ყველიერის შვიდეული
ყველიერის შვიდეული
მარხვის დაწყებას წინ უშუალოდ უძღვის ბოლო კვირა - ყველიერის შვიდეული. ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია, მაგრამ მხოლოდ რძის ნაწარმით და კვერცხით, რადგან ხორცი კვირა საღამოს ვახშმის შემდეგ აიკრიბება სუფრიდან და აღდგომამდე აღარ იჭმევა.

ხორციელის კვირიაკეს საკვირაო წირვაზე ეკლესიამ მორწმუნეებს საშინელი სამსჯავრო შეახსენა, წაკითხულ იქნა ნაწყვეტი მათეს სახარებიდან (მათ. 25, 31-46), რომელშიც უფალი გვამცნობს, თუ როგორი იქნება საშინელი სამსჯავრო;

ყველიერის შვიდეული ერთგვარი სამზდისია სულიერი თუ ხორციელი ღვაწლისათვის, რომელიც მორწმუნემ დიდმარხვის განმავლობაში უნდა გასწიოს. 

ყველიერის კვირაში სამშაბათ საღამოდან უკვე უნდა წავიკითხოთ სპეციალური მოკლე ლოცვა წმიდა ეფრემ ასურისა, რომელიც შემდგომში მთელი დიდი მარხვის განმავლობაში ითქმის ყოველ დილა-საღამოს, გარდა შაბათ-კვირისა.
ზოგადად ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში "დილისა" და "ძილის წინ" ლოცვების შემდეგ იკითხება. ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას, შემდეგ კი მიტევების კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით (დიდმარხვის განმავლობაში ამ ლოცვას არ ვასრულებთ ყოველ პარასკევ საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განავაახლებთ ხოლმე).


ლოცვა ეფრემ ასურისა


უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).

ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).



ყველიერის შვიდეული მთვარდება მიტევების - შენდობის კვირიაკით (კვირა დღით). ამ დღეს ყველა მორწმუნე უნდა ეცადოს განსაკუთრებული სინანულით წარსდგეს უფლისა და მოყვასის წინაშე, ითხოვოს საკუთარ ცოდვათა მიტევება და სხვებსაც მიუტევოს, თუ რამ წყენა ახსოვს მათგან. უნდა გვახსოვდეს, რომ როგორი მიმტევებლებიც ვიქნებით მოყვასის მიმართ, ისევე მოგვეტევება ჩავენი ცოდვები უფლის წინაშე. ასე სინანულით განწმენდილები უნდა შევუდგეთ დიდმარხვას. უფალმა მოგვცეს ძალა ღირსეული მარხვისა და განგვაცდევნოს ჭეშმარიტი სიხარული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისა! ამინ! 



ბეჭდვა
1კ1