძალას, განაცხადებდა თავის უფლებებს და პასუხს მოსთხოვდა მათ, ვისაც ტაძარი მისი არყოფნისას ჰქონდა ჩაბარებული. იმ დროს კი იერუსალიმის ტაძარში ბევრი უწესრიგობა ხდებოდა, რაც სიკეთის მოშურნეებსაც კი აღუძრავდა ეჭვსა და უკმაყოფილებას. მით უფრო არ შეეძლო ამის დათმენა ღვთის ძეს. ტაძრის შესასვლელებთან მორწმუნეთა ნაცვლად ვაჭრები და დალალები ირეოდნენ. ერთნი შესაწირ პირუტყვსა და მსხვერპლშეწირვისთვის საჭირო ნივთებს ყიდიდნენ, მეორენი უცხოურ ფულს ებრაულზე ცვლიდნენ. დალალთა მაგიდები, შესაწირი პირუტყვი, ვაჭრობა, კამათი, მოტყუება, უთანხმოებანი - ყოველივე ეს ტაძრის სტოას ხმაურიან ბაზარს ამსგავსებდა. ეს სტოა, სჯულისამებრ, წარმართებისთვის იყო განკუთვნილი. მათ იქ უნდა ელოცათ, რადგან შიგნით შესვლა ეკრძალებოდათ. და აი, გულის კარნახით მოსულ ბერძენთ და რომაელთ ღვთაებრივი სიმშვიდის ნაცვლად ბაზრის აყალმაყალი ხვდებოდათ. განა გასაკვირი იქნებოდა, ასეთ ვითარებაში ავი ეფიქრათ ებრაულ ღვთისმსახურებაზე? ამგვარად, ღვთის წმინდა სახელი წარმართებს შორის ისევ ისრაელის ძეთა მიზეზით იხსენიებოდა აუგად. იქვე კი, იმ მთის ძირას, რომელზეც ტაძარი იდგა, საკმაოდ იყო თავისუფალი ადგილი, სადაც ვაჭრობა შეიძლებოდა, მაგრამ იქ დიდი მოგების იმედი არავის ჰქონდა. ამგვარად, ანგარება იყო სული ამ უწესრიგობისა და მას თვით ტაძრის მღვდელმსახურნი მფარველობდნენ.

იესომ ჯერ კიდევ თავისი ქადაგების დასაწყისში განდევნა ტაძრიდან მოვაჭრენი. ახლა ეს კიდევ უფრო საჭირო გახდა. როცა ბზობაზე დავითის ძედ, მესიად წოდება ინება, ამით მაცხოვარმა თითქოს საჯაროდ იდო თავს, ღვთისმსახურებაში ყოველგვარ უწესრიგობას წინ აღდგომოდა. მას არ სურდა ქადაგება შერყვნილ ადგილას. და აი, ღვთის მიერ მოვლენილის სახით, ხმით, რომლის წინაშეც მუდამ ძრწოდნენ მოუნანიებელი ცოდვილნი და ორგულნი, მან მოითხოვა, სტოა დაუყოვნებლივ გაეწმინდათ. მოწაფეებმა, მლოცველებმა, იერუსალიმელებმა, უცხოელებმა - ყველამ მოიწონა ეს მოთხოვნა. თვით მოვაჭრეებმაც იგრძნეს, რომ თავიანთ ადგილას არ იდგნენ და უსიტყვოდ დაემორჩილნენ იესოს. ზოგიერთმა სცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ამით მხოლოდ გააღიზიანეს ხალხი - ის ხომ დავითის ძის ბრძანებას ისე იღებდა, როგორც უფლის ნებას.

იესო ადრეც მრავალგზის ყოფილა ტაძარში, მაგრამ მისმა ახლანდელმა საზეიმო შესვლამ განსაკუთრებით ცხადად გაახსენა ყველას მალაქიას წინასწარმეტყველება: "უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის" (მალ. 3:1). "და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდუელ და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთა მათ დაამხუა და დასასხდომლები იგი ტრედის-მოფარდულთა მათ დაუქცია". იესომ განდევნა ვაჭრები და არავის მისცა ნება, ტაძარში ღვთისმსახურებისთვის უცხო ნივთი შეეტანა, რითაც აჩვენა, რომ ყოველივე მამის კუთვნილი ეკუთვნოდა მასაც. მას ამით კიდევ ერთი რამის ჩვენება სურდა: როცა ტაძრიდან ხარებით, ცხვრებითა და მტრედებით მოვაჭრენი გაყარა, მაცხოვარმა გვაუწყა, რომ მეტად აღარ არის საჭირო მსხვერპლშეწირვა და პირუტყვის დაკვლა, არამედ საჭიროა ლოცვა. ამიტომაც უფალმა თავის საქციელს დაურთო სიტყვა მხილებისა და სწავლისა: "და ჰრქუა მათ: წერილ არს (ესაია წინასწარმეტყველთან - ლ.მ.), სახლსა ჩემსა სალოცუელ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა". ეს ტაძარი ტაძარი უნდა ყოფილიყო მთელი ქვეყნისა, სადაც ნავსაყუდელს იპოვიდა ყველა ამაღლებული და კეთილი სული, რომელიც კი თავის მამას ეძებდა. მით უმეტეს, რომ მაცხოვრის მოსვლის ჟამს მრავალღმერთიანობამ დაცემა იწყო. თვით წარმართებს შორისაც უამრავი ისეთი ადამიანი გამოჩნდა, ერთი ღმერთის თაყვანისცემას რომ ითხოვდა. მრავალი მათგანი მიდიოდა იერუსალიმში, რათა იუდეველთა ღვთისმსახურება ეხილა, ზოგი კი მოსეს რჯულსაც იღებდა. წარმოიდგინეთ, რაოდენ საჭირო იყო ასეთ ვითარებაში იერუსალიმის ტაძარში მოწესრიგებული ღვთისმსახურება და რაოდენ საჭირო იყო, წმინდად დაეცვათ სტოა ამ ტაძრისა, რომელიც წარმართებს მასპინძლობდა.

როცა მოვაჭრეების მიმართ წარმოთქმულ მაცხოვრის სიტყვებს განმარტავს, ნეტარი თეოფილაქტე ამბობს: "ფხიზლად იყავი შენც, რათა ღვთის ტაძარი ანუ შენი სული ავაზაკთა თავშესაფრად - დემონთა სამყოფლად - არ აქციო. ეს კი უთუოდ მოხდება, თუ ჩვენი ზრახვები მიწიერ საგნებს ვნებიანად მიეჯაჭვება, თუ იმდენად ვერცხლისმოყვარენი ვიქნებით, რომ სულ მცირე მოგებისთვისაც კი გავირჯებით, თუ მტრედების გაყიდვას დავიწყებთ ანუ ვერ შევინახავთ ჩვენს სულიერ ნიჭს. ასე თავადვე ვიქცევით ავაზაკთა ბუნაგად".

"თქვენ უსმენთ თვით ღმერთს, რომელიც გიცხადებთ, რომ ტაძარი ღვთის სახლია, - ამბობს მიტროპოლიტი ფილარეტი, - დაფიქრდით ამაზე, "რომელნი ჰსდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღვთისა ჩუენისათა" (ფს. 133:1). როცა ღვთის სახლში მოხვდები, დაფიქრდი, რა ახლოსაა ყველგანმყოფი! აქ არის ღმერთი, ჩვენს ახლოს... როგორ არ იძვრის მიწა? როგორ არ ქრებიან ცოდვილნი?" მართლაცდა, აქ ხომ ყოვლადძლიერი ღმერთია! დაე, კეთილად ძრწოდეს მის წინაშე მთელი დედამიწა! დაე, დამდაბლდეს ადამიანი მის წინ! დაე, შეძრწუნდნენ ბოროტის მოქმედნი! აქ ყოვლადკეთილი ღმერთია! დაე, ადიდებდეს მას ყოველი სული! დაე, ინუგეშოს უნუგეშომ, ნუ წარიკვეთენ სასოს ცოდვილნი!

თვით უფალი უწოდებს ტაძარს თავის სახლს, მაგრამ სახლად ლოცვისა ტაძარი უნდა გადაიქცეს ადამიანის მეშვეობით. რამ აქცია იერუსალიმის ტაძარი ავაზაკთა ბუნაგად? ანგარების სიყვარულმა. ანგარებამ ღვთის სახლში გამყიდველნიცა და მყიდველნიც ავაზაკებივით საზიზღარნი გახადა უფლის თვალში, რამეთუ ყოველი ვნება საზიზღარია ღვთის წინაშე, ყოველგვარი ცხოვრებისეული საზრუნავი შეუფერებელია ღვთის სახლისთვის.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1