გრძნობები სულის ჩამოსაყალიბებლად უნდა ვმართოთ
გრძნობები სულის ჩამოსაყალიბებლად უნდა ვმართოთ
რაც უფრო წარმატებულია ადამიანი სულიერად, მით მეტად თრგუნავს მიწიერ გრძნობებს
ადამიანი მგრძნობიარე არსებაა. ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი კაცის სულის განვითარება სწორედ გრძნობებს ეფუძნება.

გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მღვდელმსახური, მამა იოანე ყურაშვილი.

- უფალმა, თავის მსგავსად, მგრძნობიარედ შექმნა ადამიანი. მას აქვს გარკვეული გრძნობები იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს. ამასთანავე, აქვს გონება, რომლის მეშვეობითაც გრძნობები სულის ჩამოსაყალიბებლად უნდა მართოს; მეტისმეტი მგრძნობელობა, გრძნობების ზღვარსგადასული გამოხატვა, გრძნობების აყოლა, თუნდაც სულიერ საკითხებში, დანაშაულია, აბრკოლებს სულიერ წინსვლასა და განვითარებას. თუმცა არც უმოქმედობა და უგრძნობლობა გვეპატიება.

გრძნობები ორგვარია - ხორციელი და სულიერი. სულიერი გრძნობები უკვდავია, ადამიანს მარადისობაშიც გადაჰყვება. რაც მეტ სულიერ მადლს მოიმუშაკებს კაცი, მით მეტი გაჰყვება მარადისობაში და სულის საცხოვნებლად წაადგება. ხორციელი გრძნობები კი მოკვდავი და წარმავალია, აქვე, დედამიწაზე რჩება.

მიწიერებას, წუთისოფელს მიჯაჭვულ ადამიანში ხორციელი გრძნობები ჭარბობს. თავისი ცხოვრების წესით ადამიანი შეიძლება ანგელოზს, ფშვინვიერს - ცხოველს ან ეშმაკს მიემსგავსოს. თავისი შინაგანი მდგომარეობის შესაბამისად უჩნდება და ავლენს გრძნობებსაც და ცხოვრებასაც ამის მიხედვით წარმართავს.

- მართალია, სულიერი გრძნობები ბევრად აღმატებული და უპირატესია, მაგრამ მიწიერი, ხორციელი გრძნობების სრულად დათრგუნვა და მოკვეთაც ხომ არ გვმართებს?

- ცხადია, არა. მიწიერი გრძნობები განკაცებულ უფალშიც იყო - მწუხარებისა, შიმშილისა თუ სხვა. სახარებიდან ამის მაგალითები გვაქვს. ის, რაც ხორციელი არსებობისთვის აუცილებელია და რასაც მიწიერი ცხოვრება მოითხოვს, უნდა გამოვხატოთ და შევასრულოთ კიდეც, თავი ზღვარსგადასული მგრძნობელობისგან, ხორციელი სიამეებისგან უნდა მოვიზღუდოთ. ზომიერების ფარგლებში სიხარულისა და მწუხარების გამოხატვაც არ გვეკრძალება. მთავარია, გავაზომიეროთ ჩვენში შემოსული ყველა გრძნობა, - ცხადია, რომლებიც ღვთის ნებას არ ეწინააღმდეგება. ადამიანი უნდა ცდილობდეს, ხორციელი გრძნობებიც გაასულიეროს, ანუ ისე გამოიყენოს და წარმართოს, რომ სულიერი ზრდა-განვითარებისთვის, საბოლოოდ კი სულის საცხოვნებლად გამოადგეს.

საზოგადოდ, რაც უფრო წარმატებულია ადამიანი სულიერად, მით მეტად თრგუნავს მიწიერ გრძნობებს. ბევრი ვიცი, მიუხედავად ერში, ოჯახურ გარემოში ტრიალისა, მიწიერ სიამოვნებებსა და გრძნობებს რომ ითრგუნავს და მარხულობასა და კრძალულებაში ცხოვრობს.

- იყვნენ და დღესაც არიან ადამიანები, რომლებმაც ღვთის გულისთვის და სულის საცხოვნებლად სრულად დათრგუნეს მიწიერი სიამენი და ხორციელი გრძნობები. ამის დასტურად მეუდაბნოე და განდეგილ მამათა ცხოვრების გახსენებაც კმარა...

- წმინდა მამებმა ხორციელი გრძნობების სრულად დათრგუნვა წუთისოფელთან განუწყვეტელი ჭიდილის, ეშმაკთან ბრძოლისა და ღვთისკენ შეუჩერებელი სწრაფვის სანაცვლოდ მოიპოვეს. როდესაც ადამიანი ღვთისკენ ისწრაფვის, გულით, გონებითა და მთელი არსებით სურს, თავი უფალს მიუძღვნას, თავად უფალი შეეწევა და ხელს შეუწყობს.

- ბრძანეთ, ადამიანს გრძნობების მართვა ევალებაო. როგორ გავარჩიოთ, რომელ გრძნობას დავყვეთ და რომელი უარვყოთ და დავთრგუნოთ? არსებობს გრძნობები, რომლებიც, ცხადად ჩანს, რომ ღვთიური ან უკეთურია. მაგრამ ბოროტი სული ხშირად შენიღბულად მოქმედებს და მისგან მოწოდებულ გრძნობებს სიკეთის საფარველით ნიღბავს. ჩვენში აღძრული ასეთი გრძნობა მოჩვენებითია, მიუხედავად იმისა, რომ სიხარულსა და სიამოვნებას გვანიჭებს...

- გრძნობები ერთმანეთისგან რომ გავარჩიოთ, ამას განსჯის უნარი, დიდი სულიერი გამოცდილება სჭირდება. ეს ყველაფერი კი ეკლესიასთან, მოძღვართან ურთიერთობით, მორჩილებით მიიღწევა.

სამწუხაროდ, ადამიანებს ხშირად ერევათ ერთმანეთში ნეტარების გრძნობა, რომელიც სულის თვისებაა და უფალი განგვაცდევინებს, და სიამოვნება, რომელსაც ბოროტი სულისგან განვიცდით. ამის გამო ხიბლში ვარდებიან. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით - სულიერ საკითხებში, ბრმად არ დავყვეთ ლოცვის დროს ან უჩვეულო მოვლენათა ხილვისას ჩვენში წარმოქმნილ გრძნობას, არ ჩავთვალოთ, რომ ღვთისგანაა. ხშირად ეს ეშმაკის ხაფანგია.

- გრძნობათაგან ყველაზე მძიმე ალბათ ამპარტავნება, შური, სიძულვილი და სასოწარკვეთილება-უიმედობაა...

- მართლაც ასეა. წმინდა მამები ამპარტავნებას ცოდვათა დედას უწოდებენ - მასზე მრავალი ცოდვა აღმოცენდება. ამპარტავანი კაცის სულსა და გულში უფლისთვის ადგილი არ რჩება. ბრძანებს კიდეც წმინდა იოანე კიბისაღმწერელი - ამპარტავნება ღვთის უგულებელყოფააო. ამპარტავნება საკუთარ თავზე მინდობით ვლინდება. ამ გრძნობით შეპყრობილ ადამიანს თავი ყველაზე აღმატებულად მიაჩნია. არათუ მოყვასის, ეკლესიის აზრსაც არ იზიარებს. ეს დემონური თვისებაა. ამპარტავანზე ეშმაკი ბატონობს, რომელიც სწორედ ამპარტავნების გამო დაისაჯა და დაეცა, ამ ცოდვამ დააცილა ღვთის სასუფეველს. ასეთივე ხვედრი ელის ყველას, ვინც საკუთარ თავში ამ ცოდვილ გრძნობას აბატონებს, არ დათრგუნავს და მოიკვეთს.

სამწუხაროდ, ამპარტავნება ძნელად შესამჩნევი ცოდვილი გრძნობაა. ისე აშკარად არ ვლინდება, როგორც მრუშობა, ქურდობა და სხვა მომაკვდინებელი ცოდვები, ამიტომაც უძნელდება ადამიანს იმის გაცნობიერება, რომ ამპარტავნებითაა შეპყრობილი. შესაბამისად, არც მის მოკვეთაზე ზრუნავს, მით უფრო - თუკი დაშორებულია ეკლესიის წიაღს. საკუთარ თავში ამპარტავნება მხოლოდ ეკლესიურმა ადამიანმა შეიძლება შენიშნოს და გააცნობიეროს მისი დამღუპველი ზემოქმედება, ისიც - მოძღვრის დახმარებით, მისი მორჩილებითა და ღვთის მადლის მოქმედებით. ასეთ კაცს ბრძოლის ნახევარი გამოვლილი აქვს, თუმცა ამ ვნების სრულად დათრგუნვისა და მოკვეთისთვის უდიდესი ძალისხმევა, თავის განუწყვეტელი იძულება და სულიერი მდგომარეობის მუდმივი კონტროლია საჭირო. ეკლესიის წიაღში ყოფნის გარეშე სულს ვერ ვუმკურნალებთ, ცოდვებისგან ვერ განვიკურნებით.

ამპარტავნება ათასგვარ ცოდვასა და ცოდვილ გრძნობას უდებს სათავეს, მათ შორის - შურსაც. შური ისევე ჭამს ადამიანის სულს, როგორც ჟანგი რკინასო. ის ადამიანს სიმშვიდისა და სიკეთისგან ძარცვავს. ეს ცოდვილი გრძნობა საუკეთესოდ დაახასიათა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა: "შური არს წუხილი სხვისა სიკეთესა ზედა". მისი გამოვლინებაა განკითხვა, სიძულვილი და კიდევ მრავალი ცოდვა. სამწუხაროდ, ღვთის გმობამდეც შეიძლება მიიყვანოს ადამიანი. ერთ-ერთი მიზეზი განკაცებული უფლის ვნებისა და ჯვარცმისა შური გახლდათ.

მაგრამ არსებობს საღვთო შურიც - მოშურნეობა, რომელიც სულიერი გრძნობაა და არავითარი საერთო არ აქვს მიწიერ შურთან. საღვთო შური ადამიანს ღვთის უსაზღვრო სიყვარულის სანაცვლოდ აღეძვრება. მოშურნე ღვთის მსგავსებისკენ მიილტვის, ცდილობს, მოიპოვოს სულიერი წარმატება, რათა გამართლებული წარდგეს ღვთის წინაშე და სასუფეველი დაიმკვიდროს.

რაც შეეხება სიძულვილს, ამ გრძნობასაც ამპარტავნება და მისი პირმშო - შური შობს. უფალი მტრების სიყვარულსაც გვავალდებულებს, ჩვენ კი ხშირად უსაფუძვლოდ, სრულიად უმიზეზოდ გვძულს და ვბოროტდებით მოყვასის მიმართ. ბუნებრივია, ამ გრძნობას კაცთმოძულე ეშმაკი აღგვიძრავს. სიძულვილი ვლინდება განკითხვით, ცილისწამებით, მაწყევარობით, ბილწსიტყვაობით და ფიზიკური შეურაცხყოფითაც კი, რასაც ზოგჯერ კაცისკვლამდე მივყავართ. ფიზიკურად რომც არ მოვკლათ მოყვასი, გულს ხომ მაინც ვუკლავთ? სიძულვილის გრძნობით გამოწვეულ ბოროტებას სასრული არ აქვს.

სასოწარკვეთილება უიმედობაა ღვთისა. ამ გრძნობას მიწიერი დაბრკოლებები იწვევს, არადა, წმინდა მამები უფალს განსაცდელთა მოვლინებას შესთხოვდნენ, ხოლო თუ განსაცდელი არ ეწვეოდათ, წუხდნენ. განსაცდელში ყოფნის დროს კი უფალთან ყოფნის ჟამს უწოდებდნენ, მაშინ გრძნობდნენ უფალთან სიახლოვეს. დალხინებულ ადამიანს იშვიათად თუ ახსოვს ღმერთი, წუხილი კი სულიერ კალაპოტში აყენებს, უფლისკენ მიმართავს მზერას და შემუსვრილი გულით შესთხოვს შემწეობასა და ხსნას. განსაცდელი ჩვენივე სულის სასიკეთოდ გვეძლევა.

- ეჭვის შესახებ რას გვეტყვით?

- ეჭვი ერთგვარი სულიერი სენია, რომელიც ადამიანს სულს უღრღნის. ამ გრძნობას ცილისწამება და შურისძიების სურვილი მოჰყვება, ხშირად სდევს თან პათოლოგიური გამოვლინებებიც. მაცხოვრის ჯვარზე გაკვრისა და მოკვდინების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეჭვი და მისგან ნაშობი ცილისწამება გახლდათ. იუდეველებს აეჭვებდა, იყო თუ არა იესო ქრისტე ძე ღვთისა. ეჭვმა ისინი ცილისწამებამდე მიიყვანა - მაცხოვარს ათასგვარი ცილი დასწამეს და ჯვარზე გააკრეს. ასე რომ, ეჭვს თუ არ შევებრძოლეთ, საშინელ სისასტიკემდე შეიძლება მივიდეთ. ეჭვთან ბრძოლის, მასზე გამარჯვების სანაცვლოდ კი სულიერების ახალ საფეხურზე ავდივართ.

ბევრს ეჭვი სარწმუნოებრივი საკითხების მიმართაც უჩნდება, ზოგს ღვთის არსებობაც კი აეჭვებს, რასაც ხშირად მცირედმორწმუნეობა უდევს საფუძვლად. მაგრამ ადამიანის ეჭვს დასასრული უნდა ჰქონდეს, კეთილად გამოძიებისა და განსჯის შემდეგ ჭეშმარიტებამდე უნდა მივიდეთ. უკვე აღვნიშნეთ, რომ ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება სულიერი განსჯის უნარია. ესეც ერთგვარი ეჭვის გამოვლინებაა, თუმცა კეთილ მაძიებლობას ყოველთვის აქვს დასასრული - ადამიანი ამა თუ იმ წყაროზე დაყრდნობით ჭეშმარიტებამდე მიდის და ეჭვიც სრულდება.

- დანაშაულის, ცოდვათა განცდის გრძნობაზეც ვისაუბროთ...

- როდესაც ადამიანი დანაშაულს ანუ ცოდვას სჩადის და ამის გამო წუხს - სინანულს განიცდის, მასში სინდისის ხმა მოქმედებს, რომელსაც წმინდა მამები უფლის ხმას უწოდებენ. ასეთი ადამიანი ადრე თუ გვიან აუცილებლად მივა სინანულის საიდუმლოს გზით ცოდვათაგან განწმენდამდე, რის გარეშეც სულის განახლება და საბოლოოდ ცხონება შეუძლებელია. როცა კაცს ეს გრძნობა უჩნდება, უნდა მადლობდეს უფალს.

- რომელია ყველაზე აღმატებული სულიერი გრძნობა?

- უპირატესი სიყვარულია. მას საზღვარი არ აქვს. სიყვარული ერთ-ერთია სამ უმთავრეს ქრისტიანულ სათნოებას შორის, რომლებზეც სხვა ქრისტიანული სათნოებები აღმოცენდებიან. ქრისტიანულ სიყვარულზე ამაღლებული გრძნობა არ არსებობს. ამ გრძნობის წყალობით ადამიანი უფალს შეიცნობს. ჭეშმარიტად ბედნიერია, ვისი სულიც ღვთისა და მოყვასის სიყვარულითაა შემოსილი და შემკული.

მოყვასის სიყვარულს ოჯახის წევრებისა და ახლობლების სიყვარულით ვსწავლობთ. შემდეგ ეს გრძნობა თანდათან ფართოვდება. ცხადია, თუ ის უმთავრესს - უფლის სიყვარულს ეფუძნება, სიყვარული ხომ შემოქმედმა მოგვცა.

ღმერთი სიყვარული არს. სიყვარულითვე შექმნა მან ყოველივე, მათ შორის - თავისი უმაღლესი ქმნილება - ადამიანი. სიყვარული და, საზოგადოდ, კეთილი გრძნობები ყველა ჩვენგანშია ჩადებული, მთავარია, ვიღვაწოთ მათ განვრცობაზე, არ დავფლათ მიწიერი ცოდვებითა და საქმეებით. ვიდრე სული, გული და გონება ქრისტეს მიერ მოცემული საიდუმლოებებითა და მცნებებით არ განიწმინდება, წმინდა სიყვარულის დატევნას ვერ შეძლებენ.

- ხშირად წინასწარ ვგრძნობთ მოსალოდნელ განსაცდელსა თუ ბედნიერებას. უნდა მივაქციოთ თუ არა ყურადღება წინათგრძნობას?

- ხელის ერთი მოსმით წინათგრძნობის უარყოფა არ შეიძლება. ვიცით, რომ უფლის ანგელოზები და წმინდანები ადამიანთა მეოხნი არიან, ამიტომ შესაძლოა, ადამიანს წინათგრძნობა გაუჩნდეს და გაუმართლდეს კიდეც. თუმცა ასევე შესაძლოა, ის ეშმაკმაც მოგვაწოდოს. ასეც ხდება - წინათგრძნობას რამდენჯერმე მფარველი ანგელოზი აღგვიძრავს, შემდეგ კი ბოროტი ფანდს გაგვიკეთებს. ამ შემთხვევაშიც დიდი სულიერი გამოცდილება და განსჯის უნარია საჭიროა. ვევედროთ უფალს, მოგვანიჭოს ეს უნარი.

არც ის გვეკრძალება, თუკი უფალს მოსალოდნელი განსაცდელის არიდებას ან შემსუბუქებას შევთხოვთ. თუკი ეს შესაძლებელი და ამასთანავე სასარგებლო იქნება ჩვენი სულისთვის, კაცთმოყვარე და გულმოწყალე უფალი ჩვენს ვედრებას შეისმენს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წინათგრძნობის გაჩენისას აუცილებლად უნდა მივმართოთ სულიერ მოძღვარს. სულიერი საკითხების მოძღვართან შეუთანხმებლად გადაჭრა დაუშვებელია - ეს დიდ სულიერ ზიანს მოგვიტანს.

- ბევრი, როცა უკეთური საქმის ჩასადენად ემზადება, გრძნობს, რომ მისი განზრახვა ბოროტია, მაგრამ ცოდვილ გადაწყვეტილებას მაინც აღასრულებს. რატომ ხდება ასე?

- ასეთი კაცი მიწიერისკენაა მიდრეკილი და ცოდვა სიამოვნებას ანიჭებს. გაცნობიერებული არ აქვს ცოდვის შედეგი, მისი არსი და მნიშვნელობა. თუმცა რაოდენ მიწიერიც არ უნდა იყოს ადამიანი, მასში მაინც დევს კეთილი გრძნობები, მაგრამ სულიერი უმოქმედობის გამო ბევრ ჩვენგანში კეთილი გრძნობები მიწიერითაა გადაფარული.
ბეჭდვა
1კ1