"იმ მომენტიდან, როცა მუცლად იღებენ, სახარების კითხვა დაიწყონ ახლებურად, ახალი თვალით, დედის თვალებით..."
"იმ მომენტიდან, როცა მუცლად იღებენ, სახარების კითხვა დაიწყონ ახლებურად, ახალი თვალით, დედის თვალებით..."
როგორ მოვემზადოთ ბავშვის დაბადებისთვის?
"სწორად იქცევიან ის დედები, რომლებიც აწოვებენ თავიანთ ყრმას ძუძუს და ამ დროს გალობენ მთავარანგელოზის მისალმებას ღვთისმშობლისადმი, რომელიც წარმოთქვეს ზეცისა მკვიდრის ბაგეებმა: "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა!" აი, თურმე რას ნიშნავს ძველებული გამოთქმა: "კეთილშობილება დედის ძუძუდან შეიწოვაო!" მართლაც, სიტყვები ამ საოცარი ლოცვისა განწმენდს ბავშვს და მშვიდობა ღვთისა განისვენებს მასზე".
დეკანოზი არტემ ვლადიმიროვი (XX-XXIს.ს.)

"მე ხშირად ვურჩევ დედაკაცებს: იმ მომენტიდან, როცა მუცლად იღებენ, სახარების კითხვა დაიწყონ ახლებურად, ახალი თვალით, დედის თვალებით, რომელიც სწავლობს ქრისტესგან იმას, როგორ იყოს ასული ცოცხალი ღვთისა და როგორ ასწავლოს შვილს, ახლა და უფრო მეტად მომავალში იყოს ღვთის სამეფოს ბავშვი. მათ ასევე ვურჩევ, განაღრმაონ ლოცვითი ცხოვრება.

როცა ლოცვით ცხოვრებაზე ვლაპარაკობ, იმას კი არ ვგულისხმობ, საღამოს ან დილას დედამ მეტი აკათისტო და სხვა რამ წაიკითხოს, არამედ თვითონ ლოცვის არსზე, ღვთის წინაშე წარდგომასა და ღმერთთან შეხვედრაზე. ლოცვითი ცხოვრების სხვადასხვა მხარე უნდა განვითარდეს, გაიზარდოს, გაღრმავდეს, ვინაიდან ის, რაც ხდება მომავალი დედის თავს, იმავდროულად ხდება ბავშვის ცხოვრებაშიც.

ფეხმძიმე ქალისთვის დიდია როლი აღსარებისა და წმინდა ზიარებისა. აქაც აღსარებაში ვგულისხმობ არა ფორმალურ მოვალეობას, არამედ თანდათანობით განწმენდას ყველაფრისგან, ანუ იმისგან, რასაც შეუძლია დაჭრას, განხრწნას ჩასახული ყრმა. ვფიქრობ, ფეხმძიმე ქალი ხშირად უნდა ეზიარებოდეს, ოღონდ სიმკაცრით, ყურადღებიანი მომზადებით, ისე რომ, როცა საზიარებლად მივა, ეს უნდა იყოს დასრულება რომელიმე, თუნდაც მომცრო მონაკვეთისა მის სულიერ გზაზე გულის, გონებისა და თავისი წარსული ცხოვრების განწმენდაში".
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

როგორ ავირჩიოთ ბავშვის სახელი?
"ბავშვი უნდა მივუძღვნათ, უფრო სწორად, ჩავაბაროთ დასაცავად, დასაფარავად იმ წმინდანის ლოცვებს, რომლის სახელიც მიეცემა. მშობლებმა უნდა აირჩიონ იმ წმინდანის სახელი, რომელიც მათთვის რაიმეს ნიშნავს, მისმა ცხოვრებამ რაღაცით განაცვიფრა ანდა რაიმეთი დაკავშირებულია ბავშვის ჩასახვასთან. ძველ რუსეთში იმ წმინდანის სახელზე ნათლავდნენ, ვისი ხსენებაც იყო ბავშვის ნათლობის დღეს. ამაში არის გარკვეული აზრი, ეს იქნება არა მეტსახელის მიცემა, არამედ - ვითარცა ახალი ტაძრის კურთხევა ხსნებული წმინდანის სახელზე. ამიტომ როცა მშობლებს სურთ, ესა თუ ის სახელი დაარქვან ბავშვს, უნდა შეიტყონ, როგორი იყო იმ წმინდანის ცხოვრება, რა არის მასში ისეთი, რაც მათ აოცებთ, არა კეთილხმოვანებით, არამედ შინაგანი სახით; რატომ უნდათ, მათ შვილს ამ წმინდანმა უმფარველოს, ყოველ შემთხვევაში, განსაკუთრებულად ლოცულობდეს ბავშვისთვის. ამიტომაც პატარასთვის სახელის დარქმევას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს".
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

"ჩვენში სახელებს უფლის მიერ აღარ ირჩევენ. უფლის მიერ კი ასე უნდა მოვიქცეთ: ავირჩიოთ სახელი შემდეგი წმინდა დღეების მიხედვით - ან რომელ დღესაც დაიბადა ბავშვი ანდა ნათელიღო, ან ნათლობის დღიდან სამი დღის განმავლობაში ვისი ხსენებაცაა. აქ უკვე საქმე ადამიანური წარმოსახვის გარეშე აღესრულება, როგორც ღმერთი ინებებს, რამეთუ დაბადების დღე ღვთის ხელთაა".
წმინდა თეოფანე დაყუდებული

"თუ ბავშვის სახელის არჩევა დაბადების დღის მიხედვით გიჭირთ, მაშინ ვნახოთ მისი ამქვეყნად მოვლინების მერვე დღე, გავიხსენოთ,Yრომ ძველაღთქმისეულ ეპოქაში სწორედ მერვე დღეს ნათლავდნენ ჩვილებს. რვა ხომ მარადისობას ნიშნავს. შესაძლოა, მერვე დღეს ვიპოვოთ ის სახელი, რომელიც იქნება წმინდა და თქვენი ბავშვის საკუთარი სახელი.

თუ მერვე დღე არაფერს გვეუბნება, მაშინ ვნახოთ მეორმოცე დღე, რამეთუ ხშირად, თუ ბავშვი ჯანმრთელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ამ დღეს დედები მიდიან ტაძარში ან შინ მიიწვევენ მღვდელს განწმენდის ლოცვების წასაკითხად, რომ მათ კვლავ შეეძლოთ აღსარების თქმა და ზიარების მიღება, რომ ამ მეორმოცე დღეს ღმერთმა ზეციური ნათელი სცეს მათ შვილს და შეუერთოს თავის რჩეულთა დასს. თუ მეორმოცე დღე არაფერს გვეუბნება, მაშინ რა ვქნათ?

ვთქვათ, დაიბადა ვაჟი. შინაგანად გსურთ ის ღმერთს მიუძღვნათ და წმინდა ნიკოლოზმა უმფარველოს. განა ღმერთი განგიკითხავთ, რომ წესისაებრ კი არ მისცეთ სახელი, არამედ დაარქვათ ჩვილს ნიკოლოზი, რაც ბერძნულად "ხალხთა მძლეველს" ნიშნავს? რა თქმა უნდა, არა! მართლმადიდებლობა ხომ გულით შეიცნობა, მხოლოდ გულით შეგვიძლია მივუახლოვდეთ ღმერთს, გულით და გონებით და არა მხოლოდ გონებით. ამიტომაც შეგვიძლია სახელი დავარქვათ რომელიმე ღვთის წმინდანისადმი გულითადი გრძნობით და განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად".
დეკანოზი არტემ ვლადიმიროვი
ბეჭდვა
1კ1