მაცხოვარმა ყველას აპატია, მთელს კაცობრიობას და სწორედ ამიტომ გაიხსნა სასუფევლის კარი
მაცხოვარმა ყველას აპატია, მთელს კაცობრიობას და სწორედ ამიტომ გაიხსნა სასუფევლის კარი
"მიუტევე, რამეთუ არა იციან რას იქმან" (ლუკ.23.34.)- ვის შეეძლო ეთქვა ეს სიტყვები თუ არა ღმერთს. ვის შეეძლო გაემართლებინა კაცობრიობის ყველაზე უგუნური და უგულო საქციელი - თუ არა ღმერთს, ვის შეეძლო ამ მოკლე და ყველაფრისმთქმელ წინადადებაში ჩაეტია მთელი სიყვარული შემოქმედისა შექმნილთა მიმართ - თუ არა ღმერთს. ეს ერთი წინადადება არის საკმარისი პირობა იმისა, რომ ადამიანებმა ქრისტეს ღმრთაებრიობაში ეჭვი არ შეიტანონ. აბა დავფიქრდეთ, ადამიანები, რომლებიც უმცირეს გადაცდომასაც არ პატიობენ ერთმანეთს, აპატიებენ თუ არა ტყუილად დადებულ ბრალს. ამ ბრალში კი მარტო სიტყვიერი ბრალდება კი არ იგულისხმება, არამედ გვემა, დაცინვა, ნერწყვა, ეკლის გვირგვინი, გოლგოთა და ჯვარცმა, და ყველაფერი ამის შემდეგაც კი - "მიუტევე, რამეთუ არა იციან რას იქმან".

ბერი იოსებ ათონელი წიგნში "მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა" გვმოძღვრავს: "ნებისმიერი შეცდომის დაშვებისას სინანულით ადამიანს მიეტევება ცოდვა, მაგრამ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე რჩება მის შესახებ წარმოდგენა.

და როცა ადამიანი ოდნავ ჩათვლემს, მოდუნდება, მას, ცხადად თუ ძილში, ისევ ეცხადება ეს ყველაფერი, გულისსიტყვა ან გონება მაინც გაუფანტოს.

ვერ ხედავ დავით წინასწარმეტყველს, როცა ნათანი მას ბერსაბეს გამო ამხელს? ის ღაღადებს: "ვცოდე წინაშე უფლისა!" ხოლო წინასწარმეტყველი ეუბნება: "და უფალმანცა მიგიტევნა ცოდვანნი შენნი". ამგვარად, მას მაშინვე მიეტევა, მაგრამ ამის გამო ცხოვრების ბოლომდე იხდიდა სასჯელს.

ჯერ ბერსაბეს ნაშრობი შვილი დაიღუპა, შემდეგ მისმა პირმშომ შეცოდა ქალიშვილ თამართან, თავად დავითს კი შვილი აბესალომი დევნიდა... ეს ყევლაფერი შენდობის შემდეგ მოხდა. როგორც ხედავ, ცოდვა მიეტევება, მაგრამ რჩება დაცემის შესაბამისი ეპიტიმია. გახსოვს წმინდა თეოდორა ალექსანდრიელი, რომელიც ბერივით ცხოვრობდა? შესცოდა, გაიქცა, შეინანა, განიწმინდა, მაგრამ მრუშობისთვის ეპიტიმია არ დადებია. როცა ტყუილუბრალოდ დაადანაშაულეს და გააძევეს, სხვისი შვილი გაზარდა, მარტო მან იცოდა, რისთვის წამებდნენ ცილს. ხოლო დიდი ეფრემი? საპყრობილეში არ ჩასვეს ვითომ ხბოს მოპარვისთვის, თუმცა კი წმინდა იყო? "მართალია,-უთხრა უფალმა,-ახლა არ მოგიპარავს, მაგრამ ბავშობაში ხბო არ გამოხსენი და ის ნადირმა შეჭამა".
ამრიგად, თუმცა ადამიანს მიეტევება ცოდვა, მაგრამ წარმოდგენა შეცოდებაზე და ამ წარმოდგენის მოქმედება რჩება. და რადგან შენ ბოლო ხანებში გაზარმაცდი, ღვთის დაშვებით, გამოსაფხიზლებლად მაცდური შემოგიჩნდა. ამიტომ ადექი და შეჰღაღადე: "ძეო დავითისო, მსურს რაითა აღვიხილნე თვალნი!" და აი, შენს გვერდით ნათლისმომცემელი იესოა, რომელიც სინანულისა და ღვთაებრივი ცოდნის ნათელს განიჭებს.
ამრიგად, შვილო, წარსულზე არ ვდარდობ, არამედ მომავლის გამო ვხარობ. რადგან უმცირესი უმჯობესისგან იკურთხება, და ცოდვა, მცირე თუ დიდი, ჭეშმარიტი სინანულით განქარდება. ამიტომ, ნუ უყურებ მას, რაც უკანაა, არამედ, რაც წინაა, იმას მისწვდი.
ძალიან მიხარია, რომ შეცნობა გინდა, შვილო. ეს კარგი ნიშანია: როცა ვინმეს შემეცნება უნდა, რაღაცას მიაღწევს, სხვაგვარად არ ხდება. და თუ ვერ შეძლებს, ის მაინც ეცოდინება, რომ სხვები აკეთებენ ამას. თავის მაყვედრებელი მდაბლდება, განსამტკიცებლად ღმერთს სთხოვს წყალობას. და ასეთი გზით აღწევს სათნოებაში წარმატებულთა ხარისხს.

ბეჭდვა
1კ1