თუ კაცს სიმდაბლის მოხვეჭა სურს, ყველაზე უღირსად უნდა თვლიდეს საკუთარ თავს
თუ კაცს სიმდაბლის მოხვეჭა სურს, ყველაზე უღირსად უნდა თვლიდეს საკუთარ თავს
მას არ უნდოდა კაცთაგან ქების მოსმენა
ისწავლეთ თავმდაბლობა და მორჩილება და სულის ყველა ცუდი თვისება გაქრება. ვისაც შეცნობილი აქვს საკუთარი არარაობა და უსუსურობა სიკეთის ქმნისა, იგი არ მრისხანებს მისი ღირსებების დაუფასებლობისას და არც შეურაცხყოფილად გრძნობს თავს. ვინც არაფერს ეძებს, არაფერი სურს, არაფერს მოელის - არავისი შურს და არც წუხს არაფერზე. აი ამიტომ არიან მორჩილნი და თავმდაბალნი ყოველივე ამქვეყნიურზე ამაღლებულნი. ისინი მეუფებენ წუთისოფელზე, ვინაიდან არ სჭირდებათ იგი.

მორჩილნი და თავმდაბალნი ყოველთვის და ყველაფრით კმაყოფილნი არიან. რაც არ უნდა შეემთხვეთ, ღვთისგან მოწევნულად იღებენ. ერთნაირად სწირავენ მადლობას არსთა გამრიგეს როგორც კარგისთვის, ისე ცუდისთვის, რამეთუ მიიჩნევენ, რომ წყალობის კი არა, ცოდვათათვის მხოლოდ სასჯელის ღირსნი არიან. მათი ნება ღვთის ნებაშია. მორჩილნი ამიტომაც დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს. "შემხედეთ მე, - ამბობს უფალი, - მომყევით მე, გაიგეთ ცხოვრება ისე, როგორც მე მესმის, იყავით მორჩილნი და თავმდაბალნი და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს".

გვესაუბრება ურბნისის წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ლევან ტურძილაძე.

- სიმდაბლე ყველაზე დიდი მადლი და წყალობაა ღვთისა. უფალი სახარებაში ბრძანებს: "მდაბალთა მიეცემის მადლი" და "ამპარტავანთა უფალი შემუსრავს". ამპარტავნება არის ცოდვის დედა და ეს პირველყოფილი ცოდვა კაცთა მოდგმას დღემდე მოსდევს. უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ამ ცოდვის აღსახოცელად რომ განკაცდა, ეცადა, ეშმაკი დაემარცხებინა. ერთადერთი იარაღი, რაც ეშმაკის წინააღმდეგ განკაცებულ ღმერთს და კაცთა მოდგმას მის შემდგომ აქვს საძლევად - სიმდაბლეა. სწორედ სიმდაბლით მოვიდა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. სიმდაბლით შეაგონებდა ებრაელებს, ფარისევლებს, თავის თანამედროვეებს და ის განსაცდელი, დევნა, შევიწროება - ყველაფერი სიმდაბლით აიტანა. ყველაზე დიდი მადლი ღვთის წინაშე არის სიმდაბლე. გავლენა, სიმდიდრე, ამქვეყნიური სიამენი, ამპარტავნება ადამიანებს ხელს უშლით, შეიცნონ საკუთარი თავი, რასაც მოაქვს შეურაცხყოფა მოყვასისა და ღვთის მადლისა. როცა კაცი ვერ აცნობიერებს ღმერთთან დამოკიდებულებას, ეს მადლი განეშორება.

წმინდა მამა სილუან ათონელი და ღირსი მამა იოანე კიბისაღმწერელი ამბობენ: როცა ადამიანი მრუშობის ცოდვაშია, მას ისევ ადამიანი განკურნავს. როცა ადამიანში არის დაცემულობა, მას განკურნავს ანგელოზი, ხოლო ამპარტავნების მკურნალი მხოლოდ ღმერთია. იმდენად დიდი ცოდვაა ამპარტავნება, რომ მხოლოდ უფალს შეუძლია ამ ცოდვის მოშორება. წმინდა მამები საკუთარ თავს მიწად და ნაცრად მიიჩნევდნენ. წმინდა დავით მეფსალმუნე ამბობს:L"მატლ ვარ და არა კაც". ღვთის მადლსა და წყალობას თავისად კი არ მიიჩნევდნენ, არამედ ღვთისგან მოვლენილად. მადლის მიღება ადამიანის დამსახურება როდია. უფალი სახარებაში მოციქულებს ეუბნება: - მე გამოგირჩიეთ თქვენ და არა თქვენ მეო. ამასთანავე ყოველი ადამიანის ნებაცაა. ძალდატანება უფალს არ სურს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის მადლი, წყალობა და სიკეთე ღმერთის მიერაა მომადლებული, რისთვისაც უნდა ვმადლობდეთ მას. თუ კაცს სიმდაბლის მოხვეჭა სურს, ყველაზე უღირსად უნდა თვლიდეს საკუთარ თავს. ზოგს ჰგონია, ამის მიღწევა შეუძლებელია. წმინდა მამების რჩევით კი ეს შესაძლებელია იმით, რომ საკუთარი თავი წარმოიდგინოთ ჯოჯოხეთში, ღვთის წინაშე დასჯილებად. ზოგი ამბობს, - კეთილი საქმეების მეტი არაფერი გამიკეთებია ამ ქვეყანაზეო. იმას კი არ ფიქრობენ, რამდენი რამ დაგვრჩა გასაკეთებელი. ხოლო თუკი ვინმეს სიკეთეს ვუკეთებთ, უპირველესად, საკუთარ თავს, საკუთარ სულს. სიკეთე ორმაგად დაგვიბრუნდება ორთავ სოფელსა შინა. კეთილი საქმეების კეთება უნდა მოხდეს უანგაროდ, გულწრფელად და არა სხვის მოსაჩვენებლად.

მარხვის წინა პერიოდში მსახურების დროს სახარებაში იკითხებოდა სიმდაბლის მაგალითები. უძღებ შვილს ბოლოს გაახსენდა მამა ღმერთი და ცოდვები აღიარა მის წინაშე. "ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს, წოდებად ძედ შენდა", - ამ სიტყვებით მან ღმერთს გული მოულბო და დაიბრუნა პირველყოფილი მადლი და სიკეთე. მეზვერისა და ფარისევლის კვირას იხსენებენ, თუ როგორ განდიდდა ფარისეველი და იძახდა, - მადლობა, ღმერთო, რომ მე არ ვარ სხვისი მსგავსიო და მოჰყვა სხვების განკითხვას, მათ შორის განიკითხა მეზვერეც. მეზვერე კი ამ დროს იდგა, მჯიღს იცემდა მკერდზე და ამბობდა, - "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე". ამ სიმდაბლის გამო უფალმა მეზვერეს ყველა ცოდვა მიუტევა და გაამართლა. რაც უფრო მეტად მდაბლდება ადამიანი და უახლოვდება ღმერთს, მადლი და წყალობა მატულობს. ადამიანი სიკეთის კეთებას სიმდაბლით უნდა შეუდგეს. ზოგიერთი ქედმაღლურად დაუწყებს მოყვასს ყურებას, განიკითხავს და შეურაცხყოფს. თუ ქრისტიანული სიკეთე ქრისტეს მცნებებზე და სახარებაზე არ არის დაფუძნებული, მოჩვენებითს წააგავს. ვაი ამ ცოდვის ხიბლის ტყვეობაში მოქცეულს! თუ შინაგანად არ დაიმდაბლებ თავს, აზრი არ აქვს გარეგნულ სიდიადეს.

- მამაო, როგორ გამოიხატება გარეგნული და შინაგანი თავმდაბლობა?

- გარეგნული თავმდაბლობა გამოიხატება ადამიანის სიმართლეში, მოკრძალებაში, სიტყვაძუნწობაში. მოყვასს არ უნდა განიკითხავდე და ფიცხი ხასიათი ნაკლებად გამოამჟღავნო. მოთმინებით, რწმენით გამოიხატება სიმდაბლე. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ჩვენში სიმდაბლე არ ყოფილა. საკუთარი თავის უარყოფიდან გამომდინარეობს სიმდაბლის ნიშნები. ყველაზე დიდი მადლი ის კი არაა, რაც გვინდა, იმას ვაკეთებდეთ, არამედ რაც უფალს სურს. წმინდა მამები ამბობენ, საკუთარი ნებით ჩადენილ ყველა კეთილ საქმეზე აღმატებული არის საკუთარი ნების უარყოფაო. თუ ამას მივაღწევთ, უდიდეს მადლს მოვიხვეჭთ უფლის წინაშე.

- მამაო, თანამედროვე ადამიანებში ხომ არ მინელდა სიმდაბლის სათნოების გამოხატვა?

- თანამედროვე ადამიანებში მოჩვენებითმა, ფარისევლურმა დამოკიდებულებებმა იმატა. კრძალვა კი აქვთ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ არიან ისეთები, როგორიც უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი. ღვთის წინაშე რასაც აკეთებ, იმას არ ნიშნავს, რომ ამით ამქვეყნიურ წარმატებას აღწევ. სხვას არ უნდა მივცეთ ჩვენი ქება-დიდების უფლება. მუდამ კრძალვაში თუ ვიქნებით, ღვთისგან მომადლებული წყალობა არ წაგვერთმევა და უფრო მეტი კეთილი საქმის კეთებას შევძლებთ. შინაგანი კრძალვის გამოხატულება კიდევ ერთი საუკეთესო მაგალითია სიმდაბლის შესაძენად. თითქოს ცოდნა აქვს ჩვენს მრევლს, მაგრამ მთავარია ბოლომდე გადაუშალოთ გული უფალს, სულიერ მოძღვარს.

- მოძღვარმა რა უნდა გააკეთოს საკუთარი ცხოვარის სწორ გზაზე დასაყენებლად?

- მოძღვარი ცოცხალ მაგალითს უნდა აძლევდეს მრევლს საქმით, სიტყვით, ქადაგებით. უნდა იცხოვრო შენი მრევლის ცხოვრებით. მათი გულისტივილი უნდა გაითავისო, ნუგეში მისცე, გაჭირვებაში ხელი გაუმართო. ზოგს ჰგონია, რომ ეკლესიური, ქრისტიანული ცხოვრება მხოლოდ აღსარებით, მარხვით შემოიფარგლება. ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება ამის იქით იწყება. ტაძარში ყველა კარგი და მოწესრიგებული ჩანს, მაგრამ ეს საკმარისი როდია. მთავარი საკუთარი ცხოვრების წესია. ეკლესიის გარეთ უნდა იყოს სამაგალითო. მოძღვრის ყველაზე დიდი განსაცდელი კი ამქვეყნიურ საცდურთან ბრძოლაა. ერთ-ერთ პატერიკში წმინდა მამა დავითის შესახებ ვკითხულობთ: ყველას ეგონა, რომ ეს მამა სათნოებით აღსავსე იყო. ბოლოს, თავი ისე მოიგიჟიანა, რომ ჯაჭვით დააბეს. რადგან მას არ უნდოდა კაცთაგან ქების მოსმენა, ღმერთმა დაუშვა, რომ მასში ბოროტი შესულიყო და ასეთი გამხდარიყო. გაათავისუფლა ამისგან და მხოლოდ ღმერთთან იყო სუფთა და წრფელი.

- მამაო, თავმდაბლობა ისწავლება?

- თავმდაბლობას ადამიანი მონასტერში ცხოვრებით სწავლობს. განსაცდელების დათმენითაც ვიძენთ თავმდაბლობის სათნოებას.

მონასტერში უფრო მეტად საკუთარ თავთან ხარ ჩაკეტილი და ამქვეყნიურ ამაოებას მოწყვეტილი. ღმერთთან სიახლოვეში უდიდეს სიხარულს იღებ. მონასტრული ცხოვრების არსია აღთქმა უპოვარებისა, სიმდაბლისა და მორჩილებისა. აქედან მომდინარეობს საკუთარი თავის უარყოფა და ღვთის ნებით ცხოვრება. შევეცადოთ, ვიცხოვროთ რწმენით, ლოცვით, თავმდაბლობით, მოყვასის სიყვარულით. თავმდაბლობა, რა თქმა უნდა, ისწავლება. საკუთარი თავის მუდმივი კონტროლი კი ამის ნაყოფს მოგვცემს.

ღმერთმა დალოცოს საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია, ღმერთმა დალოცოს ერი და ბერი. ქართველ ერში არის უდიდესი გამოძახილი იმისა, რომ ჩვენ შინაგანად ვართ ღვთის ერთგულნი. ჩვენი მოვალეობაა, ბოლომდე ვიყოთ ქრისტეს მხედრები.
ბეჭდვა
1კ1