ადამიანის სულიერ და ზნეობრივ განუვითარებლობას მოწმობს საუბრისას მისი არასწორი პოზიცია
ადამიანის სულიერ და ზნეობრივ განუვითარებლობას მოწმობს საუბრისას მისი არასწორი პოზიცია
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი):
ადამიანის სულიერ და ზნეობრივ განუვითარებლობას მოწმობს საუბრისას მისი არასწორი პოზიცია ან უბრალოდ "პოზა".

1. "მასწავლებლის" პოზა - ადამიანი სხვას უპირატესობის გრძნობით ესაუბრება. მას არ ეეჭვება, რომ მოსაუბრეებზე მეტი იცის, რომ მათზე ჭკვიანია, რომ სხვაზე უკეთ იცის, რა სჭირდება ადამიანს. მას ეჩვენება, რომ მისი მოვალეობაა ასწავლოს, სხვებისა - ისწავლონ. ასეთი ადამიანები საოცარი თავდაჯერებით საუბრობენ და ვერ გრძნობენ, რომ აპლომბი, რომელიც მათ სიტყვებში ჟღერს, მოსაუბრის გულს უფრო აშორებს მათგან.

2. "პროკურორის" პოზა - ადამიანი სხვისი ბედ-იღბლის უმაღლეს ინსტანციად მიიჩნევს თავს. იგი გამუდმებით მიუთითებს მოსაუბრის ნაკლოვანებებს, წინააღმდეგობრიობაში იჭერს მას, როგორც ქურდს, რომელიც სხვის ჯიბეში ჩაძვრა. ამხელს, უწყრება და "განაჩენი" გამოაქვს ისე, რომ სრულებით ვერ გრძნობს ამის უფლება თუ არა აქვს. იგი თვლის, რომ საბრალო ცოდვილი მისი მადლიერი უნდა იყოს ზნეობრივი სწავლა-დარიგებისათვის. სხვათა გამოსწორების სურვილი ხშირად კანის მტანჯველი დაავადებით გამოწვეული გაუსაძლისი ქავილის ხასიათს იძენს.

3. "ყოვლისმცოდნისა" და "მრჩევლის" პოზა - ადამიანი მზადაა ყველა ცხოვრებისეული შემთხვევისათვის მოგვცეს რჩევა და "რეცეპტი". ხშირად ესენი ახლობელი ადამიანები არიან, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ და ცოტა იციან და კიდევ უფრო ცოტას ფიქრობენ. ისინი მზად არიან რჩევების მოსაცემად, რადგან ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარი სიტყვების გამო. ეს ადამიანები სხვს საქმეებში ერევიან, ხელს უშლიან სრულიად დარწმუნებულნი იმაში, რომ დიდ სამსახურს უწევენ მათ. ამასთან, თვითონ არასოდეს იღებენ სხვის რჩევას და როცა მათი საქმეები წარუმატებლად მთავრდება (ეს კი ხშირად ხდება), ყველას აბრალებენ საკუთარი თავის გარდა.

4. "უფროსის" პოზა - ადამიანი ისე ლაპარაკობს, თითქოს ხელქვეითებს მითითებას აძლევდეს. მისი სურვილია პატარა "მეფუკა" იყოს ოჯახში, მეგობართა წრეში ან უბრალოდ თანამოსაუბრესთან. ამგვარი ადამიანები ვერ იტანენ წინააღმდეგობას, საკუთარი პერსონის თაყვანისცემა და სხვათა უპატივცემულობა ახასიათებთ. ისინი უსირცხვილოდ იქებენ თავს და ხშირად არარსებულ საკუთარ სათნოებებზე ყვებიან. ერთსა და იმავე ფრაზას რამდენჯერმე იმეორებენ, რათა მოსაუბრის მეხსიერებაში აღბეჭდონ იგი. სხვებისადმი უგულობასა და უმადურობას ავლენენ. მათ მგონი გულწრფელად სჯერათ, რომ იმავე ჰაერით სუნთქვა, რითაც თვითონ სუნთქავენ სხვათათვის დიდი ბედნიერებაა. მოსაუბრეს არ უსმენენ, შეუძლიათ შეაწყვეტინონ კითხვით, რომელიც საქმეს საერთოდ არ ეხება.
მე ამ რამდენიმე ფსიქოლოგიურ ტიპს იმიტომ შევეხე, რომ ხშირად ჩვენ თვითონაც ვერ ვაკონტროლებთ თავს და იმავეს ვაკეთებთ. ამიტომ საუბრისას აუცილებელია გვახსოვდეს როგორები არ უნდა ვიყოთ და რა არ უნდა ვაკეთოთ. მედიდურობას ძალუძს ყველა ფსიქოლოგიური ხიდი მოსპოს თანამოსაუბრეთა შორის და ორ მტრულ ბანაკად გაყოს ისინი.

ადამიანი კორექტული უნდა იყოს, მით უფრო რელიგიურ თემაზე საუბრისას. ჩვენი მოშურნეობა ღვთის განსადიდებლად ცხოვრებაში ღვთისავე ნების, ანუ ღვთის მცნებათა აღსრულების მეშვეობით უნდა გამოიხატოს და არა მოუთმენლობით სხვაგვარად მოაზროვნეთა და სხვა რელიგიის აღმსარებელთა მიმართ. უხეშობა ხშირად სისუსტესა და არგუმენტთა არქონას ფარავს, ხოლო სიამაყე და ქედმაღლობა - დაბალ ინტელექტუალურ დონეს. ერთი ინგლისური ანდაზა ამბობს, რომ თავის ქალაში არსებულ სიცარიელეს მედიდურობა ავსებს.
თუკი თანამოსაუბრის მიზეზით საუბარი არაკორექტულ ხასიათს იძენს, შევნიშნოთ, რომ სერიოზულ საკითხებზე სერიოზული საუბარია საჭირო, ხოლო თუ შენიშვნას არ მიიღებენ, უარი ვთქვათ საუბარზე, რადგან არაკორექტულობა ამგვარ შემთხვევაში ხშირად უხამსობაში გადადის და შეიძლება წყენითა და განხეთქილებით დასრულდეს.
ბეჭდვა
1კ1