იყავი მტკიცე, შეუდრეკელი მწუხარებისას და არ მოგაკლდება მადლი ზეციური სიხარულისა
იყავი მტკიცე, შეუდრეკელი მწუხარებისას და არ მოგაკლდება მადლი ზეციური სიხარულისა
ადამიანი, რომელმაც შეიცნო, გააცნობიერა საკუთარი ცოდვილობა, დაცემულობა, სულიერი ავადმყოფობა, მთელი ძალით ცდილობს, თავი დააღწიოს ამ მომაკვდინებელ მდგომარეობას ყოველნაირი ტკივილის, გაჭირვებისა და განსაცდელის მიუხედავად. მისთვის უმთავრესი ამ ჯოჯოხეთური მყოფობისგან თავის დაღწევაა. ის იმასაც გრძნობს, რომ მეტად მწარე იქნება გემო წამლისა, რომელმაც უნდა აღმოფხვრას მოჩვენებითი სიტკბო ცოდვისა. განწმენდას მუდამ სიძნელეები, ტკივილები ახლავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოუთქმელად სასიამოვნოა მისი ბოლო, რადგან სიწმინდითა და უბიწოებით მთავრდება იგი. ტკბილია ცოდვა, მისი ნაყოფი კი მწარე და მომაკვდინებელი. მისგან განსხვავებით, მტკივნეული და დაბრკოლებებით სავსეა სათნო ცხოვრება, რადგან არ არის იოლი მადლით შემოსვა, გონებისა და გულის განწმენდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საოცრად ტკბილია მისი ნაყოფი - ცხონება და უფალთან ერთობა.

ყველაზე დიდი განსაცდელი უღმერთო ცხოვრებაა, უფლის არცოდნაა. ყველაფერს დავთმობთ ამქვეყნიური სიცოცხლის შესანარჩუნებლად, მაგრამ მარადიულობისთვის მცირედის გაღებაც კი ძალზე გვეძნელება. ხშირად ცოდვით მოწყლული, დამძიმებული სული თავს ბედნიერად თვლის, ხოლო როდესაც განსაცდელებით, მწუხარებებით ფეხზე დადგომას იწყებს, მიაჩნია, რომ მასზე უბედური ქვეყნად არავინაა. ლოთისთვის უღვინობაა განსაცდელი, მრუშისთვის - ხორცის დუღილისა და ჟინის დაუკმაყოფილებლობა, ფულის მოყვარულისთვის - უფულობა, ქრისტიანისთვის კი უდიდესი ტკივილი ამაო, ვნებებითა და ფუჭი ფასეულობებით აღსავსე სიცოცხლეა. რა გასაკვირიც უნდა იყოს, მრავალთათვის განსაცდელი ცოდვის აღუსრულებლობაა. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, შევეცადოთ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ნათელი და ბნელი, გზა სიცოცხლისა და გზა წარწყმედისა, სიმართლე ღვთისა და სიცრუე ეშმაკისა.

ქრისტიანობა ცხოვრების დინების საწინააღმდეგოდ ცურვაა, იგი განსაცდელთა მღელვარე ზღვაში არსებობაა. მიუხედავად ამისა, მაინც გვაკვირვებს შემხვედრი ტალღები, მათი ძალა. ცოდვისმოყვარე სული დინებას მიჰყვება, ფიქრობს, რა იოლია ეს ყველაფერი, თითქოს ხელის განძრევაც არ გჭირდება, ისე მიიწევ წინ, მაგრამ უეცრად ღრმა უფსკრულის, მორევის წინაშე რომ აღმოჩნდება, მხოლოდ მაშინ ხვდება, როგორი ბოლო აქვს ამგვარ ცხოვრებას. როგორც მხეცის კბილებში ჩავარდნილი ადამიანი იბრძვის სიცოცხლისთვის, ცდილობს, თავი დააღწიოს სიკვდილს და მცირე იარებს ყურადღებას არ აქცევს, ცოდვილი სულიც, ეშმაკის კლანჭებიდან განთავისუფლებას რომ ესწრაფვის, განსაცდელებსა და სულიერ ტკივილებს მოთმინებითა და სულგრძელობით იტანს, მადლობს უფალს წყალობისა და მზრუნველობისთვის.

სულიერი დაცემაც და აღდგომაც დაბრკოლებებითა და განსაცდელებითაა აღსავსე, მაგრამ პირველი წარწყმედით მთავრდება, მეორე კი სიცოცხლითა და უკვდავებით.

ქრისტიანობა ტკივილსა და მწუხარებაში დაფარული სიხარულია, ძმრისა და ნაღვლის სიმწარით შეცნობილი თაფლის სიტკბოებაა, რომელიც თითოეულმა მორწმუნემ უნდა იგემოს და შესვას. განსაცდელები გამოფხიზლებაა მიძინებული სულებისა - ხშირად სწორედ ამ გზით მივეახლებით უფალს, რადგან სიბრძნისმოყვარეობა, მისი ძიება მწუხარებათა ბილიკებით იწყება. მხოლოდ წმინდა, ვნებათაგან განწმენდილ, თავისუფალ სულს შეუძლია, უცვლელი, ურყევი, მოუდუნებელი და მტკიცე ერთობა ჰქონდეს უფალთან, მაგრამ ეს ტანჯვა-წამებითა და სულიერი გოლგოთის გავლით მიიღწევა, "რადგანაც სულ სხვაა, როცა ტკივილებისა და სნეულების გადატანით იგრძნობ ჯანმრთელობის სიხარულს და სულ სხვა, როცა ჯანმრთელობის სიხარულით შეიცნობ და წარმოიდგენ ავადმყოფობის მთელ სატანჯველს" (წმინდა იოანე სინელი).

არ უნდა შევუშინდეთ განსაცდელს, რადგან ეს ის დრო და საშუალებაა, რომლითაც შეგვიძლია, დავუახლოვდეთ უფალს, სიყვარული, ერთგულება, სარწმუნოება და მხნეობა გამოვავლინოთ მის წინაშე. ეს არის ჟამი უფლის გახსენებისა, მასზე ფიქრისა. ბედნიერებასა და უზრუნველობაში რომ შეგვძლებოდა უფალზე ფიქრი, მისი არდავიწყება, მწუხარებანი აღარც დაგვჭირდებოდა, მტირალს ხომ არ სჭირდება ცრემლის შეხსენება, არც მომაკვდავს - სიკვდილზე ფიქრის. მაგრამ რაკი ცოდვილთ სიხარულში ხშირად გვავიწყდება მისი მომცემი, უფალი განსაცდელებით გვიხმობს თავისთან - კვლავ ჩვენი კეთილდღეობისა და გადარჩენისთვის. განსაცდელებით ღმერთი მისკენ ზურგშექცეულ სულს უხმობს; განსაცდელები შეხსენებაა ამქვეყნიური მყოფობის ჭეშმარიტი არსისა; განსაცდელები შეცნობაა საკუთარი უძლურებისა და სულიერი თვალით შემეცნებაა საღვთო სიდიადისა. მწუხარებანი სამზადისია ზეციური სიხარულისა, მწუხარებანი სახეა ამა სოფლისა, რომელიც დასტირის, გლოვობს მის უარმყოფელ სულს, რადგან მას თავისი შემოქმედისკენ მიუპყრია მზერა. უფლის სიყვარულისთვის მწუხარე, ნატანჯი სული მარადიული ტანჯვისა და გლოვისთვის ამზადებს დაუძინებელ უხილავ მტრებს. "ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა, მართლ-უკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა" (ფს. 69,2). იყავი მტკიცე, შეუდრეკელი მწუხარებისას და არ მოგაკლდება მადლი ზეციური სიხარულისა. ქრისტიანობა ჩაუქრობელი, მოუკლებელი ნათელია სულისა, მარადიული მზერაა, რომელიც დროდადრო მწუხარების ღრუბლებს ეფარება, მაგრამ როცა სულიწმინდის მადლი ქარივით გადაყრის განსაცდელთა ღრუბლებს, ვიხილავთ დაუღამებელ დღეს, საუკუნო ნათელს - იესო ქრისტეს თავისი სუფევითა და დიდებით თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ბეჭდვა
1კ1