შემინდე, რაც გაწყენინე!
შემინდე, რაც გაწყენინე!
ვემზადებით მარხვისთვის
დავიწყეთ მზადება ბრწყინვალე აღდგომის მარხვისთვის. ამ მარხვას ჩვენმა სახელოვანმა წინაპარმა სამართლიანად უწოდა დიდი, რადგან ოთხ საეკლესიო მარხვას შორის ყველაზე ხანგრძლივია. იგი 50 დღე გრძელდება.

დედაეკლესია დიდმარხვის დღეებისთვის შეგვამზადებს და ხორციელის კვირის დასასრულს საშინელი სამსჯავროს ხსენების დღეს აღნიშნავს - ამით შეგვახსენებს, რა გველის ამქვეყნიური ცხოვრების დასრულების შემდეგ.

ამ კვირა დღეს იკითხება წმინდა მოციქულ მათეს სახარება, სადაც მახარებელი წარმოგვიდგენს ღმერთის საშინელი სამსჯავროს სახეს ისე, როგორც მას თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე გამოსახავდა.

მაცხოვარი ასე იწყებს საუბარს საშინელი სამსჯავროს შესახებ: "ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაი დიდებითა თვისითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თვისისათა". ჩვენი მსაჯული უკანასკნელი განკითხვის დღეს იქნება უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, რამეთუ "არცაღა მამაი სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა", - ბრძანებს თვით უფალი წმინდა მოციქულ იოანეს სახარებაში. ჩვენი ადამიანური სამართლითაც იმას ეკუთვნის ჩვენი განსჯა, ვინც საკუთარი სისხლით გამოგვისყიდა მარადიული სიკვდილისაგან, ვინც მრავალი ტანჯვა და შეურაცხყოფა დაითმინა ჩვენს გადასარჩენად და გვასწავლა საქმითა თუ სიტყვით, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ სულები გადავირჩინოთ და მის მიერ ჩვენთვის გახსნილი კარიბჭით დავბრუნდეთ მამის წიაღში - სამოთხეში.

იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა სრულიად სხვაგვარი იქნება. თუკი პირველად თავმდაბლობით მოვიდა ჩვენ შორის - ყოვლადწმინდა ქალწულისაგან ბაგაში იშვა, მეორედ ძე ღვთისა სრული დიდებით მობრძანდება. ვხედავდით მას უქონელს, დევნილს, ვნებულს და ბოლოს ჯვარზე გაკრულს (რაც რომის იმპერიაში ყველაზე სამარცხვინო სიკვდილად ითვლებოდა), მეორედ მოსვლისას კი საღვთო დიდების ტახტზე მჯდომარეს ვიხილავთ. მაშინ შევხვდებით გულთამხილველს, ვისთვისაც ცნობილია ჩვენი არა მხოლოდ ყველა ქმედება, არამედ ფიქრები და სურვილები, ვინც წინასწარ ჭვრეტს ჩვენს ზრახვებს. წარვდგებით მიუკერძოებელი მსაჯულის წინაშე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს მოგვაგებს ჩვენი საქმისა და გულისთქმის მიხედვით.

საშინელ სამსჯავროზე წარმოდგებიან მოწმენიც - თითოეული ჩვენგანის მფარველი წმინდა ანგელოზები, რომელნიც უფლის მიერ დაბადებისთანავე მოგვევლინებიან, რათა ემსახურონ, ვისაც ცხონება სურს. ისინი მთელი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე ჩვენთან არიან, ხედავენ ჩვენს თითოეულ ნაბიჯს, ისმენენ ჩვენ მიერ წარმოთქმულ ყოველ სიტყვას, აკვირდებიან ჩვენი გონებისა და გულის ფარულ ზრახვებს. ასე რომ, არაფერი დაიფარება მათი მზერისგან და ყოველივე საბოლოო სამსჯავროზე იქნება წარმოდგენილი. გარდა ანგელოზებისა, ვიხილავთ წმინდანთა დასსაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეთაურობით, რაზეც თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე მიანიშნებდა თავის მოწაფეებს: "თქვენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისა საყდართა დიდებისა თვისისასა, დასხდეთ თქვენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა".

მაშინ შეიკრიბება ყოველი შვილი ადამისა პირველი ადამიანიდან უკანასკნელი დროის ადამიანამდე "და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა იგი მწყემსმან რაი განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯვენით მისა და თიკანნი - მარცხენით", - ბრძანებს მათე მახარებელი. წმინდა იოანე ოქროპირი კი ასე განმარტავს წმინდა წერილის სიტყვებს: "უფალი გვიჩვენებს ადამიანთა შინაგან მდგომარეობას, რომელსაც მართალნი და ცოდვილნი იძენენ, რაც ერთგვარი სულიერი შესამოსლია მათი. ეს სამოსი ისევე მკაფიოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცხვარს გამოარჩევს ხვეული და დატალღული მატყლი თხის უხეში ბეწვისგან".

ძე ღვთისა თითოეულს გვკითხავს, თუ როგორ მოვექეცით მას, როდესაც შიოდა, სწყუროდა, სციოდა სიშიშვლის გამო, სნეული იყო, უცხო თუ პატიმარი. მაშინ წარმოჩნდება ჩვენი საქმენი. გაკვირვებულნი ვკითხავთ: უფალო, როდის გიხილეთ და სათანადო პატივი არ მოგაგეთო? მაცხოვრის პასუხი კი ან უსაზღვრო სიხარულს მოგვგვრის, ან კიდევ უსაზღვრო სირცხვილით დაგვწვავს წმინდანთა დასისა და მარადის ქალწულის მარიამის წინაშე: "ამენ გეტყვი თქვენ, რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირედთაგანსა ძმათაAჩემთასა, იგი მე მიყავთ".

ვინ არიან უფლის ძმები ან ეს მცირედთაგანნი? ღმერთი ძმებს უწოდებს იმ ადამიანებს, ვინც უფალი საკუთარ გულში მიიღო და ღვთის მცნებებით იცხოვრა, მცირედთაგანნი კი ყველა ღარიბ-ღატაკი, უბედური და დაჩაგრული ადამიანია.

სულ ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რამხელა სიხარული და მადლიერების გრძნობა გაგვიჩნდება, როცა ჩვენი კეთილი საქმენი წარმოჩნდება - როგორ ვპატრონობდით სნეულებს, პატიმრებს, მოწყალებას არ ვაკლებდით გაჭირვებულთ, თუ მატერიალურად არ შეგვეძლო, სიტყვით აუცილებლად ვანუგეშებდით უიმედოდ დარჩენილთ. და როგორ შეგვრცხვება, ალმური მოგვედება და დავიწვებით, როცა საყოველთაოდ გამომჟღავნდება ჩვენი გულგრილობა, უკუღმართი ცხოვრების წესი, როცა არაფერს ვიშურებდით საკუთარი სიამოვნებისთვის, გლახაკთათვის კი ერთი თეთრიც არ გვემეტებოდა. მეტიც, ზიზღითაც ვუყურებდით მათ.

ჩვენი გადარჩენისთვის, მარადიული სიკვდილისგან დახსნისთვის მარად მზრუნველი დედაეკლესია ცდილობს, დიდმარხვის დაწყების წინ განგვაცდევინოს საშინელი სამსჯავრო, რათა კიდევ ერთხელ განვჭვრიტოთ ჩვენი ცხოვრება, ჩავიხედოთ ჩვენს ცარიელ სულიერ საუნჯეში და ახლა მაინც შევეცადოთ, ღვთისთვის სათნოდ ვიცხოვროთ, აღვასრულოთ წმინდა მცნებები, რომ განვიწმინდოთ შინაგანად და დავეშუროთ სულიერი სიმდიდრის მოხვეჭას.

საშინელი სამსჯავროს გახსენების შემდგომ მარხვამდე კიდევ ერთი კვირა გვეძლევა, რომელსაც ყველიერის შვიდეული ეწოდება. ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევიც ხსნილია, ოღონდ მხოლოდ რძის ნაწარმითა და კვერცხით, რადგან ხორცი კვირა საღამოს აიკრიბა სუფრიდან და აღდგომამდე აღარ იჭმევა.

ყველიერის შვიდეული მიტევების კვირით გვირგვინდება. ამ დღეს ასევე არის ხსენება სამოთხიდან ადამის განდევნისა და აღდგომის მარხვაც იწყება.

მიტევების კვირა
მიტევების კვირა განსაკუთრებული დღეა, ის წელიწადში მხოლოდ ერთხელ აღინიშნება. ამ დღეს ყოველი ადამიანი, გაახელს თუ არა თვალს, უფალს სთხოვს შენდობას, ღრმად იხედება თავის სულში და რაც უფრო ცხადად ხედავს თავის ცოდვებს, მით მეტი სინანულით ევედრება უფალს მიტევებას. ამგვარად გამოითხოვს შემოქმედისგან სულიწმინდის მადლს, რომელიც, ვითარცა ცეცხლი, განწმენდს სულს მანკიერებათაგან.

ცნობილია, რომ მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დააწესეს ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა. ამ დღეს ბერები ერთმანეთისგან ცოდვების შენდობას ითხოვდნენ და უდაბნოში აღდგომის საგალობელთა გალობით გადიოდნენ სამოღვაწეოდ, რადგან არ იცოდნენ, მშვიდობით დაბრუნდებოდნენ თუ არა თავიანთ მონასტრებში ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე.

ამ დღეს დედაეკლესია გვახსენებს, თუ როგორ დავკარგეთ მამის წიაღი, მარადიული ნეტარება, სამოთხე. რომელმა ცოდვამ სძლია პირველ ადამიანს და ღვთის წინააღმდეგ განაწყო? ეს არის ამპარტავნება, რომელსაც წმინდა მამები ცოდვათა მშობელს უწოდებენ. თუკი კარგად დავაკვირდებით და საღი გონებით განვჭვრეტთ თუნდაც ერთ რომელიმე, თუნდაც მცირე ცოდვას, თვითონვე დავრწმუნდებით, რომ სათავე ყოველი ცოდვისა ამპარტავნებაა. რატომ არ ემორჩილები უფლის მცნებებს? იმიტომ, რომ ამპარტავნებით ხარ შეპყრობილი და საკუთარი შეხედულება თუ აზრი უფრო მეტად ღირებულად მიიჩნიე, ვიდრე ღვთის მიერ ჩვენი ხსნისთვის დადგენილი წეს-კანონები.

შენდობის კვირას სწორედ ცოდვათა მშობელთან - ამპარტავნებასთან - გვიწევს შერკინება. ამ დღეს თავი უნდა დავიმდაბლოთ და ყველა ადამიანს ვთხოვოთ, გვაპატიოს ჩვენი საქციელი, რომლითაც გული ვატკინეთ. თუკი აქამდე მიგვაჩნდა, რომ ჩვენ ვიყავით მართალნი, ახლობლები კი ცუდად გვექცეოდნენ, ახლა უნდა ავმაღლდეთ საკუთარ თავზე, დავინახოთ ჩვენი დანაშაული მოყვასის მიმართ, სინანულით განვიცადოთ ეს მანკიერება, ჯერ ჩვენ შევუნდოთ მას ყველაფერი და შემდეგ ბოღმისა და შურისაგან გულგანწმენდილებმა თავმდაბლობით, გულწრფელად ვითხოვოთ მისგან პატიება. ასე ვამხელთ ჩვენში ამპარტავნებას და სიმდაბლით აღჭურვილნი დავამარცხებთ კიდეც. მთავარია, სულ მცირედი გასაქანიც კი არ მივცეთ მას ჩვენს გულში. ხოლო თუ გულით არ განვიცდით დანაშაულს მოყვასის წინაშე და შენდობის დღეს სხვების თვალის ასახვევად წარმოვთქვამთ: "შემინდე, რაც გაწყენინე", - გვახსოვდეს, ამით კიდევ უფრო დიდ ასპარეზს ვუთმობთ ამპარტავნებას ჩვენს გულებში, რაც საბოლოო დაღუპვამდე მიგვიყვანს. ამიტომ გვირჩევენ წმინდა მამები, თუკი ვერ მივაღწიეთ იმ სულიერ მდგომარეობას, რომ ნათლად ვხედავდეთ ჩვენს ცოდვებს და სინანულით ვითხოვდეთ შენდობას, უმჯობესია, საერთოდ არ წარმოთქვან ჩვენმა ბაგეებმა: "მაპატიე".

რატომ არის საჭირო ამხელა სამზადისი მარხვისთვის? ეს დრო მოგვეცა, რათა დავფიქრდეთ დედაეკლესიის სულიერ მოწოდებაზე, გავისიგრძეგანოთ მარხვის მნიშვნელობა, გავითავისოთ, რა გვევალება მარხვაში, რომ მარხვა მხოლოდ საკვების აკრძალვა არ არის, არამედ უპირველესად უფლის მცნებების მორჩილებაა, სიკეთის ქმნასთან ერთად, ჩვენი ცოდვების გააზრება და სინანულია, ჭეშმარიტი განცდა საკუთარი დაცემული ბუნებისა და სწრაფვა ამ დაცემულობისგან თავის დაღწევისა, რაც დაუღალავ შრომასა და გარჯას მოითხოვს.
ბეჭდვა
1კ1