გნებავს, განიკურნო?
გნებავს, განიკურნო?
როდესაც ავად გავხდებით, უპირველესად, საკუთარ თავს უნდა ჩავუღრმავდეთ და გავაანალიზოთ, რამდენად დავცილდით ღმერთს
ჩვენი ცხოვრება სავსეა განსაცდელებით. ერთ-ერთი ასეთი განსაცდელია სნეულება. ხშირად ამ განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანს ავიწყდება ღვთის არსებობა, არ ფიქრობს, რომ ესა თუ ის სნეულება ღვთის მიერ მის სასიკეთოდაა დაშვებული. ურწმუნო ავადმყოფი, განკურნების იმედით, ექსტრასენსებთან და შემლოცველებთან მიდის. ეს ეშმაკისათვის სულის მიყიდვაა. ზოგჯერ თითქოს შედეგიც სახეზეა, ადამიანი მოხიბლული და კმაყოფილია, მაგრამ სინამდვილეში მის ხორციელ უძლურებას უმძიმესი სულიერი ცოდვები ემატება, სულიერად მძიმედ ავადდება, მისი ხორციელი ავადმყოფობაც უარესდება და ჭირს მისი შველა. ასე იღუპავენ სულს ადამიანები. სწორედ ასეთი შედეგი შეიძლება ჰქონდეს ბოროტის მოიმედეს. უფალია ჩვენი მკურნალი. მან გაგვაჩინა და მასვე ძალუძს ჩვენი განკურნება. როდესაც ავად გავხდებით, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავს ჩავუღრმავდეთ, გავაანალიზოთ, რამდენად დავცილდით ღმერთს, რამდენად შევბილწეთ და დავამახინჯეთ ღვთის ის ხატება, რომელიც ჩვენშია; ყოველივე ამის გათვალისწინებით, იმის იმედი კი არ უნდა ვიქონიოთ, რომ მხოლოდ ჩვენი სინანულით დავძლევთ ხორციელ სნეულებას, არამედ ექიმს მივმართოთ და მოთმინებით შევუდგეთ მკურნალობას. ექიმთან მისვლამდე კი უფალს შევთხოვოთ ლოცვით კურთხევა მკურნალობაზე და მთლიანად მივენდოთ მის ნებას.

გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი კონსტანტინე გიორგაძე.

- პირველად როდის გაჩნდა სნეულება კაცობრიობის ისტორიაში და რამ განაპირობა ეს?

- ცნობილია, რომ სამოთხეში ადამიანს არაფერი უჭირდა - მას უფალთან ურთიერთობის საშუალება ჰქონდა. შემოქმედმა აკურთხა ადამი და ევა, რათა ემუშაკათ და დაეცვათ ედემის ბაღი. ანუ შრომა მათი როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ძალების განვითარების ხელშემწყობი უნდა ყოფილიყო. ღმერთმა ადამიანს მიუყვანა ყოველი ცხოველი, რათა სახელები დაერქმია მათთვის. ცხადია, ამით მას, ერთი მხრივ, ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნების გაცნობის საშუალება მისცა, მეორე მხრივ კი, დაეხმარა, განევითარებინა გონებრივი მონაცემები, რათა სრულიად შეეცნო თავისი თავი სამყაროში და შეეგნო თავისი მეფური უპირატესობა ყველა მიწიერ არსებაზე. სრული ჰარმონიით, სულიერი და ხორციელი ჯანმრთელობით განაგებდა ადამიანი მისთვის დადგენილ ედემის ბაღს ცოდვით დაცემამდე. აქედან გამომდინარე, სნეულება კაცობრიობის ისტორიაში გაჩნდა მაშინ, როცა ადამიანმა შესცოდა.

სნეულება სხვადასხვაგვარია, ერთი ცვლის მეორეს. მართალია, მედიცინა წინ მიიწევს, დაიძლია არაერთი ავადმყოფობა, მაგრამ, იმავდროულად, ჩნდება ახალ-ახალი სნეულებები. შემდეგ უკვე მათ დასამარცხებლად იხარჯება ადამიანის ძალა... უნდა გვახსოვდეს, რომ დედამიწა ჩვენი დასასჯელი ადგილია და არა სანეტარო. დღეს წინანდელზე გაცილებით მეტი ავადმყოფობა არსებობს. ჩვენს დროში სნეულებების ასე მომრავლება გვახსენებს წინასწარმეტყველებას - ბოლო ჟამს უფალი ადამიანებს სნეულებებით გამოიხსნის, დაიფარავს და გადაარჩენსო. თანაც, დღეს ადამიანებს იმდენი ღვაწლი აღარ აქვთ და საშინელ სამსჯავროზე თავის გასამართლებლად, ალბათ, სნეულებები საჭიროა.

- მამაო, რა კავშირია სულიერ და ხორციელ სნეულებას შორის? სულის დასნეულება ავტომატურად იწვევს თუ არა ხორცის დასნეულებას?

- რა თქმა უნდა. მაგალითად, მრუშობის ცოდვა იწვევს ისეთ ვენერულ დაავადებებს, რომლებსაც საშინელ მდგომარეობამდე მიჰყავს ადამიანი. სნეულება ერთი მხრივ კავშირშია კაცობრიობის ბედთან, მის სულიერ დაუძლურებასთან, რომ ჩვენ მოკვდავნი ვართ და ქვეშევრდომილნი განსაცდელებსა და სნეულებებს, მეორე მხრივ კი დაკავშირებულია ჩვენი სულის მდგომარეობასთან. თუმცა ადამიანის სნეულება ყოველთვის არაა მისი ცოდვების შედეგი. ამის მაგალითი წმინდა წერილშიცაა: როდესაც მაცხოვარმა განკურნა ბრმადშობილი, მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი, ვინ სცოდა, ამან, ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმა იშვა? მაცხოვარმა უპასუხა, - არც ამან და არც მისმა მშობლებმა, ეს ყოველივე უფლის სადიდებლად მოხდაო. ამის მაგალითი გვაქვს ძველ აღთქმაშიც: მართალი იობი დასნეულდა. უცოდველი წინასწარმეტყველი მთელი ცხოვრება უფალს ემსახურებოდა და მართალი იყო შემოქმედის თვალში. ამიტომ მართალი იობის დასნეულებაც უფლის დაშვებით, მის სადიდებლად მოხდა.

- რატომ ავადმყოფობენ ბავშვები, რატომ იბადებიან ხეიბრები? ამ კითხვებს ხშირად სვამენ ღვთის მაძიებელი ადამიანები. მართლაც, ძნელია შეათანხმო ყოვლადსამართლიანი ღვთის არსებობა პიროვნულად უცოდველი ჩვილის ავადმყოფობასთან...

- ბავშვი თუ იბადება სნეული და ავადმყოფი, ამას საფუძველი აქვს. მოიკითხონ მშობლებმა თავიანთი ცოდვები. ვფიქრობ, მშობლებისთვის ეს კიდევ ერთი გამოცდაა, როგორ მოიქცევიან, ღვთის მორჩილებით აიღებენ თუ არა მათთვის გამზადებულ ამ ტვირთს.

თუ ვინმეს ეძლევა ხეიბარი შვილი, მადლობა შესწიროს ღმერთს, თავის თავს ჩაუღრმავდეს, დაფიქრდეს, რომ უფალმა საცხოვნებლად კიდევ ერთი შანსი მისცა. ამ ჯვრის ზიდვით მან ცოდვების კომპენსაცია უნდა მოახდინოს. ასეთ დროს მშობელი არ უნდა ჩავარდეს ღვთის გმობაში. სამწუხაროდ, ხშირია, როცა მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალებისას გმობენ უფალს: რატომ, სად არის ღვთის სამართლიანობა, რატომ მოხდა ესო?! მინდა გაგახსენოთ ის 14000 ყრმა, რომელიც, წმინდა წერილის თანახმად, ჰეროდემ ბეთლემში ამოხოცა, მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ?! ამ შემთხვევას წმინდა მამები შემდეგნაირად განმარტავენ: ის 14000 ყრმა რომ გაზრდილიყო და ჰეროდეს არ ამოეხოცა ქრისტეს გულისთვის, ისინიც იდგებოდნენ სხვა ებრაელებთან ერთად მოედანზე, სადაც ისმოდა ყვირილი: "ჯვარს აცვი, ჯვარს აცვიო!" უფალმა კი ყველა სასუფეველში შეიყვანა. ამიტომ ადამიანებმა ღვთის სამართალი არ უნდა განვსაჯოთ. უფალმა უკეთ იცის, ვინ სად, როდის და როგორ აცხოვნოს.

- ზოგიერთი თვლის, რომ ხორციელი სნეულება უბედურებაა, რომლის გამოც, სამწუხაროდ, ხშირად ამბობს უფლის სამდურავს, დრტვინავს ღმერთზე...

- ადამიანები სუსტები ვართ, ყველას მოგვდის თავში კითხვები: რატომ, რისთვის დავისაჯე? ხომ შეიძლებოდა, ეს მე არ დამმართნოდა? სნეულება უნდა მივიღოთ, როგორც განსაცდელი, რომელიც ჩვენი სულის საკურნებლად მოავლინა უფალმა. უფლის დიდი წყალობაა, როდესაც ადამიანი ავადაა. ოქრო რომ ბაჯაღლო გახდეს, ცეცხლში უნდა გამოიბრძმედოს, რათა ჩამოშორდეს მინარევები და დაიწმინდოს. ქრისტიანისთვის ისაა ცეცხლი, რომლითაც მისი სული გამოიბრძმედება. მთავარია, კაცმა დაინახოს ეს. როდესაც ავად გავხდებით, უპირველესად, საკუთარ თავს უნდა ჩავუღრმავდეთ და გავაანალიზოთ, რამდენად დავცილდით ღმერთს. რაც არ უნდა შეგვემთხვეს, უფლის ხელიდან ბოძებულად უნდა მივიღოთ და ვმადლობდეთ მას. ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ შემოქმედს. საერთოდ, მადლიერება უფლისადმი არის დიდი სიბრძნე, რომლითაც, ალბათ, ადამიანი გამართლდება საყოველთაო სამსჯავროზე.

- ხანდახან ავადმყოფობისას ადამიანს უფრო ძლიერი განცდა აქვს ცოდვებისა და, შესაბამისად, მისი სინანულიც განსხვავებულია...

- სნეულის აღსარება რადიკალურად განსხვავდება ჯანმრთელი ადამიანის აღსარებისგან. ავადმყოფობა ხშირად მოალბობს ხოლმე ადამიანს, ამდაბლებს მის სიამაყესა და თავდაჯერებულობას. ხშირად უფალი სპეციალურად უვლენს ადამიანს სნეულებას, რომ ამ უკანასკნელმა ცრემლით განიბანოს ცოდვები.

- მამა კონსტანტინე, ხანდახან ის, რაც მედიცინის თვალსაზრისით უკურნებელია, განკურნებადი ხდება რწმენის საშუალებით. რა მოვლენასთან გვაქვს ასეთ დროს საქმე?

- ადამიანი შედგება სულისა და ხორცისგან. როგორც მეტია სული ხორცზე, ასევე მეტია სულიერება ხორციელებაზე. შეიძლება ხორცი ვერ იკურნებოდეს, სულმა კი ის განკურნოს. ერთი კია, ადამიანს მტკიცედ უნდა სჯეროდეს უფლისა. რწმენა ყველაზე დიდი იარაღია განკურნებისას. სახარებიდან ვიცით, რომ თითქმის ყოველთვის მაცხოვარი, ვიდრე განკურნავს ადამიანს, ტრადიციულად ეკითხება: გწამს? და დასძენს: რწმენისაებრ გეყოს შენ.

- მამაო, რამდენად მართებულია, სნეული ადამიანი მხოლოდ ღვთის წყალობაზე იყოს მინდობილი და არ მიმართოს ექიმს, ტრადიციულ სამედიცინო მკურნალობას? ხომ არაა ეს ფსევდომინდობა უფალზე?

- ამგვარი დამოკიდებულება არ არის ჭეშმარიტი მინდობა უფალზე, ეს მართლაც ფსევდომინდობაა. წმინდა სერაფიმე საროველი როდესაც წყალმანკით დაავადდა, არც ერთი ექიმი არ გაიკარა - ჩემი მკურნალი დედა ღვთისმშობელია, ის უნდა მოვიდეს და მიმკურნალოსო. მართლაც მივიდა მასთან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, შეახო კვერთხი და განკურნა... ასეთი მინდობა უფლისადმი სხვა მდგომარეობაა სულისა. ადამიანმა აუცილებლად უნდა მიმართოს მიწიერ ექიმს. თუ ასე არ მოიქცევა, ეს თვითმკვლელობის ტოლფას ცოდვად შეიძლება შეერაცხოს მას. როდესაც შენ თავს არ მკურნალობ იმ იმედით, რომ მოვა უფალი და განგკურნავს, ეს უკვე ხიბლის მდგომარეობაა. უნდა ვიმკურნალოთ, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც და მის ხელშია ჩვენი გამოჯანმრთელება. ჩვენ მართლაც უფალი და ღვთისმშობელი განგვკურნავს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ექიმის ხელით.

- სამწუხაროდ, ბევრი ეგრეთ წოდებული ექსტრასენსი თუ ნათელმხილველი იბრალებს სნეულთა კურნების ნიჭს; რა მოვლენასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე?

- დღეს იმდენი ცრუ მკურნალია, რომ ადამიანი ვეღარ ხვდება, ვის მიმართოს ავადმყოფობისას. სამწუხაროდ, ამ ეგრეთ წოდებულ ექსტრასენსებს, ნათელმხილველებსა თუ სხვა ცრუ ექიმებს ჰყავთ პაციენტები. მათ ფსევდომკურნალობას გარკვეულ მომენტში რაღაც ეფექტი აქვს. ეს არის ბოროტის ძალით მიღებული მოჩვენებითი და ილუზიური ეფექტი, რადგან გადის დრო და ადამიანი უფრო მეტად სნეულდება, პირველადი ეფექტიც საპნის ბუშტივით ქრება.

- მამაო, ასეთი ცრუ ექიმები თუ მკითხავები ხშირად უფლის სახელს ეფარებიან. ამბობენ, რომ ქრისტიანები არიან, აქვთ ხატები, ანთებენ სანთლებს, პაციენტების მკურნალობისას ხანდახან იყენებენ კიდეც მათ...

- ვიცით, რომ ბოროტი სანახევროდ სიმართლით მოდის, ექსტრასენსი თუ მკითხავი ამას პაციენტის ნდობის მოსაპოვებლად აკეთებს. მეთევზე თევზაობისას ანკესზე ჭიას აგებს. ჭია კი ნამდვილია, მაგრამ ჭიის შიგნით არის ანკესის რკინა, რომელიც თევზს ტაფაზე დადებს. ზუსტად ასეთი ვითარება გვაქვს, როდესაც გვეუბნება მკითხავი, წადი ამა და ამ ეკლესიაში, შესწირე შესაწირი ამა და ამ ხატს, რომელიც გაბრაზებულია შენზე, შემდეგ დაბრუნდი და გიმკურნალებო...

მოვუწოდებ ყველას, იმკურნალონ მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურ, ტრადიციულ საავადმყოფოებში და იქ მოგაგებთ უფალი მკურნალობას.

- ექიმის პროფესია რას მოითხოვს ადამიანისგან? ყველა შეიძლება გახდეს ექიმი?

- პირველ ყოვლისა, თავდადებას. ყველა არ შეიძლება იყოს ექიმი. მკურნალი მოწოდებით უნდა იყო. ექიმობა მძიმე ჯვარია. კარგად ვიცი ეს, რადგან თვითონ გახლდით ექიმი, დღე და ღამე არ მეძინა, მთელ დროს საოპერაციოსა და რეანიმაციაში ვატარებდი... სხვაგვარად არც შეიძლება.

თუ გინდა იყო ჭეშმარიტი ექიმი, უნდა დადო შენი თავი. ამ პროფესიაშიც სახარებისეული პრინციპი მოქმედებს: ვინც დადოს სული მოყვასისთვის, მან მოიპოვოს თავი თვისიო.

დღეს ექიმობა ერთგვარ ბიზნესპროფესიადაც კი აქციეს. ექიმები ხშირად თავის გასამართლებლად ჰიპოკრატეს ფიცს იშველიებენ.Hჰიპოკრატეს არ უთქვამს, ალტრუისტი იყავი და ფული არ აიღო მკურნალობაშიო, თუმცა არც ის უთქვამს, როცა უფულო და გაჭირვებული ავადმყოფი მოვა, არ უმკურნალოო. პირიქით, ჰიპოკრატეს ფიცში წერია, რომ ექიმმა უნდა უმკურნალოს ყველას, განურჩევლად ერისა, ფერისა და რელიგიური მრწამსისა.

- დღეს ჩვენს ერს განსაკუთრებით აწუხებს ნარკომანიის პრობლემა. მამაო, ნარკომანია დანაშაულია თუ სნეულება? თუკი ის სნეულებაა, მაშინ, როგორ ფიქრობთ, რა საშუალებები არსებობს მის განსაკურნებლად და საერთოდ, რამდენად შედეგიანია ეს?

- მაგალითად, ადამიანმა დაისახიჩრა სხეული, დანა ჩაირტყა და დაინვალიდდა. არის თუ არა ეს დანაშაული?! რა თქმა უნდა, დანაშაულია, მაგრამ ამ დანაშაულის შედეგი უკვე სნეულებაა. ასევეა ნარკომანიის შემთხვევაშიც. ჩემი აზრით, აქ ორივეა: დანაშაულიც და სნეულებაც. დანაშაულია იმიტომ, რომ ეკლესიურად ნარკომანია განიხილება ლოთობის ცოდვად, და სნეულებაა იმდენად, რამდენადაც ადამიანის ორგანიზმი დამოკიდებულია ნარკოტიკზე, ცუდადაა, წუხს. ძალიან რთულია ნარკომანიისგან თავის დაღწევა, თუმცა არაა შეუძლებელი.

- მამაო, არსებობს სამედიცინო მეთოდებიც ნარკომანიასთან საბრძოლველად, იგივე სისხლის გაწმენდა...

- მედიცინის ჩარევა მსგავსი მეთოდებით ნარკომანიასთან ბრძოლაში, ღმერთმა შემინდოს, რატომღაც მოჯადოებული წრის ასოციაციას იწვევს ჩემში. ძალიან რთულია, მხოლოდ ექიმების საშუალებით, თუნდაც ფსიქოლოგების დახმარებით განიკურნოს ნარკომანი. "ლომკას" სამ დღეში აგდებენ ექიმები, მაგრამ იმას, რაც შიგნით, სულში მუშაობს, ვერაფერს უხერხებენ.

ეკლესია მოძღვრული თანადგომით ეკიდება ნარკომანიით დაავადებულებს და ამ სნეულების დასაძლევად სულიერ მხარდაჭერას სთავაზობს მათ. ვუსურვებ ყველას გამოჯანმრთელებას და სულიერ გზაზე ჭეშმარიტად დადგომას.

- წმინდა წერილიდან ვიცით, რომ უფლის მიერ ბრმის განკურნება იერიქონთან მისი დაჟინებული ლოცვის შედეგი იყო. საეკლესიო ცხოვრებაში არსებობს მკურნალი წმინდანებისადმი უამრავი ლოცვა ამა თუ იმ სნეულების დასაძლევად... აგრეთვე არსებობს ჯანმრთელობის პარაკლისები...

- ჩვენი ცხოვრების გზაზე ყოველგვარ მწუხარებასა და ავადმყოფობაში, ჭირსა და ლხინში, ყველგან და ყოველთვის უნდა ვილოცოთ ყოვლადწმინდა სამების, უფლისა და მაცხოვრის, ჩვენი იესო ქრისტეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და იმ წმინდანების მიმართ, რომლებმაც თავიანთი წმინდა ცხოვრებით, ქრისტესთვის მოღვაწეობითა და მოწამეობით მოიპოვეს ცათა სასუფეველი და წმინდანებად შეირაცხნენ. მათ მიიღეს სხვადასხვა ნიჭი სულიწმინდისგან, რათა შემწე გვეყონ განსაცდელში მყოფთ, განკურნონ ჩვენი სნეულებანი. ცნობილია ათორმეტი უვერცხლო მკურნალი, მათ შორისაა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალი, წმინდა მოწამე დეომიდე, წმინდა დამიანე და კოზმა და სხვანი. მათ უნდა ვევედროთ, რადგან ისინი უფლის მეგობრები არიან. მათ ლოცვას ისმენს ღმერთი.

ძალიანDდიდი მნიშვნელობა აქვს ლიტურგიაში კვეთის ანუ პროსკომიდიის დროს ავადმყოფის მოხსენიებას. ასევე მნიშვნელოვანია სნეულთათვის ჯანმრთელობის პარაკლისი. ამ დროს უფალს ვთხოვთ ავადმყოფის გამოჯანმრთელებას, იკითხება სამოციქულო, სახარება, სრულდება ზეთის ცხება.

მოგეხსენებათ, წმინდა ზიარების მიღების შემდეგ მორწმუნეები ერთმანეთს ვეუბნებით: ,,საკურნებლად სულისა და ხორცისა". ეს სიტყვები თავისთავად მოწმობს იმას, რომ კურნების საუკეთესო საშუალება უფლის სისხლისა და ხორცის მიღებაა. წმინდა ზიარების დროს უფალი მთლიანად შემოდის ჩვენში და არა მარტო სულს, არამედ ხორცსაც კურნავს. ამის მაგალითები უამრავია. ღმერთმა შექმნა ადამიანი სულიერადაც და ხორციელადაც და მასვე ძალუძს მისი განკურნება. უფალია სნეულთა მკურნალი.
ბეჭდვა
1კ1