"თვისი გულისთქმისაებრ მავალნი, ვითარცა ფურცელნი, დაეცნენ"
"თვისი გულისთქმისაებრ მავალნი, ვითარცა ფურცელნი, დაეცნენ"
ცოდვის ფესვი ღრმად არის ჩაფლული შინაგან გულში, მაგრამ გაზრდილი და გულის ზედაპირზე ამოსული ეს თესლი გამოდის მისგან უკვე სამი სახით, ვითარცა სამი ვარჯი, რომელნიც მისი ძალით არიან გაჟღენთილნი და აღვსილნი მისი სიცოცხლით. ესენია: თვითგანდიდება, ანგარება და სიამოვნებათა სიყვარული. პირველი ადამიანს თავის გულში ათქმევინებს, ვინ არის ჩემნაირიო, მეორე - მინდა, ყველაფერი მე მეკუთვნოდესო, მესამე - მინდა, საკუთარი სიამოვნებისთვის ვიცხოვროო.

ვინ არის ჩემნაირი? - თვითგანდიდება ყველა ასაკში ყველა წოდებისა და მდგომარეობის ადამიანში იჩენს თავს. მას შემდეგ, რაც გულში შეუშვა გველის მიერ მიწოდებული პირველი მლიქვნელური აზრი, "იქნებით ვითარცა ღმერთი" (შექმნ. 3,5), ადამიანმა დაიწყო თავის განღმრთობა, საკუთარი თავის ყველაფერზე მაღლა დაყენება - ეს ყველას და თითოეულის საერთო სნეულებაა... გონებითა და გულით თავის განმადიდებელი თუკი რაიმეს გაკეთებას აპირებს, აპირებს არა გონებისა და სინდისის ხმით, არა ბრძენთა რჩევებით, არამედ თავისი წარმოდგენებით. იგი თავის უფალია. შესრულების მერე ყველაფერს საკუთარ თავს მიაწერს და ხდება ქედმაღალი, ამაყი, მომთხოვნი და უმადური. სურს, ყველგან და ყველაფერში მისი ნება სრულდებოდეს, მისი წარბის შერხევას ყველა ემორჩილებოდეს.

მინდა, ყველაფერი მე მეკუთვნოდეს, - ასე ფიქრობს ანგარებიანი. მასში უფრო მეტად იხსნება თავმოყვარეობის სული. ანგარებიანი კაცი სიტყვას არ იტყვის, ნაბიჯს არ გადადგამს ისე, რომ იქიდან რაიმე სარგებელი არ ნახოს. თავისი საკუთრება მისთვის თავის თავზე, ადამიანებზე და თვით ღმერთის მოძღვრებაზეც კი ძვირფასია.

მინდა, საკუთარი სიამოვნებით ვიცხოვრო, - ასე ამბობს სხეულის მონა. მისი სული სხეულსა და გრძნობებშია ჩაფლული. ყველას თავისი ხასიათი აქვს, ყველას თავისი განწყობა აქვს, თავისი ვნებები, მიდრეკილებები, ჩვევები. ამიტომ თითოეულს შინაგანი თვითგამოსწორების თავისი გზა უნდა ჰქონდეს. ყველასთვის ერთი გზის დადგენა არაფრით არ შეიძლება... მაშ, ვინღა ცხონდებაო, - იკითხავს ვინმე, როცა წარმოიდგენს თვითგამოსწორების სირთულეებს. მაცხოვარი პასუხობს: "კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს". ის, ვინც გადაწყვეტს, დაიწყოს ქრისტიანული ცხოვრება, წმინდა საიდუმლოებების გზით იღებს სულიწმინდის მადლს, რომელიც ანათლებს, განამტკიცებს და ანუგეშებს მას. ეს მადლი მას არ განეშორება.

***
გვესაუბრება წმინდა პიროს ბრეთელის დედათა და ქარმელის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი):

- ხშირად კითხულობენ, ადამიანი გამოუვალ მდგომარეობაში გულს უნდა დაემორჩილოს თუ გონებასო.

გონებაში მომძლავრებული აზრები გადადის გულში და თუ ქრისტიანი არ მოიგერიებს მათ ლოცვით, აღსარებით, გული ხდება სავანე ყოველგვარი არაწმინდა ზრახვებისა, ხოლო შემდეგ, როგორც მოციქული ბრძანებს, "გულისთქმა იგი მიუდგის და შვის ცოდვაი, ხოლო ცოდვამან მან შვის სიკვდილი". მხოლოდ მას შეუძლია თქვას, გული განწმენდილი მაქვსო, რომელიც, მსგავსად დავით წინასწარმეტყველისა, ცრემლებით შეჰღაღადებდა უფალს: "გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა".

განწმენდილი გული სავანე ხდება სულიწმინდისა. ამიტომაც არიან ღვთის მადლის მატარებელნი გულდამთბარნი. იმ გულში, რომელშიც მადლია სულიწმინდისა, არის სითბო, ხოლო სადაც სიცივე, უგრძნობელობა, უსიყვარულობაა, სავანეა ეშმაკისა. ამიტომაც ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი: "არა გულისხმა-ჰყონ ყოველთა, რომელი იქმან უსჯულოებასა". უსჯულოდ მცხოვრები ანუ მცნებების დამრღვევი ვერ გულისხმაყოფს ღვთის ნებას.

ხშირად, ჩვენსავ გულისთქმას მინდობილნი, დარწმუნებულნი ვართ, რომ სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ცოდვაში ვვარდებით და უფრო მეტად ვშორდებით ჭეშმარიტებას. როგორც წმინდა მამანი გვასწავლიან, მთლიანობაში არ უნდა მივენდოთ ჩვენს გულისთქმებს,Aარ უნდა დავეყრდნოთ ჩვენს ეგრეთ წოდებულ გულისხმიერებას, მით უმეტეს მაშინ, როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამთ ქრისტიანული ცხოვრების ასპარეზზე. უნდა დავემოწაფოთ წმინდა მამებს. როგორც იტყვის სოლომონ ბრძენი, ვითარმედ, "რომელთა არა აქვნ მწყემსი, დაცვივენ იგინი, ვითარცა ფურცელნი". წმინდა წერილი გვასწავლის: "რაითა არა მივენდოთ თავთა ჩვენთა და განზრახვათა ჩვენთა", არ გვეგონოს ჩვენი თავი ბრძენი, არ დავუჯეროთ ბოროტს, რომ შეგვიძლია ვიყოთ ჩვენი თავის მწყემსნი, რამეთუ ვინც უჯერებს თავის გულისთქმას, იგი თავს თავის მწყემსად წარმოაჩენს. ამავე დროს, გვავიწყდება, რომ გვესაჭიროება შეწევნა სხვათაგან და გვჭირდება "მწყემსი კეთილი", რომელიც დაგვმოძღვრავს, გვასწავლის და წარგვიძღვება ცათა სასუფევლისკენ.

მაგალითისთვის გავიხსენოთ მამა დოროთეს ამბავი, რომელიც მოგვითხრობს: "სერიდოის მონასტერში ყოფნისას ჩემს ყოველ გულისსიტყვას მამა იოანეს ვუთხრობდი და მისი განზრახვის გარეშე არაფერს ვიქმოდი. ზოგჯერ ჩემი გულისსიტყვა მეუბნებოდა, - შენი მოძღვარიც იმასვე გეტყვის, რაც თვითონაც იცი და რაღას აწუხებო. მივუგებდი, - წყეული იყავი შენც, შენი გულისხმისყოფაც და სიბრძნეც. შენი ცოდნა ეშმაკეულია-მეთქი. ვკითხავდი მოძღვარს და ზოგჯერ იმავეს მეუბნებოდა, რასაც ვფიქრობდი.Mმაშინ ჩემი გულისსიტყვა კვლავ მეუბნებოდა, - ტყუილად შეაწუხე მოძღვარიო. მე ვედავებოდი: "მოძღვრის სიტყვები სულიწმინდისგან არის, ხოლო შენი - ეშმაკისგან, თუნდაც მოძღვრის ნათქვამს ემთხვეოდეს". მამა დოროთე იგონებს, - დიდ განსვენებაში ვიყავი მთელი ცხოვრების მანძილზე ლოცვა-კურთხევით აღსრულებული საქმისგან, რამეთუ "რომელმან მისცეს თავი თვისი მორჩილებასა მამათასა, ეგევითარი განსვენება და უზრუნველობა მოიგოს".

ჩვენც გულისხმავყოთ და ყოველი საქმის დაწყების წინ ავიღოთ ლოცვა-კურთხევა, რჩევა ვკითხოთ მოძღვარს, თუნდაც დარწმუნებული ვიყოთ ჩვენი გულისთქმის ჭეშმარიტებაში, რათა არ ჩავვარდეთ ხიბლში, რომელიც არის მახე ეშმაკისა.

თუ არ არის მოძღვარი, ვის ვთხოვოთ რჩევა, ლოცვა-კურთხევა? მამა დოროთე გვასწავლის: "ვინმე რომ არ იყოს, პატარა ბავშვსაც რომ ვკითხოთ სარწმუნოებით, უფალი შეისმენს თხოვნას და ჩვილი ბავშვის პირითაც განგვიცხადებს თავის ნებას. ხოლო თუ სარწმუნოებითა და სიმდაბლით არ ვკითხავთ მოძღვარს, ასეთ შემთხვევაში უფალი თავის ნებას არ განგვიცხადებს, რადგან შეკითხვა თავიდანვე არ იყო წრფელი. ესე იგი, არც გულს უნდა მიენდო და არც გონებას. ჰკითხე მამასა შენსა და მამამან შენმან გითხრას შენ სიბრძნე სოლომონისა, ხოლო თვისი გულისთქმისაებრ მავალნი, ვითარცა ფურცელნი, დაეცნენ".
ბეჭდვა
1კ1