ნუ მოგწყინდება ღვთისადმი ვედრება
ნუ მოგწყინდება ღვთისადმი ვედრება
ნუ იტყვი, ცოდვილი ვარ და არ შეისმენს ჩემსას უფალიო
დიდია სიბრძნის მოყვარე ადამიანი, ბრძენზე ბრძენია, ვინც თავისი ცხოვრებით მოიპოვა იგი, ხოლო წმინდანია, ვინც საკუთარი სიბრიყვე და უპოვარება დაინახა მასში , რადგან ქრისტეს მსგავსად სიმდაბლით ჯოჯოხეთამდე მისულს, არ მოაკლდება სიხარული აღდგომისა და ზეციური, საუკუნო ნეტარებისა.

მდიდარია ღვთივბოძებული მადლის საგანძურზე დადგინებული სული. საღვთო სიმდიდრე უფლის მფარველობის ქვეშ ყოფნაა, მის ფრთებქვეშ დაბუდებაა, სიკეთით შემოსვა და სიყვარულში წვრთნა-წარმატებაა. მადლის სიმრავლე ღვთის მფარველობითაა შემოსილი, ეს უკანასკნელი კი პასუხისმგებლობითა და სიმძიმით. სიკეთისთვის ცხოვრება საოცარი ნიჭია, გამოუთქმელი წყალობაა, რადგან ყოველი მცნება, საღვთო სწავლება, მადლისმიერი ქმედება მასში ერთიანდება. სიკეთე და სამართლიანობა უერთმანეთოდ ვერ იარსებებს, რადგან მათში და მათით ვლინდება ნება უზენაესისა.

სათნოება ქმედითი გამოვლინებაა სიყვარულისა; სათნოება საუფლო მცნებებით წვრთნაა სულისა; სათნოება მიწაზე საქმით თესვაა სიყვარულისა, რომელიც ზეცაში იმრავლებს ნაყოფს; სათნოება რწმენაში საქმის და საქმეში რწმენის ჭვრეტა და მისი მსახურებაა; სათნოება უფალთან ერთობის სურვილია მადლის ძიებით; სათნოება სულსა და გულში დაგროვილი, სიყვარულით გაჟღენთილი კეთილსურნელების გადმოფრქვევაა ყველგან და ყველაფერში; სათნოება წმინდა წერილის, მისი სწავლების თხრობაა მადლმოსილი ცხოვრებით; სათნოება ცოდვითა და ვნებებით მიყენებული ტკივილებისთვის სინანულით გადმოღვრილი ცრემლია; სათნოება ნათლობის ემბაზია, რომელშიც დღითი დღე ვიწმინდებით, განვიბანებით ცოდვისმიერი ჭუჭყისგან და ახალი, სუფთა, ქრისტესმიერი სამოსლით ვიმოსებით. უფალს არავინ დაუტოვებია ზებუნებრივი ნიჭებისა და მადლის გარეშე, რამეთუ სულის უკვდავება სიკეთეში მარადიული ზრდისთვის გვებოძა. სათნოება სიცოცხლისთვის აუცილებელი საზრდოა - უმისოდ იგი კვდება და მარადიული წარწყმედისკენ მიემართება.

მადლის გამრავლება უფლის წინაშე პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების გამრავლების მომასწავებელია, რადგან დანაშაულს, რომელსაც ყრმას მიუტევებენ, ზრდასრულს არ აპატიებენ და პასუხს მოსთხოვენ. შეუძლებელია, არ გახარებდეს შენში მადლის სიუხვე, მადლიერებას არ გამოხატავდე უფლისგან ბოძებული თითოეული ნიჭის გამო, მაგრამ ამასთანავე უნდა იზრდებოდეს გონიერებით შემოსილი პასუხისმგებლობის განცდაც. უფლის შვილობა საოცარი პატივია, დაუმსახურებელი საჩუქარია, მაგრამ იგი სიყვარულით ნასაზრდოები მოვალეობებითა და ვალდებულებებით მოიპოვება. სწორედ თავის იძულებით, ძალდატანებით ისწავლება, იზრდება და მტკიცდება ჩვენში არსებული თესლი სიყვარულისა. ღვთისგან ბოძებულ მცნებათაგან არაფერია ჩვენთვის მძიმე და შეუძლებელი, მხოლოდ ნება და კეთილი გონებაა აუცილებელი, რათა ადვილად წარვმართოთ ყოველივე და უხვად მივიღოთ წყალობა მისგან, მიუხედავად იმისა, რომ ძალზე ცოდვილები ვართ. ვერც ერთი ცოდვის სიმძიმე ვერ აღემატება სინანულის ძალას და, რაც ყველაზე მთავარია, იესო ქრისტეს კაცთმოყვარეობას. თუკი სიკეთის ქმნა გვსურს, წინ ვერავინ აღგვიდგება და დაგვაბრკოლებს, თვით ეშმაკიც კი; მთავარია, ჩვენ მოვინდომოთ, ვიყოთ სათნონი, მადლის მოსურნენი და შეწევნა ღვთისა არ დააყოვნებს.

ნუ მოგწყინდება ღვთისადმი ვედრება, ნუ იტყვი: "შეცოდებულ ვარ და რისხვეულ, ვითარ ვევედრო?" არამედ დაუღალავად, მოუწყინებლად ევედრე და მოისმენ უფლისგან შენთვის ნაცნობ სიტყვებს: "წყინებისა მისისათვის აღვდგე და მივსცე, რავდენი უხმს". ნუ იტყვი, ცოდვილი ვარ და არ შეისმენს ჩემსას უფალიო, რადგან თუ ჩვენ, უკეთურებმა, ვნების მსახურებმა და კაცთმოძულეებმა, ვიცით კეთილი მისაცემელი, სიბრალული და თანაგრძნობა, განა ღმერთი, სიყვარულისა და სიკეთის წყარო, არ შეგვიწყნარებს თავისი წყალობითა და კაცთმოყვარეობით? ყოველი ცოდვა მოგვეტევება და დავიწყებას მიეცემა, თუკი მხურვალე გულით მოვინანიებთ და ცრემლით ვაღიარებთ მის წინაშე. "მრავალგზის შეურაცხ-გიყოფიეს იგი, არამედ უკუეთუ შეუვრდე, არარაი მისგანი გიხსენიოს". თუნდაც ყოველ წუთს ვცოდავდეთ, სასოს ნუ წარვიკვეთთ. დაუღალავად ვითხოვოთ შენდობა და სინანულის ცრემლით ვადიდოთ ზეციური მამა, სიკეთითა და სიყვარულით ვამხილოთ და "სირცხვილეულ ვყოთ" ეშმაკი - მტერი კაცობრიობისა, რითაც საუკუნო მადლისა და სიტკბოების ღირსნი შევიქმნებით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის დიდება და ყოველი სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბეჭდვა
1კ1