რასაც ადამიანი გულით ითხოვს ყველაფერი მიეტევება
რასაც ადამიანი გულით ითხოვს ყველაფერი მიეტევება
გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

-მიტევების ყველაზე დიდი მაგალითი თავად უფალმა, იესო ქრისტემ მოგვცა.. როცა ის ჯვარცმული იყო ასეთ სიტყვებს ამბობდა,-"მიუტევე უფალო, რამეთუ არ იციან რას იქმან". მაცხოვარმა ყველას აპატია, მთელს კაცობრიობას და სწორედ ამიტომ გაიხსნა სასუფევლის კარი. დაიმსხვრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და დავბრუნდით აღთქმულ ქვეყანაში. უფალმა ყველაფერი მოგვიტევა... რომ არა მიტევება ჩვენ არ გვექნებოდა ბედნიერება რომ დავბრუნებულიყავით აღთქმულ ქვეყანაში ანუ სასუფეველში. ამით ჩვენ გავხდით სასუფევლის მკვიდრნი და მოგვეცა იმის საშუალება, რომ მივემსგავსოთ უფალს, ავმაღლდეთ ზეცად, სადაც უფალია თავის ტახტზე დაბრძანებული. საუფლო ლოცვაში-"მამაო ჩვენო", ვამბობთ,- "მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა". როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოძულეს და მაჭირვებელს, ისე მიგვეტევება ცოდვები. "ყოველი კაცი ცრუ არს", რამეთუ არ არსებობს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. ჩვენ ისე ვართ მიჯაჭულები მიწიერს და იმდენად არის ჩვენში მიწიერი ბუნება , რომ ნებსით და უნებლიეთ ყველა ადამიანი სცოდავს ღვთისა და ადამიანების წინაშე. ყოველივე ეს მონასტერშიც მკვეთრად აისახება. ბოროტი მძლავრობს და სურს ჩვენში შფოთი, აურზაური, მტრობა, შუღლი შემოიტანოს. ამას ჩვენ ვძლევთ ურთიერთპატიებით და მიტევებით. ყოველდღე, საღამოს ლოცვის შემდეგ ყველა მონასტერში შენდობის წესი აღესრულება. მონასტრის თითოეული წევრი ლოცვის შემდეგ ერთმანეთსიგან პატიებას ითხოვენ. მონასტრის წევრები განაწყენებულნი არ უნდა იყვნენ ერთმანეთზე და ვალდებულნი არიან მზის ჩასვლამდე ერთმანეთს შეუნდონ.

-დედაო, რა მიეტევება ადამიანს და რა არ მიეტევება?

-რასაც ადამიანი გულით ითხოვს ყველაფერი მიეტევება. ვიდრე ცოცხალია ადამიანი და ითხოვს, ღმერთო , შემიწყალე მე ცოდვილი. ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა და შემიწყალე. როგორც მეზვერე შეიწყალა და ჯვარზე გაკრული ავაზაკი შეიწყალა, ასე შეგვიწყალებს თითოეულ ჩვენთაგანს. ოღონდ გადავდგათ ნაბიჯი, ღმერთო მილხინე ცოდვილსა და შემიწყალე მე და უფალი არასოდეს დაგვტოვებს. ყველაფერს გვაპატიებს. გულში ჩაგვიხუტებს და ხელში აგვიყვანს და ისე გვატარებს. ბოლოს შეგვიყვანს ცათა სასუფეველში. ამინ!

უფალმა ჩვენი ცოდვების გამო რამდენი რამე დაითმინა, ჯვარზე გაეკრა, უმძიმესი და საშინელი ტკივილით აღესრულა იმისათვის, რომ ჩვენთვის გახსნილიყო ცათა სასუფეველი და გავმხდარიყავით ცათა სასუფევლის მკვიდრი.

***
ერთი პატერიკი გამახსენდა, ერთი ბერი მივიდა მოძღვართან და ეუბნება, მამაო, მე ათასი ბოროტი ფიქრი მომდის თავში. მაშინ ბერმა გაშალა თავისი მანტია და უთხრა,-შვილო, ეს მანტია დააკავებს ბოროტისგან მოწოდებულ ფიქრს? ვერ დააკავებს. მთავარია, თავზე ბუდე არ გავაკეთებინოთ. ფიქრს ფრთები არ შევასხათ და ხორცშესხმა არ ჰპოვოს ჩვენში.

დიდება უფალს... ჩვენდა სამწუხაროდ ადამიანს ღმერთი უფრო განსაცდელების ჟამს ახსენდება. ღმერთი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ყოველდღე უნდა გამოვხატოთ უფლის დიდებით. ვმადლობდეთ უფალს, რომ უფალმა გაგვითენა ეს დღე სადიდებლად უფლისა და გევძლევა ეს დღე, რომ მოვიმუშაკოთ, რაღაც სიკეთე გავაკეთოდ. ჩვენს გვერდით მდგომ ადამიანს რაღაც მიუძღვნათ, კეთილი სიტყვა ვუსურვოთ, გავუღიმოთ. თუ ვერაფერი დახმარება შევძელით კეთილი სიტყვის თქმა ხომ შეგვიძლია. გავუღიმოთ ერთმანეთს და სიყვარული ასეთნაირად გამოვხატოთ . პირადად ჩემთვის ძალიან მახარებს, როცა ადამიანს სიკეთით სავსეს ვხედავ. ვხედავ რომ მასში ღმერთი და უფლის ანგელოზები არიან. ღვთის მოშიშს და მოიმედეს უფალი არასოდეს მიატოვებს.
ღმერთმა ინებოს, ერთმანეთის ჯვრის ტვირთვა შევძლოთ. ღმერთმა ინებოს, რომ ღვთის ძალით და ერთმანეთის სიყვარულით, ერთმანეთის ცოდვების მიტევებით მივიტანოთ ჩვენი ჯვარი უფალთან და ესრეთ აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტესი.
ბეჭდვა
1კ1