დრო უნდა ექვემდებარებოდეს უფალს, მარადისობას და სულიერ კანონებს
დრო უნდა ექვემდებარებოდეს უფალს, მარადისობას და სულიერ კანონებს
გვესაუბრება ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე):

- თაობათა შორის ურთიერთობა ყველა დროსა და ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო, ხშირად მტკივნეული საკითხია. წარსული, აწმყო და მომავალი - ადამიანი დროის ამ სამ განზომილებაში ცხოვრობს. წმინდა ილია მართალს აქვს ასეთი შესანიშნავი და შთამბეჭდავი სიტყვები, - თუ აწმყო ანუ ახლანდელი თაობა არ ვესვრით იარაღს წარსულს, მაშინ მომავალი ჩვენ არ დაგვიმიზნებს ზარბაზანსო. როგორც დავაფასებთ წინა თაობას, რა სიკეთესაც, რა სარგებელსაც მივიღებთ წარსულისაგან, იგივე იქნება ჩვენი საყრდენი საქართველოს მომავალი საზოგადოების ასაშენებლად. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ თაობას წინა თაობისაგან ფაქტობრივად ვერ გვერგო ის სულიერი მემკვიდრეობა, რაც წარსულში იყო. მხედველობაში მაქვს "ჭაღარა თაობა", კომუნისტურ-ათეისტურ პერიოდში გაზრდილი და ახლანდელი თაობა, რომელიც შედარებით უფრო ეკლესიურად ცხოვრობს. თუმცა, ათეისტურ პერიოდში წინა თაობამ არაერთი თავგანწირვის მაგალითი გვიჩვენა გმირობისა, მოწამეობისა, სარწმუნოებრივი თავდადებისა.

ცხოვრება ისეთი რამ არის, რომ სიახლეები ყოველთვის ბუნებრივად მოდის და ჩნდება. მით უმეტეს, დღევანდელობა ამ მხრივ გამორჩეულია. ავიღოთ თუნდაც გლობალიზაციის პერიოდი, ჩვენი უახლოესი წარსული, რომელსაც წითელი ზონა ერქვა. იქ თითქოს ერთფეროვანი იყო ყველაფერი. შემდეგ უცბად გაიხსნა საზღვრები და თანამედროვე თაობა, ჩვენი ასაკისანი, დადგნენ სულ სხვა რეალობის წინაშე. ეს შეიძლება იყოს სარწმუნოებრივი, ტრადიციული, ეროვნული თუ მატერიალური. თუკი ადამიანი იცხოვრებს ეკლესიურად, ის მზად იქნება, სულიერად ყველა შემოტევას გაუძლოს. არ შეიძლება კატეგორიულად და ხელაღებით აიკრძალოს ესა თუ ის შემოთავაზება. ყველაფერს სჭირდება სულიერი ფილტრაცია. კარგად უნდა გავაანალიზოთ, გავერკვიოთ, რამდენად მისაღებია ეს ჩვენი სარწმუნოებისათვის, ეროვნული თვითმყოფადობისათვის, ნებისმიერი საზოგადოებრივი ყოფისთვის, დააზიანებს თუ არა ჩვენს ეროვნულ ცნობიერებას. ამის შემდეგ უნდა მოხდეს შესაბამისი დამყნობა ეროვნულ ფესვებზე, საძირკველზე. ეს საკითხი ყოველთვის საკამათო იყო ძველ და მომდევნო თაობებს შორის. წინა თაობა საყვედურობდა, - ჩვენს გზას გადაუხვიეთო. ახალი თაობა იმიტომაც არის ახალი, რომ ის თავისთავად სიახლეს შეიცავს. მშობლებისაგან შვილებს ახალი რეალობის გათვალისწინებით ერთგვარი გადამუშავებული, გაანალიზებული რეცეპტი უნდა მიეწოდოს, როგორ უნდა იცხოვრონ და შეხვდნენ მოვლენების ცვალებადობას. ახალი თაობა ერთგვარ მიგრაციასაც განიცდის. საქართველოდან უცხოეთში მიედინებიან და სულ სხვა რეალურ სამყაროში ცხოვრებენ.

- დღეს ახალი თაობა უფრო გათვითცნობიერებულია სარწმუნოებაში, ეკლესიურ ცხოვრებაში. ეს ყველაფერი დრომ მოიტანა?

- ისტორიულად ყოველთვის ასე ხდება. მამები ასწავლიდნენ შვილებს, მაგრამ ამ ანომალიურმა პერიოდმა საგრძნობლად დააზიანა წინა თაობა. რადგანAახალი თაობა ახალი ჭურჭელია, ადვილად შევიდა მათში მადლი და ისინი დაეწაფნენ ამ ჭეშმარიტებას. ბუნებრივია, ეს ამიტომაც მოხდა. დღეს უკვე შინ მისული ბავშვი, თუნდაც მცირე ასაკისა, ბაბუას, მშობელს სიხარულით, მონდომებით, დიდი სულისკვეთებით უყვება, თუ რა განიცადა ტაძარში, რა ნახა იქ, როგორ თქვა აღსარება, როგორ მოინანია ცოდვები, ეზიარა. ამის მომსწრეა თითქმის ყველა ოჯახი. დღეს იშვიათია ისეთი ოჯახი, სადაც ასეთი ცვლილება არ სუფევდეს. ოჯახის უფროსები გრძნობენ, რომ მათმა შთამომავლობამ მიიღო ის, რაც მათ დააკლდათ, რა სიცარიელეც იყო მათ სულში, ეს სისავსე უკვე ბავშვს შემოაქვს ოჯახში. ხშირად ისე მომხდარა, რომ შვილიშვილს წაუყვანია ოჯახის წევრები ტაძარში და ამგვარად მიუღიათ უფლის მადლი. ანდაზაცაა - "ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა". მაგრამ აქაც გარკვეული სიფრთხილეა საჭირო. არ შეიძლება, რომ ახალგაზრდამ, რაგინდ შინაგანად მართალიც უნდა იყოს, ქედმაღლობით, ამპარტავნებით დაუწყოს მშობელს ან ასაკით უფროსს ჭკუის სწავლება. ამგვარი აზროვნება ძალიან დამღუპველია. წინა თაობას უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს. ამიტომაც მშობელს ყოველთვის მოეძებნება შინაგანი საუნჯის ის მარაგი, რაც უნდა გადასცეს მომავალ თაობას.

***
ადამიანი ყალიბდება იმ გარემოში, სადაც იზრდება. ვიხსენებ საბჭოთა პერიოდს და ვადარებ დღევანდელობას. როგორი მონური სული და რაღაც კერპის თაყვანისცემა იყო გაბატონებული და რა თავისუფალია ცხოვრება ქრისტეში ანუ სარწმუნოებაში. ღიაა სამყარო იმისთვის, რომ ადამიანი უფალს დაუკავშირდეს. მადლობა ღმერთს, რომ სიყრმიდანვე დავადექი სასულიერო ცხოვრებას. უფალმა შემახვედრა იმ ადამიანებს, რომელთაგან მდიდარ სულიერ გამოცდილებას ვიღებდი, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ჩამოყალიბებაზე. ბათუმში ვცხოვრობდი. ჩემი სულიერი ცხოვრების გარიჟრაჟზე მოხდა ისე, რომ მეუფე იობი და სამღვდელონი ჩამობრძანდნენ ეპარქიაში. ბერმონაზვნური სულისკვეთება იქიდან შემოვიდა ჩემში. ეს ადამიანები იყვნენ ერთგვარი სულიერი ხატი იმ მამებისა, რომელთა შესახებაც წამიკითხავს. როცა ადამიანი მონასტერში მკვიდრდება, ის, ვითარცა ხის ფესვები მიწიდან, ისე უნდა ისრუტავდეს ღვთის მადლს, მოძღვრის სიტყვას. მოძღვარი მაგალითია. როდესაც ადამიანი კატეგორიულად აღიქვამს უფროსის ან სულიერი მოძღვრის სიტყვას და ამპარტავნული წარმოდგენით საზრდოობს, ტრაგიკულად ამთავრებს ცხოვრებას. ვურჩევდი ახალგაზრდებს, ცალი თვალით ყოველთვის წარსულს უყურონ.

- ეკლესიაში იერარქიის მიხედვით მიაგებენ პატივს ერთმანეთს. ხშირად კი ასაკით უმცროსები დგანან ხარისსხით მაღალ საფეხურზე...

- ეკლესია, იერარქიის მიხედვით, ცოცხალი ორგანიზმია. ხარისხს თავისი პატივი და მადლი აქვს. ადამიანი შეიძლება იყოს ხარისხით მაღალი, მაგრამ ასაკით მცირე. მის გვერდით კი ღვაწლმოსილ უბრალო ბერს სულიერი მოღვაწეობის, სულიწმინდის დიდი მადლი ჰქონდეს. მონასტერში ეს ორი კატეგორია ძალიან სინთეზურად იყო შეწყობილი. ხარისხის მქონე სასულიერო პირი გამოცდილი მოღვაწის პირით იღებდა დიდ სულიერ სარგებელსა და გამოცდილებას. ხოლო ხარისხით დაბლა მდგომი პატივს მიაგებდა სასულიერო პირის არა პიროვნულს, არამედ ხარისხობრივს. ხშირად ადამიანი ხარისხით აღმატებულია, მაგრამ მისი მოძღვარი ბერი ან უბრალო მოძღვარია. ადამიანი ვალდებულია, დაემორჩილოს თავის მოძღვარს, რა ხარისხისაც არ უნდა იყოს. უფალი ნებისმიერი მოძღვრის სახით მოგვცემს დარიგებას და სწავლებას, მიუხედავად მისი ხარისხისა. ეს მოძღვრისა და სულიერი შვილის საიდუმლო ურთიერთობაა. როცა თაობათა ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ყოველი მომდევნო თაობა უნდა იყოს აუცილებლად ერთგვარი ლოგიკური მემკვიდრე იმ სულიერი ფესვებისა და სულიერი გამოცდილებისა, რაც წინა თაობამ დაგვიტოვა. მით უმეტეს, ჩვენ, ქართველებს სხვაგან არ გვაქვს საძებარი სულიერი საზრდო და გამოცდილება, ვინაიდან უდიდესი საერო და სასულიერო გამოცდილება დაგვიტოვეს როგორც სულიერმა მოღვაწეებმა, ისე სახელოვანმა წინაპრებმა. ასე რომ, დღევანდელმა თაობამ ამ მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობიდან უნდა ავიღოთ მაგალითი, რათა ჩვენი მომავალი წარმატებული იყოს.

- დრო მართლაც ყველაფერზე მოქმედებს. ეკლესიასა და მის სწავლებაში თუ მოქმედებს დროის ცვალებადობა?

- უფალი მარადიულია, უფალი უცვალებელია.Aასეა ეკლესიაც და ეკლესიური სწავლებაც. რაც დაიწერა ათი მცნება და სახარება, მას ემორჩილება და ეთანხმება ყოველი თაობა. ამ სწავლებების შეცვლა დროში და მისი დამახინჯება შეუძლებელია, თუმცა დროსაც საკუთარი პირობები მოაქვს. ადამიანმა, რომელიც დროში ცხოვრობს, უნდა შეუხამოს თავისი ყოფითი ცხოვრება ეკლესიურ ცხოვრებას და არა პირიქით, მოხდეს სულიერი ცხოვრების ტრანსფორმაცია საერო ცხოვრებაზე გადასაწყობად. დრო უნდა ექვემდებარებოდეს უფალს, მარადისობას და სულიერ კანონებს და არა პირიქით, სულიერი კანონები იცვლებოდეს დროის მიხედვით. ეს უნდა გააანალიზოს ადამიანმა და დროის მიმდინარეობას ალღო აუღოს. არ შეიძლება გასული საუკუნეების კატეგორიებით აზროვნება XXI საუკუნეში. ამას, რა თქმა უნდა, არ ვამბობ, მაგრამ რისი შეცვლაც დაუშვებელია და დამღუპველი სულიერი ცხოვრებისათვის, არ უნდა შეიცვალოს. ეკლესიაში არსებობს ერთგვარი იკონომია სულიერი წესებისა, ეკლესიური შიდა განგებულებისა, რომლის შეცვლაც შეუძლებელია. ამას წყვეტს პატრიარქი, წმინდა სინოდი, მღვდელმთავარი. შეიძლება სულიერმა მოძღვარმა სულიერ შვილს სჯულის კანონის რეკომენდაციებიდან გამომდინარე გარკვეული შემსუბუქება მისცეს ცოდვის სასჯელიდან, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ავცდეთ იმ მყარ და უცვალებელ დოგმატურ სწავლებას, რომელიც ოდითგანვე მოსდევს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიას. ძალიან დიდი სიფხიზლე, განსჯა და გონიერებაა საჭირო, რათაAარ დაკარგოს ადამიანმა სულიერი მემკვიდრეობა და არ ამოვარდეს დროის ჩარჩოებიდან. ეს პრობლემა მწვავედ დგას ჩვენს თანამედროვეობაშიც,Aადამიანის სულიერ და საერო ცხოვრებაში. ამიტომაც საჭიროა სულიერი, გამოცდილი მოძღვარი, რათა თითოეული ადამიანი სწორ გზაზე დააყენოს, რათა არ მოხდეს ადამიანში სულიერი გაორება. ეკლესია სულ სხვა რამეს ქადაგებს და თანამედროვეობა - სულ სხვას. ცხოვრება თითქოს სულ სხვა მიმართულებით გვეწევა. ამიტომ აქ ძალიან დიდი სიფხიზლე, გონიერება, სწორი, გონივრული ორიენტაციის გაატარებაა საჭირო სულიერ ცხოვრებაში.

- რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც ჩაბმული არიან თანამედროვეობის ორომტრიალში და ვერ გაუგიათ, რომელი გზა აირჩიონ?

- არსებობს ერთადერთი გზა, რომელსაც ადამიანი მიჰყავს სულის ცხონებამდე. მთავარი სულია. სახარებაში წერია: "პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და დანარჩენი ყოველივე შეგეძინოთ თქვენ". ადამიანს, რომელსაც მთავარ მიზნად დაუსახავს სულიერი ცხოვრების მოპოვება, უფალი მისცემს სწორი განსჯის უნარს. სასარგებლოა ერთ-ერთი თანამედროვე დიდი მოღვაწის, ღირსი პაისი ათონელის დარიგებები დიალოგის სახით. მამა პაისი მსჯელობს მწვავე თანამედროვე პრობლემებზე თავისი მდიდარი სულიერი გამოცდილებიდან, სულიწმინდის მადლით, მკაფიოდ ხსნის ამ პრობლემებს და წვრილმან საკითხებს, რაც თითოეული სასულიერო ან საერო ადამიანის ცხოვრებაში იბადება. მთავარია, მოვიპოვოთ სულიწმინდის მადლი და ის აუცილებლად გვაპოვნინებს გამოსავალს სხვადასხვა მდგომარეობიდან. მთავარია, საკითხები გადავჭრათ ისე, რომ სული არ დავიზიანოთ, სარწმუნოებას არ მივაყენოთ ზიანი და ჩვენს ირგვლივ არ შეიქმნას ისეთი ვაკუუმი, თითქოს არარეალურ სამყაროში ვცხოვრობთ. სულიერი მოძღვარი ყველაფერზე თვალს აგვიხელს და დაგვაყენებს ჭეშმარიტების გზაზე, რათა არ ჩავცვივდეთ განსაცდელში.

- მეუფეო, როგორ ფიქრობთ, რა არის ყველა თაობის მნიშვნელოვანი პრობლემა, მავნე ჩვევები?

- თანამედროვეობის პრობლემად შეიძლება ჩითვალოს თავისუფლების არასწორი გაგება. მავანს ჰგონია, არავის და არაფერს არ უნდა ემორჩილებოდეს, არ სჭირდება არანაირი მცნება, დარიგება, ყურადღება და ზედამხედველობა. ამის უკვე შემდგომი განშტოებებია ნარკომანია. პრობლემა შეიძლება იყოს სექტები, რომლებშიც არაერთი ადამიანი გაება და ჩავარდა სულიერ ჯურღმულში, ასევე სულიერი დეპრესია. ენერგიით აღსავსე ახალგაზრდა ცდილობს, თავისით შექმნას მომავალი და შეეჯახა რაღაც პრობლემებს, ვერ დაიმკვიდრა საკუთარი თავი. ამ დროს ვარდება სულიერ დეპრესიაში, განსაცდელებში. ადამიანები გამოსავალს ეძებენ არარეალურ ტკბობაში - ნარკოტიკებში, ლოთობაში, რასაც ხშირად თვითმკვლელობამდეც მივყავართ. ხშირად მაქვს ბავშვებთან ურთიერთობა და განსაკუთრებით მათ ვურჩევ, რომ ცხოვრებაში ძალიან ფრთხილი, მოზომილი სულიერი ნაბიჯები გადადგან. მშობელი ვალდებულია, ბოლომდე დაიხარჯოს შვილისათვის, რაც უსათუოდ გამოიღებს ნაყოფს. მშობელი უნდა ცდილობდეს, რომ შვილის მომავალი უკეთესი იყოს, რა შეცდომებიც, რა სულიერი ჭრილობებიც მათ მიიღეს, იგივე არ მიიღოს მომავალმა თაობამ. თუმცა ამ თაობას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო. ბავშვობაში, როდესაც ბაბუაჩემი და სხვა უფროსები ჰყვებოდნენ გმირული წარსულის, თავიანთი განვლილი გზის შესახებ, ასე გვეუბნებოდნენ: თქვენ, შვილო, რა გიჭირთ, უფრო ბედნიერი ცხოვრება გერგოთო. არადა აღმოჩნდა, რომ დღევანდელმა თაობამ გაცილებით მეტი იწვნია საკუთარ თავზე, ვიდრე წინა თაობამ და ეს სიტყვები ზღაპრად დარჩა. ჩვენს თაობაზე გადაიარა შიმშილმა, სიღატაკემ, განსაცდელებმა, ძმათა ომმა, რაც უთუოდ აისახება ამ თაობის გონებრივ და სულიერ ჩამოყალობებაზე. ერთადერთი, რაც დღეს ჯანსაღ და სულიერ ძალას მატებს ამ თაობას, ეს არის ეკლესია, სარწმუნოება. ამიტომ ყველა მშობელს ვურჩევ, რომ თუ უნდათ თავიანთი შვილების ბედნიერება და სიკეთე, აუცილებლად მისცენ კეთილი მომავალი. შეიძლება თავად მშობელი არ იყოს ეკლესიური, მაგრამ არ უნდა დაუშალოს შვილს ტაძარში სიარული. ხშირად, როცა მოძღვრის რჩევით ადამიანი გამოიკვლევს საკუთარ მდგომარეობას და უნდა მონასტერში იცხოვროს, გახდეს სასულიერო პირი, მშობელი ვერ უგებს. ამ გაუგებრობაში ძალიან ხშირია სიტყვიერი თუ სხვადასხვა სახის დაპირისპირება. მშობელი შვილს უპატივცემულობას საყვედურობს. შვილი გაორებულია, მას უფალთან უნდა. უფალი მისთვის აღმატებულია. უფალი ბრძანებს: რომელსაც უყვარდეს დედა ან მამა ჩემზე უფრო, იგი არ არის ჩემი ღირსიო. ღვთის გამორჩევაა, როდესაც ადამიანი სულიერი შეგნებით მიდის მონასტერში. ამ დროს კი მშობელი ეწინააღმდეგება. საუკეთესო გამოსავალი ის არის, რომ ორივე მხარე ეცადოს, არ იყოს ეს განსაკუთრებულად მტკივნეული. მშობელს უნდა ესმოდეს, რომ შვილი ღვთის წყალობაა, რომ ეს არ არის მხოლოდ მისი პიროვნული მონაპოვარი. შვილი ჯერ უფლისთვის უნდა უხაროდეს და მისთვის უნდა ზრდიდეს და არა საკუთარი სურვილებისა და ცხოვრების მოსაწყობად. ამიტომაც, როდესაც მშობელი ეკლესიურია და ესმის შვილის მდგომარეობა, ადვილად გვარდება ხოლმე ეს პრობლემა. მინდა ვურჩიო ახალგაზრდებსაც და მშობლებსაც, რომ პირველ რიგში სულიერ საკითხს მიაქციონ ყურადღება. შვილის აღზრდაში სულიერებაა აუცილებელი და არა მატერიალური პირობების შექმნა. პატრიარქის ქადაგებიდან მახსოვს ერთი შემთხვევა, როდესაც ერთი მოხუცი ქალბატონი მივიდა ძალიან განერვიულებული და დამწუხრებულმა შესჩივლა უწმინდესს - შვილმა მოხუცებულთა სახლში მიმაბარაო. არაფერი დამიკლია შვილისთვის - ჩაცმა, დახურვა, კარგი განათლება, სახლი ვუყიდე, დავაოჯახე და ბოლოს ასე მომექცაო. პატრიარქმა უპასუხა, - მთავარი არ მიგიცია შვილისთვის - სულიერება, სარწმუნოება და ამიტომაც მოგეპყრო ასეო. მართალია. რწმენით აღზრდილი მომავალი თაობა შემდეგში არ ესვრის მშობელს ქვას.

ინებოს უფალმა, რომ ჩვენი დედაეკლესიის წიაღში გაერთიანებულიყოს ძველიც და ახალიც, წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. ვინაიდან უფალი მარადიულია, მასში მთელი დრო და სივრცე განუსაზღვრელია. უფლისთვის ყოველივე არის სათნო. ინებოს უფალმა, რომ ჩვენი აწმყო და მომავალიც ყოფილიყოს ბედნიერი და დალოცვილი.

ღმერთმა დალოცოს და აცხოვნოს ჩვენი წინაპრები, ღმერთმა დალოცოს ჩვენი თანამედროვეობა, ახალგაზრდობა და მათ მისცეს გული გონიერი, როგორც სოლომონ ბრძენი იტყოდა. ბედნიერი და კურთხეული ყოფილიყოს ჩვენი ერის მომავალი.
ბეჭდვა
1კ1