იქნები ყრუ და ვერ შეძლებ ლაპარაკს, სანამ ყოველი არ აღსრულდება, რაც გახარე
იქნები ყრუ და ვერ შეძლებ ლაპარაკს, სანამ ყოველი არ აღსრულდება, რაც გახარე
როცა უბედურება და მწუხარება ჩვენივე მიზეზით - ჩადენილი ცოდვის გამო შეგვემთხვევა, წმინდა მამათა განმარტებით, ეს არის სასჯელი, რომელსაც უფალი ცოდვების საპასუხოდ მოგვივლენს. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ ზოგიერთს უბედურება და მწუხარება არა ცოდვების გამო, არამედ ღვთის განგებულებით შეემთხვევა: "რაითა გამოცხადნეს საქმე ღვთისა მას ზედა" (ინ. 9,1-3).

"რა არის ეს საქმე უფლისა? "ეს საქმე არის ჩვენი სულიერი განათლება და ამაღლება, - განაგრძობს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი თავის ქადაგებაში, - ეს საქმე არის ჩვენი მოქცევა, მონანიება, განწმენდა და ცხოვნება". მხოლოდ ამ მიზნით მოგვეცა რჯული უფლისგან. მაგრამ რაკი ვერ შეძლო კაცობრიობამ ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნება, მოწყალე უფალმა ამქვეყნად თავისი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, მოავლინა. მან კი ჩვენი სულების ღვთიური ნათლით გაბრწყინვებისთვის დაითმინა ტანჯვა, ჯვარცმა, სიკვდილი და საფლავშიც კი დაიდო მისი უხრწნელი გვამი. მიუხედავად უფლის მიერ გაღებული ამ უდიდესი მსხვერპლისა, ცოდვების წყვდიადით მოცული ადამიანის სულმა ან საერთოდ არ მიიღო ღვთიური ნათელი, ან მხოლოდ ნაწილობრივ და მცირედმორწმუნე დარჩა.

ყოვლადმოწყალე შემოქმედმა, რომელმაც ყოველი უწყის და ჩვენს გულსა და გონებასაც ჭვრეტს, ზურგი არ შეაქცია თავის ქმნილებას, ადამიანს, რომელიც აურაცხელი სიყვარულით შექმნა თავის ხატად და მსგავსად, არამედ ყოველწამიერად, ვითარცა მზრუნველი მამა, იღვწის ჩვენი სრულყოფილებისთვის. "სხვადასხვა ღონეთა და საშუალებათა შორის, რომელსაც ღმერთი ამ დიდი საქმის აღსრულებისათვის იყენებს, - განგვიმარტავს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი, - ისიც არის, რომ ზოგიერთ კაცს მწუხარება მიაყენოს, რადგან ჭირი განაღვიძებს მას, დააფიქრებს და სინანულში შეიყვანს".

თვით სახარებაში მოგვეცემა მაგალითი ღვთის განგებულებით მოვლენილი სასჯელისა ძველი აღთქმის ბოლო წინასწარმეტყველის, იოანე ნათლისმცემლის მამის, წინასწარმეტყველ ზაქარიას სასჯელის სახით. ზაქარიას არ ჰყავდა შვილი, რადგან მისი ცოლი ელისაბედი ბერწი აღმოჩნდა, რაც, იუდეველთა შეხედულებით, ცოდვებისთვის უფლის სასჯელს ნიშნავდა. მიუხედავად იმისა, რომ შვილიერების ბუნებითი ჟამი გარდასვლოდათ, ცოლ-ქმარს სასოება უფლისა არ დაუკარგავს და დაუცხრომლად ლოცულობდნენ, ევედრებოდნენ შემოქმედს შვილს.

ერთხელ, როდესაც ზაქარიას ტაძარში ღვთისმსახურება მოუწია, კმევისას ანგელოზი გამოეცხადა. წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი აღნიშნავს, რომ ანგელოზი მხოლოდ გულით წმინდა ადამიანებს ეცხადება. სწორედ ასეთი წმინდა გული ჰქონდა ზაქარიას. იგი შეშფოთდა ანგელოზის ხილვისას, კმევის გაგრძელება ვეღარ შეძლო და უკან დაიხია.

წმინდა ანთიპატროს ბოსტრელი ამ შიშს ასე განმარტავს: ზაქარიას ეგონა, რომ ანგელოზი ამ ქვეყნიდან მის გასაყვანად მოვიდა და შეეშინდა სასჯელისა, რომელიც უფლის წინაშე წარდგომისას ელოდა, რადგან უშვილობას თავისი ცოდვების გამო ღვთის სასჯელად აღიქვამდა. ანგელოზმა დაამშვიდა და აუწყა, რომ უფალმა შეისმინა მისი ვედრება, ელისაბედი შობდა ძეს, უწოდებდა იოანეს და "იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ". მიუხედავად იმისა, რომ ძველი აღთქმიდან მრავალი მაგალითი ჰქონდა ხანშიშესული ბერწის მიერ ძის შობისა (აბრაამის ცოლი სარა, ისააკის ცოლი რებეკა), დაეჭვდა ანგელოზის სიტყვებში ზაქარია, რომელიც უფლის წინაშე მართალი იყო. მართალი კი უფლის მცნებების უბიწოდ აღმასრულებელი ადამიანია, რომელიც რჯულს თავმომწონეობის მიზნით კი არ იცავს, არამედ სათნოებათა შესაკრებად, რომ უფლის თვალში განმართლდეს. თვით სახელი ზაქარია უფლის ხსოვნას ნიშნავს. მაშ, რატომღა ეჭვდება ანგელოზის ნათქვამში?

თავდაპირველად ზაქარიას ეჭვი გაუჩნდა, ეშმაკისეული ხომ არ იყო ხილვა. უჩვეულო ჩვენება ნებისმიერ სულს აშფოთებს, მაგრამ ღვთისმსახურებმა იციან, როგორ განარჩიონ ღვთაებრივი ხილვა ეშმაკეულისგან: თუ შიში განიფანტება და გონება სრულად მშვიდდება - ხილვა ღვთაებრივია, თუ პირიქით ხდება, შიში გაძლიერდება - ეშმაკისეული. ზაქარიას შიში გაუქრა, მიხვდა, რომ ანგელოზი იდგა მის თვალწინ, მაგრამ მაინც დაეჭვდა. როგორც წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი განმარტავს, ზაქარიას რწმენას სრულყოფილება აკლდა.

სახიერმა უფალმა უწყოდა ზაქარიას სწრაფვა ღვთისკენ და რწმენის სრულყოფილებისთვის ანგელოზის პირით გამოუცხადა სასჯელი: "იქნები ყრუ და ვერ შეძლებ ლაპარაკს, სანამ ყოველი არ აღსრულდება, რაც გახარე". მიუხედავად იმისა, რომ დაყრუვდა და დამუნჯდა, თავისი რიგის მსახურების ბოლომდე დარჩა ტაძარში - ასეთი თავმდაბლობით მიიღო სასჯელი.

როცა ანგელოზის მიერ უწყებული აღსრულდა, ელისაბედმა შვა ძე და უწოდეს იოანე, ზაქარიას სმენა და მეტყველება დაუბრუნდა. მადლიერი ღვთისა ხმამაღლა ადიდებდა ყოვლადმოწყალე შემოქმედს. ამის შემგდომ სინანულით მიაღწია სრულყოფილ რწმენას და მიეცა წინასწარმეტყველების ღვთაებრივი ნიჭი.

დასასრულ, კვლავ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებას დავუბრუნდეთ: "შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ ჭირი და მწუხარება კაცის ჭკუის საუკეთესო მასწავლებელი, მზრდელი, გამაფრთხილებელი, გონების განმაღვიძებელი და ნიჭიერების განმამტკიცებელია".
ბეჭდვა
1კ1