არ განიკითხო - ეს არის ყველაზე მოკლე გზა სასუფევლისკენ
არ განიკითხო - ეს არის ყველაზე მოკლე გზა სასუფევლისკენ
როდესაც ადამიანი სხვათა ცოდვებსა და ნაკლოვანებებზე ძვირსიტყვაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ განიკითხავს მოყვასს. ადამიანებს შორის ყველაზე მეტად სწორედ ეს ცოდვილი ჩვევაა გავრცელებული. ძმათა ცოდვებსა და ნაკლოვანებებზე ავსიტყვაობა მოყვასის სიძულვილის გამოხატულებაა, უფალმა კი მოყვასის სიყვარული დაგვიდო მცნებად და უმთავრესს - ღმერთის სიყვარულს გაუთანასწორა.

ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, განკითხვის უნარიც უფლისგან გვეძლევა, მაგრამ არა იმისთვის, რომ მოყვასის ნაკლოვანებათა და ცოდვათა განკითხვისკენ მივმართოთ, მათზე ბოროტი განზრახვით ვიმეტყველოთ, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი თავი, საკუთარი სულიერი მდგომარეობა, ჩვენივე ცოდვები გამოვიძიოთ და განვიკითხოთ.

განკითხვის შესახებ გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

- განკითხვის უნარს ღმერთი გვაძლევს, მაგრამ როგორ გამოვიყენებთ, საით მივმართავთ მას, ეს ჩვენს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული. განკითხვის უნარი იმისთვის გვეძლევა, რომ საკუთარი თავი, საკუთარი ცოდვები განვიკითხოთ და არა სხვა ადამიანები. როდესაც უფალი სახარებაში ბრძანებს: "შენ ვინ ხარ, რომ განიკითხავ სხვის მონას?" - ამით მკაცრად გვიკრძალავს ადამიანთა განკითხვას: "არ განიკითხო და არ განიკითხები", "მიუტევე და მოგეტევოს".

როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, განკითხვაა ყველაზე საშინელი ცოდვა. მას, ვინც სინანულშია თავისი ცოდვების გამო, ღვთისგან ყველა შეცოდება შეენდობა, მაგრამ მას, ვინც განკითხვის ცოდვით არის დაცემული, არც ერთი ცოდვა არ ეპატიება. გავიხსენოთ სახარებისეული იგავი "მოწყალე ბატონი და უმოწყალო მონა": ბატონმა თავისი მონებისთვის ანგარიშის გასწორება მოისურვა. მას წარუდგინეს მონა, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა, მაგრამ არაფერი ებადა, რომ ვალი გადაეხადა. მონა პირქვე დაემხო ბატონის წინაშე და სთხოვა, სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. ბატონს შეებრალა, გაუშვა და ვალიც აპატია. დაშორდა თუ არა ბატონს, შეხვდა თავის ამხანაგს, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა, დაიჭირა და ვალის გადახდა მოსთხოვა. მოვალეს არაფერი გააჩნდა და შეწყალება სთხოვა, მაგრამ მონამ არ აპატია და საპყრობილეში ჩააგდო. ბატონმა შეიტყო ეს ამბავი, განრისხდა და მონას ხელახლა მოსთხოვა ვალი. წმინდა მამები ამ იგავის განმარტებისას შეგვაგონებენ: ასევე დაემართება ყველა ადამიანს - თუ ის ამბობს აღსარებას და ინანიებს, უფლისგან მიიღებს შენდობას, მაგრამ თუ თავადვე განიკითხავს სხვებს, ყველა ცოდვა თავიდან მოეკითხება.

მამათა ცხოვრებაში მოთხრობილია ასეთი შემთხვევა: ერთ მონასტერში ბერი გარდაიცვალა, რომელიც ვერ ცხოვრობდა სათანადო მონაზვნური ცხოვრებით, არ აღასრულებდა წესებს, რომლებიც ბერს მოეთხოვება, მაგრამ მონასტრის ბერებმა იხილეს, რომ მათი სულიერი ძმა ცხონდა. ყველას გაუკვირდა, როგორ აცხოვნა უფალმა ასეთი ადამიანიო. მას თავის სიცოცხლეში არასოდეს არავინ განუკითხავსო, ეუწყათ პასუხად. სახარებისეული შეგონება გავიხსენოთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომელითა განკითხვით განიკითხავთ, განიკითხნეთ და რომელითა საწყაულით მიუწყოთ, მოგეწყოთ თქვენ". "რაითა არა განიკითხნეთ" სწორედ უფლისგან განუკითხველობას გულისხმობს, რასაც სხვათა განუკითხველობის სანაცვლოდ დავიმსახურებთ. ჩვენზე უფალი სწორედ იმ ცოდვით დაცემას დაუშვებს, რომლის გამოც სხვებს განვიკითხავთ, რათა შემცოდე მოყვასის თანაგრძნობა ვისწავლოთ.

- ყველამ იცის, რომ განკითხვა და ძვირსიტყვაობა კეთილი საქმე არ არის. მიუხედავად ამისა, თავს მაინც ვერ ვანებებთ. რატომ ესწრაფიან ადამიანები ასერიგად ამ ცოდვას?

- ეშმაკს ყველაზე ადვილად სწორედ ამ ცოდვილი ჩვევისკენ შეუძლია ჩვენი მიდრეკა. ყველა ადამიანში ძევს პატივმოყვარეობა. როდესაც სხვის ცოდვას განვიკითხავთ, სხვის ნაკლზე ვძვირსიტყვაობთ, ამით თითქოს ხაზს ვუსვამთ, რომ თავად მართალნი ვართ, ამ ცოდვით არ შეგვიცოდავს. ადამიანის ამ თვისებას თავის სასარგებლოდ იყენებს ბოროტი და ადვილად გვაგდებს განკითხვის ცოდვაში.

- სხვათა ცოდვებზე საუბრით ერთგვარ მიწიერ ნუგეშსაც ვპოვებთ...

- როდესაც მძიმე ცოდვის გამო განვიკითხავთ მოყვასს, იმედი გვეძლევა - რაკი სხვამ ესოდენ დიდი ცოდვა ქმნა, მასთან შედარებით ჩვენი მცირე შეცოდებანი არაფერიაო, მაგრამ ეს იმედი მოჩვენებითია.

- ალბათ განკითხვის ცოდვის ყველაზე მძიმე გამოვლინება ღვთისმსახურთა განკითხვაა...

- ღვთისმსახურთა განკითხვა მართლაც მძიმე ცოდვაა, მაგრამ განკითხვის ცოდვას კატეგორიებად ვერ დავყოფთ. ეს არის ადამიანის დამღუპველი და სულის წარმწყმედელი ცოდვა. კონკრეტულად ვისი განკითხვის სანაცვლოდ დაიღუპება ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს.

- საერთოდ რატომ გვაძლევს უფალი სხვათა ცოდვებისა და ნაკლოვანებების დანახვის უნარს?

- რათა განვიკითხოთ საკუთარი თავი, გამოვიძიოთ, ჩვენშიც ხომ არ ბუდობს იგივე ცოდვა და ნაკლი. ცოდვა, რომელსაც სხვებში ვხედავთ, აუცილებლად იქნება ჩვენშიც და ვიდრე მას არ აღმოვაჩენთ, საკუთარი თავის განკითხვა, გამოძიება არ უნდა შევწყვიტოთ.

- ადამიანი რომ საკუთარ ცოდვებსა და ნაკლოვანებებსაც ისე ხედავდეს, როგორც სხვებისას, განკითხვისთვის არც დრო დარჩებოდა და არც სურვილი გაუჩნდებოდა...

- მართლაც ასეა. წმინდა მამებს თავი ყველაზე ცოდვილ ადამიანებად მიაჩნდათ, სწორედ იმიტომ, რომ არავის განიკითხავდნენ, გარდა საკუთარი თავისა. მათი ცოდვები ჩვენსასთან შედარებით ზღვაში წვეთი იყო, მაგრამ ამ წვეთსაც ხედავდნენ. რაც უფრო მეტად უღრმავდება ადამიანი საკუთარ თავს, მით უფრო ნაკლებად აინტერესებს სხვათა ნაკლოვანებები.

თუ კარგად დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ნებისმიერი ადამიანი რაღაცით ჩვენზე უკეთესია. მიწიერი კუთხითაც რომ მივუდგეთ, ყოველ ჩვენგანს რაღაც აქვს სხვებზე მეტი, რაღაცით კი, რა თქმა უნდა, სხვებზე ნაკლებია. ქრისტიანის მოვალეობაა, საკუთარ თავში მხოლოდ ნაკლოვანებები დაინახოს, სხვებში კი სიკეთე. არ არსებობს ადამიანი, რაიმე სიკეთე არ ჰქონდეს მიცემული, რადგან ყველა ჩვენგანი არის ხატება და მსგავსება ღვთისა. თუ სხვებში სიკეთეს ვერ ვხედავთ, ეს ძალიან ცუდია - დაბრმავებული გვქონია თვალი საიმისოდ, რომ ის ღვთის ნაპერწკალი, რომელიც ყველა ადამიანშია, აღმოვაჩინოთ. როდესაც მოყვასში სიკეთეს ვერ ვხედავთ, ფაქტობრივად, ამით ღმერთს უარვყოფთ.

- ზოგჯერ ადამიანი სიტყვიერად არ განიკითხავს, მაგრამ განიკითხავს გონებით...

- ცხადია, ესეც ცოდვაა, მაგრამ გაცილებით მცირე, ვიდრე სიტყვიერად განკითხვა. დავუშვათ, ადამიანმა დაინახა სხვისი ცოდვა, გულში განიკითხა, მაგრამ არავისთვის უთქვამს, დაფარა მოყვასის ცოდვა - არ სურს, მიჰყვეს ბოროტისგან ჩაწვეთებულ აზრს, საცდურს. ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე სიტყვიერად განკითხვა, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანი ებრძვის საკუთარ თავს, რათა სძლიოს განკითხვის ცოდვას და ადრე თუ გვიან აუცილებლად მიაღწევს იმ მდგომარეობას, რომ გონებითაც აღარ განიკითხოს.

- სხვათა განკითხვა აღსარების დროსაც გვჩვევია...

- ამ გზით ადამიანი საკუთარი ცოდვების დაფარვას ცდილობს. საშინელებაა, როდესაც ადამიანი აღსარების დროსაც კი განიკითხავს მოყვასს - თითქოს ამით ამბობს, რომ მის ცოდვაში თვითონ კი არა, სხვაა დამნაშავე. ეს არის არა აღსარება, არამედ ცოდვის აღიარება. როდესაც ადამიანი სინანულშია, საკუთარი ცოდვების გარდა არაფერი ახსოვს. ამბობს: "ვცოდე" - და მორჩა. ვინ ან რამ აიძულა ცოდვის ჩადენა, არ აინტერესებს.

- მოყვასის მხილება ხომ არ გვეკრძალება?

- ეს ქრისტიანის მოვალეობაც კია, მაგრამ თუ ჩვენს მხილებას შედეგი არ მოაქვს, ამით უფრო მეტ ზიანს ვაყენებთ ადამიანს - გვეკამათება, მრისხანებს და ამ გზით ცოდვას იმრავლებს. წმინდა მამები გვირჩევენ, ამ შემთხვევაში გავერიდოთ ადამიანს და ვილოცოთ მისთვის, უფალს შევავედროთ და მივანდოთ იგი. თუკი ჩვენი ლოცვა გულმხურვალეა, ყოვლისშემძლე უფალი იზრუნებს მასზე და ცოდვებს დააძლევინებს.

- ხშირად ადამიანის მხილების დროს მისი მრისხანების მიზეზი ჩვენივე მრისხანებაა - თითქოს ვამხელთ მოყვასს, მისი გამოსწორება გვსურს, სინამდვილეში კი ეს უფრო ჩვენი ვნების გამოვლინება და განკითხვაა, ვიდრე მხილება...

- მხილებას საფუძვლად მოყვასის სიყვარული უნდა ედოს. ადამიანი რომ ვამხილოთ, ამისთვის ჩვენვე უნდა ვიყოთ სულიერად მზად. წმინდა წერილი გვეუბნება: "მრისხანებამან კაცისამან სიმართლე ღვთისა ვერა ქმნეს" - როგორც არ უნდა გვსურდეს საღმრთო ჭეშმარიტების აღსრულება, თუ ამას მრისხანებით ვიქმთ, მივალთ ეშმაკთან და არა უფალთან. ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია იყოს მამხილებელი, როდესაც თავად მიაღწევს ისეთ სულიერ მდგომარეობას, რომ შეუძლია, უსიტყვოდ დაითმინოს სხვათაგან მომდინარე მხილება. თუ ამის უნარი არ შესწევს, რა უფლება აქვს, სხვა ამხილოს? ცხადია, ასეთი სახით სიმართლის თქმა არის არა მხილება, არამედ პირისპირ განკითხვა ადამიანისა, მოყვასის სიძულვილის გამოვლინება - როდესაც ადამიანს ცოდვებზე მრისხანებით მივუთითებთ, იმ წუთებში გვძულს იგი; კი არ ვამხელთ მოყვასს, არამედ მრისხანების ვნებას ვიკმაყოფილებთ.

- როგორ აისახება განკითხვა ადამიანის სულზე?

- ისევე, როგორც ნებისმიერი ცოდვა, ადამიანს ჩადენის მომენტში განკითხვაც სიამოვნებს, მაგრამ შემდეგ, როგორი ურწმუნოც არ უნდა იყოს, ჩადენილი ცოდვა აწუხებს. შესაძლოა, ეს შეგნებულად მოხდეს - ადამიანმა გააცნობიეროს, რომ განიკითხა, გაიაზროს ცოდვის მნიშვნელობა და ამის გამო წუხდეს; შესაძლოა, ვერც კი მიხვდეს, რატომ, რის გამოა ასეთ მდგომარეობაში. ადამიანის სულს ყოველგვარი ცოდვა აყენებს ზიანს. განკითხვის ცოდვის ყველაზე დიდი ზიანი არის ის, რომ ადამიანს სასუფეველს, საუკუნო სიმშვიდეს და ნეტარებას აკარგვინებს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს ცოდვა მიწიერი ცხოვრების დროსაც მოუსვენრობაში გვაგდებს და სიმშვიდეს გვიკარგავს.

- ეს იმიტომ, რომ სინდისის ხმა გვამხელს...

- სინდისის ხმა ყველა ადამიანს ამხელს ცოდვის ჩადენისას, მაგრამ მთავარია, რა შედეგი მოაქვს ამ მხილებას. ერთნი სინდისის ქენჯნას სინანულამდე მიჰყავს, მეორენი კი მის ჩახშობას ცდილობენ. როდესაც მაცხოვარმა ღადარინელთა ქვეყანაში ორი ეშმაკეული განკურნა, იქაურებმა უფალს მოსთხოვეს, განშორებოდა მათ. ისინი სინდისისგან იყვნენ მხილებულნი, მათი მამხილებელი კი იყო მაცხოვარი და საქმენი მისნი, ამიტომ ეგონათ, თუკი მას განეშორებოდნენ, სინდისი დაუმშვიდდებოდათ. "წმინდა წერილში" წერია: ყველა ცოდვა მიეტევება კაცს, გარდა სულიწმიდის გმობისა". წმინდა მამათა ერთ-ერთი განმარტებით, სულიწმიდის გამოხატულება ყველა ადამიანში არის სინდისის ხმა. სულიწმიდის მგმობელს არ მიეტევება. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ ცხონდება კაცი, რომელმაც მოკლა სინდისი. ვერ ცხონდება არა იმის გამო, რომ სინდისი მოკლა, არამედ სხვა მიზეზით - სინდისდაკარგულ ადამიანს ცოდვათა გაცნობიერების უნარი არ შესწევს, თუ საკუთარი ცოდვა ვერ გააცნობიერა, ვერ შეინანებს, სინანულის გარეშე კი ცხონება შეუძლებელია.

- რა განსხვავებაა განკითხვასა და განსჯას შორის?

- ერთი ადამიანის მიერ მეორის ცოდვებზე საუბარი განკითხვაა. როდესაც მოძღვარი სულიერ შვილს ესაუბრება მის ცოდვებზე, უხსნის, რატომ არის ესა თუ ის საქციელი ცოდვა და როგორ უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, ამას შეიძლება ვუწოდოთ განსჯა. მოძღვარს აქვს უფლება, განსაჯოს სულიერი შვილი. თუ ერისკაცთან მოყვასი მივიდა და ჰკითხა, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ ვითარებაში ან მართებულად მოიქცა თუ არა, ამ შემთხვევაში მისი განსჯა ცოდვად არ ჩაეთვლება, მაგრამ მაინც სჯობს, თავი შეიკავოს და ღვთისმსახურისკენ მიუთითოს, აუხსნას, რომ მოძღვრის მოვალეობაა განსაჯოს, მის მიერ ქმნილი საქმე კეთილია თუ ბოროტი, სათნოა ღვთისთვის თუ საზიანოა სულისთვის. ვეცადოთ, ნაკლებად განვსაჯოთ სხვების საქციელი, რადგან სულიერად ისეთი სრულყოფილნი არ ვართ, რომ თუნდაც კეთილი განზრახვა განსჯისა განკითხვად არ გვექცეს და სიკეთის ქმნის ნაცვლად საბოლოოდ თავი არ დავიღუპოთ.

- რა საშუალებაა ყველაზე ქმედითი ამ ცოდვილი ჩვევის დასაძლევად, რათა განკითხვის უნარი კეთილად, იმ სახით გამოვიყენოთ, რისთვისაც უფალმა მოგვანიჭა?

- განკითხვის ცოდვის დასაძლევად საუკეთესო გზაა, მივმართოთ განკითხვის უნარი საკუთარი თავისკენ. როდესაც განვიკითხავთ ჩვენს თავს, ვუღრმავდებით ჩვენს ცოდვებს, ჩვენს სულიერ მდგომარეობას, სხვათა მიერ ჩადენილი ცოდვები გვავიწყდება. შესაბამისად, არც განვიკითხავთ. თუ განკითხვის უნარს საკუთარი თავისკენ მივმართავთ, ყოველდღიურად უფრო და უფრო უკეთ დავინახავთ, რაოდენ ცოდვილები ვართ. ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ ამ იარაღის კეთილად გამოყენებით დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა.

- წმინდა მამები ამაოდმეტყველების, განკითხვის ცოდვას მდუმარებითაც ებრძოდნენ...

- არა მარტო განკითხვა, ნებისმიერი სახის ამაოდმეტყველება დამღუპველია ადამიანის სულისთვის. იმ დროს, რომელიც ღვთის სადიდებლად უნდა გამოიყენოს, ადამიანი ამაოებას ახმარს. მდუმარება არა მარტო განკითხვისა და ამაოდმეტყველებისგან თავის ასარიდებლად არის საუკეთესო საშუალება, არამედ საკუთარ თავში ჩაღრმავებასაც უწყობს ხელს. მდუმარებისას ადამიანი იწყებს საკუთარი თავის შეცნობას, ხვდება, რომ ღმრთის გარეშე არაფერს წარმოადგენს, არაფერი შეუძლია და იწყებს ვედრებას შეწევნისთვის მის მიმართ, ვინც ყოვლისშემძლეა. ამრიგად, ადამიანი აღწევს ცხრათაგან პირველი ნეტარების მდგომარეობას - სიგლახაკეს. შესაძლოა, იკითხოთ: რატომ დაიმკვიდრებენ გლახაკნი ცათა სასუფეველს? - რადგან შეიმეცნეს, რომ არაფერს წარმოადგენენ, არაფერი გააჩნიათ და მიენდობიან უფალს, ვისაც ყველაფერი აქვს. უფალიც მოწყალეა მათ მიმართ. ადამიანს როგორც არ უნდა შიოდეს, როგორც არ უნდა უჭირდეს, თუ შეწყალება არ ითხოვა, ვერავინ გაიგო მისი გასაჭირი, არც არავინ დაეხმარება. უფლის წინაშე ყველა გლახაკი და არაფრისმქონეა, მაგრამ უფალი შეეწევა ვის? - მას, ვინც შეწევნას სთხოვს.

ბუნებრივია, მამათა მსგავს მდუმარების ღვაწლს ერისკაცი ვერ იტვირთავს, არც მოეთხოვება. მდუმარების კანონს ზოგადცხონებულთა მონასტრებშიც არ იცავდნენ. მას მიმართავდნენ მხოლოდ მეუდაბნოე მამები, რომლებსაც ადამიანებთან კონტაქტი აღარ ჰქონდათ. მაგრამ ერისკაცი უნდა ცდილობდეს, ზედმეტი ფუჭი საუბრისგან მაინც შეიკავოს თავი.

KARIBCHEერისკაცისთვის აზრობრივი საცდური გაცილებით მეტია, ვიდრე მონასტერში განმარტოებული კაცისთვის. ერში მცხოვრებ ადამიანს იმდენი მიწიერი საზრუნავი აქვს, რომ გაუჭირდება და ვერც მოიცლის, გონება ამაოებისკენ მიმართოს, მით უმეტეს, თუ ეს კაცი ღვთის მადიდებელი გზით ცხოვრობს. რაც შეეხება კონკრეტულად განკითხვის ცოდვას, ერისკაცს, მიწიერი ცხოვრებით მცხოვრებს, შესაძლებლობა აქვს, გაცილებით ადვილად შეიმეცნოს თავი ცოდვილად, ვიდრე მეუდაბნოე ბერს, რომელსაც შესაძლოა ადამიანები ათეულობით წლის მანძილზეც არ უხილავს და წმინდად აღასრულებს ბერულ კანონებს, მაგრამ აქვს უდიდესი საცდური - ამპარტავნების ცოდვა, ამ ცოდვაში ჩავარდნის საშიშროება. ერისკაცისთვის, რომელიც ერშია, სცოდავს და ხედავს თავის ცოდვებს, გაცილებით ნაკლებია საცდური, ჩათვალოს, რომ მიაღწია მაღალ სულიერ მდგომარეობას. თუ ადამიანს მიაჩნია, რომ არაფრისთვის მიუღწევია, მისთვის არც სხვათა ცოდვები უნდა იყოს დამაბრკოლებელი - მას შეგნებული ექნება: რატომ უნდა განიკითხოს სხვა, როდესაც თვითონ განსაკითხავია? ამრიგად, ერისკაცი, თუ ის მცორე ხნით მაინც ჩაუღრმავდება საკუთარ თავს, შეიმეცნებს, რომ ცოდვილია, გაცილებით ადვილად იპოვის განკითხვის ცოდვისგან გამოსავალს. რაც შეეხება მონასტერში მცხოვრებ ადამიანს, მან თავიდანვე უნდა იცოდეს, რომ უფლისკენ სავალ გზას უნდა მიჰყვეს, ამ გზიდან არც მარჯვნივ და არც მარცხნივ არ გადაუხვიოს, უფალთან მისასვლელად კი ყველაზე მოკლე გზაა "არ განიკითხო".

- ზოგჯერ ადამიანი თითქოს აღიარებს საკუთარ ცოდვებსა და ნაკლოვანებებს, მაგრამ მოჩვენებითად...

- შესაძლოა, ადამიანი ამბობდეს, ცოდვილი ვარო, მაგრამ თუ ეს სხვამ უთხრა, მრისხანებაში ჩავარდეს. ადამიანს მაშინ აქვს აღებული სწორი გეზი ღვთისკენ სავალ გზაზე, როდესაც სხვებისგანაც თავმდაბლად იღებს იმას, რასაც საკუთარ თავზე თვითონ ამბობს. თუ ასე არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ცრუობს და მისი აღიარება "ცოდვილი ვარ" მხოლოდ სიტყვიერია, მოჩვენებითია. ასეთი სახის თვითმხილება ფარისევლობის, ამპარტავნებისა და პატივმოყვარეობის გამოვლინებაა. ამით ადამიანს სურს, სხვებმა კარგ ქრისტიანად ჩათვალონ და მაგალითად გაიხადონ.

- სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობას უჭირს მიაღწიოს ჭეშმარიტ თვითგანკითხვას, შეიმეცნოს და აღიაროს საკუთარი ცოდვილი მდგომარეობა, სძლიოს განკითხვის ცოდვას, თუმცა ეს შეუძლებელი არ არის - ამის უნარი ხომ ყველა ჩვენგანს აქვს ბოძებული ღვთისაგან...

- უფალი ადამიანს შეუძლებელს არაფერს სთხოვს. "არ განიკითხო და არ განიკითხები" - წმინდა მამათა სწავლებით, ეს არის ყველაზე მოკლე გზა სასუფევლისკენ. მაინც განიკითხე? - მაშინ "მიუტევე და მოგეტევება შენ": სხვა რომ განიკითხე, შემდეგ საკუთარ თავს ჩაუღრმავდი, აღმოაჩინე, ცოდვილი რომ ხარ, შესაძლოა იმაზე მეტადაც კი, ვინც განიკითხე, და შეჰღაღადე უფალს: "უფალო, მე ყველაზე ცოდვილი ვარ! ყველას ღმერთმა მიუტევოს".

ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ ვერ დაძლევენ ამა თუ იმ ცოდვას. ეს იმიტომ, რომ ადამიანის გონება დაშორებულია უფალს. რაც მეტად ვშორდებით მას, მით მეტად გვიძნელდება ღვთის მცნებების აღსრულება, მათ შორის - განკითხვის ცოდვილი ჩვევის დაძლევა.

- ხდება, რომ ადამიანი უსმენს, როგორ განიკითხავენ სხვები, მაგრამ თვითონ არ ერთვება ძვირსიტყვაობაში...

- გააჩნია, როგორია ამ დროს მისი გონებრივი მდგომარეობა, ეთანხმება მათ თუ არა. შესაძლოა არ ეთანხმებოდეს, მაგრამ თავად მათ განიკითხავდეს, ვინც განიკითხავს, ან თავადაც განიკითხავდეს მას, ვისაც სხვები განიკითხავენ, მაგრამ თავს იკავებდეს, რომ სიტყვით მაინც არ ჩავარდეს განკითხვის ცოდვაში. ცხადია, ესეც ცოდვაა, მაგრამ, როგორც ვთქვით, სიტყვით განკითხვაზე გაცილებით მცირე. თუ ადამიანი ისმენს სხვების განკითხვას და ამას არავითარი შფოთვა არ შეაქვს მასში, - არც ეთანხმება, არც განმკითხველებს განიკითხავს, თუნდაც გონებით, - ასეთ კაცს მიუღწევია სულიერი სიმაღლისთვის და ცხონების გზას ადგას.
ბეჭდვა
1კ1