ადამიანი მოძღვრის მორჩილებით თუ იცხოვრებს, არასდროს შეცდება
ადამიანი მოძღვრის მორჩილებით თუ იცხოვრებს, არასდროს შეცდება
წმინდა თეოფანე დაყუდებული შინაგანი ბრძოლის ანუ გულისთქმათა შესახებ ამბობს: "როდესაც შევწყვეტთ ცოდვის ჩადენას საქმით, ბრძოლა გადაინაცვლებს შიგნით, გულში. აქ მთავარია გულისთქმები. გულისთქმას მოჰყვება თანაგრძნობა, თანაგრძნობას - სურვილი, შემდეგ - ცოდვის ჩადენისკენ განწყობა, დათანხმება, გადაწყვეტილების მიღება და ასე ვჩადით შინაგან ცოდვას.

გულისთქმანი არ არიან ცოდვიანი, თუ ადამიანი თვითონ არ აღძრავს მათ, ან უნებლიეთ აღძრულებს არ აჩერებს თანაგრძნობით. მათ ახლავს მხოლოდ გარკვეული ცოდვიანი უწმინდურება. მაგრამ როდესაც დაერთვის თანაგრძნობა, ტკბობა, ავხორცული სიამოვნება, რომელიც კი არ განიდევნება, არამედ სურვილით შეჩერდება, აქ უკვე შინაგანი ცოდვა ნახევრად ჩადენილია; ხოლო თუ შენში შეაჩერებ ვნებას და უფრო აღაგზნებ მას, მაშინ სული უკვე მთლიანად აღმოჩნდება ცოდვის მორევში.

გულისთქმანი უნდა განდევნოთ, ნებით არ გააჩეროთ. როგორც კი გაჩნდება თანაგრძნობა ან ტკბობა - ჩაახშე მთელი ძალებით. ეს არის შინაგანი ბრძოლის თავიდათავი. როგორ? მთელი ყურადღებით ჩაეშვით გულში, დადექით იქ უფლის წინაშე და არ შეუშვათ არავითარი ცოდვა. ეს არის შინაგანი ბრძოლის მთავარი საქმე.

დაიცავით შინაგანი სამყარო ვნებათა დუღილისგან... ნელ-ნელა განიწმინდეთ სულიერი ატმოსფერო. რაც უფრო ხშირად ივლით ტაძარში, მით უფრო დაეხმარებით თქვენს სულს.

ყველაზე მეტად დაიცავით თავი ავხორცული ტკბობისაგან, მას ებრძოლეთ, როგორც მთავარ მტერს. ღმერთმა დაგლოცოთ".

წმინდა ნექტარიოს დიდაქე, სულიერი ბრძოლის დროს, ამგვარად გვმოძღვრავს: "ჩვენი ცხოვრების მიზანია, განვიწმინდოთ და გავხდეთ სრულყოფილნი, განვმტკიცდეთ ღვთის შვილობასა და მის ცათა მეუფების მემკვიდრეობაში. ვიფრთხილოთ, ვაითუ დღევანდელმა ყოფამ მომავალს დაგვაშოროს ან მიწიერზე ფიქრმა და ზრუნვამ უმოქმედო გახადოს ჩვენი ცხოვრების მიზანი.

მარტო მარხვას, სიფხიზლეს და ლოცვას არ მოაქვს სასურველი შედეგი. ისინი მხოლოდ საშუალებებია მთავარი მიზნის მისაღწევად. დაე, მორთეთ თქვენი კელაპტრები თქვენივე ღირსებებით. იბრძოლეთ, რათა განაგდოთ ვნებები სულისა. განიწმინდეთ გული ცოდვათაგან და დაიცავით უხრწნელობა მისი, რათა დასახლდეს მასში უფალი ღმერთი და აღავსოს სულიწმინდის მადლით.

ჩემო საყვარელო შვილებო, ყოველდღე გულის სიღრმიდან ეძიეთ უფალი და როდესაც იპოვით მას, დადექით შიშით და რიდით, როგორც ქერუბიმნი და სერაფიმნი, რადგან გული თქვენი გახდა ტახტი უფლისა.

იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ განსაცდელში. ნუ დაკარგავთ იმედს, თუნდაც მრავალჯერ დაეცეთ ძველი ცოდვებისთვის. ზოგი მათგანი თავისი ბუნებითაა ძლიერი და ზოგიც ჩვევაა, მაგრამ დროის დინებით და ჩვენი ძალისხმევით ისინიც განიდევნებიან. არასოდეს გაგცრუებოდეთ იმედი".

***
ხშირად ადამიანები ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებით ხოლმე, რომ ვეღარ გაგვიგია, რა მიმართულებით წარვმართოთ ცხოვრება, როგორ დავაღწიოთ თავი გამოუვალი მდგომარეობიდან, რა პასუხი გავცეთ მოყვასს. მამების რჩევით, ასეთ შემთხვევაში მოძღვრის ლოცვა-კურთხევას უნდა ვუგდოთ ყური და მისი კურთხევით წარვმართოთ ცხოვრება.

გვესაუბრება დირბის ღვთისმშობლის მიძინებისა და წმინდა გიორგის სახელობის ტაძრების იღუმენი იოანე (ოხანაშვილი).

- ჩვენს გარშემო უამრავი კეთილი და ბოროტია. არიან ასევე დაცემული და ღვთის ანგელოზები. ნათლისღების დროს მფარველად გვიდგენს უფალი მფარველ ანგელოზს და მის მფარველობას მუდამ ვგრძნობთ.

ხშირად ვეწინააღმდეგებით საკუთარ თავს. მართალია, ადამიანს თავისუფალი ნება აქვს, შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და გზის არჩევა, მაგრამ ხშირად მოგვდის აზრი ანუ შთაგონება - მრისხანების, განკითხვის, სიძულვილის, არაწმინდა ფიქრისა. ეს აზრები მოდის ზოგჯერ ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობისას, ზოგჯერ უხილავი არსებების შთაგონებით.

ხაშურის ეკლესიაში ვმსახურობდი. ერთ-ერთი სტიქაროსანი დედა ღვთისმშობლის ხატს წმენდდა. ძალიან დიდი ხატი იყო. ხატის წმენდისას შევატყვე, რომ დამძიმდა და ტაძრიდან მოულოდნელად გამოვარდა. კიბეზე დაჯდა. ეშმაკისგან ამ ადამიანს არაწმინდა ფიქრი მოუვიდა ღვთისმშობელზე. რადგან კეთილად მსახურობდა, სიწმინდეებს ასუფთავებდა და გულმოდგინე იყო, ეშმაკს შეშურდა მისი კეთილმსახურება. დამწუხრებულთან მივედი ნუგეშისსაცემად - ეშმაკისეულ აზრებს, როგორც მყეფარ ძაღლს, ისე შეხედე და იესოს ლოცვა ორლესულივით წინ აღუდგინე-მეთქი. იესოს ლოცვა არის ბოროტი შთაგონების აღმომფხვრელი. მტრის ბოროტ ისარს იესოს ლოცვა უნდა შეაგებო. იცით, რატომ ჰქვია ამ ლოცვას სულიერი მახვილი? ვკვეთთ და ვჭრით ბოროტისეულ მანკიერ ფიქრებს. ჩვენი ვნებებიდან და უძლურებიდან გამომდინარე, ბოროტი შთაგონებით ებრძვის და აბრკოლებს ადამიანს. უსიამოვნო აზრები ბოროტის შთაგონების ბრალია. თუ ამპარტავნული აზრი მოგდის, მაგრამ მას განაგდებ, ესე იგი მშვიდობისმოყვარე გული გაქვს და შემოსულ მტრულ აზრებს არ იღებს. მაგრამ ანგარებიანს და ამპარტავანს თუ სიტყვიერად შეურაცხყოფენ, უცბად აღენთება მრისხანებით. ასეთი მდგომარეობა საკუთარი ვნებიდან გამომდინარეობს და ასეთი ადამიანი ამპარტავანია, ხოლო შემაწუხებელი მანკიერი აზრები - გარედან შემოსულია. ეს პირველ რიგში აღსარებით უნდა ამხილო. მისი საუკეთესო წამალი ლოცვა და აღსარებაა.

- მამაო, რომელ გულისხმისყოფას უნდა დავუჯეროთ?

- თუ ხმას ანუ აზრს თეთრს და შავს კარგად ვერ არჩევ და გამოწრთობილი არ ხარ ბრძოლაში, რჩევა-დარიგება გამოცდილს უნდა ჰკითხო, ვინც იცის აზრთა გარჩევა. ასეთნი არიან ჩვენი მოძღვარნი. ერთ ტრაპეზარ წმინდა მამას ერთხელაც ანგელოზმა აუწყა, - უფალმა შენთან მომავლინაო. ტრაპეზარმა არ დაუჯერა - მე არ ვიცი, შენ ვინ ხარ და ჩემს მოძღვარს, მონასტრის წინამძღვარს ჰკითხე. თუ ის მაკურთხებს, მაშინ აღვასრულებ ამ საქმესო.

შეიძლება არ მოგეწონოთ მოძღვრის კურთხევა, მაგრამ თუ მორჩილებით აღასრულებთ, იმ მორჩილების საზღაურს უფალი არ დაგაკლებთ და სიკეთეს მოგანიჭებთ. ამით სულიერი ცხოვრება სწორად წარიმართება.

ჩვენი ცხოვრება მოძღვრის ლოცვა-კურთხევაზე უნდა იყოს აგებული. მეც სუსტი ადამიანი ვარ და ჩემს სულიერ მოძღვარს ვეკითხები ხოლმე, როგორც მაკურთხებს, ისე ვიქცევი. ვცდილობ, ჩემს ფიქრებს არ დავუჯერო. ერთ ათონელ მამას აქვს ნათქვამი, - კუბოს კარამდე არ ენდო საკუთარ თავსო. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, დღეგრძელობას და სიკეთეს გისურვებთ.
ბეჭდვა
1კ1