რატომ ბრკოლდება ადამიანი ღმერთთან მისასვლელად?
რატომ ბრკოლდება ადამიანი ღმერთთან მისასვლელად?
უფალთან ადამიანი სხვადასხვა გზით მიდის და სხვადასხვა მიზეზების შედეგად ხდება ღვთის საიდუმლოებების თანაზიარი. როცა ადამიანი შეიგრძნობს უფლის სიყვარულს და მასთან თანმყოფობის მადლმოსილებას, ცდილობს მუდამ მის წიაღში იყოს, არ განშორდეს მის მაკურნებელ ძალას და ცდილობს გახდეს სრულყოფილებისკენ მიმავალი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. ქრისტიანის ცხოვრება ხომ გამუდმებული ბრძოლაა ბოროტებასა და სიკეთეს შორის და გასაკვირიც არ არის, რომ უფლის სავალ გზაზე მრავალ დაბკოლებას შევხვდეთ. დაბრკოლებები და განსაცდელები კი სულიერად გვზრდის და ცხონებისკენ გვიბიძგებს.

რატომ ბრკოლდება ადამიანი ღმერთთან მისასვლელად? რა ითვლება ადამიანისთვის დაბრკოლებად?

გვესაუბრება სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ეკლესიის ისტორიისა და კანონიკური სამართლის კათედრის გამგე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია:

- ადამიანის დაბრკოლების მიზეზი მრავალია, მათ შორის რომლებსაც რწმენა არ აქვთ და ვისაც რწმენა ჰქონდა, მაგრამ თავს გადახდა არსასიამოვნო ამბავი ან კიდევ მოყვასისგან გაიგო ისეთი რამ რაც არ მოეწონა, ვერ გაითავისა და ეჭვქვეშ დააყენა. არსებობენ კიდევ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ ეძებენ და არ ფიქრობენ ღმერთზე. წმინდა ისააკ ასური ამბობს, ადამიანი, რომელიც ფიქრობს ცხოვრების მიზანზე და აზრზე მას ანგელოზი ელაპარაკება. ღმერთის და ანგელოზის შთაგობის გარეშე ადამიანი ვერც მივიდოდა ამ ფიქრამდე. ჩვენ ღმერთს შევიცნობთ იმდენად, რამდენადაც ღმერთმა განგვიცხადა თავისი თავი. ღმერთამდე ადამიანი თავისთავად ვერ ავა, თუმცა მასში ჩადებულია უნარი ღმერთის ხედვისა და ჭვრეტისა. ეს არისყველაზე ძვირფასი რამ რაც ადამიანშია ჩადებული. ამაზეა აგებული მთელი ქრისტიანული მოძღვრება, მათ შორის ასკეტიკაც. ასკეტის ცხოვრების მიზანიც ამაზეა დამოკიდებული. ამ უნარის დაქვეითება იწვევს დაბრკოლებას. მაშასადამე, დაბრკოლება შეუძლია აღზრდას, სოციალურ გარემოს, პიროვნების მისწრაფებებს გამიწიურობისაკენ და ცოდვებში ნაადრევად ჩავარდნას. სულიერებას მატერიალიზმი ებრძვის. მატერიალურს ხდის ადამიანს და ამიწიურებს მის სულიერი უნარებს.  ეს ხდება მისი პირადი არჩევნით ან გარემო პირობების ხელშეწყობით. სულ სხვა არის როდესაც ადამიანი მორწმუნე ოჯახში იზრდება, სოციალური გარემოც უწყობს ხელს ღმერთისკენ სვლაში. პავლე მოციქული ამბობს, უფალი რწმენას აძლევს და ეცხადება მას, ვინც ეძიებს მას. თუ ადამიანი იტყვის-რწმენა არ მაქვს და ასე გაიმართლებს თავს, არ იქნება მართალი. ის უნდა გაეცნოს წაიკითხოს პავლე მოციქულეებს ეპისტოლეები რომალეთა, გალატელთა მიმართ. იქ წერია, ვინც ეძებს ღმერთს ის ეცხადება მას. ვინც აკვირდება ქმნილ, ხილულ სამყაროს, ის ამაღლდება მისი შემოქმედის შეცნობამდე. ისე როგორც თავის დროზე რწმენამდე ამღლდა აბრაამი, რომელსაც მერე ღმერთი გამოეცხადა და მისმა რწმენამ ის გაამართლა. რჯულს კი არ გაუმართლებია, რწმენა ამართლებს ადამიანს. მერე მიეცა აბრაამის შთამომავლებს რჯული. რწმენა არის მადლი ღვთისგან ბოძებული, რომელითაც ადამიანი იჯერებს ღმერთის არსებობას.

კაცთა მოდგმის მტერი აგებს ეშმაკის მახეებს. წმინდა ანტონი დიდის გამოცხადებას თუ გავიხსენებთ ვნახავთ, რომ მას ეშმაკს ღმერთისკენ მიმავალი გზა ბადესავით ჰქონდა დაგებული. -ვინ დააღწევს ამას თავს- ამბობდა წმინდა ანტონი დიდი. პასუხი ასეთი იყო-დააღწევს მხოლოდ თავმდაბალი.

ბეჭდვა
1კ1