ნუ დავაბრკოლებთ ტაძარში ახალმოსულებს
ნუ დავაბრკოლებთ ტაძარში ახალმოსულებს
სადაც სიყვარულს იგრძნობს, კაცი იქაურობას აღარასდეს განეშორება
თითოეული ჩვენგანის ტაძარში მისვლა უფლის ნებისა და ადამიანის გადაწყვეტილების თანხვედრაზეა დამოკიდებული. ღმერთს სურს, რომ ყველანი ეკლესიის შვილები ვიყოთ, მაგრამ ჩვენ სულ რაღაც გვაბრკოლებს. როცა შემოქმედი ხედავს, რომ გულში ბოროტება არ გვიდევს, უკიდურეს ხერხს მიმართავს ჩვენს გადასარჩენად - როგორც წმინდა მამები განმარტავენ, უფალი ჩვენზე უშვებს განსაცდელს: ზოგზე დიდს, ზოგზეც უფრო პატარას, - ვისაც რამდენის ზიდვა და დატევა შეგვიძლია. შესაძლოა, მოგვივლინოს ავადმყოფობა, რადგან სნეულება ყველაფერზე მეტად აფიქრებს ადამიანს საკუთარი ცხოვრების წესზე, ან რაიმე გადაულახავი პრობლემა ოჯახსა თუ სამსახურში. ეს პრობლემა ჯერ მოსვენებას გვიკარგავს, შემდეგ კი სულიერ სიმშვიდეს, და ნუგეშის საძიებლად ეკლესიას მივაშურებთ. იქ აუცილებლად ვპოვებთ სულიერ სიმშვიდეს და შემდეგ ვეღარც ვშორდებით ტაძარს - ასე ვხდებით ეკლესიის წევრები.

თუმცა ეკლესიის შვილობამდე რთული და ეკლიანი გზაა გასავლელი. ტაძარში პირველად რომ შევდივართ, ყველაფერი გვეუცხოება, არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. სხვებს ვაკვირდებით და ვცდილობთ, ყველაფერი სწორად დავიმახსოვოთ, რომ შეცდომა არ დავუშვათ. თუმცა სწავლის პერიოდში შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული. მიუხედავად ჩვენი მონდომებისა, შეცდომის დაშვების შიში გვაბნევს და არ არის გამორიცხული, მაგალითად, ამბიონისა და ანალოგიას შორის გავიაროთ. ამ დროს ჩვენი ტაძარში დარჩენა ბევრად არის დამოკიდებული ეკლესიის წევრებზე. მათი უხეში შენიშვნა, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს და ყველაფერი წყალში ჩაგეყაროს.

მათ, ვინც უკვე ეკლესიის წევრები ვართ, დიდი სიფრთხილე გვმართებს ტაძარში. თუკი კვირას წირვაზე გვერდით მგდომი დაიჩოქებს, მაშინვე ნუ მივვარდებით და ყვედრებით ვეტყვით: "როგორ შეიძლება კვირას დაჩოქება!" ჩვენ ხომ მხოლოდ მის მოქმედებას ვხედავთ და არ ვიცით, რა ტრიალებს მის გულში - იქნებ დიდმა სინანულმა დააჩოქა. ამიტომ ნუ ავჩქარდებით. თუ საერთოდ არაფერს ვეტყვით, ამით დანაშაულს არ ჩავიდენთ. თუ ვერ ვისვენებთ და გვინდა, ჩვენი ცოდნა სხვასაც გავუზიაროთ, ვეცადოთ, ეს სიყვარულით გავაკეთოთ. დავუყვაოთ და მშვიდად ავუხნათ, რომ ყოველი კვირა დღე უფლის აღდგომაა, ამიტომ ეკლესიაში არ ვიჩოქებთ.

ვეცადოთ, ჩვენი სიტყვით არავინ დავაბრკოლოთ. ჯერ კარგად ავწონ-დავწონოთ სათქმელი და მერე ვუთხრათ: "აქ გავლა არ შეიძლება"; "ამ დროს თავი უნდა მოიდრიკო"; "ახლა კი თავის მოდრეკა არ შეიძლება, შენ ხომ კათაკმეველი არ ხარ"... და კიდევ მრავალი წვრილმანი. ნურც გულში განვიკითხავთ: "ტაძარში ასე მოქცევა როგორ შეიძლება!" ამ დროს გავიხსენოთ ტაძარში მისვლის პირველი დღეები და ჩვენი პირველი ნაბიჯები ეკლესიური ცხოვრების გზაზე. მერწმუნეთ, თუკი ასე მოვიქცევით, მაშინვე გაქრება განკითხვის სურვილი და უდიდესი სიყვარულით მივიღებთ იმ ადამიანს, რომლის საქციელმაც სულ რამდენიმე წამის წინ გაგვაღიზიანა. ჭეშმარიტ ქრისტიანს უნდა უხაროდეს ეკლესიის სამწყსოს გაზრდა, თითეული გზააბნეული ცხვრის უფლის ფარაში დაბრუნება. ამგვარი სიხარულით აღვსილნი, შეუძლებელია, სიყვარულით არ მოვეპყროთ მოყვასს, რომელმაც ტაძრის კარი შემოაღო. მეტიც, ჩვენ შეგვიძლია, მას მივეშველოთ, ხელი გავუწოდოთ და პირველი ნაბიჯების გადადგმა გავუადვილოთ.

თუ სიყვარულით ვასწავლით, როგორ უნდა მოიქცეს ტაძარში, ჩვენივე შეცდომების გახსენებით გავამხნევებთ და ვანუგეშებთ, რომ მის საქციელში დასაძრახი არაფერია, მას ანდამატივით მიიზიდავს ეკლესია. სადაც სიყვარულს იგრძნობს, კაცი იქაურობას აღარასდეს განეშორება. ხოლო თუ არ დავფიქრდებით და გვერდით მდგომს უხეშად მივცემთ შენიშვნას, ვაგრძნობინებთ, რომ მისი ადგილი აქ არ არის, ისიც გულდაწყვეტილი დატოვებს ტაძარს. წარმოიდგინეთ, ერთმა დაუფიქრებელმა სიტყვამ რამხელა უბედურება შეიძლება დაატრიალოს - უფლის ნებით ტაძარში მოსული ადამიანი სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც განაშოროს დედაეკლესიას! ის ხომ ტაძარში კეთილ, მოსიყვარულე ადამიანებს ელოდა. სინამდვილეში კი ქედმაღალი, მკაცრი ხალხი დახვდა და იმედგაცრუებული დაბრუნდა შინ...
ბეჭდვა
1კ1