არ უნდა გვეშინოდეს მაწყევრის, როცა ის გაბრაზებულად ჩვენსკენ მომართავს ეშმაკის საისრეს, მაგრამ უნდა გვეშინოდეს მაშინ, როცა თავად ჩვენ ვართ უფლისგან დაცილებულ მდგომარეობაში
არ უნდა გვეშინოდეს მაწყევრის, როცა ის გაბრაზებულად ჩვენსკენ მომართავს ეშმაკის საისრეს, მაგრამ უნდა გვეშინოდეს მაშინ, როცა თავად ჩვენ ვართ უფლისგან დაცილებულ მდგომარეობაში
გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):
- რა პასუხს აგებს ადამიანი ღვთის წინაშე რომლის ბაგეებიდან გამუდმებით წყევლა გამოდის?

- წყევლას ადამიანის სული თითქოს შეჩვეულია, ვინაიდან ოჯახში თითქმის ყოველი დედა საკუთარ შვილს წყევლის და მერე ეუბნება: ჩემი გული გლოცავს! თითქოს ეს არაფერს ნიშნავს, არადა ძალიან დიდი ძალა აქვს ჩვენს სიტყვას: უფალიც გვეუბნება: ,,ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს" (მთ. 12. 36). არათუ წყევლისათვის, უბრალოდ წამოსროლილი სიტყვის გამოც კი მოგვეთხოვება ღვთის წინაშე. სიტყვის სახით გამოდის გულში ნადები. მოციქულს არ ერიდება ეშმაკეულებს შეადაროს მაწყევარი ადამიანები: ,,იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე" (მთ. 12. 34). ის ადამიანია ღვთის მოყვარე და სისრულისკენ მსრბოლელი, ვინც სიტყვით არ ცდება. ჩვენი ყველაზე დიდი მტერი და ბოროტის მოსურნე არის ეშმაკი, მასზე მეტი ბოროტება შეუძლებელია კაცობრიობის მოდგმაზე ვინმემ ისურვოს. ჩვენ, როდესაც ვინათლებით ღვთის წინაშე ვდებთ აღთქმას: შეუდგები ქრისტესა და განვაგდებ სატანასა! რის შემდეგაც სამგზის შევანერწყვებთ ეშმაკს სიტყვებით: ,,ფუი ეშმაკს", ამით გამოვხატავთ შეუგუებლობას სიბინძურისადმი, წყევლისა და მაწყევრისადმი. ვიცოდეთ, ქრისტიანულ მრწამს აცდენილი ადამიანი ბუმერანგივით იბრუნებს სატანის საცეცეებს. ვერ უძლებს საცდურებს, ეფლობა სოფლის საქმიანობაში დოზაზე მეტად და ემსგავსება სიცრუის მამას, რომელიც მუდმივად წყევლის სიწმინდის მოდგმას. მას არ ახარებს ჩვენი სიკეთე, ის მუდმივად ჩაგვჩიჩინებს ერთმანეთი მოვკლათ, მოვსპოთ, გავაბრაზოთ, ვწყევლოთ. სიტყვით იწყება ომები, სიტყვით იწყება სიყვარულიც. უფალს ბოროტების სიყვარული არ უსწავლებია ჩვენთვის, შესაბამისად მაწყევარი დემონოლოგიის გამგრძელებელი ხდება ქვეყნად. თანაც, არც ისე შორს, თავის საახლობლო წრეში. გული გვეტკინება თუ არა, მაშინათვე მივმართავთ წყევლის მეთოდს. ამით ადამიანს ვუგზავნით ეშმაკს, უფრო უორმაგებთ ბრძოლას. დემონს ვეხვეწებით გული გაუპოს, გაანადგუროს ადამიანი, რადგან მან მე ბოლო მომიღო. მურმანის ეკლად ვიქცევით. სურვილი გვაქვს ყველა წყარო სიკეთისა, ანუ უფალი განშორდეს, ანგელოზებმა ზურგი აქციონ და ეშმაკმა შთანთქოს, ვისი ზემოქმედების ქვეშაც იმყოფება იმ მომენტში მაწყევარი.

- შეიძლება ღვთისმოყვარე ადამიანზე წყევლამ იმოქმედოს?

- ღვთისმოყვარე ადამიანს, რაღა თქმა უნდა, ეს ვერ ავნებს, როდესაც ის მორწმუნეა, აღმსარებელი და მაზიარებელი. მას უდიდესი საფარი აქვს ღვთაებრივი მადლის სახით, ვითარცა დავით მეფე ხმობს: ,,. უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხორებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე? მოახლებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ხორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს. განთუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა, აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლაი, ამისთვისცა მე შენ გესავ" (ფს. 26. 1-3). უფლისგან რასაც ვითხოვთ გულწრფელად, ის აუცილებლად მოგვეცემა. არ უნდა გვეშინოდეს მაწყევრის, როცა ის გაბრაზებულად ჩვენსკენ მომართავს ეშმაკის საისრეს, მაგრამ უნდა გვეშინოდეს მაშინ, როცა თავად ჩვენ ვართ უფლისგან დაცილებულ მდგომარეობაში, არც მონათლული ვართ, არც ეკლესიაში დავდივართ, არც ვმარხულობთ, არც აღსარებას ვაბარებთ და არც ვეზიარებით. ასეთ დროს დიდია საბრთხე ჩვენზე იმოქმედოს წყევლამ, რადგან ბოროტი რაღაც ცოდვაში მაინც გამოგვიჭერს, თუნდაც იმ საქმეში მართალი ვიყოთ, რის გამოც ჩვენი მტერი გულაღძრულობის ჟამს სიკვდილს გვისურვებდა. ჩვენი გული თუ ბოროტებას გვთავაზობს და ამას თავს ვუხრით, ამ შემთხვევაში ნაყოფიც შესაბამისი იქნება.ნებისმიერ ცოდვას ეგუება ადამიანი: მეძავს მეძაობა ბუნებრივად მიაჩნია, მკვლელს მკვლელობა და მაწყევარს წყევლა, რადგან სინანული არ ახლავს მათ ცხოვრებას! როდესაც უფლის იმედად ცხოვრობს ადამიანი მას ვერც ლურსმნის მიჭედება ავნებს ტაძარზე, ან ხეზე თუ საცხოვრებელ სახლთან და ვერც ლურსმნის დაფვლვა მიწაში. ტერმინი ,,ხატზე გადაცემაც" აბსურდულია, რადგან გამორიცხულია უფალმა ვინმე გაიმეტოს ბოროტებისთვის, რომელსაც სურს თვითოეული ადამიანის გადარჩენა, მოქცევა და სიყვარულში ყოფნა. ვიცოდეთ, ვერანაირი წყევლა ვერ მოახდენს ზეგავლენას, თუ უფლის მოიმედე სულნი ვიქნებით. თუნდაც, გავიხსენოთ კვიპრიანეს ცხოვრება, რომლიც ჯადოქრობამ ვერ სძლია ქალწულ იუსტინას. ქალწული ჯვრის მფარველობაში მყოფი იცავდა თავს და როდესაც კვიპრიანემ სისუსტის მიზეზი შეიტყო, იგი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ჩვენს უპერსპექტივობას ნუ დავაბრალებთ სხვებს, ეს გახლავთ ჩვენი ბრალი და მას მხოლოდ მართლმკვეთელობით გამოვასწორებთ.


ბეჭდვა
1კ1