ვეცადოთ, ჩვენში არსებული ყველა ხორციელი სურვილი და გრძნობა გავასულიეროთ
ვეცადოთ, ჩვენში არსებული ყველა ხორციელი სურვილი და გრძნობა გავასულიეროთ
ღმერთი ყველანაირ პირობას უქმნის და ყოველგვარ საშუალებას, ნიჭსა და უნარს აძლევს ადამიანს იმისათვის, რომ განახორციელოს ამქვეყნად მოვლინების მთავარი მიზანი - მოიპოვოს სასუფეველი ცათა და ცხონდეს. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება ნუგეშია. ადამიანს ნუგეში რომ არ ჰქონდეს მიცემული, გადარჩენის იმედს დაკარგავდა.

გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მღვდელმსახური, მამა იოანე ყურაშვილი.

- ნუგეში ორგვარია - ღვთაებრივი და ადამიანური. ცხადია, ღვთაებრივი ნუგეში ბევრად აღმატებულია ადამიანურზე, რადგან პირდაპირ ზეციდან, უფლისგან მოგვეცემა. უპირველესად ღვთაებრივი ნუგეში უნდა ვეძიოთ. უფალმა ხორციელი, ადამიანური ნუგეშისცემის უნარიც მოგვცა, თუმცა ესეც ღვთის რწმენასა და სწავლებას უნდა ეფუძნებოდეს, მხოლოდ ადამიანური ნუგეში შვებასა და სიმშვიდეს ვერ მოგვანიჭებს, წამიერი და წარმავალია.

ღვთაებრივი ნუგეში პირველმშობელთა ცოდვით დაცემის შემდეგ წარმოიშვა, როცა ადამს და მისი სახით მთელ კაცობრიობას ღვთისგან მიეცა აღთქმა მხსნელის მოვლინებისა. ამ ნუგეშით ცხოვრობდა კაცობრიობა მაცხოვრის მისვლამდე, ათასწლეულების მანძილზე, რათა ადამიანები მომზადებულიყვნენ მესიის მისაღებად. როდესაც დადგა დრო ნუგეშის აღსრულებისა, მოვიდა მაცხოვარი და მოხდა გამოხსნა კაცობრიობისა, ღვთისგან მოცემული ნუგეში კი არ განქარვებულა, არამედ განახლდა, მთელი სისავსით მოგვეცა ნუგეში ხსნისა, რაც თითოეულმა ჩვენგანმა მაცხოვრის მიერ მოცემულ რწმენასა და მცნებებში უნდა ვიპოვოთ, მათი მიღებითა და აღსრულებით გამოვხატოთ. ნუგეში სულის გადარჩენის იმედია, რომელსაც სწორედ ქრისტეს მცნებების აღსრულებაზე ვამყარებთ, რამეთუ ნაუწყები გვაქვს მაცხოვრისგან: "რომელსა აქუნდეს მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყვარ მე. ხოლო რომელსა უყვარდე მე, საყვარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყვარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი" (იოანე 14,21).

- როგორ აისახება ნუგეში ადამიანის სულზე?

- ცხადია, ნუგეში სულზე კეთილ გავლენას ახდენს - მხნეობას, სულის სიმტკიცეს ანიჭებს. ნუგეშს, სასოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სულის ცხონების მოპოვებაში. ბრძანებს კიდეც პავლე მოციქული: "სასოებით ვცხონდებითო".

ღვთაებრივ ნუგეშში მყოფი ადამიანი სულის სიმტკიცესა და მხნეობას ინარჩუნებს ხილულ თუ უხილავ მტერთაგან მომდინარე საცდურის მოწევნისას.

უფალმა სულიერი ნუგეშიც დაგვიწესა და ხორციელიც - რადგან ხორცში ყოფნის ჟამს მიწიერი ნუგეშიც აუცილებელია. ეს სხვადასხვა სახით ვლინდება და მოგვეცემა. საზრდელის მიღება და არსებობისთვის აუცილებელი სხვა პირობების შექმნაც ერთგვარი ნუგეშია.

მიწიერი ნუგეშის ერთ-ერთი სახეა განსაცდელსა და გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემაც, თანაგრძნობის გამოხატვა მათ მიმართ. შესაძლოა, ადამიანს მატერიალურად ვერ შევეწიოთ - თავადაც არ გაგვაჩნდეს მატერიალური შესაძლებლობა, მაგრამ სულიერი გამხნევება ყველა ჩვენგანს შეგვიძლია, თანაც ზოგჯერ ადამიანს მატერიალურ დახმარებაზე მეტად სწორედ სულიერი ნუგეშისცემა სჭირდება. შესაძლოა, ჩვენი ერთი სანუგეშო სიტყვაც კი სასიკეთოდ წაადგეს განსაცდელში მყოფი მოყვასის სულს.

უმეტესწილად ადამიანები მოყვასის გასაჭირს უფრო იზიარებენ, ვიდრე სიხარულსა და ბედნიერებას.

- ზოგჯერ გასაჭირში ჩავარდნილი მოყვასის ნუგეშისცემას სხვათა მაგალითების მოყვანით ვცდილობთ...

- როცა განსაცდელში მყოფ ადამიანს სხვების მაგალითს მოვუყვანთ, რომელთაც უფრო დიდი განსაცდელი შეემთხვათ და გადაიტანეს, ეს გარკვეულ სტიმულს მისცემს, შესაბამისად, სასიკეთო გავლენას მოახდენს. ყველაზე ქმედითი, ნუგეშის მთელი სისავსით მომცემი კი მაცხოვრის მიერ დათმენილ განსცდელთა გახსენებაა.

- ზოგჯერ ვერ ვახერხებთ გასაჭირში ჩავარდნილი მოყვასის ნუგეშისცემას...

- ასეთ შემთხვევაში ჩვენი მცდელობა უნუგეშობასა და მწუხარებაში ჩავარდნილი ადამიანის ეკლესიამდე მიყვანისკენ უნდა მივმართოთ. უფალი თავად იზრუნებს მასზე და მისცემს იმის ძალასა და გონიერებას, ეკლესიამდე მივიდეს. როგორ განსაცდელშიც არ უნდა იყოს ადამიანი, როგორ მწუხარებასაც არ უნდა მიეცეს, თუ ეკლესიის წიაღს შეუერთდება, მოძღვარს მიმართავს, აუცილებლად პოვებს სიმშვიდესა და ნუგეშს, რომელსაც მისი სული ეძიებს.

ჩვენი ყველაზე დიდი ნუგეში საუკუნო ცხოვრების მოპოვების იმედი უნდა იყოს. თუკი ადამიანი ამით ინუგეშებს თავს, გაცილებით ადვილად დაძლევს ნებისმიერ წუხილს.

- ღვთაებრივი, სულიერი ნუგეშის მოპოვების უნარი უფლისგან ხომ ყველა ადამიანს ენიჭება...

- ამის უნარი ყველა ადამიანს აქვს მიცემული. შემოქმედს რობოტებად არ შევუქმნივართ, არამედ თავისუფალი ნების მქონე არსებებად. სწორედ ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებს, როგორ გამოხატავს ამ უნარს - კეთილად, ღვთის ნების შესაბამისად წარმართავს თუ უკეთურებას, ბოროტის ნების აღსრულებას მოახმარს. ეს ნებისმიერ ნიჭსა და უნარს ეხება. ღვთისგან ყველა უნარი კეთილად გვეძლევა და გვევალება კიდეც, თავისუფალი ნების გამოყენებით ღვთისკენ მივმართოთ. ამის მისაღწევად კი აუცილებელია ეკლესიის წიაღში ყოფნა.

- ზეცად ამაღლების წინ უფალმა მოციქულებს აღუთქვა, რომ მოუვლენდა ნუგეშისმცემელს - სულიწმინდას. რატომ ეწოდება სულიწმინდას "ნუგეშინისმცემელი"?

- რადგან სულიწმინდა მანუგეშებელია ადამიანისა, ნუგეში მის მიერ მოგვეცემა, მას აქვს უხილავად ურთიერთობა ადამიანებთან. ვიცით, რომ არსებობს ყოვლადწმინდა სამების არსისმიერი და ჰიპოსტასური თვისებები. სულიწმინდის ჰიპოსტასური თვისება გამომავლობა და ქმნადობაა. ყველა სიკეთეს ადამიანი სულიწმინდის მადლით იქმს, მასთან ერთობის გარეშე სულის გადარჩენა შეუძლებელია.

- ღვთაებრივი ნუგეში ხომ რწმენისგან იბადება...

- ნუგეშის სათავე, საფუძველი იმისა, რომ ეს უნარი სწორი მიმართულებით განვითარდეს, რწმენაა. თუ ადამიანმა არ ირწმუნა ღმერთის არსებობა, ცხადია, არც ღვთაებრივ ნუგეშს დაუწყებს ძიებას, ღმერთზე არ დაამყარებს სასოებას. ადამიანს უნდა სწამდეს, რომ უფალი მოწყალეა და არასდროს დატოვებს უნუგეშოდ თავის ქმნილებას.

- რა გზითაც მიდის ადამიანი მიწიერ ცხოვრებაში, ალბათ ნუგეშსაც იმის მიხედვით ეძიებს...

- ადამიანი მართლაც იქ ეძიებს ნუგეშს, სადაც მისი გული და გონება, შინაგანი მდგომარეობა მეტად მყოფობს, საითკენაც მეტად იხრება. გრძნობები, სურვილები და მისწრაფებები შინაგანად არსებული მდგომარეობის მიხედვით უჩნდება. რაც მეტადაა ადამიანი ორიენტირებული სულიერებისკენ, მეტადაა წარმატებული სულიერებაში, მით მეტად ეძიებს სულიერი სარგებლის მოხვეჭას. დედამიწაზე, ხორცში ყოფნის ჟამს ხორციელის სრულიად მოკვეთა არც გვევალება. ეს მიწიერი ნუგეშის მიღებისკენ სწრაფვას, მისი მოპოვებისთვის ზრუნვასაც ეხება. რადგან უფალმა მიწიერი ნუგეშიც დაგვიწესა, უნდა ვეძიოთ კიდეც, მაგრამ მთავარია ზომიერების ზღვარს არ გადავიდეთ. ჩვენში შემოსული ყველა სურვილი და გრძნობა უნდა ვაზომიეროთ. უფრო მეტად სულიერი საუნჯეებისა და სათნოებების მოპოვებისთვის დავიხარჯოთ, რაც უკვდავია და ადამიანს მარადიულობაშიც გადაჰყვება.

- არსებობს უნუგეშო მდგომარეობაც, რაც ადამიანს სასოწარკვეთილებაში აგდებს...

- უნუგეშობა და სასოწარკვეთილება უიმედობაა ღვთისა. ამ მდგომარეობაში ადამიანები უმეტესწილად განსაცდელის ჟამს ვარდებიან. სასოწარკვეთილების - იმედის დაკარგვის უმთავრესი მიზეზი ურწმუნოებაა. ადამიანი ივიწყებს ყველაზე მთავარს - ღმერთის არსებობას. უფალი კი ნებისმიერ ვითარებაში შეგვეწევა და გვაპოვნინებს გამოსავალს. უფლის მოწყალებას ხომ საზღვარი არ აქვს.

- ზოგიერთნი ეკლესიის წიაღსაც უერთდებიან, თითქოსდა სწამთ ღვთისა, მაგრამ დაბრკოლებას აწყდებიან თუ არა, უნუგეშობასა და მწუხარებაში ვარდებიან...

- მათ მტკიცე რწმენა და სათანადო სულიერი განათლება არ გააჩნიათ. თუ ადამიანს გაცნობიერებული აქვს განსაცდელის მნიშვნელობა, იცის, რომ ნებისმიერი განსაცდელი უფლისგან ჩვენივე სულის საკურნებლად, უფალთან დასაახლოებლად და საცხოვნებლად გვეძლევა, მწუხარებას არ მიეცემა, იმედს არ დაკარგავს. უნუგეშობა ბოროტი სულისგანაა, რომელიც სწორედ ურწმუნოების გამო ახერხებს ადამიანის უნუგეშო თუ სხვა ცოდვილ მდგომარეობამდე მიყვანას. თუკი ადამიანში უფლისგან კეთილად მიცემული თვისებები და უნარები მიწიერებითაა გადაფარული, ეშმაკი ადვილად ზემოქმედებს მასზე და ისიც იოლად დაჰყვება ბოროტისგან შეთავაზებულ აზრებს, აძლევს გონებაში განვითარებისა და გულში ჩასვლის საშუალებას და მისი მსხვერპლი ხდება.

მართალია, უნუგეშო, უიმედო განცდებს ადამიანში ბოროტი აღძრავს, სხვადასხვა ცხოვრებისეული მიზეზიდან გამომდინარე, მაგრამ მას ჩვენზე ძალადობის ნება არ აქვს, თუკი მართებულ არჩევანს გავაკეთებთ, მისი მცდელობა ამაოდ ჩაივლის. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანზე ეშმაკის მიშვება უფლის ნებით ხდება. წმინდა იოანე ოქროპირი ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს: "პირველ ყოვლისა, ეშმაკი ებრძვის ადამიანს იმისთვის, რათა უფალი იესო ქრისტეს სახელით, ცხოველმყოფელი ჯვრის ძალით გავხდეთ ეშმაკზე გაცილებით ძლიერნი; მეორე - მორჩილებაში ვიყოთ და არ განვადიდოთ საკუთარი თავი ჩვენთვის ბოძებულ ნიჭთა სიდიადით; მესამე, რათა მაცდური სული, ჩვენი მოთმინების შემხედვარე, დარწმუნდეს იმაში, რომ განვეშორეთ მას; მეოთხე მიზეზი ის არის, რომ გავხდეთ უფრო მხნე და ძლიერი; დაბოლოს, რათა არ დავივიწყოთ იმ ძალის დახმარება, მფარველობა, რომელიც გვშველის". ცხადია, ძნელია ამ მდგომარეობის მიღწევა, მაგრამ თუ კაცი მოისურვებს, შეუძლებელიც არ არის.

- გამოდის, უნუგეშო მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად თუ სხვა ღვთისგან მოცემული უნარების კეთილად გამოსაყენებლად, პირველ რიგში, მიწიერისგან გათავისუფლებას უნდა ვცდილობდეთ, მიწიერზე უნდა ავმაღლდეთ...

- სულიერს, როგორც უკვდავს, როგორც უხრწნელს, მარადიულს, მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ. როგორც ვთქვით, ხორციელის სრულად მოკვეთა არ გვევალება, ხორცში ყოფნის ჟამს ზომიერად ხორციელის მოპოვებაზეც უნდა ვიზრუნოთ, რათა ვიარსებოთ. სული და ხორცი ჰარმონიაში უნდა ვამყოფოთ. ვეცადოთ, ჩვენში არსებული ყველა ხორციელი სურვილი და გრძნობა გავასულიეროთ, ანუ ისე გამოვიყენოთ და წარვმართოთ, რომ სულიერი ზრდა-განვითარებისთვის, საბოლოოდ კი სულის საცხოვნებლად წაგვადგეს, ცხონებამდე მიგვიყვანოს. ვიცით, რომ ბოლოს, უფლის მეორედ მოსვლის შემდეგ, ხორციც უნდა განსულიერდეს. ესეც უდიდესი ნუგეშია. ადამიანმა იცის, რომ უნდა მოკვდეს, დაეფლას, შემდეგ კი მისი სხეული, რომელიც შესაძლოა მიწას იყოს შერეული, ღვთის წყალობით აღდგება, განსულიერდება და მარადიულობაში დამკვიდრდება.
ბეჭდვა
1კ1